USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
თბილისი
დავით ზურაბიშვილი: თუ რეალურად გსურთ ნაც-ქოცობის დასრულება, აუცილებლად წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით რომელიმე ოპოზიციურ პარტიას.
თარიღი:  1175
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელსაც იმ ამომრჩეველს უძღვნის, ვისაც დღემდე ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა. გთავაზობთ პოსტს, რომელიც ჩვენის აზრით, საინტერესო ანალიზს მოიცავს.
 
"წინამდებარე პოსტი განკუთვნილია იმ მოყოყმანე ამომრჩევლისთვის, რომელიც არ არის ფაშისტი და რომელსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, ეშინია სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნების და არ ჯერა ნაცების მხრიდან არანაირი დაპირების.
პატივცემული ქალბატონებო და ბატონებო.
რვა წელი გავიდა მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობა აღარაა ხელისუფლებაში და ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი.
ამ ხნის მანძილზე რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ რჩება ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ ძალად, რომელსაც ჰყავს ასეულათასობით მხარდამჭერი, არის ფაქტი, რომლის უარყოფა შეუძლებელია.
მე არ ვარ ნაცმოძრაობის ამომრჩეველი, აბსოლუტურად არ მაქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნდობა და არც ამ არჩევნებში ვაძლევს მას ხმას.
მაგრამ მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ რეალისტი და კარგად მესმის: რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, ნაცმოძრაობა და მისი ამომრჩეველი არ აორთქლდება, არ გაქრება და არ აღიგვება პირისაგან მიწისა. მასობრივი რეპრესიები ამდენი ადამიანის წინააღმდეგ გამორიცხეთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ უსასტიკესი დიქტატურის პირობებში, რისი რესურსიც ამ ქვეყანაში ობიექტურად არ არის როგორც საზოგადოებრივი განწყობების, ისე საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით.
ნაცების დამარცხება ("დასრულება", "რადარებდან გაქრობა" და ა. შ.) ამ ხელისუფლებამ რვა წლის მანძილზე ვერ შეძლო სრულიად ელემენტარული მიზეზის გამო: წინა ხელისუფლების მომხრეებს აერთიანებთ და კრავთ წარსულის (ცხრაწელის) მიმართ ემოცია და არა რაიმე კონკრეტული იდეა ან იდეოლოგია. ამ ხალხს სააკაშვილის ხელისუფლებამ გაუჩინა ქვეყნის აღმშენებლობაში თანამონაწილეობის განცდა. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიდაოთ და ვიკამათოთ ნაცების პოლიტიკაზე, შეგვიძლია უსამართლო ჩაგვრის და დანაშაულებრივი ქმედებების არაერთი მაგალითი მოვიყვანოთ, მაგრამ ამ ემოციურ განცდას ძვრას ვერ ვუზამთ, ვერ შევარყევთ და ვერ შევცვლით. ამას არ უშველის არც კასრების კადრები, არც რეპრესიების ცოცხალ მოწმეთა ნაამბობი და საერთოდ არანაირი პროპაგანდა.
და ასე ხდება არა იმიტომ, რომ ნაცები არიან არაადამიანები და მხეცები, არამედ იმიტომ, რომ წარსულიდან გამოყოლილი დადებითი ემოციიის გაუარყოფითება არის პრინციპულად შეუძლებელი. ეს დაახლოებით ის ვარიანტია, საკუთარი ახალგაზრდობა ყველას რომ ტკბილად აგონდება, მიუხედავად იმისა, თუ რა წყობა იყო მაშინ და რა სისტემა. პირადად მე ასე დადებითად მაგონდება ეროვნული მოძრაობის პერიოდი, 1988-90წწ. როცა განცდა იმისა, რომ ვმონაწილეობ გრანდიოზულ ისტორიულ მოვლენაში და ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე საბჭოთა იმპერიის ნგრევის პროცესისა, მთლიანად ფარავდა ყველა იმ ნაკლს და მინუსს, რაც ამ მოძრაობას ჰქონდა. არადა ჰქონდა და თან არაერთი.
ზუსტად იგივე ემოციური ბმა აქვთ ამჟამინდელ ნაცებს სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობასთან, ამიტომ მათ დამუნათებას არა აქვს არანაირი აზრი. ამ ემოციას ვერ წაშლი ვერც დაშინებით, ვერც ციხით და ვერც მოსყიდვით. აქედან გამომდინარე, იმის იმედად ყოფნა, რომ აი ახლა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს ბიძინა და იმედგაცრუებული ნაცები აორთქლდებიან, არის ფუჭი და ამაო.
ნაცების ფაქტორის უკანა პლანზე გადასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ხელშესახებ პროგრესს, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ცხოვრების დონის შესამჩნევად ამაღლებას, როცა წინსვლა იმ ცხრაწლიან პერიოდთან შედარებით იქნება ყველასთვის თვალსაჩინო. ამის გამკეთებელი რომ ბიძინა და მისი კამანდა თავისი კობახიძე-მდინარაძეებით არ არის, მგონი ყველამ კარგად ვიცით. რვა წელია ეს "დროშა-ვერ-დაკიდენ" ხელისუფლება გვყავს და რისი შემძლეა და რისი თავისმომბმელი, კი ვხედავთ. მით უმეტეს ახლა, როდესაც პანდემიის მძიმე სოციალ-ეკონომიკური შედეგები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ: ამ ხელისუფლების გამარჯვება არჩვენებში არათუ ვერ უზრუნველყოფს "ნაცების დასრულებას", არამედ პირიქით, მხოლოდ გაამყარებს მათი, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს და მეტიც, პანდემიის კრიზისით გამწვავებული და გადაუჭრელი პრობლემების ფონზე ნაცმოძრაობის რეიტინგი ხელისუფლების უუნარობის გამო მხოლოდ მოიმატებს.
ერთგვარი ბედის ირონია არის იმაში, რომ ნაცების შიშით ოცნებას ვინც ირჩევს, ის რელურად ნაცებს კი არ ასუსტებს (რადგან მათ მომხრეები ამით არ აკლდებათ), არამედ ფაქტობრივად აძლიერებს, მაგრამ მოვლენათა ლოგიკა სწორედ ამაზე მიგვითითებს.
ხოლო ერთადერთი შანსი, რომელიც ნაცების რევანშის შესაძლებლობას სრულად გაანეიტრალებდა, არის კოალიციური ოპოზიციური ხელისუფლება, რომელშიაც შესაძლოა ნაცებსაც ჰქონდეთ წილი, ოღონდ საკონტროლო პაკეტის გარეშე.
რატომ კოალიციური? იმიტომ რომ არცერთ პარტიას არა აქვს დღეს საიმისო რესურსი, რომ მარტო გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს; იმიტომ რომ არცერთ პარტიას ცალკე აღებულს არ შეუძლია სამოქალაქო თანხმობის და მშვიდობის უზრუნველყოფა; იმიტომ, რომ ასეთი ხელისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის კრიზისის დროს, როდესაც ჩვენ ყველას, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიებისა, გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და კონსტრუქციული ურთიერთობები პოლიტიკურ ძალებს შორის და არა დაპირისპირებები და კონფრონტაცია.
ასეთი თანამშრომლობის გარანტია კი სწორედ კოალიციური ხელისუფლება შეიძლება იყოს. ოცნების დარჩენის შემთხვევაში კონფრონტაცია, ნერვების გლეჯა და გაიწი-გამატარე პრაქტიკულად გარდუვალია.
არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად შევძელი ჩემი სათქმელის გადმოცემა, მაგრამ არსი ისაა, რომ თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ ხელისუფლებას მიცეთ ხმა თუ ვინმე სხვას, ან საერთოდ ფიქრობთ წახვიდეთ თუ არა, აუცილებლად უნდა წახვიდეთ და ხმა მისცეთ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. არჩევანი დიდია: არის ევროპული საქართველო, არის ვაშაძის სტრატეგია "აღმაშენებელი", არის გირჩი, ანუ არიან პარტიები რომლებიც არ აპირებენ სააკაშვილის მხარდაჭერას, და თუ ნაცმოძრაობიდან წამოსული პოლიტიკოსების არ გჯერათ, არანაცური წარმომავლობის პარტიებიც საკმაოდაა: ლელო, ლეიბორისტები, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები, ჭიჭინაძის ტრიბუნა, კახა კუკავა, და, თუ ცოტას წაურუსეთუმებთ, ნინო ბურჯანაძე მთელ დანარჩენ პრორუსულ სპექტრზე გაცილებით კვალიფიციური ფიგურაა.
გასაგებია რომ იდეალური არცერთი არაა (მეც არ მომწონს მასე არავინ), მაგრამ პოლიტიკური კომპეტენტურობის და თანამშრომლობის პოტენციის თვალსაზრისით ქართულ ოცნებას ყველა მათგანი მთელი თავით აღემატება და თუკი რამე გვჭირდება ჩვენ დღეს, ეს არის სწორედ კომპეტენტურობა და თანამშრომლობა.
ასე, რომ თუ რეალურად გსურთ ნაც-ქოცობის დასრულება, აუცილებლად წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. თუ თქვენთვის სასურველი პარტია ვერ იპოვეთ, რომელიც ყველაზე ნაკლებად არასასურველია იმას მიეცით ხმა.
ოღონდ კი აუცილებლად წადით!
ოღონდ კი აუცილებლად აირჩიეთ! "
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის