USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
დღეს დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
дата:  

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა, მიმდინარე წლის 22 მაისიდან, სპეციალური QR კოდის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი.

მისი განცხადებით, QR კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და მისი დაკავშირება ნებისმიერ ანგარიშზე იქნება შესაძლებელი.

„დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან მძღოლებს საბანკო ტერმინალების შეძენის საშუალება არ აქვთ. კომპანია BKN301 Georgia-მ შემოგვთავაზა საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კოდებს მძღოლები 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში მიიღებენ.

„QR კოდები განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე. მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანერებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. სურვილისამებრ, მძღოლები კოდებს მიიღებენ 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში. კერძოდ, თბილისის მერიის სერვისცენტრი - ჟ. შარტავას ქ. N7; სამგორის სერვისცენტრი - მოსკოვის გამზირი N14; გლდანის სერვისცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პროგრამაში მეტი ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას და აღნიშნულ პროცესში სამშენებლო კომპანიების ჩართვა მნიშვნელოვანია.

„ავარიული სახლების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მსგავსი სახლები ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის შესაბამისი სახლებით ჩავანაცვლოთ, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც დღეს ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადავცეთ. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას, რა პროცესშიც პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა სამშენებლო კომპანიებთან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, ხოლო კიდევ 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.

„პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დაწყებული გვაქვს ერთი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. უახლოეს მომავალში მოგვიწევს ტენდერის გამოცხადება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სამშენებლო კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი იყოს. შეიძლება ეს იყოს დეველოპერული კომპანიებიც. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ჩვენ, შესაბამის სამსახურებს, ჩემს მოადგილეებს გვაქვს სრული მზაობა, რომ მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, კონკრეტული პროექტი რა ეტაპზეა, როდის გამოცხადდება ტენდერი და ა.შ. მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ მიიღოთ მონაწილეობა და პროცესში რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პროგრამაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ურბანული განახლება და ავარიული სახლების ჩანაცვლება ქალაქის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირებას შეძლებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება.

„რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის - „ფიქს თბილისის“ შესახებ, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა. ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ. დღეს მოქალაქე ან ცხელ ხაზზე რეკავს, ან „ფეისბუქზე“ გვაწვდის ინფორმაციას. ხშირად პირადად მეც მიგზავნიან ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს სკვერში რაიმეს დაზიანება, ან ატრაქციონი იყოს მოსაწესრიგებელი, დაზიანებული იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა, განათება და ასე შემდეგ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო გავამარტივოთ კომუნიკაცია და პრობლემის მოგვარება. ამ მიზნით, იქმნება შესაბამისი აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მოგვაწოდოს ინფორმაცია. ჩვენც გვაქვს დიდი მოტივაცია, რომ ვიყოთ ძალიან სწრაფები აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. ვთქვათ, ადამიანმა ნახა, რომ პარკში ატრაქციონია დაზიანებული, აღნიშნული აპლიკაციით იღებს ფოტოს, მიუთითებს მისამართს და აგზავნის. ამ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ექნებათ ვალდებულება, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ეს პრობლემა. როდესაც პრობლემა მოგვარდება, მოქალაქეს მიუვა შეტყობინება ამის შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა Google play store-ისა და App store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია 15 მაისიდან ამოქმედდება.

„ამჟამად აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება. შევეცდებით, დროთა განმავლობაში აღნიშნული ნუსხა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მანამდე გაიმართება პრეზენტაცია, სადაც აღნიშნული სიახლის შესახებ საზოგადოება კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

თბილისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა, რომ სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე სკეიტ პარკი მოეწყო.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებს შორის, რომელსაც თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს.

„დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. ბევრი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. პარალელურად, ქალაქში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკების განახლება, რეაბილიტაცია, სკვერების კეთილმოწყობა. ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ეს არის საფეხბურთო ცენტრების პროექტები, რომელიც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სპორტით, ფეხბურთით და, ზოგადად, მოვახდინოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დანერგვა. სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ახლახან დავასრულეთ სკეიტ პარკის სამშენებლო სამუშაოები. ეს მიმართულება ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან მიხარია, რომ ყველა პარკი, სადაც ასეთი ტიპის პროექტი განვახორციელეთ, სავსეა ახალგაზრდებით. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო სკეიტ პარკის მოედანი, მის გარშემო კი გამწვანდა 2 ჰექტარი ტერიტორია.

თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის „მწვანე პოლიტიკა“ ადრე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებულია და მიმართულია მწვანე სივრცეების მაქსიმალურად გაზრდისკენ.

„ძალიან მიხარია, რომ მწვანე სივრცეების რაოდენობა დედაქალაქში იზრდება. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკა, როდესაც ხდებოდა მწვანე სივრცეების განადგურება და გაუბედურება, სპორტული სივრცეების გასხვისება იმისთვის, რომ სხვადასხვა სამშენებლო პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენ ეს პოლიტიკა რადიკალურად შევცვალეთ. გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე და მოწესრიგებული პარკი შევქმნათ; რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაისვენოს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება შევძლოთ. არაფერი ისე არ უხდება ამ ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, ალექსი აზმაიფარაშვილი წარუდგინა, რომელიც ამჟამად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მუშაობს.

„მინდა, გაგაცნოთ მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, საპატიო რკინიგზელი, ამჟამად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკური სკოლის მთავარი სპეციალისტი - ალექსი აზმაიფარაშვილი. ბატონ ალექსს რამდენიმე დღეში 95 წელი უსრულდება, იგი ჩვენი მუნიციპალიტეტის უხუცესი წევრია. ალექსი აზმაიფარაშვილი უშუალოდაა ჩართული ტექნიკური სკოლის ფუნქციონირებაში და მემანქანეთა მომზადებას და გადამზადებას უზრუნველყოფს, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამის შექმნას; ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს და ჩართულია საგამოცდო და შემოწმების კომისიის საქმიანობაში. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანს გაწეული საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში ერთობლივად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უწყების დამსახურებულ თანამშრომელს 95 წლის იუბილე მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

 
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати