USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  1231

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ. გასვლითი შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით გაიმართა. საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები  თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა  ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ და ამავე ნაკრების წევრმა, ევროპის,  მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ დაათვალიერეს.

როგორც  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი, სპორტის ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად,  სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონახულება და ცენტრის სამომავლო ფუნქციონირების სპეციფიკის გაცნობა იყო.

 „მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის მშენებლობაც ახლა დიდ დიღომში მიმდინარეობს შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურია.  სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპლექსით სარგებლობა არა მარტო დიდი დიღმის, არამედ  მთელი თბილისის მოსახლეობას შეეძლება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცენტრი ახალგაზრდებისა და მომავალი სპორტსმენებისთვის მთავარი თავშეყრის ადგილი გახდება.  ჩვენთან ერთად, აქ დღეს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები და ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები იმყოფებოდნენ, რომლებსაც დიდი მადლობა მინდა გადავხადო აქტიური ჩართულობისთვის“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 აღნიშნული ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მისი დასრულება შემოდგომაზე იგეგმება. თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, თბილისის მერია ამ პროექტის განხორციელებით ადგილობრივ მოსახლეობას ყველა სერვისს სთავაზობს, რაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია.

 „დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ჩვენს სახელოვან სპორტსმენებთან ერთად დავათვალიერეთ. ცენტრი, რომლის გახსნაც შემოდგომაზე იგეგმება, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება. მულტიფუნქციურ კომპლექსში  სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული სივრცეები ამოქმედდება, რაც ჩვენი ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მნიშვნელობასა და სერვისებზე თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მულტიფუნქციური ცენტრი სპორტულ დარბაზებს, სხვადასხვა სპორტულ სექციებს, საცურაო აუზებს, ბიბლიოთეკას, სახელოვნებო სკოლას და კიდევ მრავალ სხვა სპორტულ, თუ  შემოქმედებით წრეებს გააერთიანებს.  მისივე თქმით, ცენტრი როგორც დიდი დიღმის, ისე მთელი თბილისის  მცხოვრებლებს მოემსახურება. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა ცხოვრების ჯანსაღი წესით მაქსიმალურად დაკავდეს.

 „მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, რისთვისაც დედაქალაქის მერია არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტულად ამ რაიონისთვის, ისე მთელი თბილისისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ  აღნიშნული ცენტრი ბევრ სახელოვან სპორტსმენს გაზრდის“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

 თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ყველა იმ ადამიანს, ვისაც  ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში  საკუთარი წვლილი შეაქვს, მადლობა გადაუხადა.

 დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის დასრულება  2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება. მულტიფუნქციურ ცენტრში ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, სპორტული ორთაბრძოლების და ტანვარჯიშის სპორტული დარბაზები განთავსდება. ასევე, მოეწყობა კრივის რინგი და გაიხსნება ძიუდოს, ჭიდაობისა და კარატეს სექციები. გარდა ამისა, ცენტრში ტრენაჟორების სივრცე და ფიტნეს დარბაზი, ორი საცურაო აუზი, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სკოლა, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე, ასევე, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია და მიწისქვეშა პარკინგი განთავსდება.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის