USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Тбилиси
დიომიდე თოფურიძე - თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი და ქუთაისის ქალაქის თავი
дата:  

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, ევროპული განათლების მქონე, არაერთი წიგნისა და ნაშრომის ავტორი, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი, რეპრესირებული - ხეთელი, დიომიდე თოფურიძე.

ხობს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 1918-1924 წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებში - დამოუკიდებლობის მოპოვება, პირველი რესპუბლიკა, ბრძოლა დამოუკიდებლობის დასაცავად, ბიელი იუნკერი, 1924 წლის აჯანყება და რეპრესიები.

 

დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე (ნამდვილი გვარი ბორისოვი-ბერიძე) დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს (ძველი სტილით) ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთაში, აზნაურის ოჯახში; ეროვნებით ქართველი.

სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, შემდგომ - ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში; 1892 წელს მოსწავლეებთან ერთად დააარსა არალეგალური ურთიერთდახმარების სალარო, თვითგანვითარების წრე; გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს, აწყობდნენ რეფერატების განხილვას და ეცნობოდნენ დემოკრატი პუბლიცისტების ნაწარმოებებს, აკრძალულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას.

ამ დროიდან დაინტერესდა მარქსიზმით; ქუთაისში გადასახლებული მარქსისტი კოზირენკო დაეხმარა სწავლისათვის საჭირო ლიტერატურის შერჩევაში; ამავე პერიოდში ქუთაისში გამოჩნდნენ „მესამედასელები“, რომლებსაც დაუახლოვდა და მალევე მათი ჯგუფის წევრი გახდა.

„მესამედასელები“ მარქსისტული მოძღვრების პროპაგანდისათვის ხშირად მართავდნენ საჯარო ლექციებს და დისკუსიებს ქუთაისის ბულვარში.

1895 წელს ჟურნალ „Новое обозрение“-ში გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერო ნაშრომი სამეგრელოში დამნაშავეობის დინამიკის კავშირის შესახებ ეკონომიკურ მდგომარეობასთან - სიმინდის საექსპორტო ფასებთან.

ამ პერიოდიდან მუდმივად თანამშრომლობდა პრესაში ფსევდონიმებით: „Д.Т.“, „Социалист“, „NEMO“, „ბორისოვი“, „დ. კოლხიდელი“, „ისარი“, „ისაი“, „Карский“, „Д. Чаукий“ „Т“, „დ. თ.“ და „დ. თ-ძე“.

1895 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1896 წელს კი ჟენევაში გაემგზავრა და ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

დაუკავშირდა ჟენევის სოციალ-დემოკრატიულ წრეებს; აქტიურად ჩაერთო პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და თეორიულ დისკუსიებში სხვა სოციალისტური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან; გამოდიოდა მომხსენებლად საჯარო ლექციებზე, ხელმძღვანელობდა წრეებს.

დიომიდე თოფურიძე იყო ჟენევაში ჩამოყალიბებული „Искра“-ს პირველი და მეორე ჯგუფების წევრი.

ჟურნალ „კვალის“ სოციალ-დემოკრატების დაქვემდებარებაში გადასვლისთანავე გახდა მისი მუდმივი თანამშრომელი და აქვეყნებდა სტატიებს ეკონომიკურ საკითხებზე; ასრულებდა რედაქციის სპეციალურ დავალებებს.

1901 წელს თავისი დისერტაციის („გაღატაკების თეორიის“ შესახებ) დასასრულებლად ჟენევიდან პარიზში გადავიდა, ისმენდა ლექციებს სორბონასა და ფრანგულ კოლეჯში, ასევე პარიზის რუსულ უმაღლეს სკოლაში.

1902 წელს ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის დაპატიმრებისა და გასახლების გამო ჟურნალი „კვალი“ უხელმძღვანელოდ დარჩა და თოფურიძე, „მესამედასელების“ თხოვნით, „Искра“-ს ჯგუფიდან მიღებული სამოქმედო ინსტრუქციებით ტფილისში დაბრუნდა; „კვალის“ რედაქტორობიდან პეტრე სურგულაძისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის დათხოვნის შემდეგ რედაქტორობდა ჟურნალს.

მან ჩამოსვლისთანავე დააყენა კავკასიის პარტიული ცენტრის შექმნის საკითხი, რაც მალევე განხორციელდა „კავკასიის კავშირის კომიტეტის“ სახით, სადაც რსდმპ-ის ტფილისის, ბათუმის, გურიის, ქუთაისისა და ბაქოს კომიტეტები გაერთიანდნენ; არჩეული იყო კავშირის კომიტეტის წევრად; მუშაობდა კავშირის კომიტეტის აღმასრულებელ ბიუროში; ხელმძღვანელობდა არალეგალური პრესისა და ორგანიზაციების საკოორდინაციო სამუშაოებს.

1903 წელს იძულებული გახდა, გადასახლებულიყო სარატოვში, სადაც 1903 წელსვე რსდმპ-ის ტფილისის კომიტეტმა აცნობა, რომ არჩეული იყო ტფილისის კომიტეტის დელეგატად რსდმპ მე-2 ყრილობაზე; ყრილობაში მონაწილეობდა „Карский“-ს ფსევდონიმით; აქტიურად მონაწილეობდა დებატებში ეროვნული და აგრარული საკითხებისა და პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პრინციპების შესახებ; მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა „ბოლშევიკებს“, ეროვნული საკითხის გამო მიემხრო ნოე ჟორდანიას პოზიციას.

1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა რსდმპ-ის იმერეთის კომიტეტში; 1903 წელს რსდმპ-ის კავკასიის კავშირის კომიტეტის მეორე ყრილობაზე კვლავ აირჩიეს კავშირის წევრად, თუმცა არჩევნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის გამო არჩეული წევრების უმრავლესობამ, მათ შორის დიომიდე თოფურიძემაც, დატოვა ხელმძღვანელი ორგანო.

1904 წელს დაპატიმრებისაგან თავის ასარიდებლად გადასახლდა სარატოვში, სადაც მუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში: რედაქტორობდა გაზეთ „Приволжский край“-ს; ხელმძღვანელობდა გაფიცვებსა და და შეიარაღებული აჯანყების სამზადისს.

რევოლუციის დამარცხებისა და რეაქციის დაწყების შემდეგ ხულიგნების ბრბომ „პოგრომი“ მოუწყო გაზეთის რედაქციას, სადაც დიომიდე თოფურიძე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ მან მოახერხა ოჯახისა და რედაქციაში თავშეფარებული სხვა დევნილების გადარჩენა.

1904-1907 წლების განმავლობაში ხშირად იყო დაპატიმრებული და გუბერნიის საზღვრებიდან გაძევებული; უკანასკნელად 1907 წელს სასამართლო პალატამ მას ე. წ. „კრეპოსტში“ პატიმრობა მიუსაჯა და იძულებული გახდა, პეტერბურგში არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო; ცხოვრობდა ყალბი პასპორტით - კიკვიძის გვარით, თუმცა „ოხრანკამ“ მალევე დაადგინა მისი ვინაობა და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად დააპატიმრა; გადაგზავნეს სარატოვის ციხეში, იქედან კი სამარაში.

ციხეში საფუძვლიანად შეისწავლა და დაამუშავა აგრარული პრობლემის საკითხები, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ მომზადებული ნაშრომის გამოქვეყნება ვერ შეძლო.

1909 წლიდან, გათავისუფლების შემდეგ, ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დააარსა სოციალ-დემოკრატიული ჟურნალი „Возрождение“ , მაგრამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაბრუნდა სარატოვში; მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში და დააარსა გაზეთი „Поволжье“, რომელშიც ლენინის და - მარია ულიანოვა თანამშრომლობდა.

1913 წელს დაბრუნდა პეტერბურგში და მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოებაში, პარალელურად მატერიალურად ეხმარებოდა პარტიულ ორგანიზაციებს.

1916 წელს სრულიად რუსეთის ქალაქთა კავშირის დავალებით დაინიშნა ვოლგისპირეთის გუბერნიის ეკონომიკური კომიტეტის მუნიციპალური განყოფილების გამგედ.

1917 წლის თებერვლის რევოლუციისას მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალი მმართველობითი ორგანოები სარატოვში, არჩეული იყო ვოლგისპირეთის საგუბერნიო საზოგადოებრივი კომიტეტის წევრად და იყო მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელი.

მალევე გახდა გუბერნიის კომისარი და რსდმპ საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე; არჩეული იყო გუბერნიის ერობათა ყრილობის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარედ.

1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ სარატოვშიც ადგილობრივი გარნიზონის მხარდაჭერით ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება; დიომიდე თოფურიძემ დაპატიმრებისაგან თავის არიდება ძველი ამხანაგის - მარია ულიანოვას დახმარებით შეძლო და საიდუმლოდ დატოვა სარატოვი.

1918 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში.

იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს რესპუბლიკის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე.

დააარსა ჟურნალი „ეკონომისტი“; თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში და აქვეყნებდა ნაშრომებს ეკონომიკურ საკითხებზე.

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან - საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა კომისიის წევრი.

დიომიდე თოფურიძე მუშაობდა ბათუმის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარედ, სანამ ბათუმი ბრიტანეთის საექსპედიციო ჯარების სარდლობას ექვემდებარებოდა.

1919 წლის ბოლოსათვის აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავად და ცდილობდა საქალაქო მეურნეობის გამოცოცხლებას და ადმინისტრაციაში დისციპლინის დამყარებას.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას; 1921-1922 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის საკითხების მეცნიერულ შესწავლაზე; ნაშრომების მცირე ფრაგმენტები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში.

დიომიდე თოფურიძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") დააპატიმრა 1922 წელს. გაათავისუფლეს რამდენიმე თვის შემდეგ.

1923 წელს ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების ზეწოლითა და ტერორის გამოყენებით მიმდინარე პარტიების „თვითლიკვიდაციის“ კამპანიის დროს დიომიდე თოფურიძე კვლავ დააპატიმრეს; ციხეში მყოფმა დიომიდე თოფურიძემ 1923 წლის 13 სექტემბერს პრესაში განაცხადა, რომ 1921 წლის შემდეგ გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან და ლოიალურად იყო განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. ამ განცხადების შედეგად გარკვეული ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.

1923 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოს სახალხო მეურნეობასთან“.

1923 წელსვე დაინიშნა სსრკ ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებულის სამმართველოში ფინანსურ ინსპექტორად, შემდეგ კი - ადგილობრივი ფინანსების განყოფილების მმართველად; მანვე დააყენა საკითხი რწმუნებულის აპარატის საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომსარიატად გარდაქმნის შესახებ და რეორგანიზაცის შემდეგ კვლავ აგრძელებდა ახალ კომისარიატში მუშაობას.

1929 წლამდე იყო საქართველოს სსრ საგეგმო კომისიის საბიუჯეტო-საფინანსო სექციის თავმჯდომარე; შემდეგ მუშაობდა „სოფლის კავშირის“ საფინანსო-ეკონომიკური საკითხების კონსულტანტად.

1930 წლისთვის გადაწყვიტა, მთლიანად სამეცნიერო კვლევებისათვის დაეთმო დრო და პენსიაზე გავიდა; გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი საქართველოს ეკონომიკის, სახალხო მეურნეობისა და ფინანსების საკითხებზე.

1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით მოახერხა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, აღიარებითი ჩვენებების მიღება, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური „მენშევიკური ცენტრი“, რომლის მიზანიც შეიარაღებული გადატრიალება და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო.

დიომიდე თოფურიძე დააპატიმრეს 1937 წელს, თბილისში, საკუთარ სახლში, „მენშევიკური ცენტრის“ წევრობისა და „დივერსიულ-მავნებლურ ჯაშუშთა ორგანიზაციაში“ „შოვინისტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციის წევრების გადაბირების“ ბრალდებით.საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. ძიებისას თავი დამნაშავედ არ ცნო. დახვრიტეს 11 დეკემბერის ღამეს.

1939 წელს ბაქოში დააპატიმრეს დიომიდე თოფურიძის შვილი, ინჟინერი ალექსანდრე თოფურიძე და „შრომა-გასწორების კოლონიაში“ გადაასახლეს მაგადანში, სადაც 1942 წლის 30 აპრილს დახვრიტეს „კონტრრევოლუციური აგიტაციის“ ბრალდებით.

დიომიდე თოფურიძე რეაბილიტირებულია საქართველოს სსრ უზენაესის სასამართლოს მიერ 1956 წლის 16 აპრილს.

 
аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати