აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანად გადაწერა და ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკის ნაცვლად ერთიანობის აუცილებლობაზეა ორიენტირებული.
„სიტყვა, რომლით წარდგენასაც ვაპირებდი, შთამბეჭდავი იქნებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოსვლა“, - განაცხადა ტრამპმა Washington Examiner-თან ინტერვიუში და განმარტა, რომ მისი გამოსვლა ძირითადად პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკაზე იქნებოდა ორიენტირებული.
„სიმართლე გითხრათ, ახლა სულ სხვა გამოსვლა იქნება. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი. ეს შანსი მე მომეცა," - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ის მომენტი აღწერა, როდესაც პენსილვანიაში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხედა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ესროლეს.
„ენერგია, რომელიც იმ მომენტში იქ მყოფი ხალხისგან მოდიოდა; ძნელია იმის აღწერა, როგორი იყო ეს გრძნობა, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო უყურებდა. ვიცოდი, რომ ისტორია ამას განსჯიდა და ვიცოდი, მათთვის უნდა შემეტყობინებინა, რომ კარგად ვართ“, - აღნიშნა ტრაპმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მილუოკიში უკვე ჩავიდა, სადაც ის მიმდინარე კვირაში „რესპუბლიკელების“ ეროვნულ ყრილობას დაესწრება და პარტიის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იქ დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/