დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.
დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.
შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ბრიუსელი მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონთან „კონსტრუქციული და პატიოსანი თანამშრომლობისთვის“. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი, აშშ-სთან კონსულტაციებს მომავალ კვირას შვეიცარიაში იწყებს.
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.
„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.
„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.