USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება
თარიღი:  819

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ახალი წელი მოდის. დგება დრო, რომელსაც ყველა, დიდიც და პატარაც, მოუთმენლად ველით. დრო, როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს. იმედით, სიხარულით და სიყვარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა. ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. წინა წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელით სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ პარლამენტის წინ, პარასკევს, 10 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და მთელი ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით. მინდა, მოვიწვიო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რათა ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. ასე რომ, გელით ყველას პარასკევის საღამოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საახალწლო პროგრამას, თბილისის მერის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საახალწლო ღონისძიებებიც საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

„24 დეკემბერს გვინდა, საზეიმოდ გავხსნათ „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, საინტერესო ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გაიმართება. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და რაც მთავარია, თოვლის ბაბუას სახლი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო აქტივობები და კონცერტები: ზღაპრის გმირები, საბავშვო ვორქშოფები, მსვლელობები. პატარების და არამხოლოდ მათ განწყობას თოვლის ბაბუა აამაღლებს. „საახალწლო სოფელში“ მოსულ სტუმრებს ასევე, დახვდება ღია კინოთეატრი, ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და მრავალი საახალწლო ინსტალაცია.

ყოველდღიურად, ორივე ლოკაციაზე, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები გაიმართება. სადღესასწაულო დღეების განმავლობაში, ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში ტრადიციულად გაიმართება საახალწლო ბაზრობები და იმუშავებს კვების სხვადასხვა ობიექტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 7 იანვარს დიდი საშობაო კონცერტი მოეწყობა.

რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრას, თბილისის მერის განმარტებით, 31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ, გრანდიოზულ, დეკორირებულ სცენაზე გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე, მათ შორის, სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები და ორკესტრი. გაჟღერდება ცნობილი ქართული სასიმღერო კომპოზიციების ახლებურად გაორკესტრებული ვერსიები.

„აღსანიშნავია, რომ საახალწლო პროექტში რამდენიმე ათასი ადამიანი იქნება ჩართული და დასაქმებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის გამო დაზარალებული მოქალაქეებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანებს. მინდა, იცოდნენ, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა. მესმის, რამდენად რთული და მძიმე პერიოდი გამოიარეთ. მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, რომ იყოს საინტერესო პროგრამები, რათა არ გაჩერდეთ და გააგრძელოთ საქმიანობა თქვენი მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების გათვალისწინებით განხორციელდება.

„მოგიწოდებთ, დავიცვათ წესები და ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. დაცვის ყველაზე კარგი შესაძლებლობა არის პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ყველა უნდა ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ეკონომიკა
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.