USD 2.7270
EUR 3.1287
RUB 3.4745
Тбилиси
დიდი მაესტრო ზურაბ სოტკილავა - ცხოვრება ფეხბურთსა და ოპერას შორის
 1567

პარადოქსია, მაგრამ ზურაბ სოტკილავას ოცნება არასოდეს ყოფილა ოპერა. იგი მხოლოდ ფეხბურთელის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობდა და სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა, რომ მოზარდ ფეხბურთელთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო

რუსეთის დიდი თეატრის სოლისტი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს საქართველოში, სოხუმში დაიბადა. გაიზარდა ისტორიის მასწავლებლისა და ექიმის ოჯახში. დედამ, ქსენია ქარჩავამ, ვაჟი მუსიკალურ სკოლაში მიაბარა, რათა ფორტეპიანოზე ან ვიოლინოზე დაკვრას დაუფლებოდა, მაგრამ ბავშვს ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებდა: „შეიძლება ითქვას, მუსიკაზე სიარული დედამ სასტიკი გზით მაიძულა. ის კლასიკურ მუსიკას აღმერთებდა, ისე როგორც ბებია, შესანიშნავად მღეროდა, უკრავდა გიტარაზე და უნდოდა მეც ამ ხელოვნების მოზიარე გავმხდარიყავი. მაგრამ მე კატეგორიულ უარზე ვიყავი მევლო მუსიკალურ სკოლაში. ვფიქრობდი, რომ ეს კაცის საქმე არ იყო, აი ფეხბურთელები კი ნამდვილი მამაკაცები იყვნენ“, – იგონებდა მომღერალი ერთ–ერთ ინტერვიუში.

12 წლის ზურაბი სოხუმის საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს. 16 წლისა უკვე სოხუმის „დინამოში“ მოხვდა და საქართველოს პირველობაზე ითამაშა, 18 წლისა კი ახალგაზრდა კადრების ცნობილმა სელექციონერმა ანდრო ჟორდანიამ თბილისის „დინამოში“ მიიწვია. მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 1955 წლის 15 აგვისტოს სტალინოს (დონეცკის) „შახტიორის“ წინააღმდეგ შედგა. იგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანიც იყო.

თბილისის „დინამოში“ ზურაბ  სოტკილავამ სულ სამი სეზონი (1955, 1958, 1959) დაჰყო და ამ ხნის მანძილზე, ტრავმებისა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, ძირითადში, მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ერთი სეზონი ინსტიტუტის გუნდშიც თამაშობდა. საფეხბურთო კარიერა 22 წლის ასაკში დაასრულა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ფეხბურთის დიდ გულშემატკივრად დარჩა.

პოლიტექნიკური ინსტიტუტი მომავალმა მომღერალმა 1961 წელს დაამთავრა. სწორედ იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, სოტკილავას ბარიტონი პროფესორმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სამთო-ინჟინრის დიპლომით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა.

ზურაბი მაესტრო დავით ანდღულაძის კლასში მოხვდა. ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ მომღერალს ბარიტონი კი არა ლირიკულ-დრამატული ტენორი ჰქონდა და შესაბამისი რეპერტუარიც დამუშავდა. კონსერვატორია 1965 წელს დაამთავრა. 1965-1974 წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო; 1966-1968 წწ. სტაჟირება გაიარა მილანის თეატრ ლა სკალაში, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის "რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს "კარმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის "სოფლის პატიოსნებიდან" (პედაგოგი: ჯ. ბარა).

1970 წელს ზურაბ სოტკოლავა და ელენა ობრაზცოვა იყვნენ პირველი საბჭოთა მომღერლები, რომლებიც ბარსელონაში, ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენაც შესთავაზეს. ამავე წელს სოტკილავამ მოსკოვში ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე, მეორე პრემია მიიღო. 1994 წელს მომღერალი ამავე კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა.

ტენორის დებიუტი მოსკოვის დიდ თეატრში 1973 წელს ხოზეს პარტიით შედგა. ერთი წლის შემდეგ კი იგი ამავე თეატრის საოპერო დასს შეუერთდა როგორც სოლისტი. პარალელურად, 1975–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში ასწავლიდა (სოლო სიმღერა), 1987 წლიდან პროფესორის თანამდებობა ეკავა.  პედაგოგიური მოღვაწეობა მან 2002 წელს განაახლა.

აფხაზეთის, სოხუმის ოკუპაცია, სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალულნი, დიდი ტენორის უდიდესი ტკივილი იყი: „სოხუმში ჩავიდოდი, კაი პატივსაც მცემდნენ და კაციშვილი თითს ვერ გაანძრევდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე სოხუმში ვიხარხარო და იქედან გამოდევნილი 300 000 ადამიანი აქედან მიყურებდეს. გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ, ჩემი პროტესტი ეს არის", – აღნიშნა მომღერალმა ერთ–ერთ უკანასკნელ სატელევიზიო გამოსვლაში.

 

ზურაბ სოტკილავა გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მოვლილი აქვს ავსტრიის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის. ნიდერლანდების, ნორვეგიის, რუმინეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ყოფილი სსრ კავშირის, კანადის, აშშ–ის  უდიდესი საოპერო თეატრები და საკონცერტო დარბაზები. მას ჰქონდა ძალზე ლამაზი ტემბრის ხმა, მისი სიმღერა გამოირჩეოდა გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოსტატობით.

დროდადრო ჩამოდიოდა თბილისშიც: „ ალბათ არცერთ საოპერო თეატრში არ ვღელავ ისე, როგორც თბილისში. აქ ბევრი მიცნობს, ბევრი თვალყურს ადევნებს ჩემს მოღვაწეობას პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება ღირსეულად წარვსდგე მათ წინაშე“, – აღნიშნავდა ბატონი ზურაბი.

დიდი ხელოვანი ხშირად მართავდა კონცერტებსაც, სადაც გამოდიოდა კამერული რეპერტუარით და განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს ("სისატურა“, „ასე ჩონგური“) და სხვა.

მომღერლის მეუღლე იყო პიანისტი ელისო თურმანიძე. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ – თეა (1967) და ქეთევანი (1971).

ზურაბ სოტკილავა 2017 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად იგი საქართველოში ჩამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის ეზოში მიაბარეს მიწას.  "ოპერის ვარსკვლავი ზურაბ სოტკილავა მსოფლიოს ყველა ცნობილ საოპერო სცენაზე გამოდიოდა და მსმენელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

ოპერის მომღერალის უდიდესი სიყვარული იყო ფეხბურთი და რომ არა გასაოცარი ხმა, ზურაბ სოტკილავა თავის მომავალს ფეხბურთს დაუკავშირებდა.

ეკატერინე ხომერიკი ქართველ მომღერალთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს:

“მოსკოვის „დიდი თეატრის“ სოლისტი, გენიალური ქართველი მომღერალი ზურაბ სოტკილავა ახალგაზრდობაში იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. ის თბილისის „დინამოშიც“ მიიწვიეს და რომ არა მისი უნიკალური სასიმღერო ხმა და ნიჭი, ალბათ წარმატებული ფეხბურთელი გამოვიდოდა. თუმცა, ის დიდი ხელოვანი გახდა და მსოფლიოს ყველა ცნობილი საოპერო სცენა დაიპყრო.

1988 წლის 23 ივნისია. სოტკილავა მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დგას და ცნობილ არიებს მღერის. ბოლო არია რომ იმღერა, დარბაზი ფეხზე წამოდგა და მაყურებელმა მხურვალე ტაში დასცხო…

პარტერში საერთო აღტაცებას გამოეყო ერთი ჯგუფი, რომელმაც ობსტრუქციის მოწყობა სცადა. სტვენდნენ, თან გაჰკიოდნენ: – გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს!

საქმე კი ის იყო, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ვარსკვლავური გუნდი 2:0 დაამარცხა. საბჭოეთის მოძულეები ამას განიცდიდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა…

51 წლის სოტკილავამ ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში.

ქართველი ვირტუოზის საფეხბურთო ოსტატობას სულგანაბული უყურებდა მთელი „ლა სკალა“. ბოლოს კი ისეთი ოვაცია მოაწყვეს, რომ ლამის ჭერი ჩამოინგრა. ბატონმა ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯით, დინჯად დატოვა სცენა.

მეორე დღეს კი ყველა იტალიური გამოცემა წერდა: – საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.

პარადოქსია, მაგრამ ზურაბ სოტკილავას ოცნება არასოდეს ყოფილა ოპერა. იგი მხოლოდ ფეხბურთელის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობდა და სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა, რომ მოზარდ ფეხბურთელთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო:

მე ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი. 1956 წელს, მოსკოვში ფინალური მატჩი უკრაინასთან, 4-2 გავიმარჯვეთ და გავხდით ჩემპიონები. ძალიან ვამაყობ რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვარ.

"მოზარდებს შორის ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოვიგეთ, მე ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი. 1956 წელს მოსკოვში, ფინალური მატჩში უკრაინასთან, 4-2 გავიმარჯვეთ და გავხდით ჩემპიონები. ძალიან ვამაყობ, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვარ."

аналитика
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати