USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
დედაქალაქის მერი „თეგეტა ჰოლდინგის“ მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსის გახსნას დაესწრო
თარიღი:  

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის ქუჩაზე „თეგეტა ჰოლდინგის“ მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსის გახსნას დაესწრო.

კახა კალაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პირველ რიგში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

„ყველა, ვისაც უხარია ქვეყნის განვითარება და წინსვლა, ბედნიერი და გახარებულია. კიდევ ერთხელ ყველას, სრულიად საქართველოს ვულოცავ და უნდა გავაგრძელოთ ეს გზა ევროპისკენ, სხვანაირად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ეს პროექტიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ევროპა, თბილისი არის ევროპული ქალაქი. მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით ადამიანს ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, თემურ კოხოძეს და ქვეყნის განვითარებაში ბიზნეს სექტორის როლზე ისაუბრა.

"შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სერვის-ცენტრი არის. ყველაფერია გათვალისწინებული, მათ შორის სწრაფი დამტენები ელექტრომობილებისთვის, რაც ძალიან მიხარია. ჩვენ, თბილისის მერია, მუნიციპალიტეტი ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების პოპულარიზაციას, რათა მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ პროექტის ფარგლებში. ზოგადად, ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ბიზნესი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დოვლათის შექმნას. მინდა იცოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, რომ საქართველოს ხელისუფლების, თბილისის მერიის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დაასაქმოთ და მეტი დოვლათი შექმნათ ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით მოემსახურება. კომპლექსში მომხმარებელი მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო სრული სერვისის მიღებას შეძლებს, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. სერვისცენტრი ითვალისწინებს მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის საჭიროებებს. მეტი ხელმისაწვდომობისთვის ხუთი დამტენი განთავსდა შოურუმის ეზოში. „თეგეტას“ ახალ კომპლექსში გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის საკითხი და შენობების სახურავებზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული. აღნიშნული პანელები წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც სერვისცენტრის საქმიანობისთვის საჭირო ენერგიის 75%-ზე მეტია. განახლებული სერვისცენტრი ასევე აღჭურვილია CO2-ის დეტექტორებით, რომლის დახმარებით, დაქოქილი ავტომობილებისგან გამოყოფილი გამონაბოლქვის მომატებისთანავე, ტექნიკური გამწოვები უფრო მძლავრად ამოქმედდება.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის