USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
დღეს მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა
Date:  1168

მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი (დ. 12 აპრილი, 1929, არგვეთი, (ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 17 მაისი, 2010, თბილისი) — ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987).

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ „პიონერი“ -ს მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ „დილის“ მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში“ , პირველი წიგნი „ლექსები“ — 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული — „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ „დილის“ მთავარ რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“,

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.

მუხრან მაჭავარიანი – უბოდიშობამდე მისული გაბედულება!

უბოდიშობამდე მისული გაბედულება! – ასე უწოდებს XX საუკუნის უდიდესი პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას მისი კოლეგა მურმან ლებანიძე.

პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე მუხრანის პოეზია გამორჩეულად საყვარელია პოეტის ერთგული მკითხველისთვის. სამშობლო, სიყვარული, საქართველოს ისტორია და ქართული ენა მისი შემოქმედების მთავარი საფუძვლებია:

“ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა!.
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა, –
იმოდენაა!”

მუხრან მაჭავარიანის გამოჩენა ქართულ სალიტერატურო სივრცეში სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, მისი ლექსები კი – ახალი სიტყვა პოეზიაში:

“მუხრან მაჭავარიანის ლექსი დღესავით ნათელია. მისი პოეზია შორს დგას ე.წ. „უსაგნო ლირიკისაგან!“ ომის შემდგომ ქართულ პოეზიაში ბევრსარაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც მუხრან მაჭავარიანის სახელს მისმა პოეზიამ ახალი პერსპექტივები დასახა. ის მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე თქვენთვის უცნობი, ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. უბოდიშობამდე მისული გაბედულება, ოცი წლის ჭაბუკისათვის შეუფერებელი აზრის სიმძიმე და რკინისებური ლოგიკა მსჭვალავდა იმთავითვე მის პოეტურ ფორმულებს და ცალკეულ სახელებს. მუხრან მაჭავარიანი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ თავისუფალ ლექსს. პოეზიის მაშინდელ კანონმდებელთათვის გამაღიზიანებელიც კი იყო კლასიკურ ლექსთან მისი მოურიდებელი დამოკიდებულება და ჭეშმარიტი პოეზიის ხარისხში საკვირველი სიმსუბუქით აყვანილი მისი კატეგორიული განცხადებანი,” – წერდა მასზე მურმან ლებანიძე.

სისხლმოჭარბებულსა და ომახიან მუხრან მაჭავარიანს თავდავიწყებით უყვარს მთელი კაცობრიობა:

„ოცნება ვრცელდება სინათლის სისწრაფით,
მინდა არსებივით მკლავების გაშლა,
ავრბივარ მთაზე და იქიდან ვიძახი:
– ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!“

“მუხრან მაჭავარიანს პირველი გამოსვლისას, მწერალთა კავშირის ტრიბუნაზე, დარბაზსა და სალონს შუა კარი იყო ღია. უცნობი ახოვანი ჭაბუკი დარბაზში ლექსებს კითხულობდა. მწერლები სალონში ისხდნენ, ოღონდ კისრები წაეგრძელებინათ და მთელი არსებით დარბაზში იყვნენ, „ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა.“ „ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე…“ მძლავრი, აღტკინებული ხმა გამოდიოდა დარბაზიდან სალონში „ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, ოჰ…ოჰ…ოჰო, – თქვა და თითქოს კიდეც ინანა“, დარბაზში ტევა არ იყო, სალონშიც ხალხი ემატებოდა.

„მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ “

წონასწორობიდან გამოსული, ფრთებს მინდობილი კითხულობდა მუხრანი ლექსებს. კითხვა დასრულდა და დარბაზი ტაშით ინგრეოდა. სათითაოდ მახსოვს და თვალწინ მიდგას აღგზნებული, ნერვიული, განცვიფრებული სახეები.

– „არ ვიცი! არ მესმის! – პოეზიის ვალი არ არის განგვაცვიფროს! პოეზიამ წყნარად, ნელ-ნელა უნდა გაგვმსჭვალოს!“ – თქვა პრეზიდიუმიდან სალონში საჩქაროდ ჩამოსულმა ერთმა ვეტერანმა. მუხრანის არგაგება – უგემოვნებას ნიშნავდა, გაგება და მაინც აუგის თქმა ბოროტებას, დღემდე ვერ მივხმდარვარ, რომელ ვარიანტთან მქონდა საქმე……

გავიდა წლები, გაფართოვდა გადიდდა მუხრან მაჭავარიანის სათქმელი ოცდაათი წლის გრძელ გზა ზე. მკლავი გაშალა და დავაჟკაცდა, ძვირფასი ნაყოფით დაიტვირთა ახოვანი ხე პოეზიისა,” – ამბობდა მურმან ლებანიძე.

1952 წელს მუხრან მაჭავარიანის პოეზიის შესახებ ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი, რადგან მისი ლექსების პირველი კრებული გამოიცა. პოეტი თავისი შემოქმედებით ყოველთვის კონფლიქტში იყო რეალობასთან და სათქმელსაც თავისი პოეზიით ამბობდა.

“სოციალისტურმა ცენზურამ მისი შემოქმედების კონტურები კიდევ უფრო გაამუქა,” – წერდა პოეტზე ვახუშტი კოტეტიშვილი.

მაშინ აიძულებდნენ ყველას ეფიქრათ, რომ ძმურად ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში და დიადი იყო მომავალი. ამით ნელ-ნელა იკარგებოდა ეროვნული სულისკვეთება, მაგრამ, აი გამოჩნდა მუხრან მაჭავარიანი და საკუთარი პოეზიით გამოაფხიზლა ქართული საზოგადოება:

“შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს,
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი. ხანძთა. ვარძია და ისიც,
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია.
სიტყვა, რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო, რაც შემიძლია.
შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო.
საბედნიეროდ, საბედნიეროდ,
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ.”

მიუხედავად იმისა, რომ პოეტისთვის შეუზღუდავი იყო თემები, ამოსავალი წერტილი მისთვის მაინც საქართველო და მისი მომავალი იყო:

“ღამეს დაიფრენს, ვიცი მზის სახრე,
შეენარცხება ტოროლა ცისკარს…
გაარჩევს კია როსმე ეს ხალხი
მთხლესა და ოქროს ერთმანეთისგან?”

სამშობლოსა და ქართველი ხალხის გულშემატკივარი პოეტი ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მისი ყოფნაც და მისი ლექსიც. სწორედ ასე სჭირდებოდათ მისი ყოფნა ფრიდონ ხალვაშის 85 წლის საიუბილეო საღამოზე რუსთაველის თეატრში, სადაც სცენაზე სიტყვით გამოსვლისას მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა – როგორი პოეზიაც შექმნა, ისეთი ამაღლებული სიკვდილი არგუნა მას ღმერთმა.

“ვერ მივაღწიე, ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში,
– რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! – აი, წოლა მესმის შამქორში.”

ქართულმა საზოგადოებამ მუხრან მაჭავარიანის განსასვენებელად მთაწმინდის პანთეონი მიიჩნია და სამების ტაძრიდან მთაწმინდამდე ტაშით გააცილა და ხელით ატარა.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way