USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტარების კრიტიკის ადრესატი საქართველოს მმართველი პარტია იყო
Date:  840

დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს და მათ რამოდენიმე შეკითხვით მიმართეს.

 ევროპარლამენტარების მიმართვის მთავარი საგანი იყო - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და პროპორციული არჩევნები.

ანდრიუს კუბილიუსი - „მე ბევრი შეხვედრა მქონდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, მმართველ პარტიასთან, პარტიის ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით. ასე რომ, მინდა, გთხოვოთ, რომ თქვენი პარტიების ლიდერებს ჩემგან ერთი ძალიან მარტივი გზავნილი გადასცეთ. მე ისინი დამპირდნენ, რომ დიალოგს შედეგი ექნებოდა და საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა. ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი - მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება. დაბოლოს, შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“ - განაცხადა კუბილიუსმა.

რასა იუნკიავიჩენე - „ეს წელი საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის ტესტი. ჩვენ ყურადღებით გაკვირდებით. თქვენ გყავთ ბევრი ევროპელი მეგობარი ევროპარლამენტში, არა ერთი, ან მეორე პოლიტიკური პარტიის მეგობრები არამედ საქართველოს მეგობრები. ჩვენი შეშფოთება კვლავ ეხება ჩააბარებს, თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. ვწუხვარ, რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის იყო ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ. ეს არ არის დემოკრატიის წესები. როცა, ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიაზე, მოწინააღმდეგეებზე, ეს თქვენ, საქართველოს არ დაგეხმარებათ ახალი მეგობრები იპოვოთ ევროპარლამენტში. ვერ დაარწმუნებთ მეტ ხალხს, რომ მხარი დაგიჭირონ“.

მარია გრიგოროვა - „იმედი მაქვს, რომ ჩემს კითხვასა და მოსაზრებას ობიექტურად შეაფასებთ იმიტომ, რომ მე იქ ვიყავი და ვესაუბრე პროსახელისუფლებო, არასამთავრობო მხარეს და პროტესტის მონაწილეებსაც პირადად და მე არ მაქვს ინფორმაცია მათ მიერ პარლამენტის ბლოკირებასთან დაკავშირებით. პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინო „თბილისის კედლით“, თუმცა ეს მხოლოდ შენიშვნაა. მინდა გკითხოთ: როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან როგორც არასდროს, ფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრები გეთანხმებიან ამაში ?“

მარკ გალერი - „საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონე „ქართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილია რამდენიმე წევრმა „ქართლი ოცნება“ დატოვა. გულახდილად თქით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს“.

სანდრა კალიენტე - „მე ვისაუბრებ საქართველოს შიდა სიტუაციაზე, ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისზე. თქვენ ახლახანს ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა ოპოზიციის მიერ იყო გამოწვეული. მე დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს სახალხო მოძრაობისა და ვიცი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია, ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს, არსებობს ამის უფრო ღრმა მიზეზი. თქვენ ახლახანს მოახდინეთ იმ ფაქტის ციტირება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ იმავე საზოგადოებრივი აზრის კვლევებში შეგიძლიათ ასევე ნახოთ, რომ როგორც ქართველი ხალხი თვლის, ქვეყანაში დემოკრატია უკან იხევს და ეს ძალიან შემაშფოთებელია, ვინაიდან ევროკომისია და ევროპარლამენტი ყოველთვის დიდი მხარდაჭერით უყურებს საქართველოს, ცდილობს, დაეხმაროს და წინ წაწიოს იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ, თუ შევადარებთ უკრაინასთან, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ომი აქვს და რომელიც მაინც შეუპოვრად ცდილობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია. ის ფაქტი კი, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება 5-წლიანი სიჩუმის შემდეგ დაიწყო, ძალიან სიმბოლურია“.

 

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way