დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.