USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა
Date:  2708
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) — ქართველი პოეტი.

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მელიტონ ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

თბილისში არსებობს მისი სახელობის აღმართი, ქუჩა, მოედანი, ხიდი

შემოქმედება

 
ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი. მხატვარ ტ. მომცემლიძის რეკონსტრუქცია, 1901 წ.

ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

„ბედი ქართლისა“

 
„ბედი ქართლისა“. ბარათაშვილისეული ხელნაწერი, 1839 წ.

პოემის „ბედი ქართლისა“ (1839) სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორიული მოვლენა - აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აღება, რამაც ფაქტობრივად საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა“, როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ერეკლეს ღრმად აქვს შეგნებული ისტ. ბედისწერის გარდუვალობა. სოლომონ მსაჯული ერეკლესთან პაექრობისას ძირითადად ადამიანური ბუნებისა და ერის თვისების ცნებებს ეყრდნობა: ადამიანთა თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მისი რწმენით, შეუძლებელს ხდის არსებობის უცხო, შეუთვისებელ ფორმებთან შეგუებას. ეს დავა, ემოციური შთაბეჭდილების თვალსაზრისით, მსაჯულის სასარგებლოდ წყდება, მაგრამ საბოლოოდ, ობიექტურად, პოემაში მაინც ერეკლეს სიბრძნე იმარჯვებს.

„ბედი ქართლისა“ ბარათაშვილმა 22 წლისამ დაწერა. მიუხედავად თანდაყოლილი რომანტ. სულიერი წყობისა, ჭაბუკ პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესად მძაფრი გრძნობა. ეს პოემა თავისებური პრელუდიაა ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკისათვის დამახასიათებელი ძიებებისა, რაც მიზნად ისახავდა როგორც ახალი ჰუმანისტური იდეალების, ასევე ეროვნული მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა დადგენას.

ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დიმიტრი უზნაძის სიტყვით ბარათაშვილის „მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ „ოდისეაა“ მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა“. ეს იყო ამავე დროს ახალი ესთეტიკური მრწამსის, ახალი პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი გზაც.

„შემოღამება მთაწმინდაზე"

ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი გამოვლინებაა ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“ (1833-1836). აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება - ჰარმონიულად შეუთავსდეს ამ საწყისებს, „რომ დაშთოს აქ ამაოება“, აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის „ამაოების“ გამო და ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ცნაურდება ფილოსოფიურ ხასიათის ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირას“ (1837). „აღუვესებელი საწყაულის“ სახე, როგორც ფილოსოფიური შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს ბარათაშვილის მთელ პოეზიას.

სიყვარულის თემა

სიყვარულის თემა ბარათაშვილთან მკვეთრად დაუპირისპირდა ბესიკისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროტიკულ კონცეფციას. ადამიანის შინაგანი ცხოვრება, არამატერიალური, უხრწნელი, „ციდან მოსული მშვენიერება“, ბარათაშვილის რწმენით, განუზომლად აღემატება მიწიერ სილამაზეს, რომელიც მარტოოდენ „ხორციელობის“ წარმავალ ნიჭს წარმოადგენს („აღმოხდა მნათი“, 1840; „არ უკიჟინო, სატრფოო“, 1841; „რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“, 1842; „შევიშრობ ცრემლსა“, 1843). „ზეგარდმო მადლით“ დამტკიცებული ნეტარება მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა; ბარათაშვილის სატრფიალო პოეზიის გმირი „დაკარგული ტოლის“ მუდმივ ძიებაშია („სული ობოლი“, 1839; „სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი“, 1840). სიყვარული აქ ტრაგიკული გრძნობაა; მისი, როგორც გრანდიოზული სულიერი კატასტროფის, განცდა გადმოცემულია ეფემერული წმინდა ტაძრის დამხობაში („ვპოვე ტაძარი“, 1841). პოეტის რომანტ. გატაცების საგანი ეკეტერინე ჭავჭავაძე ზოგიერთი ლექსის უშუალო ადრესატიც არის („თავადის ჭ... ძის ასულს, ეკ....ნას“, 1839; „საყურე“, 1839; „...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“, 1839).

„მერანი“

ბარათაშვილის პიროვნებაში ტრაგიკული გაორება შეინიშნება. თუ „ცისა ფერს“ (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, „სულო ბოროტო“ (1843) გამოვლენაა მძაფრი შინაგანი კრიზისისა. ეს არის ტრაგედია „ურწმუნო ჭკუისა“, რომელსაც იმ დროისათვის მხოლოდ უარმყოფელი მისიის შესრულება შეეძლო. პოეტმა შეძლო რომანტიკოსთა მიერ გათიშული გონებისა და რწმენის შეერთება და ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გართლება დაინახა („მერანი“, 1842). სამყაროს ტრაგიკული მოუწესრიგებლობის შეგრძნება დრტვინითა და განგაშით ავსებს პოეტის სულს. „მერანის“ ოპტიმისტური მსოფლმხედველობის საფუძველია იმის შეგნება, რომ ადამიანი მოწოდებულია თავგანწირული ბრძოლისათვის მაღალი ჰუმანისტური იდეალების მისაღწევად. ეროვნული პრობლემატიკა ბარათაშვილის შემოწმედებაში ფართო ფილოსოფიური ასპექტით არის გადაჭრილი. „მერანის“ მთავარი იდეა - ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლა ბრმა აუცილობლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება, თავისი უნივერსალური შინაარსით ამომწურავი პასუხია იმ კითხვებზე, რომელიც პოეტმა „ბედი ქართლისაში“ დასვა.

ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა. ბარათაშვილის თხზულებათა ძირითადი გამოცემებია: 1876 (რედაქტორი - პეტრე უმიკაშვილი), 1895 (ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი), 1922 (სამსონ ფირცხალავა), 1930 (პავლე ინგოროყვა), 1939 (ი. თავაძე, აკაკი გაწერელია), 1945 (კორნელი კეკელიძე), 1968 (პავლე ინგოროყვა), 1972 (აკაკი გაწერელია, ივანე ლოლაშვილი).

პოეზია

  • ბულბული ვარდზედ
  • ქეთევან
  • შემოღამება მთაწმიდაზედ
  • ხმა იდუმალი
  • ძია გ...სთან
  • ღამე ყაბახზედ
  • ფიქრნი მტკვრის პირზედ
  • ჩონგურს
  • ჩემს ვარსკვლავს
  • ნაპოლეონ
  • თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას
  • საყურე
  • ჩვილი
  • ...ნა ფორტოპიანოზედ მომღერალი
  • სული ობოლი
  • (სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი...)
  • ჩემი ლოცვა
  • (აღმოხდა მნათი აღმოსავალს...)
  • (არ უკიჟინო, სატრფოო...)
  • (როს ბედნიერ ვარ...)
  • (ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...)
  • (ვპოვე ტაძარი...)
  • ჩემთ მეგობართ
  • სუმბული და მწირი
  • მერანი (მირბის, მიმაფრენს...)
  • (რად ჰყვედრი კაცსა...)
  • საფლავი მეფის ირაკლისა
  • (მიყვარს თვალები მიბნედილები...)
  • (შენნი დალალნი ყრილობენ გველად...)
  • კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ
  • (სულო ბოროტო...)
  • (შევიშრობ ცრემლსა...)
  • ჩინარი
  • ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-ს
  • (ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის...)
  • (დამქროლა ქარმან სასტიკმან...)
  • ბედი ქართლისა (პოემა)
tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way