USD 2.7260
EUR 3.1254
RUB 3.4717
Tbilisi
დენის შმიგალი - უკრაინა სასწრაფოდ აფართოებს საკუთარ სამხედრო მრეწველობას
Date:  286

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა სასწრაფოდ აფართოებს საკუთარ სამხედრო მრეწველობას“ (ავტორები - ალეკ რასელი და ქრისტოფერ მილერი). პუბლიკაციაში გამოყენებულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები და კომენტარები რუსეთთან ომის მიმდინარეობის თაობაზე, პასუხი აქვს გაცემული კითხვებს: რას აკეთებს უკრაინა თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაფართოებლად? საიდან მიიღებს საბრძოლო მასალებს?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ყველასათვის ცნობილია პირველი მსოფლიო ომის დროს აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ ჯონ პერშინგის გამონათქვამი - „ქვეითი ჯარი იგებს ბრძოლას, ზურგი კი ომს“. თითქმის ასი წლის შემდეგ ეს აფორიზმი სხვა დამქანცველი ომის სტრატეგიის საფუძვლად იქცა. უკრაინის ველ-მინდვრებზე გაჩაღებული ბრძოლები უამრავ საბრძოლო მასალას ითხოვს. ზურგმა ჯარი იარაღით უნდა მოამარაგოს, მაგრამ არის ამის შესაძლებლობა? დასავლეთს, რომელიც ბოლო დრომდე კიევს იარაღს აწვდიდა, დღეს პრობლემები აქვს. ამიტომ უკრაინა ცდილობს იარაღისა და საბრძოლო მასალების საკუთარი მრეწველობა განავითაროს, რომ დასავლელე მოკავშირეებზე დამოკიდებულება შეამციროს.

„ჩვენ საბრძოლო მასალების კოლოსალური დეფიციტი გვაქვს. და ეს შეინიშნება არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც“, - ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, - ჩვენ კარგად გვესმის, რომ იარაღი აქ, უკრაინაში უნდა ვაწარმოოთ - იმიტომ, რომ მსოფლიოს ქვეყნების არსენალები და საწყობები ცარიელია“.

მთავრობამ გარკვეული დასკვნები უკვე გააკეთა: მკვეთრად გაზარდა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) წარმოება - თუ ადრე, შარშან, მხოლოდ „რამდენიმე ათეულ“ დრონს ამზადებდნენ, ახლა მათი რაოდენობა  „ათობით ათასებში“ გამოიხატება. კიევმა ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა და მეტი თანხები გადადო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაფართოებისთვის - მეტი რაოდენობის საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების წარმოებისათვის.

მაგრამ ჭურვების, ქვემეხების (ჰაუბიცების), აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების წარმოების ზრდა ძალიან რеულ ამოცანას წარმოადგენს, ვიდრე დრონების დამზადება, მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში მათი მაკომპლექტებელი ელემენტების, დეტალებისა და ნედლეულის დეფიციტი შეინიშნება. ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, „ომის ღმერთის“ - საარტილერიო იარაღის წარმოების სწრაფი ზრდა შეუძლებელია - ქვემეხი დრონი არ არის, რომ სადმე სახელოსნოში ერთ საათში ააწყო, მას უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი ჭირდება, რომელთა დამზადება მხოლოდ ქარხნის პირობებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ქვემეხების (ჰაუბიცების) ჭურვებს, სამწუხაროდ, ეს საკითხიც პრობლემაა: „მსოფლიოში დენთის უკმარისობაა“.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ - უკრაინისა და ისრაელისათვის დახმარების კანონპროექტის კონგრესში გადაგზავნის თაობაზე - ზუსტად დროზე მიუსწრო კიევს, რომელსაც კონტრშეტევის დაყოვნებული ტემპების გამო მორალური სულისკვეთება დაცემული ჰქონდა. უკრაინა ასევე შეშფოთებულია იმითაც, რომ აშშ-ში მალე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური ციებ-ცხელება დაიწყება და კიევისათვის იარაღის მიწოდებისა და ფინანსებით დახმარების საკითხს ნაკლები ყურადღება დაეთმობა.

თუმცა მთავრობა, რასაკვირველია, უსაქმოდ არ არის: რუსეთის თავდასხმიდან უკვე 20 თვე გავიდა და ხელისუფლებამ ახლა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაჩქარებული ტემპებით სამამულო სამხედრო მრეწველობისა და ინოვაციების განვითარება.

მაგალითად, ამას წინათ ამერიკამ კიევს გაუგზავნა „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის მოძველებული საავიაციო რაკეტები AIM-9 Sidewinder-ები, რომლებიც პენტაგონს აღარ ჭირდებოდა, უკრაინელმა სამხედრო სპეციალისტებმა კი რაკეტებს დანიშნულება შეუცვალეს და „დედამიწა-ჰაერად“ გადააკეთეს. „უფრო სწორად თუ ვიტყვით, გამოგზავნილი საავიაციო რაკეტები წუნიანი  და ჩამოწერილი იყო, ჩვენ კი შევაკეთეთ, შევქმენით მიწიდან ჰაერში გაშვების დანადგარიც და ასეთი თვითნაკეთი მოწყობილობით ვიყენებთ ჰაერიდან დასაცავად“, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალბათ, პრობლემის ასეთი სახით მოგვარება როგორღაც გადაატანინებს ამ ზამთარს უკრაინას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას რაკეტების თავისი წარმოება დაჭირდება. ამჟმად პრიორიტეტულია ერთობლივი სამხედრო საწარმოების შექმნა ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად. მაგალითად, უკვე ხელმოწერილია კონტრაქტი გერმანულ „რეინმეტალთან“ დაზიანებული „ლეოპარდის“ მარკის ტანკების გარემონტებისა და ახალი მძიმე ჯავშნიანი ტექნიკის წარმოებაზე.

მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამბობს, დასავლური კომპანიები ერიდებიან მსგავსი შეთანხმებების გაფორმებას - ვაითუ რუსებმა ერთობლივ საწარმოებს შეუტიონ, დაბომბონ და მუშა-მოსამსახურეები დაიღუპნონო.

კითხვაზე, „რას იტყოდით აშშ-ის კონგრესში შექმნილ გაურკვევლობაზე, სადაც რადიკალმა რესპუბლიკელებმა უარი განაცხადეს უკრაინის დაფინანსებაზე“, დენის შმიგალი აღიარებს, რომ კიევისათვის ეს ძალიან არასასიამოვნო მოვლენას წარმოადგენს: „აშშ-ის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური რყევები ჩვენთან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.

პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა კომენტარზე დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად სავარაუდო არჩევისა და ამის გამო აშშ-ის დახმარების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით: „ჩვენთვის ეს პოლიტიკური გამოწვევაა. დღეისათვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ბევრი ცვლილება ხდება“, - განაცხადა დენის შმიგალმა, რომელმაც, როგორც ჩანს, ევროკავშირის ქვეყნებში [უნგრეთში, სლოვაკეთში...] ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იგულისხმა.

მაგრამ უკრაინის პრემიერმა ხაზი გაუსვა: კიევს ძველებურად სჯერა და იმედი აქვს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეასრულებს თავის დაპირებას პრინციპით „იმდენი, რამდენიც დაჭირდება“ და დარწმუნებულია, რომ ამერიკელი ხალხი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი არ შესუსტდება.

წყარო: https://www.ft.com/content/69cf1288-0156-4b8f-a770-cacb05988596

 

analytics
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ანალიზი - გიორგი კობერიძე
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქში. პოკროვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული მოიერიშე ნაწილები კვლავ ფლანგებიდან, ბრტყელტუჩას მანევრის განხორციელებას ცდილობენ უკრაინელი მცველების წინააღმდეგ. მათი მიზანია ტორეცკედან კოსტიანტინივკამდე, ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით, დრუჟივკამდე ყველა იმ ტერიტორიის ათვისება, რომელშიც ახლა უკრაინელები აკონტროლებენ.
 
ამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი კრამატორსკისაკენ გაჭრას შეეცდებოდნენ. იმ ფონზე, რომ რუსული წინსვლა ნელია, უკრაინელთა ალყაში მოხვედრის საფრთხე მცირეა. ამასთან, იმდენად ნელა მიიწევენ რუსები წინ, რომ უკრაინელები ახერხებენ ზურგში ახალი თავდაცვითი პოზიციების აგებას, რაც რუსულ წინსვლას კიდევ უფრო აფერხებს. კრამატორსკი და სლავიანსკი და მისი შემოგარენი ციხე-სიმაგრედაა ქცეული. ამაზე ჯერ კიდევ 2023 წლიდან საუბრობდნენ. ზოგადად ფრონტის ხაზი ბოლო ორი წელიწადია ამ მიმართულებაზე ძალიან ნელა იცვება.
 
თუკი რუსებს დრუჟივკა-კოსტიანტინივკასაკენ სვლა არ გამოუვიდათ, ცხადია არის შანსი დასავლეთით განავითარონ შეტევა, რათა პოკროვკის მოექცნენ თავზე.
 
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქის დასავლეთით, უშუალოდ პოკროვკისა და მის შემოგარენში. აქაც, რუსებს წინსვლა შესამჩნევად ნელი აქვთ და რაც მთავარია მათ რიგებში მსხვერპლია ძლიან დიდი. პოკროვსკი ომამდე 60 ათასიანი დასახლება იყო. მას რუსები ერთი წელია უტევენ, ხოლო მთელს ამ სექტორს - წელიწადნახევარია.
 
რუსული არმიის ძირითადი ნაწილები სწორედ პოკროვსკისა და ტორეცკე-ჩასივ იარის მიმართულებაზე არიან თავმოყრილები. გენერალური შტაბის უფროსის, სირსკის განმარტებით დაახლოებით 700 ათასი რუსი სამხედროა უკრაინაში, რომელთაგანაც 500 ათასი აღმოსავლეთის ფრონტზეა გადასროლილი.
 
- მაისში დაწყებული რუსული შეტევა სუმის ოლქზე დასტაბილურებული და ზოგიერთ ნაწილში სრულად შეჩერებულია. მეტიც, უკრაინელებმა გაათავისუფლებს რუსების მიერ დაკავებული დასახლება ანდრიივკა და მისი შემოგარენიც. ბრძოლა ოლეკსივკას მიმართულებით მიმდინარეობს. უკრაინამ ინიციატივა დაიბრუნა ამ სექტორში. მომდევნო დღეები უკეთ გამოაჩენს სურათს.
 
სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება. რუსები, გარდა სასაზღვრო სოფლების დაკავების მცდელობისა, ცდილობდნენ გაჰყოლოდნენ სუმი-სუჯას მაგისტრალს, თუმცა ჯერჯერობით იუნაკივკას ვერ გასცდნენ ისინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მონაკვეთში საზღვრიდან 7 კილომეტრში შეიწიეს მხოლოდ. რუსების მიერ ოკუპირებული ყველაზე დიდი სივრცე კი საზღვრიდან 15 კილომეტრია.
 
იუნაკივკასათვის ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. ამ პატარა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი ტყიანი საფარია და მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ რუსები. აქედან არამხოლოდ სუმის მიმართულებით შეუძლიათ აწარმოონ ინტენსიური საარტილერიო დარტყმები, არამედ ტყეში შედარებით ფარულად გადაადგილდნენ კიდეც. უკრაინელებმა ჩაშალეს რუსების მცდელობა სწრაფად დაეკავებინათ დასახლება.
 
და ეს იმ ფონზე, რომ რუსების 50 ათასიანი დანაყოფია მობილიზებული ამ მიმართულებაზე. ეს კი საკმაოდ უმნიშვნელო შედეგია თან თუკი გავითვალისწინებთ იმ პროპაგანდისტულ და პოლიტიკურ კამპანიას, რომელიც სუმის ოლქის ოკუპაციაზე იყო გაკეთებული. სხვათა შორის პუტინმაც ისაუბრა სუმის შესახებ. ჯერჯერობით კრემლი ისე ფუთავს სიტუაციას თითქოს ინიციატივა მხოლოდ მათ ხელში იყოს და თავად წვეტდნენ სადამდე წაიწევენ წინ და რას უზამენ სუმის ოლქს.
 
თუკი რუსეთის მხრიდან ეს ზაფხულის მთავარი შეტევაა მაშინ საკმაოდ ცუდ შედეგს აჩვენებენ ისინი. მაგრამ ჰიპოთეტურად არ არის გამორიცხული კიდევ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეთ მათ.
 
- სირსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის სუჯას ოლქზე. მან აღნიშნა, რომ უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ რამდენიმე პლაცდარმს რუსეთში და რომ უკრაინა არ აპირებს შეტევით ოპერაციებზე უარის თქმას.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way