უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამჟამად, ერთადერთი არსებითი პროექტი ამერიკული, ტრამპის პროექტია. მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება მოლაპარაკებების კარგი საფუძველი გახდეს და ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, „უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოგვიანებით ევროპელების მონაწილეობა აუცილებელი იქნება“.
„ბუნებრივია, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის განხილვა და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი ევროპელების მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. გარკვეულ ეტაპზე მათი მონაწილეობა საჭირო გახდება“, - აღნიშნა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის ცნობით, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ ტექსტი უკვე შეიცვალა.
„ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გვესმის, რომ ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა, გარკვეული ცვლილებები შედის. გვესმის, რომ ტექსტმა, რომელიც არაოფიციალურად ნაადრევად მივიღეთ, ცვლილებები განიცადა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.