USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
დონალდ ტრამპი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ირანის თავდასხმებზე - ამას არავინ ელოდა, შოკირებულები ვიყავით
თარიღი:  1293

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში დღეს ახალი თავდასხმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ასეთი მოსალოდნელი არ იყო, თუმცა Reuters-ის წყაროების ცნობით, ის ამ თავდასხმების შესახებ კონფლიქტამდე გააფრთხილეს.

დღეს დილით ბაღდადში აშშ-ის საელჩოს რაკეტებით და სულ მცირე ხუთი დრონით შეუტიეს. ირანმა ასევე მიზანში ამოიღო არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც თავდასხმების შედეგად საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ამასთან, გუშინ და დღეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა ნავთობის ობიექტზე ფუჯაირაში, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობის ექსპორტის საკვანძო პორტია. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოგერიებული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები აბუ-დაბის ბანი იასის რაიონში ჩამოცვივდა, რის შედეგადაც პაკისტანის ერთი მოქალაქე დაიღუპა, აბუ-დაბის შაჰის გაზის საბადოზე დრონით თავდასხმის შედეგად კი ხანძარი გაჩნდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ მისი მეზობლების, მათ შორის კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და ქუვეითის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები მოულოდნელი იყო.

„ისინი (ირანი) არ უნდა დასხმოდნენ თავს ახლო აღმოსავლეთის ყველა ამ ქვეყანას. ამას არავინ ელოდა. შოკირებულები ვიყავით. არავინ, არავინ არ ელოდა. უდიდესი ექსპერტებიც კი არ ფიქრობდნენ ამას“, - აღნიშნა ტრამპმა.

თუმცა, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირის და აშშ-ის დაზვერვის ანგარიშების შესახებ ინფორმირებული ორი წყაროს ცნობით, ტრამპი გააფრთხილეს, რომ ირანზე თავდასხმას, შესაძლოა, აშშ-ის სპარსეთის ყურის მოკავშირეებზე დარტყმები გამოეწვია.

გამოცემის წყაროების ცნობით, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა მოთხოვეს, ტრამპს ომამდე აცნობეს, რომ ირანზე თავდასხმას, შესაძლოა, უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი გამოეწვია, მათ შორის ირანის თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების დედაქალაქებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თეირანი დაინახავდა, რომ ეს ქვეყნები მხარს დაუჭერდნენ აშშ-ის მხრიდან განხორციელებულ დაბომბვას.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ტრამპს ოპერაციის დაწყებამდე ასევე აცნობეს, რომ თეირანი, სავარაუდოდ, ეკონომიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დახურვასაც შეეცდებოდა.

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის