USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
დღეს 230-მეგავატიანი თბოელექტროსადგური "გარდაბანი-2" გაიხსნა
Date:  1262

დღეს გავხსენით „გარდაბანი 2“, რომელიც არის 230-მეგავატიანი თბოელექტროსადგური. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ახალი თბოელექტროსადგური უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და ენერგოუსაფრთხოებას.

„როგორც ეკონომიკის მინისტრმა ბრძანა, ეს არის ძალიან ეფექტური და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგო სისტემისთვის. ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და საერთოდ ენერგიის წყარო, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაცმ თავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

ყველას მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული ენერგიის გენერაციაში. 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას დაემატა მილიარდ ორასი ათასამდე მეგავატის სიმძლავრეები, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და რა თქმა უნდა, სისტემის მდგრადობისთვის ჩვენ გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები,”-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ის რეფორმები, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგში ატარებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საქართველო თუ დღეს სტაბილური და მდგრადია ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით, სწორედ ასე უნდა გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. პრემიერის თქმით, სწორედ ეს ამოცანები დგას ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობის წინაშე.

ცნობისთვის, გარდაბანში, უკვე არსებული თბოელექტროსადგურების კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 185 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თბოსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way