USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
„დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) - „პუტინის არასაიმედო მოკავშირეების ბედი: ჰკითხეთ ბაშარ ასადს“
дата:  366

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 12 დეკემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის არასაიმედო მოკავშირეების ბედი: ჰკითხეთ ბაშარ ასადს“ (ავტორი - კონ კოფლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინისათვის, ალბათ, სასარგებლო იქნებოდა შორიდან მაინც ედევნებინა პირადად თვალი იმისთვის, თუ როგორ გარბოდა თავისი სასახლიდან კრემლის ყოფილი სირიელი მოკავშირე, რომ როგორმე საკუთარი თავი და ოჯახი გადაერჩინა.

საერთოდ, დესპოტი მმართველების ძირითადი პრობლემა ყველგან და ყოველთვის ის არის, რომ ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ: ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოვლენები მათ წინააღმდეგ შებრუნდეს და მათ ტირანულ მმართველობას მოულოდნელად ბოლო მოეღოს.

ასადების კლანის წარმომადგენლები, მართალია, სირიას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდნენ, მაგრამ მათი რეჟიმი საოცრად რეპრესიული და ანტიადამიანური იყო - ამას დამასკოში და სხვა ქალაქებში არსებულ საპყრობილეებში მომხდარი საშინელი ამბებიც ადასტურებს.

ასე რომ, ფაქტი, რომლის თანახმად, ბაშარ ასადის დრამატული ტრანსფორმაცია მოხდა სირიის აბსოლუტური დიქტატორიდან სამხედრო დამნაშავემდე (იგი მართლმსაჯულებას მოსკოვში დაემალა), ერთგვარი სასწავლი გაკვეთილია იმისა, თუ როგორ შეიძლება თვალის დახამხამებაში დაინგრეს საძირკველი, რომლებსაც დიქტატურების უმრავლესობა ეყრდნობა

ბაშარ ასადის ტირანული რეჟიმის სწრაფი დამხობა გვაგონებს მსგავსი ბედის მქონე მმართველებს, მაგალითად რუმინეთის პრეზიდენტს ნიკოლაე ჩაუშესკუს, რომელსაც ამ სტრიქონების ავტორი ამავე გაზეთში აშუქებდა 35 წლის წინათ სწორედ ზამთრის დასაწყისში.

ისევე როგორც ბაშარ ასადის ტირანული მმართველობა, ნიკოლაე ჩაუშესკუს დიქტატურაც მოსახლეობაში ჩანერგილ შიშს ეყრდნობოდა, რომელსაც უშიშროების სამსახური ახორციელებდა პოლიტიკური სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად. როცა 1989 წლის დეკემბერში რეჟიმმა მეტად ვეღარ შეძლო ანტისამთავრობო პროტესტების ტალღის გაკონტროლება და წინააღმდეგობის გაწევა, „რკინის ფარდა ჩამოვარდა“: ვერტმფრენით გაქცეული ნიკოლაე და მისი ცოლი ელენე ქალაქ ტირგოვიშტეში შეიპყრეს, ტრიბუნალზე გაასამართლეს და შობის დღეს დახვრიტეს.

ბაშარ ასადმა და ესმამ, შვილებთან ერთად, მოახერხეს თავი აერიდებინათ მსგავსი ბედისათვის იმის წყალობით, რომ მათ ისარგებლეს დამასკოს სასახლის ქვეშ არსებული მიწისქვეშა საევაკუაციო გვირაბებით, სპეციალურად აგებული ამგვარი შემთხვევისათვის. მათ დამასკოს აეროპორტამდე როგორღაც მიაღწიეს, პრეზიდენტის თვითმფრინავით ჯერ ლატაკიაში ჩაფრინდნენ, შემდეგ კი მოსკოვში.

აღსანიშნავია, რომ ბაშარ ასადი გაქცევამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობას იღებდა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამიტებში, მაგალითად, ნოემბრის ბოლოს იგი სიტყვით გამოვიდა ისლამურ კონფერენციაზე საუდის არაბეთში, რაც ერთი შეხედვით, თითქოსდა მისი რეჟიმის სტაბილურ მდგომარეობას ნიშნავდა, მაგრამ თურმე მოჩვენებითი აღმოჩნდა: ერთი კვირის შემდეგ დამასკოელი „ხალიფა“ შიშმა შეიპყრო და ქვეყნიდან გაიქცა. რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინისათვის ეს ფაქტი ძალიან დიდ პირად შეურაცხყოფას და კატასტროფულ დამცირებას უდრიდა...

როცა 2015 წელს რუსეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, ვლადიმერ პუტინის მიზანი იყო არამარტო ბაშარ ასადის რეჟიმის გადარჩენა (რომელიც კრემლის ახლო მოკავშირე იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ახლო აღმოსავლეთში და რომელსაც მეამბოხე ისლამისტებისაგან დამხობა ელოდებოდა), არამედ რუსმა პრეზიდენტმა კარგად დაინახა მოსკოვის სამხედრო გავლენის გაფართოების შესაძლებლობაც: კრემლის ინტერესებში იყო ის არაბული რეჟიმები, რომლებიც ვაშინგტონთან ურთიერთობით იმედგაცრუებულნი აღმოჩნდნენ.

იმ მომენტიდან, როცა რუსი სამხედროები სირიაში შევიდნენ, ვლადიმერ პუტინმა სრულიან ნათლად მიანიშნა, რომ მოსკოვი გულუხვ ჯილდოს ელოდა ბაშარ ასადის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენისათვის. მართლაც, სირია დათანხმდა რუსეთთან ისეთი ხელსეკრულების დადებას, რომლის ძალითაც კრემლს შესაძლებლობა მიეცა სრული ტერიტორიული სუვერენიტეტი განეხორციელებინა ორ სამხედრო ბაზაზე სირიაში - ტარტუსში (სამხედრო-საზღვაო) და ლატაკიის ახლოს, ხმეიმში (სამხედრო-საჰაერო). ხელშეკრულება თავისი ხასიათით იძულებითია და თავსმოხვეული - სირიელებს ბაზების ტერიტორიაზე შესვლა სასტიკად ჰქონდათ აკრძალული: ტარტუსისა და ხმეიმის ბაზები კრემლისათვის „დედა-რუსეთის“ მცირე ნაწილი იყო ხმელთაშუა ზღვის სირიულ ნაპირზე.

რაც შეეხება ბასელ ალ-ასადის სამხედრო-საჰაერო ბაზას, რომელსაც სახელი ბაშარის უფროსი ძმის - ბასელის ხსოვნის უკვდასაყოფად ეწოდა (იგი 1994 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა), რუსებმა სირიის მმართველს სახელწოდების შეცვლა მოსთხოვეს.

მოგვიანებით აღნიშნული ბაზები სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა ვლადიმერ პუტინის ამბიციების დასაკმაყოფილებლად - მათი მეშვეობით ფართოვდებოდა მოსკოვის გავლენა რეგიონში, გადაიზიდებოდა დიდი რაოდენობით იარაღი, სამხედრო მოსამსახურეები აფრიკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც იყვნენ სუდანი და მალი.

ამრიგად, ვლადიმერ პუტინისათვის ბაშარ ასადის დამხობა არამარტო პირადი შეურაცხყოფაა (იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ძალისხმევა დაჭირდა მას 2015 წლიდან ასადის რეჟიმის გადასარცენად), არამედ მომხდარი ფაქტი კრემლის ბინადარისათვის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ კრახსაც ნიშნავს - იგი კარგავს ორ დიდ ბაზას, რომლის განვითარება-განმტკიცებაში თითქმის 20 მილიარდი დოლარი ჩაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სწრაფად დაამყარა დიპლომატიური კონტქტები სირიის ახალ ხელისუფლებასთან (რომლის წარმომადგენლებსაც რამდენიმე დღის წინ „ტერორისტებს“ უწოდებდა), მაინც არ არის ისეთი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ მომავალში რუსები ბაზების იგივე სტატუსით ისარგებლებენ, როგორიც მათ ბაშარ ასადმა მისცა. ვინ-ვინ და „ჰაიათ თაჰრის აშ-შამის“ ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ სწორედ ხმეიმის ბაზიდან აფრენილი რუსეთის ავიაგამანადგურებლები და მოიერიშეები ბომბავდნენ მათ პოზიციებს...

უფრო მეტიც - რუსეთის სამხედრო აქტივების დაკარგვა სირიაში გააძლიერებს იმ უკმაყოფილებას, რომელიც რუსულ საზოგადოებაში ღვივის და იმ ზეწოლას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა განიცდის უკრაინასთან ომში საშინელი დანაკარგების გამო (აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის შეფასებით, 700 ათასი დაჭრილ-დაღუპული და 200 მილიარდი დოლარის აუნაზღაურებელი ზარალი).

დადგება დრო, როცა რუსი ხალხი საბოლოოდ გააცნობიერებს, თუ რა დაუჯდა მას ვლადიმერ პუტინის სხვადასხვა ავანტიურა. შესაბამისად, კრემლის დესპოტისთვის გონივრული იქნებოდა, რომ კარგად შეამოწმოს, წესრიგშია თუ არა ის წესები და მარშრუტი, რომლის მიხედვით მას მოსკოვიდან გაქცევა მოუწევს.

 წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/12/11/putin-is-no-fan-of-unreliable-allies-just-ask-assad/

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати