USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა
თარიღი:  753
დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.
„მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას დავპირდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევცვალეთ ის მავნე დამოკიდებულება, რაც 2012 წლამდე იყო სპორტის, ქართული ფეხბურთის, რეკრეაციული სივრცეების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი არის ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების.
536270732_1186349250204187_3619867548291652368_n
დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული საფეხბურთო მოედანი გაზრდის ძალიან ბევრ ვარსკვლავს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები, ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით, იმ მნიშვნელოვანი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც ფიფა-ს და უეფა-ს აქვს, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სპორტისთვის. მერწმუნეთ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრ კიდევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნული ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებობდა, თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და 2022 წელს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული და მინი მოედნები ტრიბუნითა და განათებით. ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
536301851_1186349213537524_1943876392839721647_n
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის