USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
დღეს გაერო მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავს - „არავინ ყურადღების მიღმა“, აცხადებს კუ დონჟუ
Date:  305

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ ღია წერილს ავრცელებს.

მიმართვაში ის მსოფლიო სურსათის დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს წლევანდელი მსოფლიო სურსათის დღის მთავარი თემაა - „არავინ ყურადღების მიღმა“.

„ არავინ ყურადღების მიღმა – ეს წლევანდელი მსოფლიო სურსათის დღის მთავარი თემაა და მოწოდება მსოფლიოსადმი: გავიაზროთ საგანგაშო რეალობა, რომ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის ფონზე სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება ყურადღების მიღმა. ამას არაერთი მიზეზი აქვს: მიმდინარე კონფლიქტები, მათ შორის, ომი უკრაინაში, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია და კლიმატის კრიზისი. პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ინფლაცია და დრამატულად გაზრდილი ფასი სურსათზე, საწვავზე, სასუქზე, ენერგეტიკაზე, რამაც შეიძლება შექმნას სურსათზე წვდომის კრიზისი ახლა და მასზე ხელმისაწვდომობის კრიზისი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონზე.

ბოლო კვირებსა და თვეებში უამრავი ადამიანი შეძრა სურათებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემებს ასახავს. FAO-სა და პარტნიორების უახლესი ანგარიშის „სასურსათო უსაფრთხოება და კვება მსოფლიოში (SOFI)” მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 828 მილიონი ადამიანი საკვების მუდმივ ნაკლებობას განიცდის. ეს რიცხვი 46 მილიონით მეტია, ვიდრე 2020 წლის იგივე მაჩვნებელი და 150 მილიონით აღემატება COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს. პანდემიის შედეგებმა გააღრმავა უთანასწორობა, გაზარდა უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რიცხვი და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრა უფრო გაართულა, განსაკუთრებით, მოწყვლად ქვეყნებში.

ჩვენ რთული ამოცანა გვაქვს - მივაღწიოთ შედეგს „არავინ ყურადღების მიღმა“, თუნდაც, მოსახლეობის მხოლოდ სურსათით უზრუნველყოფით კონტექსტში, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებისთვის მშვიდი, თანასწორი, ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შექმნაზე. ამის მიუხედავად, არ გვაქვს სასოწარკვეთის უფლება და არც იმის, რომ ყველაფერი ძველებურად განვაგრძოთ და განსხვავებული შედეგის მიღებას დაველოდოთ. არსებობს მნიშვნელოვანი გზები, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს.

შევხედოთ ერთ-ერთ მაგალითს: მზარდი საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტებისა და კატასტროფების ფონზე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველაზე მოწყვლადი ადამიანების მხარდაჭერაა, რომ მათ საარსებო წყარო ჰქონდეთ. ეს მხარდაჭერა უკეთესად კოორდინირებული და უფრო ფართომასშტაბიანი უნდა იყოს, ასევე - დროული და ემთხვეოდეს თესვისა და შინაური ცხოველების პროდუქტიულობის სეზონს.

შოკისმომგვრელი ფაქტი ის არის, რომ შიმშილის პირობებში მყოფი ყოველი სამი ადამიანიდან, მინიუმ ორი სოფლად მცხოვრები საკვები პროდუქტის მცირე მწარმოებელია. კრიტიკული ამოცანაა, მათ დავეხმაროთ: ჯერ საკუთარი თავი გამოკვებონ, შემდეგ კი - ჩვენ. ადგილობრივი თემები ყურადღების მიღმა ადვილად რჩებიან, როდესაც მსოფლიოს ერთ წერტილში გადაუდებელი დახმარებაა საჭირო, სხვაგან - განვითარების სამუშაოები, თუ კონფლიქტურ ადგილებში მშვიდობის ხელშეწყობა. ამიტომ, უკეთესი კოორდინირება გვჭირდება, რომ შესაბამისად განვსაზღვროთ ჩვენი დახმარების საჭიროების მქონე სამიზნე სეგმენტები.

გლობალურ დონეზე, მეტი სოლიდარობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე მოწყვლად ერებს გლობალური მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა მათი ყველაზე ღარიბი მოსახლეობის სოციალური დაცვა შეძლონ - ეს მათ კატასტროფების დროს, მეტი გამძლეობის შესაძლებლობას მისცემს. მთავრობები საერთო სიკეთეზე უნდა ფოკუსირდნენ და თავიდან აიცილონ პროტექციონისტული ქმედებები. ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს საერთაშორისო ბაზრებზე, თუ ვაჭრობის ღიაობითა და მოწოდების ჯაჭვის მოქმედებით, სურსათის მოწოდების პოტენციურ შოკს შევამცირებთ.

ყველაზე მოწყვლადი ადამიანების გაძლიერება შესაძლებელია მთავრობების, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო სექტორებისა და სხვა ჩართული მხარეების ერთად მუშაობით, თუ გარდავქმნით სურსათის წარმოების, გავრცელებისა და მოხმარების გზებს. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზემოაღნიშნული ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების ჩთვლით, საბაზისო სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებით მომარაგება, სწორი მიმართულებით გადამზადება, მოტივაციის შექმნა, ინოვაცია და ტექნოლოგიები.

ერთ-ერთი პირველი, საიდანაც უნდა დავიწყოთ, მეტი ინფორმაციის საჭიროებაა მათ შესახებ, თუ ვინ და რატომ რჩება ყურადღების მიღმა. თუ მთავრობები უფრო მეტად ადამიანებზე ორიენტირებულ კვლევებსა და მონაცემებს მოიპოვებენ, ამ ემპირიულ ცოდნაზე დაყრდნობთ მეტად ინკლუზიური, რეაქტიული, პასუხისმგებლიანი ინსტიტუციებისა და სოციალური პრაქტიკები შექმნას შეძლებენ. „არავინ ყურადღბის მიღმა“ - ამ პრინციპის სტრატეგიებში, გეგმებსა და ბიუჯეტებში გათვალისწინება მთავრობებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად.

ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ ამ ყველაფრის შესახებ სხვადასხვა დონეზე ხმა გავავრცელოთ? შეგვიძლია, ვიმოქმედოთ ეფექტურად, ერთიანად და მეტი თანაგრძნობით, ხმა ავიმაღლოთ და გადაწყვეტილების მიმღებებზე გავლენა ვიქონიოთ, რომ ყურადღების მიღმა არავინ დატოვონ. ასევე შეგვიძლია ნაკლები სასურსათო დანაკარგი შევქმნათ, მივიღოთ ჯანსაღი და სეზონური საკვები და მოვუაროთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ნიადაგს და წყალს. ამ კონტექსტში, მინდა ყურადღება ახალგაზრდებზე გავამახვილო. უკვე მეორე წელია, ისინი მსოფლიო სურსათის ფორუმის პლატფორმის ცენტრალური ნაწილი არიან, რომელსაც ჩვენ ჰიბრიდული მოდელით FAO-ს მთავარ ოფისში, რომში ვმართავთ (17-21 ოქტომბერს). ღონისძება ასევე მოიცავს გლობალურ ახალგაზრდულ ფორუმს, სამეცნიერო, ინოვაციურ და საინვესტიციო ფორუმებს. მათმა იდეებმა და ენთუზიაზმმა ჩვენს განწყობებში ქმედებები და სოლიდარობა უნდა შემოიტანონ, რათა ერთად მიავღწიოთ: უკეთეს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთეს გარემოსა და უკეთეს ცხოვრებას ისე, რომ ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს“,- აღნიშნულია მიმართვაში.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way