ეკონომიკის გახსნის მიზნით, დღეს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომპანიების რეგისტრაცია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით დაიწყება, - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ რომელიმე კომპანიას ხარვეზები დაუფიქსირდება, ის მიიღებს დამატებით რეკომენდაციებს და მიეცემა შესაძლებლობა, რომ გაასწორონ ხარვეზები.
„იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა, აუცილებელია, რომ ბიზნეს სექტორი აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. ეს არის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები, რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ამ მიზნით ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი და ვირუსის გავრცელება იყოს მაქსიმალურად შეკავებული“, - განაცხადა ფერაძემ. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ორკვირიან ინტერვალში ყველა დაანონსებული სექტორი მაქსიმალურად შემოწმდება.