USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
დღეს ზვიად გამსახურდია 85 წლის გახდებოდა
Date:  1355

დღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იგი დღეს 85 წლის გახდებოდა. გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა.

ზვიად გამსახურდიამ საზოგადოებას თავი ანტისაბჭოთა გამოსვლებით ახალგაზრდობაშივე დაამახსოვრა. 1976 წელს გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველ ყოვლისა კი ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" წევრებად.

დისიდენტური საქმიანობისთვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა 1956 და 1977-1979 წლებში დააპატიმრა.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.

მერაბ კოსტავას ტრაგიკული გარდაცვალების შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".

1990 წლის დამდეგს გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა", აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, ღერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი დამაჯერებელი გამარჯვებით.

1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო გადატრიალება. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თბილისი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის მიწვევით, გამსახურდია თავის გარემოცვასთან ერთად გროზნოში ჩავიდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

 
World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way