USD 2.5982
EUR 2.9274
RUB 3.0935
Tbilisi
დიმიტრი ჩხეიძე - თბილისელი ფოტო-ვიდეო კოლექციონერი, ადვოკატი და წარმატებული ფეიქარი
Date:  3952

ბოლო რამდენიმე წელია სოციალურ ქსელში გაჩნდა უნიკალური და უძველესი  ფოტო და ვიდეო მასალები,  რომლებიც როგორც ძველ  თბილისს, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და იქ მცხოვრები ცნობილი თუ უცნობი ადამიანების საინტერესო ისტორიებს ასახავს.  ამ  მნიშვნელოვან წამოწყებას, რასაც  საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა დიმიტრი ჩხეიძე უძღვება. პროფესიით გეოლოგს თავადაც საინტერესო და მრავალმხრივი ბიოგრაფია აქვს. მთაწმინდა, სერგო ფარაჯანოვის და ლიმონა დევდარიანის  მეზობლობა, შეხვედრა ტიმ სევერინთან და მარჩელო მასტროიანთან, ცნობილ სერიალში შესრულებული ადვოკატის როლი - ბატონი დიმიტრი ჩხეიძე საკუთარი ცხოვრების და მთავარი როლის შესახებ, რომელიც ათეული წლების წინ, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოირგო.     

- ბატონო დიმიტრი, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა თქვენ მიერ გავრცელებული  უნიკალური ძველი  ფოტო და ვიდეო მასალა, სად და  როგორ  მოხდა მათი მოძიება და  შეგროვება?     

- ფოტო და ვიდეო მასალის გარკვეული ნაწილი ჩემი პირადი კოლექციიდანაა, ნაწილი მოპოვებულია მეგობრებისგან, რომელთაც სხვადასხვა  არქივებზე ჰქონდათ  წვდომა, მათ შორისაა ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი, ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“,  საქართველოს ეროვნული არქივი. ბაბუაჩემი გრიგოლ თოდუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი იყო, მონაწილეობდა სასოფლო სამეურნეო  ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დაარსებაში. სახლში გვაქვს ბაბუასგან შემორჩენილი არქივები, სადაც უამრავი საინტერესო ფოტო  მასალა და ისტორიაა დაცული. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ჩემს მეგობარს ლევან თაქთქიშვილს, ჩემს სახლში ისეთი ფოტო აქვს ნაპოვნი, ბიბლიოთეკაში მთელი მასალა რომ იყო  დაცული და მისი შესატყვისი ფოტო არ არსებობდა. ბაბუას არქივში ვიპოვე ვინმე ხუბუტიას დიპლომი, რომელიც ამ ადამიანს ბერლინში აქვს მიღებული 1930 წელს. ყოჩაღი ანდრია - ასე უწერიათ გერმანელებს ქართველი  სოფლის მეურნეობის მუშაკის დიპლომში, რომელიც  ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი იქნებოდა, რადგან იმ პერიოდში საქართველოში ეს დარგი კარგად იყო განვითარებული. ჩემს პირად კოლექციაში შედის  „ვეფხისტყაოსნის“  157 გამოცემა, მათ შორის,ბებიას სამზითვო წიგნი, 1881 – 1882  წლებში ქართველი მეწარმის და მეცენატის გიორგი ქართველიშვილის მეოხებით გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის უნიკალური ნახატებით არის ილუსტრირებული. სხვათაშორის, თბილისში ქართველიშვილის ერთადერთი სახლია, რომელსაც ქართულად აწერია - სალამი.

საქართველოში კერძო კოლექციებში ბევრი საინტერესო ფოტო მასალაა დაცული. კარგი იქნება, ვინმე დაინტერესდეს ამ მასალით, მოხდეს მათი გამოტანა. დღეს სოციალური ქსელი იძლევა საშუალებას მოხდეს მათი გავრცელება საზოგადოებაში, მით უმეტეს, რომ ეს  ინტერესი არსებობს.  ხშირად უცნობი ადამიანები მიგზავნიან თავიანთი წინაპრების საინტერესო ფოტო - მასალებს, მაგალითად, არსებობს ისტორია თბილისელი ბაყალის ალექსანდრე შარაბიძის  შესახებ, რომელიც ოქროსუბანში იყო ხილ-ბოსტნის გამყიდველი. მისი შვილთაშვილი ჩემი სკოლელი იყო,  მისგან ვიცი, რომ ალექსანდრეს ძალიან  ჰყვარებია  ფოტოების გადაღება, ინსტალაციები. ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც შარაბიძეების მეექვსე  თაობა ცხოვრობს, შემორჩენილია ძველი ფოტოების კარგი კოლექცია, სადაც მათი ოჯახის  ცხოვრების  მნიშვნელოვანი ეპიზოდებია ასახული.  

- სიძველეებისადმი ინტერესი რა ასაკიდან გაგიჩნდათ? 

- სკოლის პერიოდში დავდიოდი პიონერთა სასახლეში, ჩვენი თაობის ბავშვებისთვის ეს  აუცილებლობა იყო, მით უმეტეს რომ მამა თანამდებობაზე მუშაობდა. მე ვერ ვიტანდი პიონერულ ყელსახვევს, როდესაც სასახლეში პირველად მივედი, ერთადერთი წრე, სადაც ბავშვებს არ ეკეთათ ყელსახვევები იყო არქეოლოგიის წრე, ამიტომაც ავირჩიე ეს წრე და გავხდი ნორჩი არქეოლოგი (იცინის)  მეხუთე კლასიდან დაწყებული უმაღლესში ჩაბარებამდე დავდიოდი ექსპედიციებში, იმ პერიოდში  მუშაობა მომიწია ლალი ჯავახიშვილთან, რაც იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ექსპედიციებში ვიყავით მაშავერას ხეობაში, აფხაზეთში, განთიადში, ასევე ჟინვალში, სადაც პირველი ხელფასი ავიღე მეშვიდეკლასელმა მოსწავლემ. ორი წელი ვიყავი ნოქალაქევის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ასევე არქეოპოლისის ციხეგოჯში.  ეს არის ისტორიული ციხე -ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. ვიყავი აკადემიკოს ნაპო ზაქარაიას ექსპედიციაში. გამიმართლა პატარა ბიჭს და მომიწია მუშაობა პროფესორებთან ნიკო ლომოურთან და ვადიმ ლექვინაძესთან. სწორედ იმ პერიოდში ჩამოვიდნენ საქართველოში არგონავტები და ესტუმრნენ ციხეგოჯს, სადაც გავიცანი ტიმ სევერინი. დღემდე ძალიან ბევრი არქეოლოგი მეგობარი მყავს, მე თავად, პროფესიით გეოლოგი ვარ, თუმცა გეოლოგად არასდროს მიმუშავია.

  

რაც შეეხება ჩემს ინტერესს, თუ რატომ დავიწყე არქივების შეგროვება, მე არც ხელოვნებათმცოდნე ვარ და არც ისტორიკოსი, რომ პროფესიული ინტერესი მქონდეს. რასაც დავაკვირდი, ძალიან ხშირად ორიენტირი ხდებოდა  საბჭოთა საქართველოს 70 წლიან  პერიოდზე და ის, თუ  რა იყო იქამდე, ამის შესახებ ნაკლები ინტერესი ჩანდა. არსებობს განსაკუთრებული დამოკიდებულება საბჭოთა  პერიოდის მიმართ -  ვიღაცეებს აქვთ რადიკალური მიუღებლობა იმის მიმართ, რაც არსებობდა საბჭოთა პერიოდში  ან პირიქით, მარტო საბჭოთა საქართველო აინტერესებთ.  მე იმდენი საინტერესო რამ ვნახე არქეოლოგიური ექსპედიციების დროს და ისე ჩავწვდი საქართველოს ისტორიას,  დავრწმუნდი, რომ  ამ პერიოდის   იგნორირება არაფრით არ შეიძლება. იმდენად მასშტაბურია ჩვენი კულტურა და მისი ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან, ის ნამდვილად არ შემოიფარგლება არც 70 წლით, არც იმით, რაც იყო საბჭოთა საქართველომდე. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ ადამიანებს, მათი წინა თაობების შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი, რა უჭირდათ, რა უყვარდათ. საქართველოს მიმართ არსებობდა დიდი ინტერესი ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში. ჩვენთან ჩამოდიოდნენ დიდი მეცნიერები, რომლებიც აღწერდნენ ქართველთა ცხოვრებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.  სამწუხაროდ, თბილისის  გაფართოებას, რასაც მოჰყვა მოსახლეობის დიდი ნაკადების ჩამოსვლა, მოჰყვა სხვა ქალაქების ფუნქციების შესუსტება და დაკარგვა, თუმცა იმ მასალებით, რაც არსებობს თვალსაჩინოა, როგორი ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა ბათუმს, ქუთაისს, თელავს.  თბილისი ხელოვნურად გახადეს ქალაქი მილიონიანი მოსახლეობით, რათა მოსკოვიდან,  ცენტრალური ბიუჯეტიდან მიეღოთ ფული, რომ დაეხრათ ბიუჯეტი კორუფციის მიზნით, რამაც დაღი დაასვა ალაქს, რომელიც უაზროდ გაფართოვდა, რაც ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო.  

ჩვენს ისტორიაში და კულტურაში თითქოს არსებობს 70 წლიანი წყვეტა, მაგრამ იმ 70 წელიწადშიც იმდენი საინტერესო და კარგი რამ შეიქმნა, ამისი უგულებელყოფაც არ შეიძლება. ყველა პერიოდი უნიკალურია. ჩვენ გვყავდა ძალიან ბევრი უცნობი, მაგრამ წარმატებული ადამიანი, რომელთაც უცხოეთშიც კი მოახერხეს თავის დამკვიდრება. დღეს  ჩვენ ყველას გვახარებს ორი ჩვენი თანამემამულის - დვალიშვილის და თოფურიას ბოლო გამარჯვებები, თუმცა ალბათ ბევრმა არც იცის, რომ  ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, 30 იან წლებში საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში წასვლა მოახერხა წარმოშობით ლეჩხუმელმა კოლია ქვარიანმა, რომელმაც  ამ სპორტში  დიდ წარმატებებს მიაღწია.  მას არც გულშემატკივარი ჰყოლია ქართული დროშით, ხშირად ალბათ, როგორც რუსს აცხადებდნენ, მაგრამ  დაამარცხა ამერიკაში უძლიერესი ფალავნები. მას  ჰოლივუდშიც იწვევდნენ გადაღებებზე, საკმაოდ ასაკოვანი გარდაიცვალა, მისი საფლავი წლები იყო  დაკარგული. კოლია ქვარიანის მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ ღირებულია ყველა ადამიანის ცხოვრება, ვინც მოღვაწეობდა საქართველოში და საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე.  

 - თქვენ მიერ მოპოვებული მასალებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად  რა მიგაჩნიათ?

- ასე ვერ გამოვყოფ. ჩემი აზრით, ძალიან  ღირებულია ძველი თბილისის ფოტოები. მაგალითად, მაქვს  ძველი წიგნები ფოტო მასალით, რომელიც არ არის გაციფროებული. სურათზე  ჩანს, როგორ შენდებოდა მარჯანიშვილის მოედანი და იქ  დღეს არსებული  შენობები, ასევე  როგორ შენდებოდა მეცნიერებათა აკადემია. არსებობს ამ მშენებლობების ამსახველი ფოტოები. არსებობს ლადო ქოქიაშვილის  გასვენების ისეთი  ფოტოები, რომელზეც საოცარი აღმოჩენების გაკეთება შეიძლება ქალაქში არსებული ნაგებობების შესახებ.  ლადო ქოქიაშვილი ქალაქში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ის იყო ახალგაზრდა მოქანდაკე, მოგვიანებით ლადო ქოქიაშვილი ახდა სპორტის სასახლის წინ არსებული „მზეჭაბუკის“ ქანდაკების პროტოტიპი. ლადო იყო პირველი, ვინც თბილისში დანით მოკლეს.  იმ დროს ჩხუბში დანის გამოყენება წარმოუდგენელი ამბავი იყო. ლადო მოკლეს საქმის გარჩევის დროს. ლადოს ჰყავდა მეგობარი ასტამურ აჩბა. ის კალათბურთელი იყო. ასტამურმა მკერავთან რაღაც  ქსოვილი მიიტანა კოსტუმის შესაკერად, ოქროსუბნელებმა მოიპარეს ასტამურას ნაჭერი. როგორც  გაირკვი, ქურდობა ჩაიდინა  ვინმე ჰასანმა. ასტამურა  მივიდა რუსთაველის თეატრში, ლადო კინოდან გაჰყვა ასტამურას, რომელიც ჰასანთან მიდიოდა  საქმის გასარჩევად.  სწორედ ჰასანმა მოკლა ლადო დანით. ეს მოხდა 1957 წელს. ლადო ქოქიაშვილის გასვენებაში თითქმის მთელი ქალაქი იყო გამოსული, მისი ცხედარი მთაწმინდიდან ვაკის სასაფლაომდე ხელით წაიყვანეს. 

მაქვს ერთი ფოტო, რომლის ამოსახსნელად თითქმის 6 წელი დამჭირდა. მივაგენი ფოტოს, რომელიც გადაღებულია  საქართველოს გასაბჭოების 15 წლის აღსანიშნავ აღლუმზე, რომელიც გაიმართა დღევანდელ თავისუფლების მოედანზე. როგორც ჩანს, აღლუმთან ერთად  ასევე გაიმართა  კოსტუმირებული წარმოდგენაც, ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია ადამიანი, რომელსაც ახურავს მუზარადი, ფეხებზე აცვია უცნაური რკინის ფეხსაცმელი. წარმოიდგინეთ რომ  ჰალკი მოდის. რა არ ვიფიქრე, რა  ვერსიები არ დავამუშავე და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ეს არის „ვეფხისტყაოსნის“  გმირი, 1936 წელს  რეჟისორ კონსტანტინე მიქაბერიძის მიერ გადაიღებული ფილმიდან „ქაჯეთის ციხის აღება“, პესონაჟი, რომელიც მოდის ამ აღლუმზე, სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟია. 

 საქართველოს ისტორიაში არსებობს ბევრი ბურუსით მოცული ეპიზოდი, ასევე ადამიანები, რომელთა შესახებ  ინფორმაციები თითქმის არ არსებობს. თბილისთან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენაა დაკავშირებული.  მაგალითად, 50 - 60 იან  წლებში საქართველოში ცხოვრობდა ავღანეთის  სამეფოს დინასტიის  ბოლო უფლისწული სარდარ მუხამედ რახიმ  ხანი, რომელიც  იყო ცნობილი ქართველი ექიმის შურიკო ძნელაძის ქმარი.  ეს კაცი საქართველოშია დასაფლავებული. ოსმალეთის იმპერიაში ათა თურქის ხელისუფლებაში მოსვლამდე  ქვეყანას მართავდა ტრიუმვირატი, სამი ცნობილი ფაშა.ერთ- ერთი იყო აჰმედ ჯემალ ფაშა, რომელიც  გამოქცა თბილისში. ის 1922 წელს, სომეხმა პატრიოტებმა სტეპან ძაგიანმა და ბედროს ბოიოსიანმა ოპერაცია „ნემესისის“ ფარგლებში მოკლეს, სომეხთა გენოციდში მონაწილეობის გამო. ცხედარი გადაასვენეს ერზრუმში და იქვე დაასაფლავეს. 

ძალიან ბევრისთვის უცნობია, რომ საქართველოშია გადაღებული „გაზაფხულის 17 გაელვება“. ფილმის რეჟისორს ტატიანა ლიოზნოვას უყვარდა არჩილ გომიაშვილი და მთავარ როლში უნდოდა მისი გადაღება. გომიაშვილი მთავარ როლზე არ დაამტკიცეს, მეორეხარისხოვან როლზე არჩილმა თქვა უარი, ლიოზნოვამ საქართველოში გადაიღო ფილმის უმეტესი ნაწილი, რომ არჩილთან ახლოს  ყოფილიყო.  შეიძლება ითქვას, რომ თბილისი 1973 წლის საბჭოთა მრავალსერიანი ფილმის “გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ თანაავტორი იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ  ფილმის ნაწილი აქ გადაიღეს,  იმიტომაც, რომ შტირლიცისა და მისი ცოლის შეხვედრის ცნობილი სცენის მუსიკა თბილისელმა კომპოზიტორმა მიქაელ ტარივერდიევმა დაწერა. ფილმის ნაწილი საქართველოშია გადაღებული. ბერნის ზოოპარკის სცენა, როდესაც პროფესორი პლეიშნერი დათვების ცქერით ტკბება, თბილისის ზოოლოგიურ ბაღში, ხოლო პასტორ შლაგის ბავარიული ალპების სცენა, როდესაც  თხილამურზე  დგება და მისრიალებს, ბაკურიანშია გადაღებული, სცენა, სადაც შტირლიცი უკან  ბრუნდება, ბაკურიანი-წაღვერის გზაზეა გადაღებული.  კადრი, როდესაც პასტორი მიდის კარდინალთან, გადაიღეს  ჭონქაძის ქ. 12 ში, ეს სახლი ტფილისელი თამბაქოს მრეწველის ბოზარჯიანცის სახლი იყო მე -20  საუკუნის დასაწყისში. შვეიცარიაში შეხვედრის კადრი თბილისში, დიდუბის საგამოფენო კომპლექსშია გადაღებული. ერთი სცენა გადაღებულია სოლოლაკში, ძმებ არკადი და არშაკ მილოვების სახლში გერონტი ქიქოძის ქ.#  11 ში. ფილმის გადაღება დიღმის კინოსტუდიაშიც მიდიოდა. პირველი სერიის დასაწყისში დიღმის ტყეში შტირლიცი სეირნობს ასაკიან ქალბატონთან ერთად. ასეთია „გაზაფხულის 17 გაელვების“ ქართული ისტორია.

 - როგორც  ცნობილია, საინტერესოა თბილისთან დაკავშირებული თქვენი პირადი ისტორიაც, რომელიც ბევრ კოლორიტულ და ცნობილ ადამიანს უკავშირდება.      

- ჩვენ მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩის # 8 ში ვცხოვრობდით, ჩემი სახლის კარის  წინ იყო კოტე მესხის ჩიხი, რომელიც შემდეგ ფარაჯანოვის ქუჩად გადააკეთეს. ყიფიანის ქუჩაზე ცხოვრობდა ილო დევდარიანი, „თეთრი ბაირაღების“  მთავარი პერსონაჟის - ლიმონა დევდარიანის პროტოტიპი. დღემდე ვმეგობრობ  მის  შვილთან კახასთან და შვილიშვილ ილუშასთან.  მე ლიმონას ვერ მოვესწარი, მაგრამ ჩემებისგან ვიცი ისტორიები მის შესახებ. ჩემები სახლის კარს არ კეტავდნენ - ლიმონას უბანს ვერავინ გაქურდავდა.  

ძალიან კარგად მახსოვს სერგო ფარაჯანოვი. ის ცხოვრობდა კოტე მესხის ჩიხის ბოლოში. ის იყო გენიოსი, ძალიან კარგი კოლაჟისტი, საოცრად უყვარდა წარმოდგენები, სამწუხაროა და სამარცხვინო, რომ დღეს თბილისს  არ აქვს სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი, ფარაჯანოვის სახლი გაიყიდა და თუ არ ვცდები, დღეს იქ სასტუმროა. ჩემი ბავშვობის ერთ მოგონებას გაგიზიარებთ, ერთ დღეს სკოლა გავაცდინე, სახლში მომავალი  ერთ-ერთ ჩიხში გადავწყდი, რომ გემი „მოდის“, ვხედავ იალქნებს, თურმე გემი იყო თავსაბურავი, რომელიც ვიღაც ქალს ეფარა, მოულოდნელად სერგოს წარმოდგენის მომსწრე გავხდი. სერგო ფარაჯანოვთან  მყავს ნანახი ტონინო გუერა და მარჩელო მასტროიანი. ისინი მეგობრობდნენ სერგოსთან.  სერგოსთან  ხშირად მოდიოდა მომღერალი ვლადიმერ ვისოცკი. მას გულის მანკი ჰქონდა, მახსოვს, აღმართზე ამოსვლისას დაღლილი ჩვენს კიბეებზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. ზოგს გიტარა გამოჰქონდა, ზოგს - საჭმელი, ვინ აცდიდა დასვენებას.

ფარაჯანოვს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თურმე, ერთხელ სთხოვეს, ახალგაზრდა რეჟისორია,ვინმე დანელია და გაუწიეთ რეკომენდაცია, რომ ბიუჯეტი გამოუყონ ფილმისთვისო. რატომღაც უარი უთქვამს და  არ გაუწევია  რეკომენდაცია. მერე, როდესაც სერგო დააკავეს, ციხეში მასთან შეჰქონდათ კეფირის ბოთლები, რომლის თავსახური ვერცხლისფერი „ფოლგით“ იყო დაფარული. როგორც ჩანს, ბევრი  კეფირი  შეუგზავნეს, სერგომ „ფოლგისგან“ გააკეთა ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელიც მოგვიანებით ტონინო გუერას აჩუქა, მან კი გადასცა ფედერიკო ფელინის. წლების შემდეგ 1993 წელს, რამინის ფესტივალზე, სადაც უკონკურსოდ იყო წარდგენილი გია დანელიას ფილმი „ნასტია“, ტონინო გუერამ  სერგოს დამზადებული ღვთისმშობლის ფიგურა გადასცა გია დანელიას, ასე მოხვდა სერგოს ნამუშევარი მის მიერ წლების წინ „დაწუნებულ“ რეჟისორთან (იცინის)

მთაწმინდაზე გატარებულმა წლებმა მომცა კარგი ადამიანური ურთიერთობები. ჩვენთან უბანში ბევრი კინოფილმია გადაღებული, სულხან საბას ბაღთან, პატარა ქუჩა ადის  ნიაღვრის ქუჩის გასასვლელამდე, იქ ერთი სახლია, რომლის კედელს  დღემდე  აწერია „ბოლოკა“, რაც  ფილმის გადაღების დროს არის გაკეთებული. ჩვენს უბანში გადაიღეს ეპიზოდები ფილმის „ ხარება და გოგია“,   მინახავს როგორ იღებდა ოთარ იოსელიანი  ფილმს უზენაესი სასამართლოს წინ ზუბალაშვილების ქუჩაზე, მაშინ ათარბეგოვის ქუჩა ერქვა. ჩვენს უბანშია გადაღებული „უძინართა მზე“ ცხონებული ირაკლი ჯიბლაძის და მთაწმინდელი ჩვენი რამაზ ტურძელაძის მონაწილეობით.  ჩემი სახლის სახურავზეა გადაღებული  „ღიმილის ბიჭების“ ეპიზოდი, „ორ ტანკს მეტი ძალა აქვს თუ ერთს“  (იცინის)  

ამ უბანმა დამიტოვა ტკივილიც, 90 -იანი წლების ომმა დაანგრია ყველაფერი, შეიწირა უამრავი ახალგაზრდა ჯერ ომმა, შემდეგ კი ნარკოტიკებმა და დაპირისპირებებმა.  ყველა სასაფლაოს მოკლე გზა ვიცი, იმდენი მეგობარი მყავს გარდაცვლილი, სულ საფლავებზე მიწევდა ყოფნა. თბილისის ომმა დიდი კვალი დატოვა ჩვენზე. როცა გაუსაძლისი გახდა მთაწმინდაზე ცხოვრება, დაინგრა უამრავი ქუჩა და სახლი  და  მეც გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ აქეთ თურმე სხვა ცხოვრება იყო, ხალხი დაბადების დღეებს იხდიდა. შემდეგ იყო აფხაზეთის ომი,   მიცვალებულების ცხედრებიც კი სანატრელი გაგვიხდა. ეს ძალიან მძიმე იყო. ბოლო წლებშიც ბევრი ახლობელი დავკარგეთ, ზოგი გულით გარდაიცვალა, ვეღარ უძლებს ხალხი ამდენ გაჭირვებას, ზოგი წავიდა ამ ქვეყნიდან. მე არასდროს მიფიქრია წასვლა. ჩემი ქალაქის გარეშე ვერსად ვიცხოვრებდი.  გული მწყდება, რომ როდესაც  ახლა მიწევს გასვლა მთაწმინდაზე,  ეს აღარ არის ის უბანი, როგორიც  იყო ჩემს ახალგაზრდობაში,  მთაწმინდაზე ნამდვილი მთაწმინდელი ძალიან ცოტა  დარჩა.

- იყო პერიოდი, როდესაც თქვენ  მთაწმინდის გამგებლის მოადგილედ მუშაობდით, რაც  მაინდამაინც კარგად არ დასრულდა თქვენთვის. დღეს როგორ იხსენებთ იმ პერიოდს?

 - მე არასდროს ვყოფილვარ პარტიული ფუნქციონერი, თუმცა მქონდა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საარჩევნო პროცესებში ჩავერთე 90 -იანი წლებიდან, რადგან  საარჩევნო სისტემები და ტექნოლოგიები  ჩემთვის იყო  ძალიან  საინტერესო თემა. ჩვენთან ეს სფერო ბევრმა არ იცის. ეს სხვა სპეციფიკაა. არჩევნებში ყველა ხმა თანასწორია - კინოლოგის იქნება ხმა, იხტიოლოგის,  ე. წ. „ქუჩის ბიჭის“ თუ  პენსიონერი ბებიის. იმის მიუხედავად,  რომ ყოველთვის ვერიდებოდი ისეთ სამსახურს, რაც  პირდაპირ დამაკავშირებდა პოლიტიკასთან, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობამ  მიმიყვანა სახელმწიფო სამსახურამდე - ვიყავი მთაწმინდის გამგებლის მოადგილე.  იმის მიუხედავად, რომ ეს ეტაპი კარგად არ დასრულდა, მე არაფერს ვნანობ. ვფიქრობ, ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოვახერხე ჩემი  რაიონისთვის, ბევრს გავუწიე დახმარება, მათი გასაჭირი გამეზიარებინა და დამეყენებინა სწორ გზაზე. 2013 წლის ივნისში  დამაკავეს,  ერთ დღეში სამჯერ დამიჭირეს. წამიყენეს გაურკვევლი ბრალდება საქმეზე, მუნიციპალური ფონდის თანხების განკარგვაზე, რასთანაც მე არანაირი შეხება არ მქონდა.იმდენად უდანაშაულო ვიყავი, თვითონაც ვერ გაიგეს, რას მედავებოდნენ. 8 წელიწადი სასამართლოში მატარეს, თუმცა ბოლოს სამივე ინსტანციაში გამამართლეს. სამწუხაროდ, ამ ამბავს  შეეწირა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, დედა, დეიდა, მათთვის წარმოუდგენლად დიდი დარტყმა იყო ჩემი დაკავება.

ჩემს ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ეტაპი - სკოლა და მასწავლებლობა.მასწავლებლად მუშაობის სამწლიანი სტაჟი მაქვს.აფხაზეთში დაიღუპა ჩემი ვერელი ძმაკაცი მიხეილ ქორიძე, ხულიგანა. 34-ე სკოლაში ხულიგანას რაგბის გუნდი ჩამოყალიბდა, მიშას სიყვარულით 34-ე საავტორო სკოლაში დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა, ეს სკოლა მდებარეობდა ცხაკაიას ქუჩაზე, სოლოლაკში. ვასწავლიდი მთაწმინდელ, სოლოლაკელ და ვერელ ბავშვებს. ეს  იყო ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერი წლები. გვქონდა გასვლითი სკოლაც. სექტემბერში ბავშვები აწყურის ბანაკში მიგვყავდა და იქ,  სამცხე - ჯავახეთის ულამაზეს ადგილებში ვასწავლიდით და ვაცნობდით ჩვენი სამშობლოს ისტორიას და ლამაზ ბუნებას. ჩემი სადამრიგებლო კლასიც მქონდა, დღემდე ვმეგობრობ ჩემს  მოსწავლეებთან.

- დღეს რას საქმიანობთ?

- დღეს ჩართული ვარ ჩვენი ოჯახის  ბიზნესში. საქართველოში, რაც კი უნიფორმა იქმნება, თითქმის ყველა ჩვენთან არის გაკეთებული. მთელი ცხოვრება ასე ვარ, რასაც ვაკეთებ, ყველაფერში სულს და გულს ვდებ. საქარგი დანადგარებიც კი შევისწავლე, რომ წარმოებაში ლოგოების მოქარგვა შემძლებოდა. ჩვენ გვაქვს სამკერვალო წარმოება „უნისტილი“, რომელიც ჩემი მეუღლის ნატოს დედამ მარიამ გოგინაშვილმა დაიწყო 31 წლის წინ ერთი საკერავი მანქანით. ის ერთადერთია საქართველოდან, რომელიც ბურდას ლაურეატი გახდა. სხვათაშორის, როდესაც მამაჩემმა ნატოს და დედამისის დაჯილდოვების კადრები ნახა, ნატო ძალიან მოწონებია სარძლოდ. მამა უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ნატო ჩემი ცოლი გახდა, ის ამას ვერ მოესწრო, მაგრამ მის მიერ ტელევიზიით მოწონებული გოგო მოვიყვანე ცოლად (იცინის)  

 - თქვენს  მრავალფეროვან შრომით ბიოგრაფიაში არის კიდევ ერთი ეპიზოდი - მონაწილეობა გაქვთ მიღებული  ცნობილ ქართულ სერიალში  „ჩემი ცოლის დაქალები“.  როგორ მოირგეთ შავლეგო მადლიანის  ადვოკატის როლი?

- „ჩემი ცოლის დაქალებში“  ჩიკას და შაგუს სახლი რეალურად  ჩემი სახლია. როდესაც გადაღებებისთვის ეძებდნენ სახლს ახალი პერსონაჟების, ჩიკას და შაგუს ოჯახური სცენებისთვის, ჩემი სახლი მოეწონათ და მასზე გააკეთეს არჩევანი. გადაღებები იყო  კვირაში 2-3 ჯერ, თითქმის ყველას ვიცნობდი გადამღები ჯგუფიდან. როდესაც შემომთავაზეს  შავლეგ მადლიანის ადვოკატის როლი, დავთანხმდი. ეს იყო სრულიად ახალი გამოცდილება, მაგრამ ძალიან საინტერესო. სასამართლოებში სიარულის ისეთი გამოცდილება მქონდა, არ გამიჭირდა ადვოკატის როლის მორგება, იმ რვა წელიწადში  იურისპრუდენციაში ისე გავერკვიე, დიპლომი რომ მქონდეს, ადვოკატადაც გამოვდგები (იცინის) 

თამუნა ნიჟარაძე    

ფოტო კოლექციის სანახავად მიყევით ბმულს - დიმიტრი ჩხეიძე    

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way