დღეს, 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა( 7 მარტი, 1944) . ქართველი პოლიტიკური მოღვაწეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა და დაქირავებულებმა 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს 74 წელი შეუსრულდებოდა.
ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.
ჟიული შარტავა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: „მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.
„წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“… „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ – ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომელიც ჟიული შარტავას სიკვდილამდე დღეებით ადრე უთქვამს.
აკაკი გასვიანის მოგონებებიდან :
იერიში მთავრობის სახლზე. დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ნაღმსატყორცნებს. ბრძოლა ორმოც წუთს გაგრძელდა.
დღის პირველ საათზე, როდესაც სამხედრო მარაგი გვეწურებოდა, კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან ... გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ ...”, მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა! შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება ... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”.
...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება). როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!”
უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - "არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!" - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (თუმცა, რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ ეშაფოტისკენ!
საბედისწერო შეცდომა გახდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის “თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. რასაც შემდგომ უკვე, აფხაზეთის დაკარგვაც მოჰყვა.
12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს სეპარატისტების მიერ დაქირავებულ “ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა, როგორც რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს.
ტყვედ აყვაილი ჟიული შარტავა, რომელმაც სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ქალაქი არ დატოვა, სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.
1993 წლის 27 სექტემბრის შტურმის უშუალო მონაწილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი იხსენებს, რომ ყველაფერში იკვეთებოდა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც კი ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს. შარტავას სახით, XX საუკუნის მიწურულს, კიდევ ერთი გმირი შეემატა საქართველოს ისტორიას. გასვიანი იხსენებს, რომ ჟიული შარტავა ქართულ-აფხაზურ ტრაგედიას "უცნაური ომი"-ს სახელით მოიხსენიებდა.
POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.
2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.
მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.
ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.
„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.
POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.
European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.
ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.
იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.
გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.
გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.
„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).
ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.
თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.
გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.
ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.
„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.
ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.
„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.
გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.
მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.