USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
Tbilisi
დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა - ძალაში შევიდა ახალი ამკრძალავი ნიშნებიც
Date:  192

დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა.

უფრო კონკრეტულად, გაიზარდა სანქციები მათ შორის ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ღვედის გამოუყენებლობა და სიჩქარის გადაჭარბება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება - მიუხედავად მიღწეული პროგრესისა,

„საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ - 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.

არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.

სამართალდარღვევებზე, კერძოდ: 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;

დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;

500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.

ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;

ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ახლებურად განისაზღვრა „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:

„BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;

საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

society
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way