გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 პირი დაასანქცირა, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.
სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს:
„გიორგი გაბიტაშვილი არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობის გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს და განზრახ ან დაუდევრად არ შეასრულა ეს ვალდებულება. კერძოდ, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალები ძალადობრივად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს. გენერალური პროკურორის რანგში, გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობისთვის პასუხისმგებელი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან დაკავშირებული გამოძიების ზედამხედველობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რაც ამ შემთხვევაში მან ვერ შეძლო.
შალვა ბედოიძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზედამხედველობა გაუწია პოლიციის ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებას.
მირზა კეზევაძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობაში, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. კერძოდ, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალები ძალადობრივად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ამ ძალადობას ხელმძღვანელობდა მირზა კეზევაძე.
კარლო კაციტაძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობის გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს და განზრახ ან დაუდევრად არ შეასრულა ეს ვალდებულება. კერძოდ, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალები ძალადობრივად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის რანგში, კარლო კაციტაძე პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობის გამოძიებასა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და ამ შემთხვევაში მან ეს ვერ შეძლო“.
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.