USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
„დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინამ რუსეთზე გამარჯვების საუკეთესო შანსი ხელიდან გაუშვა. პერსპექტივა ფრიად არასასიამოვნოა“
Date:  443

უკრაინის კონტრშეტევის მიზანი ის იყო, რომ ერთი მხრივ, კიევის არმიას რუსული თავდაცვის ზღუდეების გარღვევით მტრისთვის სტრატეგიული მარცხი უნდა მიეყენებინა და მეორე მხრივ - დასავლელი მოკავშირეები დაერწმუნებინა უკრაინის არმიის ძალაში და ამით შეენარჩუნებინა  მათი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა. ეს უნდა მომხდარიყო შემოდგომის წვიმების დაწყებამდე, ანუ მანამ, სანამ ჯავშანტექნიკის მანევრირება, ღრმა ტალახისა და უგზოობის გამო, შეზღუდული გახდებოდა. მაგრამ გარღვევა არ მომხდარა, უკრაინის არმია პრაქტიკულად ისევ იქ დგას, საიდანაც კონტრშეტევა დაიწყო.

რუკებზე უკრაინის არმიის მოქმედება პოზიტიურად არ გამოიყურება. შეიძლება ითქვას, რომ მოხდა კონტრშეტევის ატროფირება და ის მართლაც ჩიხში შედის: დღევანდელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც კი, კიევის ჯარს აღარ აქვს რაიმე პერსპექტივა რუსული გამაგრებული ხაზის გასარღვევად.

რა თქმა უნდა, მკაცრი სიმართლე იმაში გამოიხატება, რომ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს რომ მოენდომებინათ, კონტრშეტევა წარმატებით დასრულდებოდა. მათ ვერ მოახერხეს (ან არ მოისურვეს) უკრაინისთვის იმ რაოდენობის იარაღის მიწოდება, რომელიც გამარჯვებას უზრუნველყოფდა და აძლევდნენ მხოლოდ იმდენს, რომ წინააღმეგობა გაეგრძელებინა. ასეთი დონის დახმარება არასაკმარისია ძლიერი მტრის დასამარცხებლად, თანაც დასავლურ დახმარებას ყოველთვის თან ახლავს რაღაც გართულებები და უნდობლობის ფაქტორები, თითქოსდა დასავლეთს არ სურს უკრაინას სწორედ ის იარაღი მიაწოდოს, რას კიევის გამარჯვებას განაპირობებს.

მაგალითად, რამდენიმეთვიანი ყოყმანის შემდეგ ამერიკამ უკრაინას შორი მოქმედების მქონე რაკეტები - „ატაკამსები“ (ATACMS), რომლებსაც გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლოთ, მხოლოდ ოქტომბერში მისცა. არადა, კარგი იქნებოდა უფრო ადრე მიეწოდებინა. გარდა ამისა, „ფალკონის“ ტიპის თვითმფრინავები  (F16-ები), რომლებსაც უკრაინის არმიის საბრძოლო უნარის გაძლიერება შეუძლიათ, კიევისათვის ჯერაც შორეულ ოცნებად რჩება. გამოდის, რომ ვაშინგტონს ომის გაჭიანურება უფრო უნდა, ვიდრე უკრაინის გამარჯვება.

შესაბამისად, ასეთმა სიტუაციამ უკრაინა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ევროპელი ლიდერები, რომელთაგან ბევრი ომის დაწყებიდანვე ყოყმანობდა, ახლა მთლიანად გაუქრათ იმედი, რომ მათ მიერ მიწოდებული იარაღი ბრძოლის ველზე წარმატებას უზრუნველყოფს. ისინი ომისაგან დაიღალნენ და კრემლთან გარიგების დადება სურთ კონფლიქტის დასრულების მიზნით. სწორედ ეს აღიარა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონიმ რუს პრანკერებთან სატალეფონო საუბრის დროს: „მე სიმართლე უნდა ვთქვა: ვატყობ, რომ ევროპელებში ყველგან ძალიან დიდი დაღლა შეინიშნება. ჩვენ ახლო ვართ იმ მომენტამდე, როცა ყველა მიხვდება გამოსავლის ძიების აუცილებლობაში“.

და ეს ხდება იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე გადაერთო, სადაც რუსეთის მოკავშირე ირანი რეგიონულ ხანძარს აღვივებს. ვლადიმერ პუტინის სტრატეგიამ, რომლის მიხედვით, უკრაინა დასავლელი მოკავშირეების გარეშე უნდა დარჩეს, საუკეთესო სახით გაამართლა: ახლო აღმოსავლეთში „გაღვიძებულმა“ კონფლიქტმა დასავლეთის რიგ ქვეყნებში არასტაბილურობის გაღრმავება გამოიწვია - აშშ-სა და ევროპის ქალაქებში ისრაელის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

ამასობაში კი ამერიკაში ჯო ბაიდენს არჩევნების დრო უახლოვდება. შესაძლოა საგარეოპოლიტიკური საკითხები ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე გადამწყვეტ გავლენას არ ახდენენ, მაგრამ უეჭველია, რომ წარმატებული დიპლომატია ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. ჯო ბაიდენს სურს სერიოზული პლუსი, რათა გაანეიტრალოს ავღანეთში განცდილი წარუმატებლობის ნარატივი, რომელსაც მისი ოპონენტები ყველა ბრუნვაში აბრუნებენ. გარდა ამისა, თეთრი სახლის მკვიდრი იმედოვნებდა, რომ ის ისტორიული ნორმალიზება, რასაც მან ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის მიაღწია, დიდ წარმატებას იქნებოდა მიჩნეული, მაგრამ „ჰამასმა“ ყველაფერი ანაზდეულად დაანგრია: ვაშინგტონის შუამავლობით ერ-რიადსა და იერუსალიმს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ დადებული შეთანხმების პრაქტიკული რეალიზება საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არ განიხილება.

უკრაინის ომის მოგვარება ჯო ბაიდენისათვის ერთ-ერთი დარჩენილ „სარეზერვო“ ვარიანტს წარმოადგენს. რა მოხდება, თუ იგი უკრაინას ცეცხლის შეწყვეტას დააძალებს და თუ კიევი არ დათანხმდება, ამერიკა დახმარების შემცირებას ან სრულიად შეწყვეტით დაემუქრება? ზოგიერთ ევროპულ ლიდერს, როგორც ამას ჯორჯა მელონის განწყობა ადასტურებს, მოვლენათა ამ ვერსიით განვითარება გაეხარდება.

რაც არ უნდა მოხდეს, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის საბოლოო გამარჯვებისათვის, თავისი კეთილშობილი, მაგრამ რთული მისია უნდა გააგრძელოს. უკრაინას ბრძოლის ველზე სიტუაციის გარდამტეხი იარაღი უნდა მივცეთ - არტილერია და ავიაცია, თორემ დღევანდელი მდგომარეობის პირობებში ჩვენ მალე ვლადიმერ პუტინის გამარჯვების მოწმენი გავხდებით.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/11/04/ukraine-has-blown-its-best-chance-to-defeat-putin/

 

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way