დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“გრენლანდია საოცარი ადგილია და მისი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს თუ, და როდესაც, იგი ჩვენი ქვეყნის ნაწილი გახდება. ჩემი შვილი, დონ უმცროსი და სხვა წარმომადგენლები იქ გაემგზავრებიან, რათა დიდებული ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულონ. ჩვენ მას ბოროტი გარე სამყაროსგან დავიცავთ. დავუბრუნოთ გრენლანდიას დიდება. MAGA!”, - წერს დონალდ ტრამპი.
გრენლანდიაში დონალდ ტრამპ უმცროსის ვიზიტი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ოფიციალური არ არის.
შეგახსენებთ, დეკემბერში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე „საკუთრების უფლება და კონტროლი აშშ-სთვის აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“. დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუტე ეგედე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/