რამდენიმესაათიანი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დმანისში ვითარება განმუხტულია. აგრესიულად განწყობილი ადამიანები დაიშალნენ, თუმცა ნაწილი ამ დრომდე პოლიციის შენობასთან რჩება. შეკრებილები გამოკითხვის დასრულებას ელოდებიან, რომელიც დილიდან მიმდინარეობს.
ვითარება დმანისში დღეს დილით დაიძაბა, როდესაც ერთი ჯგუფი გუშინ მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდა. ადგილზე შეკრებილები ერთმანეთს ქვებით, ხელკეტებითა და სხვადასხვა მძიმე საგნით გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველებიც.
პოლიციის წარმომადგენლებმა აგრესიულად განწყობილი ადამიანები შემთხვევის ადგილს რამდენჯერმე განარიდეს, თუმცა ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ.
დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამართალდამცველებს არც ერთი ჯგუფის წარმომადგენელი არ დაუკავებიათ. ადგილზე ცოტა ხნის წინ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩავიდა.
თავდაპირველად ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.