დიმიტრი უზნაძე – Dimitri Uznadze (1886 – 1950 წწ.)
დიმიტრი უზნაძე – საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918).
დიმიტრი უზნაძე მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის – განწყობის თეორიის შემქმნელია.
დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ლაიფციგში (გერმანია). სწავლობდა ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1909 წელს. უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძე ფიქოლოგიას ეუფლებოდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის – ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით. პირველ წარმატებას უკვე სტუდენტობის დროს მიაღწია. 1907 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ლეიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ნაშრომში მას პრემია მიანიჭა.
1909 წელს ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე “ვ. სოლოვიოვი – მისი შემეცნების თეორია და მეტაფიზიკა”. ნაშრომი ეძღვნებოდა ვ. სოლოვიოვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და წარმოადგენდა ამ საკითხზე დაცულ პირველ სადისერტაციო ნაშრომს. 1913 წელს უზნაძემ ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის (უკრაინა) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით.
1909 წელს დიმიტრი უზნაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1909-1918 წლებში უაღრესად ნაყოფიერი პედაგოგიურ-საზოგადოებრივი და მეცნიერული მოღვაწეობა გააჩაღა ქუთაისში. უზნაძე მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ხოლო ფსიქოლოგიასა და ლოგიკას ეპარქიულ სასწავლებელში. 1915 წელს პირველად საქართველოში მისი ინიციატივით დაარსდა ქალთა ქართული სკოლა „სინათლე“, რომლის დირექტორადაც თვითონ დაინიშნა. ამ პერიოდში მრავალი წერილი გამოაქვეყნა ესთეტიკის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკითხებზე. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო.
1917 წელს დიმიტრი უზნაძე თბილისში გადმოვიდა და მხარში ამოუდგა ივანე ჯავახიშვილს ქართული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1917-1918 წლებში იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილთან და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად აფუძნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 1918 წელს მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში შეიქმნა ფსიქოლოგიის კათედრა და ექსპერიმეტული ფსიქოლოგიის ლაბორატორია, რომლის გამგე იყო გარდაცვალებამდე (1950 წ). 1935 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო საქართველოს სოციალ-ფერედალისტთა პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, 1917-1919 წლებში კი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, მან ხელი მოაწერა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს”.
1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე. დღეს ეს ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელს მსოფლიოში, მის სახელს ატარებს. 1933-1942 წლებში უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.
დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები მრავალფეროვანი იყო. იგი იკვლევდა ზოგადი ფსიქოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა აღქმის, წარმოდგენის, ყურადღების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების პრობლემები. ასევე წარმატებით იკვლევდა ბავშვის, პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებს. უზნაძე იყო საქართველოში შრომის ფსიქოლოგიის, ბავშვის ფსიქოლოგიის და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი.
უზნაძემ შეისწავლა ფენომენი (ე. წ. “უზნაძის ეფექტი”), რომელიც საფუძვლად უდევს განწყობის ექსპერ. მეთოდს. უზნაძისა და მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების გამოკვლევების შედეგად განწყობის “მცირე თეორია” (რომელშიც განწყობის, როგორც ფსიქიკური ფენომენის, თავისებურებებს შეისწავლიდნენ) გადაიქცა განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ “დიდ” თეორიად, რომელიც ადამიანის აქტივობის ძირითად ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს შეისწავლის.
დიმიტრი უზნაძემ შექმნა არაერთი სახელმძღვანელო: „ექსპერიმენტული საფუძვლები“ (1925), „ზოგადი ფსიქოლოგია“ (1940), „ბავშვის ფსიქოლოგია“ (1947) და სხვ., რომლებზეც ქართველ ფსიქოლოგთა მრავალი თაობა აღიზარდა.
დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფილოსოფიური აზრის გაღრმავება-განვითარებაში. მისი შრომები – “ვლ. სოლოვიოვი – მისი შემეცნების თეორია და მეტაფიზიკა” (ჰალე, 1909 წ.), “რა არის შემეცნების თეორია?”, “ომის ფილოსოფია” და განსაკუთრებით მონოგრაფიული გამოკვლევა – “ანრი ბერგსონი” (თბ. 1920 წ.) უახლესი დროის ქართული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. დ. უზნაძეს ეკუთვნის აგრეთვე გამოკვლევები: “ნ. ბარათაშვილის ლირის მოტივები”, “ნ. ბარათაშვილის შემოქმედების განვითარება”, “განდგომილობის პრობლემა ი. ჭავჭავაძის “განდეგილში” და სხვა. ეს ნაშრომები, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის ფილოსოფიური პოზიციიდან განხილვის ერთ-ერთ პირველ და წარმატებულ ცდას.
დიმიტრი უზნაძეს ეკუთვნის სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებული მრავალი გამოკვლევა: „სახელდების ფსიქოლოგიური საკითხები“ (1923), „მნიშვნელობის წვდომის პრობლემისათვის“ (1927), „ცნების შემუშავება სკოლისწინარე ასაკში“ (1929), „პროფესიების ფსიქოლოგიის აქტუალური ამოცანებისა და თეორიული საკითხების შესახებ“ (1933), „მოძრაობის სისწრაფის ილუზია“ (1940), „ადამიანის ქცევის ფორმები“ (1944) და მრავალი სხვა.
უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოფოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი “განწყობის თეორია”, რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია “განწყობის ფსიქოლოგია” (D.N. Uznadze, “The Psychology of Set”, New York, 1966). ამ მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა 1923 წელს, როდესაც თსუ-ის პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში “ჩვენი მეცნიერება” (N 1) გამოქვეყნდა დ. უზნაძის სტატია. ჯერ კიდევ 1939 წელს სკანდინავიაში გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში “Acta Psychologica” გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში. ამდენად, დღეს დიმიტრი უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა, უზნაძე ითვლება ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ 1912 წელს მან გამოსცა “ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი”, რითაც სათავე დაუდო ჩვენში ამ მიმართულებას.
დიმიტრი უზნაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა განწყობის ფსიქოლოგიის შექმნამ. ამ თეორიის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ უცხოელი მეცნიერები. იმართება განწყობის ფსიქოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესები და სიმპოზიუმები. 1966 წელს ფსიქოლოგთა XVIII საერთაშორისო კონგრესზე გამოჩენილმა ფრანგმა ფსიქოლოგმა ჰ. ფრესმა განაცხადა, რომ განწყობის პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემად მიაჩნია და აღნიშნა ის დიდი წვლილი, რაც ამ პრობლემის დამუშავებაში ქართველმა ფსიქოლოგებმა შეიტანეს.
დ. უზნაძის თეორიის მნიშვნელობასა და ავტორიტეტზე მეტყველებს 1979 წელს თბილისში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე “არაცნობიერი”, რომელიც პროფესორ აპოლონ შეროზიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩატარდა. სიმპოზიუმზე ცენტრალური ადგილი დაეთმო დ. უზნაძის განწყობის თეორიას. სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს გამოჩენილი ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები. ზიგმუნდ ფროიდის ქალიშვილმა, ანი ფროიდმა გამოგზავნა მისასალმებელი წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მხოლოდ უზნაძისა და მისი თეორიის უდიდესი ავტორიტეტის გამო იღებდნენ ფროიდისტები მონაწილეობას სიმპოზიუმში. სიმპოზიუმის მასალები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე დაიბეჭდა ოთხ ტომად (1978 წ.).
დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წლის 9 ოქტომბერს. დაკრძალული იყო ვაკის სასაფლაოზე. 1986 გადმოასვენეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო–სავანეში.
1950 ფსიქოლოგიის ინსტიტუტს უზნაძის სახელი მიენიჭა. 1951–იდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია უზნაძის სახელობის სტიპენდია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა უზნაძის სახელობის პრემია ფსიქოლოგიის დარგში (1986). სახლში,სადაც ის ცხოვრობდა, გახსნილია უზნაძის სახლ–მუზეუმი. მასში დაცულია უზნაძის პირადი ნივთები, წიგნები, სამუშაო კაბინეტი.
მწერალმა ოთარ ჩხეიძემ დაწერა რომანი “ბურუსი”, სადაც აღწერილია თუ როგორ ებრძოდნენ დიმიტრი უზნაძის თოერიას კომუნისტურ პერიოდში.
“განწყობის თეორია”
დიმიტრი უზნაძე ცდილობდა შეესწავლა ქცევის მიზანშეწონილობის საკითხი. ყოველგვარი ქცევა ფსიქიკით იმართება და მიზანშეწონილად მიმდინარეობს, ანუ ცოცხალი არსება გარემოში თავისი “მიზნების” შესაბამისი აქტივობის განხორციელებას ახერხებს. უნდა არსებობდეს ფსიქიკური მექანიზმი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. გარკვეული ძიების შემდეგ ჯერ თეორიულად, ხოლო შემდეგ ემპირიულად, უზნაძემ მიაგნო ასეთ მექანიზმს და მას განწყობა უწოდა.
განწყობა არის სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც გამოხატავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად. განწყობა წარმოიქმნება მოთხოვნილებისა და მისი დამაკმაყოფილებელი სიტუაციის საფუძველზე და განსაზღვრავს ყოველგვარი სახის ფსიქიკური აქტივობის აღძვრასა და მიმდინარეობას. განწყობა მიზანშეწონილ სახეს აძლევს ამ აქტივობას, ვინაიდან მასში ქცევის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სუბიექტური და ობიექტური მონაცემია ასახული.
ნებისმიერ ქცევას, უზნაძის მიხედვით, აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება. იმისათვის რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად, ამ ქცევის ადეკვატური განწყობა, საჭიროა, არსებობდეს მოთხოვნილება (რომელსაც მომავალი ქცევის საშუალებით დავიკმაყოფილებთ) და სიტუაცია, რომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს. განწყობა არის ფსიქოფიზიკური მზაობის მდგომარეობა. შესაბამისი განწყობის არსებობის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებდა, ყველა ფსიქიკურ პროცესს, ყველა ჩვენს ქცევას განწყობა ამოძრავებს და აძლევს მიმართულებას.
განწყობა არის ცოცხალ არსებათა (ცხოველის, ადამიანის) მოქმედების უნივერსალური ფსიქიკური მექანიზმი, ამიტომ ის არაცნობიერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ გააჩნია მისი ცნობიერი და ნებელობითი კონტროლის უნარი. ადამიანის სპეციფიკურობა ისაა, რომ იგი აცნობიერებს ქმედების მომზადებისა და განხორცელების პროცესში აღმოცენებულ პრობლემებს.
როგორც ავღნიშნეთ, განწყობა არაცნობიერია. იგი შედგება სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებისაგან. სუბიექტურ ფაქტორს განეკუთვნება მოთხოვნილება; ობიექტურ ფაქტორს განეკუთვნება სიტუაცია, ის გარემო, რომლეშიც ადამიანი არსებობს და რომელშიც იგულისხმება ის ობიექტი, რომელიც ადამიანს მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს. ანუ, ჩნდება მოთხოვნილება, ჩნდება ობიექტი, საშუალება, რომლითაც მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეიძლება. ამ ორის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება განწყობა, რომელიც ფსიქიკურ პროცესებს ისე წარმართავს, რომ ადამიანი ამ ობიექტს დაეუფლება. მაგალითად, ადამიანს თუ შია და მაგიდაზე არის პური, იქმნება განწყობა, გარკვეული შინაგანი მზაობა, რომ ადამიანმა აიღოს ეს პური და შეჭამოს. განწყობა აძლევს ადამიანს ძალას და საშუალებას, რომ ეს გააკეთოს, ანუ განწყობა მომართავს, ამზადებს ადამიანს ამისათვის.
უზნაძის განწყობის ბანალურ მაგალითი: ადამიანმა რომ წყლის დალევის ქცევა განახორციელოს, ამისათვის საჭიროა, გააჩნდეს შესაბამისი მოთხოვნილება და ამავე დროს იმყოფებოდეს გარემოში, რომელიც მისი მოთხოვნილების ობიექტის შემცველია, ანუ წყალი უნდა დაინახოს. მხოლოდ მაშინ შეექმნება ადამიანს წყლის დალევის განწყობა და ის განახორციელებს წყლის დალევის ქცევას.
განწყობის თეორიის მიხედვით, თუ ადამიანს ან საზოგადოებას შეუქმნი რაიმე მოთხოვნილებას და ჩააყენებ ისეთ სიტუაციაში, რომ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება – განწყობაც გაჩნდება.
ერთხელ ერთ-ერთმა მეცნიერმა მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და სთხოვა, რომ სიკვდილმისჯილები მისთვის გადაეცათ ექსპერიმენტებისათვის. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შეშემდეგში – პატიმრებს უხვევდნენ თვალს და ეუბნებოდნენ, რომ ვენებს გადაუჭრიდნენ და სიკვდილით ისე დასჯიდნენ. სინამდვილეში ექსპერიმენტის დროს თვალს უხვევდნენ და მაჯაზე სახაზავს უსვამდნენ. ეს პატიმრები სახაზავის გადასმიდან ზუსტად იმ დროში იღუპებოდნენ, რამდენიც სისხლისგან დაცლას სჭირდებოდა. ცხადია, არანაირი ვენების გადაჭრას და სისხლისგან დაცლას ადგილი არ ჰქონია. სიკვდილის მიზეზი ყველა ამ შემთხვევაში იყო გულის გაჩერება.
მოვიყვანოთ მეორე მაგალითი: ბავშვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. ექსპერიმენტატორები შევიდნენ საკლასო ოთახში, ბავშვებს დაანახეს გამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმული სითხე და უთხრეს, რომ ეს იყო მჟავა, რომელიც კანთან შეხებისას იწვევდა დამწვრობას. შემდეგ ჩამოიარეს და ყველა ბავშვს თითო-თითო წვეთი დაასხეს ხელზე. ზოგიერთ ბავშვს მართლაც ხელზე მსუბუქი დამწვრობა გაუჩნდა. აქაც, ცხადია, სინამდვილეში ეს სითხე წყალი იყო. ორივე შემთხვევაში მთავარი მიზეზია განწყობა.
განწყობის ფსიქოლოგიის განვითარების მეორე ეტაპზე ჩამოყალიბდა “ობიექტივაციის კონცეფცია”, რომლითაც განისაზღვრა ცნობიერების მონაწილეობა განწყობის ფორმირებასა და ქცევის რეგულაციაში.
დიმიტრი უზნაძემ შეიმუშავა განწყობის კვლევის ეფექტური მეთოდი. მისი საშუალებით ხელოვნურად იქმნება და ფიქსირდება წინასწარი მზაობა (განწყობა) სხვადასხვა ობიექტების აღსაქმელად, შემდეგ კი აღირიცხება, რა ზემოქმედება მოახდინა მან მომდევნო აქტივობაზე. ე.წ. “ფიქსირებული განწყობის” მეთოდით უზნაძემ და მისმა მიმდევრებმა დაადგინეს განწყობის ზოგადი თვისებები: არაცნობიერობა და მთლიანობა. გამოვლინდა აგრეთვე განწყობის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური ნიშნები (დინამიკურობა, სტატიკურობა და ა.შ.). ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ადამიანთა დიფერენცირება განწყობის ტიპების მიხედვით; გაირკვა, როგორ იცვლება განწყობის ტიპი სხვადასხვა სახის ფსიქიკური დარღვევების შემთხვევაში და ა.შ.
დიმიტრი უზნაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში აყალიბებდა და აუმჯობესებდა ფსიქოლოგიურ სისტემას, რომელიც განწყობის გარდა, სხვა კონცეპტებსაც შეიცავდა. წიგნში “ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები” (1925) მოცემულია სისტემის პირველი ვერსია, ე.წ. ბიოსფერული კონცეფციის სახით; წიგნში “ძილი და სიზმარი” (1936) კრიტიკულად არის გაანალიზებული სიზმრის თეორიები (მათ შორის ფსიქოანალიზური) და ჩამოყალიბებულია ორიგინალური თვალსაზრისი “არარეალიზებული განწყობის” და “ფუნქციური მოთხოვნილების” ცნებათა საფუძველზე; “ზოგადი ფსიქოლოგია” (1940) არის სახელმძღვანელო, რომელშიც ფსიქოლოგიის ზოგადი საკითხები განხილულია განწყობის თეორიის ჭრილში; მონოგრაფიაში “ბავშვის ფსიქოლოგია” (1947) განხილულია ბავშვის ფსიქიკური განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი და გამოთქმულია საინტერესო მოსაზრებები განვითარების პრობლემაზე, ასაკობრივ პერიოდიზაციაზე, ასევე თამაშის, სწავლის, შემოქმედების და ა.შ. საკითხებზე; “განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები” შემაჯამებელი ნაშრომია, რომელშიც თავმოყრილია განწყობის ფსიქოლოგიურ სკოლაში მოძიებული ძირითადი მონაცემები.
უზნაძე იყო პირველი, რომელმაც ფსიქოლოგიური კვლევის ისტორიაში თეორიულად დაასაბუთა და ემპირიულად შეისწავლა ისეთი არაცნობიერი ფსიქიკური რეალობა (განწყობა), რომელიც თავის თავში აერთიანებს აქტივობის აუცილებელ მომენტებს და მოქმედებს როგორც ქცევის მიზანშეწონილი განხორციელების ფსიქოლოგიური მექანიზმი. უდიდესია დიმიტრი უზნაძის ღვაწლი ქართული მეცნიერების წინაშე. მან სათავე დაუდო საქართველოში მეცნიერულ (ექსპერიმენტულ) პედაგოგიკას, იყო ქართული ფილოსოფიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფსიქოლოგიური მეცნიერების ორგანიზატორი და საქვეყნოდ აღიარებული ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დამაარსებელი.