USD 2.7242
EUR 3.1925
RUB 3.4779
თბილისი
დიდი ქართველი მოღვაწე– სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანაშვილი
თარიღი:  1777
სოლომონ ზალდასტანიშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1891, სამტრედია, რუსეთის იმპერია — გ. 5 დეკემბერი, 1941, ბუქარესტი, რუმინეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკი; აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. მისი მემუარები „საქართველოს 1924 წლის ამბოხება: მოგონებები“ 1990 წელს გამოიცა თბილისში. ძველი თბილისის ერთ-ერთი ქუჩა სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელს ატარებს.

სოლომონ ზალდასტანიშვილის მამა, კონსტანტინე, იყო კახელი აზნაური, პროფესიით რკინიგზელი და მუშაობდა სამტრედიის რკინიგზის სადგურის უფროსად. მისი მეუღლე იყო ანა ზაქარიას ასული ციციშვილი. ჰყავდათ 5 შვილი: ალექსანდრე, სოლომონ, ნიკოლოზ, მარიამი და თამარი.

სოლომონ ზალდასტანიშვილმა ჯერ დაამთავრა თბილისის რეალური გიმნაზია, ხოლო 1913 წელს სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი. ოფიცრის ხარისხით გამწესებულ იქნა თურქესტანში და ემზადებოდა სამხედრო აკადემიაში შესასვლელად, მაგრამ 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რის გამოც მისი პოლკი გადაისროლეს კავკასიის ფრონტზე. გზაში ბატალიონის უფროსმა ფეი მოიტეხა და ზალდასტანიშვილი დაინიშნა მის ადგილას. ბრძოლების დროს ორჯერ დაიჭრა ფეხში და გადავიდა საავტომობილო რაზმში. მიიღო სამხედრო ჯილდოები. 1917 წელს გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში სამხედრო აკადემიაში ჩასაბარებლად, მაგრამ რევოლუციური არეულობის გამო კავკასიაში დაბრუნდა. 1918 წელს აიყვანეს პოდპოლკოვნიკის ხარისხში.

პირველი რესპუბლიკის წლებში ზალდასტანიშვილი შედიოდა საავტომობილო რაზმში და გახდა ეროვნული არმიის პოლკოვნიკი. 1921 წლის მარტში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. საქართველოში დაბრუნდა 1922 წლის ზაფხულში და შეუერთდა კოტე აფხაზის ჯგუფს. აფხაზის დახვრეტის შემდეგ, 1923 წელს, ზალდასტანიშვილი შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, გახდა „ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის და მისი „სამხედრო ცენტრის“ წევრი. იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ხელმძღვანელი. აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1924 წლის ნოემბერში შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთს შეაფარა თავი, სადაც შეუერთდა ოჯახიც: მეუღლე მარი ხირსელი და შვილები 5 წლის გივი და 2 წლის ოთარი. პარიზში ოჯახს ხშირად სტუმრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ბოლოს დანათესვდნენ – ქაქუცა ოთარის ნათლია გახდა. მშობლებმა ოთარი და გივი ემიგრაციაში ქართული ტრადიციებით აღზარდეს.

სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაშიც განაგრძობდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს "ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოების" გამგეობის წევრი, პარტიის გამომცემლობა „საქართველოს“ რწმუნებული პარიზში. თანამშრომლობდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. 1929-33 წწ–ში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ეხმარებოდა ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს: „ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტს“, „ახალგაზრდულ სექციას“. მონაწილეობდა „კავკასიის შემსწავლელი საზოგადოების“ „ქართული სამეცნიერო წრის“ და სხვა საგანმანათლებლო ქართული ორგანიზაციების მუშაობაში.

1941 წელს გერმანია–საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყებისთანავე სოლომონ ზალდასტანიშვილი, უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად ჩაება საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. იმედი ჰქონდა, რომ გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. 1941 წლის ივლისში სოლომონ ზალდასტანიშვილი ჩაეწერა მოხალისეთა რაზმში "თამარ მეორე", რომელიც ბრაშოვში იყო დისლოცირებული და მისი მეთაური გახდა. სამხედრო და პოლიტიკური საკითხების გარდა სოლომონ ზალდასტანიშვილი დაინტერესებული იყო ქართველ ტყვეთა ბედითაც, რომელთა დიდი ნაწილიც ომის პირველ დღეებში აღმოჩნდა ტყვეთა ბანაკებში. რუმინეთში ყოფნისას ქართველმა ემიგრანტებმა შეიტყვეს რომ საბჭოთა ტყვეთა ბანაკში 500-მდე ქართველი სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა. სოლომონმა გერმანელებისაგან ითხოვა ტყვე ქართველების ბანაკიდან თავისუფალ სამუშაოზე გადაყვანა. ბანაკის ხელმძღვანელობა მხოლოდ 90 კაცის გადაყვანას დასთანხმდა, რაზეც სოლომონმა სასტიკი პროტესტი გამოთქვა, ოთხასი ქართველის წამებისა და სიკვდილისათვის დატოვებას მე ვერ მოვითმენ და თუ სხვა გზა არ იქნება, მეც მათ გვერდით დავრჩებიო... სოლომონ ზალდასტანიშვილი ბოლომდე დარჩა ბანაკში, რომლის კარებიც მისთვის მუდამ ღია იყო... მისი ძალისხმევით ხუთასივე ტყვე იქნა გათავისუფლებული (ქართველებთან ერთად ქართველი ებრაელებიც), მაგრამ თვითონ ავად გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს – ქალაქ ბრაშოვის (გერ. კრონშტადტი) პირველ და მეორე მსოფლიო ომის გმირთა სასაფლაოზე, რუმინეთში.

1947 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლე და ვაჟი – გივი აშშ-ში გადასახლდნენ, სადაც უკვე ცხოვრობდა ოთარი.

 
 
ანალიტიკა
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“, რომლის ავტორები არიან ფრიდრიხ მერცი (გერმანიის კანცლერი) და ემანუელ მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

 „ჰააგაში ნატოს სამიტის ფონზე მსოფლიოში ქაოსური მოვლენები სუფევს: ბობოქრობენ ომები, ჩვეული ქცევის წესები და ნორმები ინგრევა,  ხოლო დიდი ხნით განმტკიცებული რწმენები ეჭვის ქვეშ დგება. ამ ეპოქალური გამოცდის ჟამს გერმანია და საფრანგეთი - თავიანთ ევროპელ და ატლანტის ოკეანის გაღმა ნაპირზე მყოფ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ერთიანი და მტკიცე ფრონტით გამოდიან, რათა დაიცვან ჩვენი საერთო ფასეულობები, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

ავტორთა აზრით, „ევროპაში არასტაბილურობის ძირითად წყაროს რუსეთი და მისი იმპერიალისტური ომები წარმოადგენს: „2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, შემდეგ, 2014 წელს - მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია, 2022 წელს კი კრემლის ჯარები უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვლადიმერ პუტინის მიზანია ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას, მეზობლებს თავს მოახვიოს უკანონო მეურვეობა, ისინი შიგნიდან გატეხოს და თავის ორბიტაზე გადაიყვანოს, საერთაშორისო მართლწესრიგს საფუძველი შეურყიოს. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს შევურიგდეთ, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა უნდა დავიცვათ“.

„თუ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკის ტრაექტორია არ შეიცვლება, რუსეთი საფრანგეთისა და გერმანიის ურყევ და მტკიცე პოზიციის წინაშე აღმოჩნდება. ამჟამად სასწორზე დევს ევროპული სტაბილურობის ბედი ათწლეულების განმავლობაში.

ნატოს სამიტზე საფრანგეთი და გერმანია დაადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას იმ ძალისხმევისადმი, რასაც აშშ მიმართავს კონფლიქტების შეწყვეტისათვის და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად. საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და გააძლიერებენ რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების მეშვეობით“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები, - „ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ უკრაინა კონფლიქტიდან გამოსვლის შემდეგ აყვავებული, ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ მხრივ უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული - ევროკავშირი უკრაინას 130 მილიარდი ევროთი დაეხმარა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაგმო კრემლის აგრესიული პოლიტიკა, რისთვისაც რუსეთს მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული. „მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. ამიტომ ჩვენ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, ხელს შევუწყობთ უკრაინის არმიის გაძლიერებას, განვაახლებთ უკრაინის თავდაცვით მრეწველობას იმ მიზნით, რომ სამომავლოდ მას რუსეთის სავარაუდო აგრესიის წარმატებით მოგერიება შეძლოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები მხოლოდ უკრაინას არ ეხება. როგორც ჩანს, ახლო მომავალში კონფლიქტურ გარემოში ცხოვრება მოგვიწევს - იმ მსოფლიოში, სადაც ჩვენი მოკავშირეების წინაშე ახალი დილემები და პრიორიტეტები დადგება. რუსეთის გარდა, ჩვენ, ალბათ, კიდევ ბევრი გამოწვევის მოწმენი გავხდებით. ამისათვის ახლავე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნავენ ავტორები და იქვე მიუთითებენ: აუცილებელია ნატოს გაძლიერება - თავდაცვის სფეროს ალიანსის წევრების საერთო ბიუჯეტის 3,5% უნდა მოხმარდეს, 2%-ის ნაცვლად. დამატებითი ხარჯები აუცილებელია. მათი მეშვეობით ჩვენ იმ ბზარს ამოვავსებთ, რომელიც ნატოს სამხედრო პოტენციალს გაუჩნდა რევანშისტული რუსეთის პირისპირ“, - ხაზს უსვამენ ავტორები.

„ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ბირთვული შეკავება რჩება: საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული ბირთვული ძალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს საერთო უსაფრთხოების დაცვაში. გერმანიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებაში. გარდა ამისა, ერთობლივად ვიმუშავებთ შესყიდვების სისტემის რეფორმირებაში, რომელიც გამოიხატება უნიფიკაციაში, გამარტივებასა და გაზრდაში“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის დასასრულს, ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რათა უკეთ იქნას გამოყენებული ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა [რუსეთის წინააღმდეგ]. „ჩვენ ვადასტურებთ სამოკავშირეო ერთიანობას, სოლიდარობას და ერთგულებას ჩვენი კონტინენტის თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.