USD 2.6755
EUR 2.8837
RUB 2.8914
Тбилиси
დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა
дата:  448

დღეს, 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა( 7 მარტი, 1944) . ქართველი პოლიტიკური მოღვაწეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა და დაქირავებულებმა 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს 74 წელი შეუსრულდებოდა.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

ჟიული შარტავა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: „მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.

„წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“… „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ – ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომელიც ჟიული შარტავას სიკვდილამდე დღეებით ადრე უთქვამს.


აკაკი გასვიანის მოგონებებიდან :

იერიში მთავრობის სახლზე. დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ნაღმსატყორცნებს. ბრძოლა ორმოც წუთს გაგრძელდა.
დღის პირველ საათზე, როდესაც სამხედრო მარაგი გვეწურებოდა, კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან ...  გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ ...”, მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა! შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება ... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”.

...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება). როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!”

უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - "არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!" - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (თუმცა, რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ ეშაფოტისკენ!


საბედისწერო შეცდომა გახდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის “თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. რასაც შემდგომ უკვე, აფხაზეთის დაკარგვაც მოჰყვა.

12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს სეპარატისტების მიერ დაქირავებულ “ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა, როგორც რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს. 

ტყვედ აყვაილი ჟიული შარტავა, რომელმაც სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ქალაქი არ დატოვა, სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. 

1993 წლის 27 სექტემბრის შტურმის უშუალო მონაწილე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი იხსენებს, რომ ყველაფერში იკვეთებოდა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც კი ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს. შარტავას სახით, XX საუკუნის მიწურულს, კიდევ ერთი გმირი შეემატა საქართველოს ისტორიას. გასვიანი იხსენებს, რომ ჟიული შარტავა ქართულ-აფხაზურ ტრაგედიას "უცნაური ომი"-ს სახელით მოიხსენიებდა.

спорт
“ნაპოლი” მზადაა, ხვიჩა კვარაცხელია 130 მილიონ ევროდ გაყიდოს

იტალიური მედიის ცნობით ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული ტოპ კლუბების ინტერესები არ წყდება. “ბარსელონას” შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით “პარის სენ-ჟერმენიც” არის დაინტერესებული, რომელიც თავის მთავარ ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან დასამშვიდობებლად და შემდგომი პერიოდის დაგეგმვისთვის ემზადება.

"პარის სენ-ჟერმენი” მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიასაც განიხილავს, რომლის დამატებაც ძალიან რთული ორი მიზეზის გამო იქნება. პირველი ეს არის ღირებულება, ხოლო მეორე ის, რომ “ნაპოლი” ამ დროისთვის ფეხბურთელის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

"ნაპოლი" ქართველს დაახლოებით 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც პარიზული კლუბის კატარელი მმართველებისთვის ხელმიუწვდომელი თანხა არ უნდა იყოს.

არსებობს ინტერესი “ბარსელონას” მხრიდანაც, რომელიც მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში თავისი ორი ფეხბურთელი ფერმინ ლოპესი და ფერან ტორესი ჩართოს, ვინაიდან კატალონიელებს ეკონომიკურ-ფინანსური სიტუაცია არ აძლევს იმის საშუალებას, ბაზარზე დიდი ფული დახარჯოს.

პრობლემას ის ქმნის, რომ სამხრეთ იტალიური გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვის იდეა და სურვილი არ აქვს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ხელშეკრულებით, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მისი ტრანსფერის გამოსყიდვა კი 120-130 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати