USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
„დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) - როგორ ახერხებს საქართველო ნეიტრალიტეტის დაცვას ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ
Date:  1186

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ ახერხებს საქართველო ნეიტრალიტეტის დაცვას ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ“, რომელშიც განხილულია საქართველოს რეგიონული საგარეოპოლიტიკური კურსის ასპექტები - კერძოდ, დამოკიდებულება სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მიმართ მთიანი ყარაბაღის საკითხში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებიდან 30 წლის განმავლობაში და მის ყველა ეტაპზე საქართველო ამ საკითხის მიმართ ნეიტრალიტეტს იცავდა. თავის მხრივ, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი არასოდეს არ ითხოვდნენ თბილისისაგან, რომ საქართველო მკვეთრად და მკაფიოდ მიმხრობოდა რომელიმე მხარეს, თუმცა ბაქოც და ერევანიც პოზიციის გამოხატვას სხვა მეზობლებს ყოველთვის მოუწოდებდნენ.

დამკვირვებელთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიისათვის ასეთი ბალანსი ობიექტურად მომგებიანია: საქართველო რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩაბმულიყო, რეგიონში სიტუაცია ძალიან „ცხელი“ იქნებოდა.

რა განაპირობებს საქართველოს ნეიტრალიტეტს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმართ და როგორ ახერხებს თბილისი ასეთი პოზიციის ამდენ ხანს შენარჩუნებას?

ნეიტრალიტეტის ესტაფეტა

1991 წლიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან, ქვეყნის სათავეში სხვადასხვა ადამიანები იმყოფებოდნენ და მათ მიერ გატარებული პოლიტიკაც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა ყველა ისინი, ესტაფეტური ჯოხის მსგავსად, ერთმანეთს გადასცემდნენ ნეიტრალიტეტის კურსს მთიანი ყარაბაღის მიმართ. საქართველოს ნეიტრალური კურსის გატარებას ხელს არ უშლის არც მისი დამოკიდებულება აზერბაიჯანულ გაზზე და არც ის, რომ თბილისის პოზიცია საკუთარი რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ ძალიან ჰგავს ბაქოს პოზიციას მთიანი ყარაბაღის მიმართ: ორივე ქვეყანაში თვლიან, რომ აღნიშნული რეგიონები მათი ტერიტორიის ნაწილია (ორივე შემთხვევაში - დაახლოებით 20%) და რომ ისინი ოკუპირებულნი არიან (დღეისათვის მთიან ყარაბაღს უკვე აზერბაიჯანი აკონტროლებს).

ქართველი პოლიტიკოსები და ლიდერები კარგად აცნობიერებდნენ, რომ ამ საკითხში დიდი სიფრთხილის დაცვა იყო საჭირო და შეცდომები არ უნდა დაშვებულიყო, ცდილობდნენ ბალანსი შეენარჩუნებინათ და მეზობლებისთვის არ ეწყენინებინათ.

„სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული“ კავკასიაში

ქართული ეკონომიკა მართლაც ძალიანაა დამოკიდებული რეგიონის სტაბილურობასა და მეტ-ნაკლებ სიმშვიდეზე. ექსპერტების აზრით, იმ დროს, როცა ყარაბაღის კონფლიქტი „გაყინული“ იყო, საქართველოს არაფერი დაუკარგავს, პირიქით - უფრო მოგებული დარჩა: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სომხეტის იზოლაციის გამო, საქართველო წარმატებით ასრულებდა და ასრულებს სატრანზიტო ქვეყნის როლს. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე იმასაც კი ამბობს, რომ საქართველო „თითქმის პარაზიტობდა სატრანსპორტო მონოპოლიით“ სამხრეთ კავკასიაში.

„იმ დროიდან, როცა ნავთობსადენ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ექსპლოატაცია დაიწყო,  საქართველომ არამარტო ეკონომიკური სარგებელი ნახა, არამედ თავისი უსაფრთხოებაც მნიშვნელოვნად უზრუნველყო. საქართველომ, როგორც იქნა, შეძლო და ყურადღება მიიპყრო აშშ-ისა და ევროპის მხრიდან. მოკლედ, დასავლეთი საქართველოთი დაინტერესდა“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

დღესაც, როცა საქართველო ევროპასთან ინტეგრირებას ცდილობს, მას მით უფრო ჭირდება, რომ რეგიონში „სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძულად“ დარჩეს. სხვათა შორის, ნეიტრალიტეტის დაცვა თბილისს საშინაოპოლიტიკური სტაბილურობისთვისაც ჭირდება:  ქვეყანაში სომხებისა და აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს და ბუნებრივია, კონფლიქტი ეთნიკურ უმცირესობებს შორის უკიდურესად არასასურველია.

მასმედიის პოზიცია და ინტერესები

რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს სამივე ქვეყანაში, ამ მხრივ სიტუაცია, პოლიტიკოსების პოზიციებისგან განსხვავებით, არცთუ ერთმნიშვნელოვანია. როცა 2022 წლის სექტემბერში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები ატყდა, ზოგიერთი სომეხი ჟურნალისტი აღშფოთებული იყო იმით, რომ ქართული მასმედია ყურადღებას არ აქცევს იმას, მის გვერდით რაც ხდება და ამ დროს ფართოდ აშუქებს უკრაინის ამბებსო.

თუმცა ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტის აზრით, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქართული მასმედია ხშირად ნეიტრალურ ტონს არღვევდა და ბალანსს არ იცავდა, მაგალითად, ყარაბაღის მეორე ომის დროს, 2020 წლის შემოდგომაზე. ქართველები უფრო მეტად ბაქოს უჭერდნენ მხარს, ვიდრე ერევანს და ეს ბუნებრივი იყო: აზერბაიჯანი ომს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აწარმოებდა, ეს საკითხი კი ძალზე აქტუალურია საქართველოსთვის.

როცა ყველას ყველაფერი აწყობს...

აზერბაიჯანელი პოლიტიკური ანალიტიკოსის შაჰინ რზაევიც თვლის, რომ საქარტველო, კაცმა რომ ტქვას, თუ ფაქტებს დავაკვირდებით, მაინცდამაინც ისეთი ნეიტრალური არ არის, როგორც თბილისს სურს საკუთარი თავი წარმოადგინოს. იგი ყურადღებას ამახვილებს, მაგალითად, იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროში, ეუთოში - საქართველო ყოველთვის ხმას აძლევს ბაქოს სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, საქართველოს „პროაზერბაიჯანული“ პოზიცია განპირობებულია იმით, რომ თბილისსაც მსგავსი ტერიტორიული პრობლემა აქვს.

გარდა ამისა, შაჰინ რზაევის თქმით, სომხეთი ყოველთვის ეყრდნობოდა რუსეტის დახმარებას, რომელიც საქართველოსთვის ოკუპანტ ქვეყნად ითვლება. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ თბილისს მეტი სიმპათიები აზერბაიჯანისადმი უფრო ექნება, ვიდრე სომხეთის მიმართ.

„ამასთან, აზერბაიჯანშიც ესმით, რომ საქართველოსაგან მეტ ლოიალობას არ უნდა ელოდნენ. სომხეთშიც აცნობიერებენ, რომ თბილისს ტავიანთ მხარეზე ვერ გადაიბირებენ. ამიტომაც უმჯობესი იქნება ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. დღევანდელი მდგომარეობა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს სრულად აწყობს - ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ისისნი პრაგმატიზმით ხელმძღვანელობენ“, - ამბობს ანალიტიკოსი.

როგორც ჩანს, შექმნილი ვითარება აწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომელბიც რეგიონში სხვადასხვა პროექტების რეალიზებას ახორციელებენ (ჯურნალისტიკაში, კვლევით სფეროში და ა.შ.). სწორედ საქართველოში ტარდება ყველაზე მეტი სემინარები, კონფერენცები და შეხვედრები, რომლებშიც სომეხი და აზერბაიჯანელი წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მოგვარდება თუ არა მთლიანად ყარაბაღის კონფლიქტი ახლო მომავალში თუ კიდევ წლობით გაჭიანურდება, ეს საქართველოზე, დამკვირვებლების თქმით, მაინცდამაინც არ აისახება: თბილისისათვის მთავარია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისევ არ დაიწყონ სრულმასშტაბიანი ომი და ხელი არ შეუწყონ რუსეთის გავლენის გაფართოებას რეგიონში.

წყარო: https://www.dw.com/ru/kak-gruzii-udaetsa-ostatsa-nejtralnoj-v-karabahskom-konflikte/a-64467159

მოამზადა სიმონ კილაძემ

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way