USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
დღეს საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა
Date:  1985

“გიორგი მაზნიაშვილი უმალ საკუთარი ხელით მოიჭრის თავს, ვიდრე სამშობლოს უღალატებს!”

საქართველოს კურთხეულმა მიწამ სამშობლოს სხვადასხვა ეპოქის არა ერთი სახელოვანი მხედართმთავარი აჩუქა, რომელთა ნიჭი და სიმამაცე მსოფლიოს ნებისმიერ არმიას დიდების მწვერვალზე აიყვანდა. ამ დიდებული თანავარსკვლავედის ღირსეული წარმომადგენელია გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. კაცი, რომელიც იმ იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია;  კაცი, რომლის სახელიც მტერს თავზარს სცემდა.

1870 წელის 6 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში, ივანე მაზნიაშვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც გიორგი დაარქვეს. ყრმობიდანვე სპარტანულად ზრდიდა მამა და როგორც კი წამოიჩიტა, იუნკერთა სასწავლებელში მიაბარა სამხედრო ხელოვნების დასაუფლებლად. ნიჭიერმა ჭაბუკმა საფუძვლიანად შეისწავლა საომარი ხელოვნება და მალე მოუხდა კიდეც ნამდვილი ომის ქარცეცხლში იმის დამტკიცება, რომ მისი სახით საქართველოს დიდი სარდალი ჰყავდა. პირველი გრანდიოზული გამოცდა რუსეთ-იაპონიის ომში ჩააბარა. მანჯურიაში შეტაკებისას მტერიც და მოყვარეც განაცვიფრა უმამაცესი ქართველის იერიშმა და ვაჟკაცობამ. უმძიმესი ბრძოლის მიწურულს მძიმედ დაჭრილი საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქართველი ოფიცერის გამაოგნებელი შემართების ამბავი იმპერატორ ნიკოლოზს მოახსენეს. მონარქის განკარგულებით, მაზნიაშვილს გამორჩეული პატივი ერგო: მომვლელებად თავად იმპერატორის ქალიშვილები დაადგნენ. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ის სამეფო კარზე მიიწვიეს და ოქროსვადიანი ხმლითა და წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს, რომელიც თავად ხელმწიფემ დააბნია მკერდზე. მეტიც, იმპერატორმა ნიკოლოზმა გიორგი მაზნიაშვილს ქალიშვილიც მოუნათლა.


არც პირველ მსოფლიო ომს ჩაუვლია ქართველი მხედართმთავრის გარეშე და ამ ბრძოლებშიც მოიხვეჭა სწორუპოვარი სარდლის სახელი. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში ჩადგა და ოთხივ კუთხით მოწოლილ მტერს შიშის ზარი დასცა თავისივე გაწვრთნილი დივიზიებით. მაზნიაშვილის სამხედრო კარიერაში ეს წლები მართლაც გამორჩეულია. პარადოქსია, რომ ჟორდანიას მთავრობა, გაუგებარი მიზეზების გამო, არ სწყალობდა იმ დროისთვის ეგებ ყველაზე საიმედო მამულიშვილს და მისი სიმამაცე და სტრატეგიული ნიჭი მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როდესაც ქვეყანას უკიდურესად უჭირდა. გიორგის გულისტკენისთვის არ ეცალა, რადგან მისთვის სამშობლოს სიყვარული პირად წყენაზე მაღლა იდგა. მიდიოდა წინა ხაზზე და დიამეტრულად ცვლიდა ომის ბედს ქართველთა სასარგებლოდ.


მაზნიაშვილის სამხედრო ნიჭის დასტურად სომხეთთან ომიც კმარა. საქართველოს მთავრობის დანაშაულებრივი გულუბრყვილობის შედეგად სომხებმა 1918 წლის დეკემბერში, გენერალ დრასტამატ კანაიანის მეთაურობით, მოულოდნელი ლახვარი ზურგიდან დასცეს ოდითგანვე მათ არაერთხელ გადამრჩენ საქართველოს, მთელი ლორეს ზონა ხელთ იგდეს და ქართული სოფლები დაარბიეს. მენშევიკური მთავრობის ლიდერებს ეს ხუმრობა(?!) ეგონათ, ვიდრე სომხები თბილისისკენ არ წამოვიდნენ. ჟორდანიამ საშველად გენერალ გიორგი მაზნიაშვილს უხმო და აქ დასრულდა კიდეც კანაიანის ტრიუმფალური სვლა. ქართველთა სარდალმა უმალ იგდო ხელში ბრძოლის სადავეები. სომხები თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ. გამოედევნა მაზნიაშვილი, ნათქვამი ჰქონდა, – ამათ ერევნამდე უნდა ჩავყვეო(!)… არც არავინ იყო მისი შემჩერებელი, მაგრამ სომხებს მხსნელად ინგლისელები მოევლინენ და შუაში ჩაუდგნენ მომრიგებლად…
ან აფხაზეთში დენიკინის წინააღმდეგ გამართული ბრძოლები რად ღირს. იმდროინდელ რუსეთში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, თუმცა ათასი ჯურის მეომარი აწყდებოდა საქართველოს საზღვრებს მსუყე ლუკმის ხელში ჩასაგდებად. გაეშურა გიორგი მაზნიაშვილი და ქორივით დაეცა მტერს, მილეწა ყველა, ვინც კი წინ გადაუდგა და ქართული ლაშქარი ოქროს ხანის საქართველოს უკიდურეს საზღვარზე – ნიკოფსიაზე გაიყვანა! სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის უნიათობის წყალობით, სისხლით მოპოვებული მიწა-წყალი მალე ისევ მტერს ჩაუვარდა ხელთ, მაგრამ ეს ოდნავადაც ვერ აფერმკრთალებს ქართველი გენერლის გენიალობას, რომელმაც საუკუნეების მერე შეძლო და ისევ ტუაფსემდე გაიტანა საქართველოს სამანი…


ამასობაში საქართველოს “გაწითლების” საბედისწერო ჟამმაც მოაწია. ბაქოსა და ერევნის აღების შემდეგ მთელი საომარი ძალები ორჯონიკიძემ თბილისის მისადგომებს მოაყარა. ჟორდანია, როგორც წესი, გვიან გამოფხიზლდა (ეგონათ, ისევ სომხები გვიტევენო!) და ყველა მიმართულებით გარღვეული ბრძოლის ხაზის აღსადგენად ისევ უხმო მაზნიაშვილს. გენერალმა კიდევ ერთხელ იმამაცა. პირველსავე შეტაკებაში რუსებს 1 600 ტყვე დაატოვებინა და როდესაც ბრძოლის ბედი ქართველთა სასარგებლოდ შემოატრიალა, სწორედ მაშინ დააწიეს უკან დახევის ბრძანება(!). მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა კიდეც. მაზნიაშვილმა ჟორდანია და სხვა ჩინოსნები გემზე ააცილა და თავად სამშობლოს დატოვება, მიუხედავად არერთგზის თხოვნისა, არ ისურვა.


მოულოდნელი საჩუქრით გალაღებულ წითელარმიელებს ზეიმიც არ დასცალდათ, როცა ცნობა მიიღეს, რომ ოსმალთა სარდალს, ქიაზიმ ბეის, ესარგებლა შექმნილი ქაოსით და ბათუმში შემოჭრილიყო. ბოლშევიკებს რიცხვმრავალი თურქების განდევნა არ შეეძლოთ მაშველი ჯარის გარეშე, მაგრამ ორჯონიკიძემ გადადგა თავის სიცოცხლეში იქნებ ერთადერთი ჭკვიანური ნაბიჯი – შეხვდა საქართველოში დარჩენილ გიორგი მაზნიაშვილს და ოსმალთა წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ეგ არის, რომ ამ თხოვნაში მაინც გაურია ცბიერმა სერგომ ბოლშევიკური პათოსი: “თქვენ იცით, რომ კანონგარეშედ იყავით გამოცხადებული და ყველა კომუნისტს შეეძლო ადგილზევე დაეხვრიტეთ, მაგრამ მე არ მოგკლავთ, მენშევიკების გენერალო, ოღონდ იბრძოლეთ ბოლშევიკებთან ერთად!” პასუხი კი ისეთი აჯახა გიორგი მაზნიაშვილმა, როგორც ჭეშმარიტ ქართველს და ღირსეულ ვაჟკაცს ეკადრებოდა: “მე არც მენშევიკების გენერალი ვარ, არც ბოლშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ!”.
მოგვიანებით, პარიზის ბულვარებზე მოსეირნე ჟორდანიას მთავრობის წევრები  ბრალად წაუყენებენ უბადლო მამულიშვილს საქართველოს ღალატს და ბოლშევიკებთან “შეკვრას”, მაგრამ ბრმისთვისაც კი ნათელი იყო, რომ მაზნიაშვილს სამშობლოს ბედი აღელვებდა მხოლოდ და არა ორჯონიკიძესთან ალიანსი.


…გადავიდა დასავლეთ საქართველოში, გულანთებული აჭარლები და გურულები შეჰყარა, ოსმალებს ეკვეთა და სამ დღეში ისე გაუხადა საქმე წარმატებით გაზულუქებულ ქიაზიმ ბეის, რომ თურქთა მეთაური ლამის დაჩოქილი ევედრებოდა – ოღონდ ერთი დღის სამყოფი პური და უკან დასახევი გზა მომეცი, ბათუმს ახლავე დავტოვებ და აქეთ აღარც მოვიხედავო…

ბოლშევიკებმაც “მშვენივრად” დაუფასეს ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილს. დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა სასჯელის უმაღლესი ზომა ირანში გადასახლებით შეუცვალეს. სწორედ იქიდან მისწერა ბინძური ჭორებით გულდასერილმა მამულიშვილმა ჟორდანიას, როცა შეიტყო, რომ ღალატს აბრალებდნენ: “გიორგი მაზნიაშვილი უმალ საკუთარი ხელით მოიჭრის თავს, ვიდრე სამშობლოს უღალატებს!”
დიდხანს ვერ აიტანა ემიგრაციაში ყოფნა. იცოდა, რაც ელოდა საქართველოში, მაგრამ იმდენად ენატრებოდა და ილეოდა მშობლიური მიწა-წყლის სიყვარულით, რომ მისი დაჟინებული თხოვნის მერე, საბჭოთა მთავრობამ გენერლის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი მაზნიაშვილი მშობლიურ სოფელში, სასირეთში, დასახლდა და მიწაზე მუშაობით იქარვებდა თავისუფლებადაკარგული სამშობლოს სევდას. საოცრად ხელგაშლილს და გულმოწყალეს მომავალ თაობაზეც უზრუნია და სკოლა აუშენებია სოფელში. შემდეგ წყაროც გამოუყვანია, მტკვარზე ბორანიც გაუმართავს და ყველაზე მთავარი – ეკლესია აუგია! თავად დიდად მორწმუნეს (ძველი და ახალი აღთქმა ზედმიწევნით სცოდნია) იაპონიასთან ომის დროს წმინდა გიორგი გამოცხადებია და მისთვის აღთქმა მიუცია – ოღონდ სამშობლოში მშვიდობით დამაბრუნე და შენს წმინდა სახელზე ტაძარს ავაშენებო… მერე თბილისიდან მხატვრებიც ჩაუყვანია და ეკლესიაც მოუხატავს… იმ განუკითხავ დროს ბოლშევიკებს სამშობლოზე მლოცველი კაცისთვის სიკვდილის მეტი არაფერი ემეტებოდათ და ისე გაიმეტეს, წარბიც არ შეუხრიათ. 1937 წლის რეპრესიების დროს, გენერალი მაზნიაშვილი შვილთან ერთად დააპატიმრეს და “სამეულის” გულქვა გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

ასე აღესრულა სამშობლოსთვის დამაშვრალი კაცი, რომლის საფლავიც კი დაუკარგეს და მოუსპეს სამშობლოს. კაცი, რომელზეც სიმამაცით განთქმულმა კიდევ ერთმა სარდალმა გიორგი კვინიტაძემ ასეთი სიტყვები თქვა: “ჩემი თვალით რომ არ მენახა, არც დავიჯერებდი, ისე გმირულად იბრძოდა მაზნიაშვილი. ასეთი სიმამაცე მეტისმეტიც კი არის, რადგან არაერთხელ შეგვეძლო დაგვეკარგა, რაც ლახვარს ჩაგვცემდა ჩვენც და საქართველოსაცო”.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way