USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
дата:  561

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

როგორც მან ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, საარჩევნო კამპანიის დროს მუნიციპალიტეტმა შვიდი ძირითადი მიმართულება განსაზღვრა, რომელიც ქალაქის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, საზოგადოებას წარვუდგინეთ შვიდი ძირითადი მიმართულება, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ, მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე და მიგვაჩნია, რომ ვალდებული ვართ, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა საზოგადოებას ძირითადი პოლიტიკების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ რამდენიმე ანგარიში უკვე წარუდგინა.

„ვისაუბრეთ ურბანული პოლიტიკის მიმართულებაზე, სადაც ძირეული რეფორმები გატარდა. ქალაქში წერტილი დავუსვით ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა; ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა; გარემოს დაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი პრინციპული და სენსტიური თემაა, რადგან საქმე ეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მწვანე სივრცეების შექმნას; ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და თანხობრივად ძალიან კარგად ჩანს დედაქალაქის ბიუჯეტში. ეს იყო ერთადერთი სფერო, რომლისთვისაც არცერთი თეთრი არ მოგვიკლია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა.

„ჩვენ ხშირად გაგვიგონია, რომ ჩვენი მომავალი სწორედ განათლებულ, საკუთარი ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნე, სპორტში აქტიურად ჩართულ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ახალგაზრდების ხელშია. მე პირადად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას და მიმაჩნია, რომ ეს არის ის ფორმულა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს გადაარჩენს. დღეს ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რადგანაც მაქვს შესაძლებლობა, გესაუბროთ იმ სამუშაოებზე, რომელიც დედაქალაქში, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის სახით განვახორციელეთ. დამეთანხმებით, შეუძლებელია ვისაუბროთ თანამედროვე, ევროპულ, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის კომფორტულ, საინტერესო ქალაქზე, თუ სათანადო ადგილი არ უკავია განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის ხელშეწყობას. ცალკე საკითხია ის, რომ კულტურულად ისეთ მდიდარ, უამრავი მსოფლიო დონის სპორტსმენის, ხელოვანისა და მეცნიერის მშობელ ქალაქში, თუ აღნიშნული მიმართულებების ხელშეწყობაზე არ ვიზრუნებთ, მართლაც დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალურად თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, 2018-2021 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტმა განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელა - სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დაფინანსებისთვის ბიუჯეტი გაორმაგდა და დაფინანსება ჯამში, 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო. მათ შორის, 1 400 მაგისტრანტია.

„გასულ წელს პანდემიამ დაგვანახა, რომ გაცილებით მეტი აღმოჩნდა ის სტუდენტი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ამიტომაც პროგრამა შევცვალეთ. სოციალური ქულები 70 000-დან 150 000-მდე ავწიეთ და ბიუჯეტი გავაორმაგეთ. ამჟამად, 5 000-მდე სტუდენტმა მიიღო დახმარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ წარმატებულ ახალგაზრდას, რომელიც სწავლას ამთავრებს და სამაგისტრო ეტაპზეა. მერიის სტიპენდია ასევე, 1 400-მდე წარმატებულმა მაგისტრანტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამაც - „ისწავლე და დასაქმდი“. ჩვენ მოვახდინეთ კვლევა, თუ რა პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი და სწორედ ამას მოვარგეთ სწავლის პროცესი. შედეგი ძალიან შთამბეჭდავია. პროგრამაში ჩართული მოქალაქეების 80% დასაქმებულია. ჯამში კი, 4 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს. დაფინანსება აქაც გავაორმაგეთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერის თქმით კი, პროგრამით - „ისწავლე და დასაქმდი“ კმაყოფილია, როგორც კურსდამთავრებული, ასევე, დამსაქმებელი.

„ძალიან აქტუალური თემაა ის, რომ დამსაქმებელი ეძებს კადრს და ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს. ასევე, ბევრი ადამიანია, ვინც ვერ პოულობს შესაბამის სამსახურს და ძიებაშია. შესაბამისად, მინდა ვუთხრა მათ, ახლგაზრდებს, არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლება, არამედ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებაც. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით ზუსტად თუ რა მოთხოვნებია. ამ პროგრამის მეშვეობით ვამზადებთ მათ, რომ შეძლონ კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება გაუმარტივდეთ. ამით დამსაქმებელიც კმაყოფილია და ახალგაზრდებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და ის, რომ შესაბამისი სერვისები დედაქალაქის სხვადასხვა უბანშია ხელმისაწვდომი.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 5 000-მდე მოსწავლე/ახალგაზრდაა ჩართული. აქედან 1 200-მდე ახალგაზრდა უსასყიდლოდ იღებს სერვისს. გაუმჯობესდა სასწავლო და სამუშაო გარემო, დაინერგა ახალი სერვისები, დაიწყო სასახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერვისების მიწოდება ყველა უბანში თანაბრად გვქონდეს. ამისთვის გვაქვს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალი. ეს ცენტრები სავალალო მდგომარეობაში იყო. უკვე მოვახდინეთ ორი ფილიალის რეაბილიტაცია. მომავალში ყველა ცენტრის რეაბილიტაციაა დაგეგმილი“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს სახელოვნებო სკოლების მიმართულებითაც და მსგავს სკოლებში 2 630 სოციალურად დაუცველი მოსწავლე უფასოდ სწავლობს.

„დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ფუნქციონირებს 34 სახელოვნებო სკოლა. 2 630 სოციალურად დაუცველი მოსწავლე სრულიად უფასოდ სწავლობს. გარდა ამისა, ფინანსდება 600-ზე მეტი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე. ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობების შენარჩუნების მიზნით, ფინანსდება 700-ზე მეტი მოსწავლე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

გარდა ამისა, ანდრია ბასილაიამ მუზეუმების განახლების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2018-2021 წლებში, თბილისში ოთხი მუზეუმი რეაბილიტირდა. კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონის, კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმები და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაიხსნება ილია ჭავჭავაძის ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი. უკვე გამოსყიდულია მერაბ-კოსტავას სახლ-მუზეუმის შენობა, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება.

„ჩვენი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ნაწილი, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში იყო კერძო საკუთრებაში და შარშან დეკემბერში დავასრულეთ გამოსყიდვის პროცესი. ახლა მიმდინარეობს პროექტირება და მომავალ წელს, მერაბ კოსტავას ექნება ისეთი მუზეუმი, როგორსაც ის იმსახურებს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, დაწყებულია ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე, ილია ჭავჭავაძის მეორე, ე.წ. პატარა სახლ-მუზეუმის კვლევა-პროექტირება, რათა მომავალში მისი რეაბილიტაციაც განხორციელდეს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მუზეუმების გაერთიანება დაუბრუნდა სამუზეუმო საქმეს და სხვადასხვა სამუშაო ხასიათის შეხვედრას ატარებს, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა ერთვება. გარდა ამისა, გამოსცა არაერთი საერთაშორისო გამოცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ანგარიშის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში მულტიფუნქციური სივრცეები შეიქმნება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის სხვადასხვა უბანში თანაბარი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

„პარკებისა და სკვერების მოწყობისას ჩვენი კონცეფცია ასეთია - ყველა სპორტული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში მოექცეს. ეს იქნება საცურაო აუზი, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, საჭიდაო დარბაზები და სხვა. მსგავსი ადგილებით ყველა თაობის ადამიანმა უნდა ისარგებლებს. ადრე იყო ტენდენცია, რომ სპორტით მხოლოდ ახალგაზრდები ინტერესდებოდნენ. ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ყველა რაიონში, უბანში მულტიფუნქციური სივრცეები უნდა შეიქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც საქმიანობას შევუდექით, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებდა. ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ. 2018-2021 წლებში, თბილისში აშენდა სამი სპორტული ცენტრი; განთავსდა 400-მდე გარე გამოყენების სატრენაჟორო სივრცე; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500-ზე მეტ სპორტულ მოედანს; რეაბილიტირდა რვა სახელოვნებო სკოლა და შვიდი სპორტული ცენტრი; ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა ექვსი სპორტული ცენტრი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„აღსანიშნავია, რომ ორი დიდი ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას ვასრულებთ. ასევე, მთაწმინდის სპორტული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილსა და დიდი დიღომში ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცოტნე დადიანის ქუჩაზე კი, სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ახლო მომავალში დაგეგმილია სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წყნეთის გზატკეცილზე ფეხბურთის დახურული, ხელოვნურსაფარიანი მოედანი აშენდება. „მზიურში“ მდებარე ფეხბურთის მოედნის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ასევე, მოხდება ქალთა და შშმ პირების გუნდების/კლუბების ხელშეწყობა. ამ პროგრამის ფარგლებში, მათ შევუძენთ ეკიპირებას, ვუქირავებთ სივრცეებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცხოვროს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ პანდემიის პირობებში, კულტურის სფეროს მხარდასაჭერად, თბილისის მერიამ დამატებით, ერთი მლნ ლარი გამოყო.

„პანდემია იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, ხოლო კულტურა იყო ის სფერო, რომელმაც დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენ მაშინ ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ და მივხვდით, რომ მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ხელშეწყობა არ შეჩერებულიყო. მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იმის ფონზე, როცა პრაქტიკულად ყველა პროგრამის შემცირება მოგვიხდა, კულტურის დაფინანსების პროგრამას დავუმატეთ ერთი მლნ ლარი. მთელი წლის განმავლობაში, ვაფინანსებდით სხვადასხვა ღონისძიებას. ასევე, გავამარტივეთ წესი, რათა შეგვძლებოდა პანდემიის პირობებში ღონისძიებების ჩატარება - ეს იყო პირდაპირი ჩართვები, ვირტუალური ღონისძიებები. მთავარი იყო, რომ კრეატიული პროცესი და ღონისძიებები არ შეჩერდა და ათასობით არტისტმა შეძლო, გაეკეთებინა პროექტები და მიეღო გარკვეული დაფინანსება“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში, როდესაც საზოგადოებას სახლში, იზოლაციაში ყოფნა უწევდა, დისტანციურ ფორმატში განხორციელდა სხვადასხვა სახის ვიდეოსწავლება და სპორტული აქტივობები.

გარდა ამისა, როგორც ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, საკლუბო ცხოვრება, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, პანდემიის პერიოდში დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.

„იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გამო დახურული იყო კლუბების შიდა სივრცეები, მივაღწიეთ შეთანხმებას შრომის ინსპექციის სამსახურთან, რის შედეგადაც ბევრმა შეძლო და ზაფხულის განმავლობაში, ღონისძიებები ღია სივრცეში ჩაატარა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ამასთან, პრეზენტაციაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბარებისა და რესტორნების ხელშეწყობისთვის.

„ის რესურსი, რომელიც გამოინახა, გარკვეული შვება იყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ამ მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати