USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
დღეს იმ ფეხბურთელის დაბადების დღეა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მეზიზღება - ნიკა შოშიტაიშვილი
дата:  

დღეს იმ ფეხბურთელის დაბადების დღეა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მეზიზღება.

ჩვენი თაობის ბარსელონას გულშემატკივრისთვის, ნეიმარი ყველაზე წინააღმდეგობრივი პერსონაჟია. ერთი მხრივ ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონას უამრავი ტკბილი მოგონება აჩუქა, მეორე მხრივ კი არის ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭი და პოტენციალი ყველაზე უაზროდ გაანიავა.
2013 წელს, მთელი მსოფლიო იბრძოდა ბრაზილიური „სანტოსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის, საბოლოოდ კი სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კატალონიის დედაქალაქში აღმოჩნდა. ბარსელონას და ბრაზილიელების ურთიერთობა კი მთელი საფეხბურთო სამყაროსთვისაა ცნობილი.
პირველი სეზონი ძალიან არაერთფეროვანი გამოვიდა. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ნეიმარის გოლით მოგებული სუპერკოპა, თუმცა წარუმატებელი სეზონი ლა ლიგაში და „ატლეტიკოსთვის“ დათმობილი ტიტული, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში იმავე „ატლეტიკოსთან“ გამოვარდნა, სადაც ნეიმარმა ასევე ერთი გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა მადრიდელების დასამარცხებლად.
სადებიუტო, გუნდისთვის არც თუ ისე წარმატებულ სეზონს მოჰყვა 2014/15 წლის ბარსელონა. მესისთან საერთო ენის გამონახვა ნეის პირველივე სეზონში არ გასჭირვებია, სუარესის გადმოსვლის შემდეგ კი ფეხბურთის ქომაგებმა მივიღეთ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო შემტევი ტრიო. „MSN“, მესი, სუარესი, ნეიმარი. არგენტინა, ურუგვაი, ბრაზილია. ამ სამხრეთ ამერიკულმა ტრიომ, რომლებიც ერთად ბარსელონაში შეიკრიბნენ, ერთად ტრიპლეტი მოიგეს, დაძაბულ ბრძოლაში მოგებული ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა, რომლის ფინალშიც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გოლი ბოლო წუთზე სწორედ ნეიმარმა გაიტანა, ამით მან თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა და ჯანლუიჯი ბუფონის კარში გაიტანა გოლი, რითაც საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
2015 წლის პირველ ნახევარში, იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი „ლას პალმასთან“ შეხვედრაში იღებს ტრავმას და 2 თვით ემშვიდობება მწვანე მინდორს. შეიძლება იმ მომენტში ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო, თუმცა გუნდი არც თუ ისე კარგ ფორმაში იყო. „ლას პალსმასთან“ მატჩამდე ერთი ტურით ადრე კატალონიელებმა გასვლაზე ვიგოში ადგილობრივ „სელტასთან“ 4-1 დამარცხდნენ, სადაც ერთად ერთი გოლი სწორედ ნეიმ გაიტანა. ამ ყველაფერს გასვლაზე „სევილიასთანაც“ 2-1 მარცხი მოყვა, სიტუაციას კი ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ლეო მესი „ელ კლასიკოსთვის“ დაბრუნებას ვერ ასწრებდა.
ამ დროს მართვის სადავეები ბრაზილიელის ხელში გადადის. მადრიდში გამგზავრებამდე ბარსელონამ ფორმაში შესვლა მოახერხა, „რეალთან“ მატჩამდე ერთი ტურით ადრე ნოუ კამპზე სათამაშოდ „ვილიარეალი“ ჩამოვიდა, ეს სურათიც იმ მატჩიდანაა აღებული, როდესაც ლუის სუარესის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, ნეიმ მიიღო, ერთი შეხებით ხაუმე კოშტას ბურთი თავზე გადაუგდო და ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, იმ მატჩში ნეიმარმა დუბლი შეასრულა. ამას მოჰყვა კლასიკო, სანტიაგო ბერნაბეუზე განადგურებული მადრიდის რეალი, ნეიმარმა იმ მატჩში ანდრეს ინიესტას ასისტით ანგარიში 2-0 გახადა, მეორე ტაიმში კი იდეალური ქუსლით პასით ანდრესს ვალი დაუბრუნდა და საგოლე გადაცემა გაუკეთა. იმ მომენტში, ნეიმარი გუნდის აშკარა ლიდერი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. შემდეგ მოედანს მესი დაუბრუნდა, ნეიმარმა კი გოლების გატანას ლუის სუარესის საგოლე პასებით მომარაგება არჩია და „ელ პისტოლეროს“ პიჩიჩის მოგებაში დაეხმარა, თავად ბრაზილიელმა იმ სეზონში „ლა ლიგაში“ 24 გოლი და 16 ასისტი მიითვალა.
2017 წლის მთავარი ბარსელონური მოგონება „რემონტადაა“. როდესაც ნოუ კამპზე ჩამოსული პარი სენ-ჟერმენი ბარსელონამ 6-1 გაანადგურა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი ქამბექი შემოგვთავაზა, მატჩის მთავარი გმირი სწორედ ნეიმარი იყო, რომელმაც თავის ანგარიშზე ორი გოლი, მოპოვებული პენალტი და სერხი რობერტოს გამარჯვების გოლზე ასისტი მიითვალა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ მატჩში გუნდი შემდეგ ეტაპზე ნეიმარმა გაიყვანა, თუმცა მეორე დღეს, სოციალური ქსელი აჭრელებული იყო ლიონელ მესის ფოტოთი ბარსელონას გულშემატკივრებთან (რომელიც სხვათა შორის მეც დავაყენე პროფილის სურათზე). თუმცა იმ დღის მთავარი გმირი ნეიმარი იყო, მაგრამ ამ გამარჯვების სახე ისევ ლიონელ მესი გახდა.
არ მინდა იმის დაჯერება, რომ 2017 წლის ზაფხულში პარისში გადასვლა მხოლოდ ფულთან არის კავშირში. მინდა მჯეროდეს, რომ ნეიმარმა, თავისი საშინელი საახლობლო წრით, რომელიც ახასიათებთ ბრაზილიელ ფეხბურთელებს, მიიღო თავისი კარიერისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილება, გაცვალა ბარსელონა პარიზში.
საფრანგეთში ნეიმარი თავისიანი პარიზული კარიერის ბოლომდე ვერ გახდება, იქნება ჭორები ბარსელონაში დაბრუნებაზე, შემდეგ კიდე სასამართლოები ბარსელონას წინააღმდეგ. ბარსელონაში კი მასზე წყენა ჯერ კიდევ გულშემატკივარშია დარჩენილი. დღეს, ნეიმარი 32 წლის გახდა. ვინ იფიქრებდა 2015 წელს, რომ ნეიმარს 32 წლამდე არც ერთი ოქროს ბურთი არ ექნებოდა მოგებული კი არა, ახლოსაც არ იქნებოდა მის მოგებასთან. თუმცა უამრავმა არასწორმა ცხოვრებისეულმა გადაწყვეტილებებმა ნეიმარი მიიყვანა იქამდე, რომ 32 წლის ასაკში ოქროს ბურთისთვის ბრძოლის ნაცვლად, ის საუდის არაბეთის ლიგაში თამაშობს.
ნეიმარი ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ ფეხბურთელად ერთი დაბალი არგენტინელი ათიანის შემდეგ.

მისი ისტორია ჰგავს წიგნს, რომლის წერაც ნიჭიერმა ავტორმა მთელი მხატვრული სილამაზით დაიწყო, თუმცა იმ დროს როდესაც კვანძები უნდა გაეხსნა, მოტივაცია დაკარგა და უემოციო, უღიმღამო და უგულო ფინალით დაასრულა.

ავტორი - ნიკა შოშიტაშვილი

დამატებითი დრო

мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати