USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
დონალდ ტრამპი - „როცა პრეზიდენტი ვიყავი, ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ უკრაინაზე თავდასხმა ძვირი დაუჯდებოდა“
Date:  252

ამერიკულმა ტელეარხმა „ფოქს ნიუსმა“ (Fox news) 20 ივნისს პროგრამაში „სპეციალური რეპორტაჟი“ (წამყვანი - ბრეტ ბაიერი) ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომლის შემოკლებული ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე სათაურით „ტრამპის მტკიცებით, „როცა პრეზიდენტი ვიყავი, ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ უკრაინაზე თავდასხმა ძვირი დაუჯდებოდა“.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მოდით, რუსეთზე ვისაუბროთ. როგორც თქვენ თქვით, ამერიკის პრეზიდენტი რომ იყოთ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს 24 საათში დაასრულებით...

- დიახ, მართალია.

- თქვენს ოპონენტებს თქვენივე რესპუბლიკური პარტიიდან ამის არ სჯერათ. აი, რა თქვა ნიუ-ჯერსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ქრის ქრისტიმ: „ეჭვი მაქვს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას პუტინის რუსეთს ჩააბარებს და ომს ასე შეწყვეტს“.   

- კარგი. მზად ხართ მომისმინოთ? დავიწყებ ქრის ქრისტით, რომელსაც მე ზალიან კარგად ვიცნობ. იგი გუბერნატორის პოსტიდან ჯორჯ ვაშინგტონის ხიდთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გადადგა. ეს საქმე ძალიან არეულ-დარეული იყო (შტატის ადმინისტრაციამ ხიდზე მოძრაობა არასწორად აკრძალა და ამით სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია). ქრის ქრისტის რეიტინგი მხოლოდ 9% იყო და უფრო ნაკლებიც. არადა, მას პრეზიდენტობაც სურდა. ჩემგან განსხვავებით, ის ვერ იქნებოდა ისეთი ბიჭი, რომელიც ომის შეჩერებას შეძლებდა.

მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მან მე მხარი დამიჭირა, როცა [დემოკრატებმა], ჩემი იმპიჩმენტის მიზნით, დამაბრალეს, თითქოსდა მე ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლა მოვახდინე და დავემუქრე. ზელენსკიმ თქვა, რომ ბაიდენის საქმის გამო მას არავინ არ ემუქრებოდა.

კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთანაც. მართალია, მასთან საკმაო ხანია პირადად არ მილაპარაკია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის კარგი და მჭიდრო დამოკიდებულება გვქონდა.

- თქვენი აზრით, სწორად მოიქცა და მართალი იყო ვლადიმერ პუტინი, რომ მან თავისი ჯარი უკრაინაში გაგზავნა?

- აი, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ის უკრაინაში ჯარს არ შეიყვანდა. ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა მე აშშ-ის ხელისუფლებაში აღარ ვიყავი. მე ადრეც ვფიქრობდი, რომ მას შეეძლო ასეთი ნაბიჯი გადაედგა და ამიტომ, როცა მასთან საუბარი მქონდა, ვუთხარი: „თქვენ თუ ამას გააკეთებთ, ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ეს კატასტროფა იქნება, ამას ნუ გააკეთებთ“. ასევე ვთქვი, რომ თუ არ დამიჯერებდა, მეც საპასუხოდ რაღაცას გავაკეთებდი. მან არ დამიჯერა. ისევ გავუმეორე, რომ „გავაკეთებ, ვლადიმერ, გავაკეთებ“. იმ მომენტში რუსეთის პრეზიდენტი ჩემს ნათქვამში მხოლოდ 10%-ით თუ იყო დარწმუნებული, თუმცა, როგორც დრომ გვაჩვენა, სანამ მე პრეზიდენტი ვიყავი, მას არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია. ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა მე თეთრი სახლიდან წავედი.

- თქვენ გჯერათ, რომ უკრაინა რუსეთისაგან ცალკე არსებული ქვეყანაა?

- რა თქმა უნდა. უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ იყო დრო, როცა ასეთს არ წარმოადგენდა. ვლადიმერ პუტინს სწორედ რუსული უკრაინა უფრო მოსწონდა.

- უნდა შეინარჩუნოს თუ არა პუტინმა ყირიმი? როგორ ფიქრობთ, თქვენ სწორად გადაწყვეტდით ყირიმის პრობლემას? შეგიძლიათ გარიგების დადება ამ საკითხში?

- მე ამჟამად ამგვარ გარიგებაზე არ ვფიქრობ, მაგრამ გეუბნებით, რომ 24 საათში... იცით, მე როგორ გავმდირდი? ძალიან კარგი გარიგებები დავდე და ბევრს მივაღწიე. მე მოლაპარაკების დასწყებისას რუსეთს ისეთ გარიგებას შევთავაზებდი, რომ ომს 24 საათში დავასრულებდი.

რასაკვირველია, მე რაღაც-რაღაცეებს ვოლოდიმირ ზელენსკისაც ვეტყოდი, მაგრამ უფრო მეტად ვლადიმერ პუტინს. გავიყვანდი მას ცალკე ოთახში და დარწმუნებას გავაგრძელებდი. სწრაფად შევუთანხმდებოდი. შედეგი კი იცით როგორი იქნებოდა? სიკვდილი და ნგრევა შეჩერდებოდა. ახლა კი უკრაინის აღგვა მიმდინარეობს პირისაგან მიწისა.

წყარო: https://www.foxnews.com/politics/trump-claims-conversation-putin-delayed-russian-invasion-ukraine

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way