USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
Tbilisi
დეზინფორმაციის ანატომია, ანუ ვის აწყობს 5G-ის შიში
Date:  3761

კათოლიკური აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათ საღამოს, 9 საათსა და 30 წუთზე ამსტერდამის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ალმერეს სახანძრო განყოფილებაში ზარი შევიდა.

ეს უკვე მეორე გამოძახება იყო ბოლო 24 საათში და ცეცხლი ამჯერადაც დიდ სატელეკომუნიკაციო ანძას ეკიდა. დამწვარი ნაგებობები საგანგებო ვითარების დროს უწყვეტი კავშირისთვის განკუთვნილი წერტილები გახლდათ.

როგორც შემდგომმა მოკვლევამ დაადგინა, ვანდალებმა სატელეკომუნიკაციო წერტილები შეცდომით 5G ქსელის ანძებად მიიჩნიეს და ცეცხლი უცნაური მიზეზით მოუკიდეს – ამგვარად ისინი SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელებას დაუპირისპირდნენ.

ყველაფერი კი გაცილებით ადრე, 22 იანვარს, ბელგიელი ექიმის ერთი საგაზეთო ინტერვიუთი დაიწყო. ნიუს-გამოცემამ Het Laatste Nieuws ანტვერპენის ახლოს მდებარე ქალაქ პუტეში მომუშავე ექიმს, კრის ვან კერკხოვენს ჩამოართვა ინტერვიუ. საუბარი ჩინეთში გავრცელებულ ახალ კორონავირუსს ეხებოდა. ჟურნალისტმა რესპონდენტთან საუბრისას შენიშნა, რომ 2019 წელს ვუხანის ირგვლივ 5G ქსელის ანძები დაამონტაჟეს და ხომ არ იყო ეს რაიმე კავშირში ახალი, აქამდე ჩვენთვის უცნობი ვირუსის გავრცელებასთან.

ამ ფაქტის შესახებ ექიმს თავისი (რა თქმა უნდა, მცდარი) მოსაზრება ჰქონდა. „მე ეს არ გადამიმოწმებია, თუმცა შესაძლოა, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი მართლაც იყოს“, – უხსნიდა ვან კერკხოვენი ჟურნალისტს. სწორედ ეს გახლდათ დეზინფორმაციის პირველი ნაპერწკალი, რომელმაც რამდენიმე თვეში ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში განთავსებული ათეულობით 5G ანძა ცეცხლის ალში გაახვია.

რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ Covid-19 დაავადების გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ ვირუსით ინფიცირებული დაცემინების ან დახველების დროს გარემოში დიდი ზომის წვეთებს გამოყოფს. თავისი წონისა და გრავიტაციის დამსახურებით, ეს უკანასკნელი ზედაპირზე რჩება და სწორედ ამ წვეთებთან კონტაქტი აინფიცირებს ჯანმრთელ ადამიანს.

5G ფიჭური უკაბელო ქსელის მეხუთე თაობა გახლავთ. ეს ტექნოლოგია ჩვენს მომავალს კარდინალურად შეცვლის – ინტერნეტის სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზრდება და კომუნიკაცია უფრო უხარვეზო გახდება. 5G-ს დახმარებით შესაძლებელი იქნება დისტანციური ქირურგიული ოპერაციები და ავტომობილების უპილოტო მართვა.

სინამდვილეში 5G ქსელის დისკრედიტაციის ისტორია უფრო ხანგრძლივი და ჩახლართული პროცესია. ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას მსგავსი სახის კონსპირაციები ყოველთვის წინ უსწრებდა. მათ, ვისაც საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის შემოსვლა კარგად ახსოვთ, ასევე ემახსოვრებათ (ან, სულაც, ახლა გაიხსენებენ) ისეთი მცდარი შეხედულებები, როგორიც გახლდათ: „კომპიუტერის ეკრანის გამოსხივება აბრმავებს“, „მობილური ტელეფონი რადიაციას ასხივებს და დაძინებისას თავთან ახლოს, ჩართული არ უნდა დატოვოთ“, „ხანგრძლივად მობილურზე ლაპარაკისას ტვინი ზიანდება“ და ა.შ. ამჟამად თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე ერთ დროს დემონიზებული ტექნოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია და მათ ამგვარ დამაზიანებელ ეფექტებზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. მაშინდელი ცრურწმენის მიზეზი ინფორმაციის სიმწირე და სიმართლის მოძიების შეუძლებლობა გახლდათ.

Covid-19-ის პანდემიის საწყისი დღეები ინფორმაციის გავრცელების მხრივ, პრობლემატური გახლდათ – ზუსტად არავინ იცოდა, თუ რასთან ჰქონდათ საქმე და რა იწვევდა ვუხანელ პაციენტებში ფილტვების დაზიანებას. შექმნილ ინფორმაციულ ვაკუუმს ასევე ხელს უწყობდა ჩინეთის პრეზიდენტისა და კომუნისტური პარტიის ლიდერის, სი ძინპინის ხანგრძლივი დუმილი. ამას მალევე დაემატა ჩინეთის მთავრობის მიერ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემოდა. ახალმა, აქამდე უცნობმა და უხილავმა საფრთხემ ავტომატურად შექმნა სანდო და ჭეშმარიტი ინფორმაციის სიმწირე, რაც კონსპირაციულმა ვარაუდებმა შეავსო.

პანდემიის პირველი დღეების შესახებ ბურუსით მოცულ კითხვებს პასუხი ჟურნალში – The Lancet გამოქვეყნებული კვლევით გაეცა. ნათელი გახდა, რომ ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ სიმართლე დამალა და მათ ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 1 დეკემბერს ჰქონდათ. ვუხანში აფეთქებული ეპიდემია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, რის შედეგად განვითარდა ე.წ. „ინფოდემია“, ანუ ინფორმაციის პანდემიური გავრცელება. ეს ავტომატურად გულისხმობდა ყალბი ინფორმაციისა თუ დეზინფორმაციის გავრცელებასაც. უწყვეტმა და მასიურმა ინფორმაციულმა ნაკადმა საზოგადოებაში პარადოქსული ეფექტი გამოიწვია – ადამიანებს სიმართლის ტყუილისგან გარჩევა ძალიან გაუჭირდათ.

ეს ყოველივე იდეალური ნიადაგი გახლავთ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Het Laatste Nieuws-მა სტატია გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ვებგვერდიდან წაშალა, ეს სრულიად საკმარისი გახლდათ ნიდერლანდურენოვანი კონსპიროლოგებისთვის, რომ თითიდან გამოწოვილი დეზინფორმაცია ფართოდ გაევრცელებინათ, რის შედეგადაც იგი მალევე ინგლისურენოვან სივრცეებშიც შეიჭრა.

აქ კი ყველაზე საზიანო როლი „სასარგებლო იდიოტებმა“ ითამაშეს. სპეცსამსახურების ენას თუ მოვიშველიებთ, ეს ის ხალხია, რომლებიც რეალური მოტივის გაუაზრებლად დეზინმფორმაციის გამავრცელებლებად გვევლინებიან. მთელ ამ ისტორიაში, „სასარგებლო იდიოტების“ როლი ცნობილმა სახეებმა ითამაშეს მათ შორის იყვნენ: ჰიპ-ჰოპ არტისტი Wiz Khalifa, მსახიობები: ვუდი ჰარელსონი და ჯონ კიუზაკი, მოკრივე ამირ ხანი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი. ეს უკანასკნელები თავიანთი სოციალური მედიიდან ანტი-5G რიტორიკის გამტარ რუპორებად მოევლინნენ მილიონობით მათ გამომწერს. ზოგიერთი მათგანი ამ ცრუინფორმაციის მსხვერპლი თავად აღმოჩნდა, ხოლო ზოგიერთმა ინფლუენსერმა ეს შესაძლებლობა პირადი პიარისთვის გამოიყენა.

პანდემიის გავრცელებასთან ერთად დეზინფორმაციაც დაიხვეწა და მეტი დეტალიზაცია შეიძინა, თუმცა ჯეროვანი ანალიზი მალევე წარმოაჩენდა მის სიყალბეს. ერთ-ერთი ასეთი მცდარი მოსაზრება ვირუსის გავრცელებას უშუალოდ 5G ანძების მონტაჟს უკავშირებდა. ეს მოსაზრება ფაქტობრივ აცდენაში მოდის რეალობასთან – ჩინეთზე ადრე ბოლო თაობის ანძები სამხრეთ კორეაში გამოჩნდა. პანდემიამ ძლიერი დარტყმა მიაყენა ინდოეთსა და ირანს, სადაც 5G ქსელი ჯერ ფიზიკურად არ არსებობს.

5G ქსელისა და Covid-19 -ის ირგვლივ არიადნეს გორგალივით ჩახლართულ დეზინფორმაციულ ძაფებს თუ გამოვაცალკევებთ და უკან გავყვებით, მთავარ კონსპიროლოგსაც მარტივად მივადგებით. თქვენი უმეტესობა უკვე კარგად ხვდება, ვისზეც მაქვს საუბარი და ეს ზუსტად მიანიშნებს კიდეც ამ ქვეყნის მამოძრავებელ მოტივებზე.

2018 წლის მაისიდან მოყოლებული კრემლის მიერ მართულმა მარიონეტულმა, ინგლისურენოვანმა მედიამ, Russia Today-მ ღიად დაიწყო ანტი-5G პროპაგანდის გავრცელება. რუსულმა დეზინფომაციულმა მანქანამ მაღალსიჩქარიანი მობილური ქსელი ყოველგვარი სამეცნიერო ფაქტებისა და არგუმენტირებული მსჯელობის გარეშე უამრავი ზიანის მიზეზად წარმოადგინა. RT-სთან უნისონში მოქმედებდა, ასევე, კრემლის მართული საინფორმაციო სააგენტო Sputnik. მალე იმავე რიტორიკის გატარებას ჩრდილოური სპეცსამსახურები თავიანთი ტროლ-ფაბრიკებისა და ბოტ-ნეტის საშუალებით შეუდგნენ. ამის შესახებ სოციალური მედიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებიდან ვიგებთ.

კრემლისთვის ასეთი ტიპის თამაშები ახალი არ გახლავთ. იგი მსგავსი ტიპის დეზინფორმაციულ ომს დასავლური საზოგადოების გასახლეჩად დიდი ხანია, წარმატებით იყენებს. მაგალითისათვის შეგვიძლია, ევროპაში ანტივაქსერული მოძრაობის გაძლიერება მოვიყვანოთ. შესაბამისმა მოკვლევამ ამაში რუსული კვალი მალევე გამოკვეთა.

მოცემულ მომენტში რუსეთი განვითარებულ მსოფლიოს ბოლო თაობის ფიჭური ქსელის ათვისებაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამ მოცემულობის საპირწონედ იგი აქტიურად ცდილობს  ტექნოლოგიური პროგრესის დისკრედიტაციას. ამ ქმედებას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს – ალტერნატიული რეალობის შექმნით, სუსტდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ხალხის ნდობა, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო მძლავრად გაატაროს და თვითონ მათზე უფრო ძლიერ სუპერსახელმწიფოდ პოზიციონირდეს.

სამწუხაროდ, ამ დეზინფორმაციამ ჩვენამდეც მოაღწია. რამდენიმე კვირის წინ შექმნილ ქართულ ანტი-5G  ფეისბუქჯგუფში 15 000 ადამიანზე მეტია გაწევრებული. მომხმარებელთა ასეთი სიმრავლე გასაკვირი ნამდვილად არ არის – სამეცნიერო და სამედიცინო კომუნიკაცია ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემურია, რაც საზოგადოებას ხშირად აბნევს.

ოკუპანტი ჩრდილოელი მეზობლის დეზინფორმაციული შეტევის მსხვერპლი საქართველო აქამდეც გამხდარა – თუნდაც მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ აგორებული ჭორები რად ღირს, დღეს კი სწორედ ეს ლაბორატორია დგას პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და ჩვენი იმედებიც სწორედ ამ კვლევითი ცენტისკენ არის მიმართული. როგორც ამ საკითხის ირგვლივ შეიცვალა ჩვენი საზოგადოების შეხედულებები, ასევე მოხდება 5G ქსელის შემთხვევაშიც.

ახლა ის არის საინტერესო, თუ რა გახდება რუსული დეზინფორმაციული მანქანის შემდეგი სამიზნე?

 

ავტორი: დიმიტრი ლიპარტელიანი

წყარო: publika.ge

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way