USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
დავით ვაშაძე: თუ ადამიანი მიიღებდა ისეთ მცენარეულ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფდა ალკოჰოლის სრულფასოვან დაშლას, მას პრაქტიკულად არ ჰქონდა ე.წ. ნაბახუსევი და სიმთვრალეც იყო მსუბუქი
дата:  4585

ფიტოთერაპიას საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დიდი ისტორია აქვს.  მცენარეების გამოყენებას, როგორც მკურნალობის, ასევე  პროფილატიკის, თუ ჰიგიენისთვის ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, რასაც ადასტურებს ძველი ჩანაწერები და  შემონახული მასალა.

ექიმი ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც ბოლო ათწეულებში საქართველოში ფიტოთერაპიის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ბუნება საუკეთესო მკურნალია,ამბობს ბატონი დავითი და ფიტოთერაპიასთან დაკავშირებულ იმ კითხვებზე გვპასუხობს, რაზეც  ჩვენს საზოგადოებაში ტრადიციულად დიდი ინტერესი არსებობს. 

- ბატონო დავით, ფიტოთერაპიას საქართველოში საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. რა სპეციფიკით გამოირჩევა მისი განვითარება  საქართველოში?

- საქართველოში ფიტოთერაპიის  დიდ ისტორიას ადასტურებს  სამკურნალო მცენარეების  და მკურნალობის მეთოდების შესახებ შემონახული უძველესი ხელნაწერები. იმის მიუხედავად, რომ ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ  და  რევოლუციის პერიოდში, ასევე კომუნისტური რეჟიმის დროს, როდესაც კანონმდებლობით იყო აკრძალული ხალხური მედიცინა და  მიზანმიმართულად განადგურდა ბევრი ხელნაწერი, მაინც შემოგვრჩა ლიტერატურა, სადაც აღწერილია მკურნალობის სპეციფიკა, დიაგნოზის დასმა, სამკურნალო მცენარეების დამზადება და მათი გადამუშავება სამკურნალო თვალსაზრისით, რაზეც განვითარდა ქართული კლასიკური მედიცინა, რომელიც მკურნალობის სტრატეგიით და სამკურნალო მცენარეების გამოყენებით, რადიკალურად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან. გეოგრაფიულ არეალებს და ქვეყნებს შორის   ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ხელს უწყობდა მაშინდელი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, პრაქტიკულად არ არსებობდა ნედლეულის დეფიციტი. საჭიროების მიხედვით მრავალი სამკურნალო მცენარე შემოდიოდა საქართველოში და ასევე  ჩვენგანაც დიდი რაოდებობით გადიოდა ისეთი მცენარეები, რაც ენდემურად მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული, თუმცაღა ყველა ქვეყანაში მეტ -ნაკლებად არსებობდა მათთვის  დამახასითებელი მცენარეთა ენდემური სახეობები. ინფორმაციის გაცვლა მოიცავდა, როგორც ლიტერატურას, ასევე  სამკურნალო მასალის და რეცეპტების ურთიერთ გაზიარებას. ძველად თბილისში  შეიძლებოდა აფრიკული, ჩინური თუ ინდური მცენარეული მასალის ყიდვა, რაც მოგვიანებით აიკრძალა. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს  ქართული სამედიცინო ლიტერატურა, რომელიც არა თუ ჩამოუვარდება ჩინეთში, კორეაში, თუ რუსეთში შემონახულ ლიტერატურას, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ შეუფასებელია მთელ მსოფლიოში.  ეს არის  ზაზა ფანასკერტელ - ციციშვილის “სამკურნალო კარაბადინი”, ხოჯაყოფილის “კარაბადინი” , ასევე  წიგნი სააქიმოი”. ამას გარდა არის  სხვადასხვა  ძველი ავტორების მიერ შექმნილი ხელნაწერები, რომლებიც ჩამოყალიბდა კარაბადინებად და ინტენსიურად გამოიყენებოდა მედიცინაში.   ჩვენ გვაქვს უნიკალური ქართული ხალხური მედიცინის მუზეუმი, რომელიც განახლდა და შეივსო უნიკალური მასალით პროფესორ რამაზ შენგელიას დიდი ძალისხმევით, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს არ აქვს ინფორმაცია ამ მუზეუმის შესახებ. მუზეუმში თავმოყრილია უნიკალური სამედიცინო მასალები, დაწყებული პალეოლითის პერიოდიდან დღემდე, დაცულია უნიკალური სამედიცინო ხელსაწყოები, ქირურგიული ინსტრუმენეტები, რითიც კეთდებოდა მსოფლიოში იმ დროისთვის  განუმეორებელი ქირურგიული მანიპულაციები, რაც დადასტურებულია არტეფაქტებით და ლიტერატურული ჩანაწერებით.  ძველ საქართველოში მაღალ დონეზე იყო განვითარებული მედიცინის  ბევრი მიმართულება, უპირველესად, კი - ქირურგია. ეს ამოუცნობი ფენომენია მთელ მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს  არტეფაქტები - ტრეპანირებული  თავის ქალები. როგორც სჩანს, თავის ტვინზე მიღებული ტრავმების ან არსებული დაავადებების გამო,  წარმატებით ხდებოდა მათი მკურნალობა ქირურგიული მეთოდით. 

სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში მიზანმიმართულად ხდებოდა სამკურნალო ლიტერატურის განადგურება. ეს პერიოდი ნაწილობრივ აღწერილია 90 -იან წლებში ჟურნალ “მნათობში”, სადაც  გამოქვეყნდა წერილი “ჟამი ნგრევისა.” მასში  აღწერილი იყო, თუ რამდენი ხელნაწერი დაიწვა და განადგურდა საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის დროს გასული საუკუნის 20-იან წლებში.

მსოფლიოში რამდენი მილიონის სახეობის მცენარეა, ამისი დათვლა შეუძლებელია. არის მცენარეები, რომლებიც  გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და მცენარეები - ენდემურად გავრცელებული კონკრეტულ ქვეყნებში. ენდემური მცენარეების გამოყენება  სხვადასხვა დაავადებების დროს, რომელიც ჩვენთან ეფექტურია, სხვაგან იგივე ეფექტით შესაძლოა არ იყოს გამორჩეული, თუმცა არსებობს  ბევრი მცენარე, რომელთაც ერთი და იგივე გამოყენება აქვთ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, მაგრამ განსხვავებულია მიდგომა, დიაგნოზის დასმა, მკურნალობის სპეციფიკა.

-  რამდენად არის დაკავშირებული ფიტოთერაპია ამა თუ იმ ქვეყნის, ერის გენეტიკურ ხასიათთან ან  მენტალურ განვითარებასთან?

- ეს კავშირი რა თქმა უნდა არსებობს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ  ყველა ქვეყანაში  ცხოვრების სხვადასხვა წესი და დაავადებების სხვადასხვა სახეობებია გავრცელებული, შესაბამისად,  განსხვავებულია სამკურნალო მცენარეების  და მკურნალობის მეთოდების მიდგომა.  საქართველოში  ყოველდღიური ყოფიდან გამომდინარე  ხშირი იყო  ტრავმები, ჭრილობები, თუნდაც ამიტომაც არის შემორჩენილი  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში  უნიკალური სამკურნალო მალამოები და ხსნარები, რომელთა დამზადება სტანდარტული რეცეპებით თაობიდან თაობას გადაეცემოდა, სამწუხაროდ, ბევრი უნიკალური რეცეპტი დაკარგულია, თუმცა  შემოგვრჩა  განუმეორებელი თვისებების ბევრი მალამო, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, მათ შორისაა თურმანიძის მალამო. კომუნისტების პერიოდში თურმანიძის მალამოს წარმოება  იდევნებოდა, რადგან მას არატრადიციულ მედიცინას მიაკუთვნებდნენ.   

მსოფლიოში არსებული ყველა მედიკამენტის საწყისი არის მინერალი ან მცენარე, რომელიც გადამუშავებულია და მიცემული აქვს სასაქონლო სახე. სხვაგვარად დედამიწაზე წამალი ჯერ არ შექმნილა. საქართველოში ოდითგან  იყო გამორჩეული ფარმაკოლოგია. დღემდე სპეციალისტების გაკვირვებას იწვევს, როგორ იყო შესაძლებელი განსწავლის ასეთი დონე  ფარმაკოლოგიაში, რაც ძველ საქართველოში არსებობდა.  

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ ქიმიური წამალი ცუდია და მცენარეული წამალი - კარგი. ფიტოთერაპია არის  ერთ-ერთი  მიმართულება მედიცინაში, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ბევრი დაავადებების განკურნება გვერდითი მოვლენების გარეშე, უფრო მარტივად, ვიდრე ქიმიური მედიკამენტით. არის დაავადებები, რომელსაც სამკურნალო მცენარეებით ვერ უმკურნელებ, მაგალითად სეფსისს, ეს დროის დაკარგვა იქნება, მაგრამ არის დაავადებები,  როდესაც ქიმიური მედიკამენტებს იყენებ და რაღაც პრობლემის გამო  ხდება ორგანიზმის კატასტროფული ინტოქსიკაცია, ასეთ დროს მცენარეული საშუალებები უკეთესი და ეფექტურია.  

- რამდენად მდიდარია საქართველო  სამკურნალო მცენარეებით? არის მცენარეები, რომელიც დროთა განმავლობაში „გადაშენდა“ ან პირქით,  თუ არის ისეთი სახეობები, რაც ბოლო წლებში გაჩნდა?  

- საქართველოში სამკურნალო მცენარეების სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია, უფრო მეტიც ჩვენ გვაქვს მცენარეები, რომელთაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე, ისევე როგორც საქართველოში, ასევე  მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული მცენარეები: კრაზანა, თავშავა, გვირილა, ფარსმადუკი, ფითრი, ვარდკაჭაჭა, შავბალახა, ვალერიანი და სხვა მრავალი სახეობები, ჩვენთან განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა, სხვა ქვეყნებთან შეადრებით.

არის მცენარეების კატეგორია, რომელიც გადაშენდა, არის ისეთებიც, რომელთა გამოყენების  შესახებ  უკვე აღარ გვაქვს ინფორმაცია. ისინი არსებობს, მაგრამ დაკარგულია მათი სახელები და მათი იდენტიფიცირება რთულია. საკმაოდ  დიდ ინფორმაციას იძლევა ვახუშტი კოტეტიშვილის  რედაქტორობით გამოცემული “წიგნი სააქიმოი”, და 40 - 50 იან წლებში გამოცემული ალექსანდრე მაყაშვილის “ბოტანიკური ლექსიკონი”, სადაც განმარტებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების სინონიმები, ასევე რუსულ -ქართული შესატყვისები. ძალიან ბევრი მცენარის სახელი დაკარგულია იმის გამო, რომ ძველ საქართველოში მას სხვა სახელით მოიხსენებდნენ, თანამედროვეობაში კი მათ სხვა სახელები აქვთ. ძველი წყაროებით, ძალიან ბევრ წამალში გამოიყენებოდა მცენარე სახელად სანანებელი, რომელიც დღეს უცნობია. შესაძლოა ეს მცენარე დღესაც არსებობს, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია აღარ გვაქვს.  

სამედიცინო სასწავლებლებში გარკვეულწილად ისწავლება  ფიტოთერაპია, ფარმაკოლოგია, ფარმაკოგნოზია. თუ სტუდენტი მოისურვებს შეუძლია ეს საგნები ისწავლოს მაღალ დონეზე, რადგან იმის მიუხედავად,  რომ ხალხური მედიცინის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული, კომუნისტურ პერიოდში მაინც ხდებოდა სამკურნალო მცენერეების და მინერალების ბიოქომიური შესწავლა და მათი  გამოყენება.  ამ თემებზე მუშაობდნენ კათედრები, კვლევითი ინსტიტუტები, როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე უცხოეთშო. არსებობდა იმდენად კარგი შედეგები, რომ  მთავრობა იძულებული იყო თვალი დაეხუჭა, ჯანდაცვა ვერ აუვლიდა გვერდს იმ უნიკალურ, ფაქტობრივ შედეგებს,  რომელიც გამოიყენებოდა ქართულ მედიცინაში.  

საქართველოში გვაქვს ფარმაკოქიმიის კვლევითი ინტიტუტი, რომელიც დაარსა აპოლონ ქუთათელაძემ..ამ ინსტიტუტში ხდება მცენარეების  შესწავლა ფუნდამენტურად,  შეისწავლება მათი გავრცელების არეალები, გამოყენებითი რესურსი,  ხდება მათი ბიოქიმიური ანალიზი და ახალი  მედიკამენტების შექმნა მცენარეული ნედელულის ბაზაზე. სამწუხაროდ, 90 იანი წლების შემდეგ ამ დარგმა განიცადა კატასტროფული ვარდნა,ათეული წლებია ახალგაზრდები თითქმის აღარ მიდიან ამ სფეროში, რადგან კომერციულად მომგებიანი არ არის.    

- საქართველოს რომელი რეგიონებია განსაკუთრებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებით?

- საქართველოს ყველა კუთხე უნიკალურია  სამკურნალო მცენარეების შესაბამისი სახეობების  არეალებით და გავრცელებით.   მაგალითად, კახეთში მოდის მცენარე “მრგვალი წამალი”, რომელიც უნიკალურია მთელ მსოფლიოში და სხვაგან არსად არსებობს.  ის ძალიან ეფექტურად გამოიყენებოდა  ტუბერკულიოზის და სხვა დაავადებების დროს. ასევე  კახეთში მოდის  ერთ- ერთი საუკეთესო ხარისხის კრაზანა ბალახი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება ფარმაკოლოგიაში.  კრაზანა ბალახი შეიცავს იმანინს, რომელიც საუკეთესოა ჭრილობის უნაწიბურო შეხორცებისთვის. კრაზანას ენდემური სახეობა  არის მესხეთ -ჯავახეთშიც.  მას ეწოდება თეთრობის  კრაზანა, იგი კრაზანა ბალახის  ერთ-ერთი ეფექტური სახეობაა.

გარდა ბალახოვანი მცენარეებისა, საუკეთესო სამკურნალო თვისებები აქვს  ჩვენს ხე -მცენარეებსაც: მუხა, რცხილა, კოპიტი, თელა, იფანი, ძმერხლი, ტირიფი, ძახველი, იფანი, კუნელი, საქართველოში გვაქვს არყის სამი ენდემური სახეობა, ასევე  ხაზგასასმელია  კურკოვანი ხეები,  ტყემლის და ქლიავის სახეობები, რომლებიც  ტანზე  გამოყოფს ჟელესმსგავს მასალას, რომელიც გამოიყენებოდა  წამლის შემკვრელად. ხილის კულტურული ჯიშებიდან  ასევე  ძალიან აქტიურად  გამოყენება კოწახურის ფესვი და ფოთოლი, ატმის, ვაშლის, ტყემლის  ნაყოფი და ფოთოლი, აღარაფერი რომ არ ვთქვათ, კომშის ფოთოლზე, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს.

 - როგორც ცნობილია, არსებობს მცენარეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს  ადამიანმა სუფრასთან ალკოჰოლის მიღებამდე, რომელიც ხელს უშლის თრობას.

- არსებობს  მცენარეები,  რომლებიც ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციურ რეაბილიტაციას.  საჭმლის მომნელებელი სისტემა მნიშვნელოვნად  დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციონირებაზე, რომ მან ფერმენტულად  გამოყოს ისეთი ნივთირება, რაც ორგანიზმს დაეხმარება ალკოჰოლის, ცხიმის, ცილის ადვილად გადამუშავებაში. თუ ადამიანი მიიღებდა ისეთ მცენარეულ  საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფდა ალკოჰოლის  სრულფასოვან  დაშლას და მის დროულ გამოყოფას ორგანიზმიდან, ადამიანს პრაქტიკულად არ ჰქონდა ე.წ. ნაბახუსევი და სიმთვრალეც იყო მსუბუქი. ამაზე ძალიან კარგ შედეგს იძლევა კრაზანა ბალახი, ასევე ვარდკაჭაჭა, შესაძლოა იყოს ბარამბოც. მათი მიღების შედეგად ალკოჰოლი ისე გადამუშავდება, რომ ალკოჰოლი არ აისახება ადამიანის გონებაზე, მის ქცევაზე, ნაბახუსევი არის  სუსტი ან საერთოდ არაა. იყო ასეთი ძველი მეთოდიც -  ვაზის გასხვლის დროს, ინტენსიურად გამოდის ვაზის წვენი, ჩვენ რომ “ვაზის  ტირილს” ვეძახით.  ადამიანები აგროვებდნენ ამ წვენს, მასში იზილებოდა მჭადის ფქვილი და კეთდებოდა პატარა კოკორი, რასაც მიირთმევდნენ ალკოჰოლის მიღებამდე და შესაბამისად თრობაც ძალიან მსუბუქი იყო. ძველ ქართულ სამედიცინო ლიტერაურაში, ამ მხრივ მოხსენიებულია კომბოსტო, რომელსაც  ძველ  ქართულად ჰქვია  გარნაბი. არსებობს  ჩანაწერი ფანასკერტელის “კარაბადინში” - ვინც  ესე  გარნაბი სჭამოს, იმავ დღეს და იმავ სმაზე, აღარ დაითრობის.

- გარდა სამკურნალო  დანიშნულებისა, მცენერეები გამოიყენება  ჰიგიენის საშუალებების დასამზადებლად, კონკრეტულად რა მცენარეებს იყენებდნენ ჩვენი წინაპრები  ტანის, თავის დასაბანად და დღეს თუ ხდება მათი მოხმარება ? 

- ჰიგიენისთვის ძირითადად გამოიყენებოდა ხის ნახშირი და ნაცარი. ძირითადად იყენებდნენ  თხილის,  მუხის, ცაცხვის  ნაცარს და ნახშირს, ეს უკანასკნელი  გამოყენებოდა და დღემდე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად, არის საჭმლის მომნელებელი სისტემის დამხმარე საუკეთესო საშუალება, ხოლო ნაცარი, გადამუშავებული სხვადასხვა ფორმით წყალხსნარი ან მოზელილი, სქელი ცომისმაგავრი მასის სახით, გამოიყენებოდა როგორც  სარეცხი, ასევე სადეზინფეციო საშუალება. ის  ისეთი  ძლიერი ანტისეპტიკია, თითქმის ყველა ინფექციას სპობს. 

საქართველოში ფართო გამოყენება ჰქონდა ე.წ. თავის საბან მიწას. ეს არის თიხისმაგვარი მინერალური ნაზავი, რომელიც   სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა შეფერილობისაა: შავი, ნაცრისფერი, წითელი, თეთრი. ასეთი მიწა ბევრია ლენტეხში, ცაგერში, გურიაში, იმერეთში, არსებობს თეთრი თიხა გუმბრისი, რომელიც მოიპოვება იმერეთში, გურიაში. მას იყენებდნენ თმის და ასევე  ტანის დასაბანად, რომელსაც უნიკალური დამარბილებელი და თმის ცვენის საწინააღმდეგო თვისება აქვს.ეს მინერალური ნაზავი გამოიყენებოდა სახლებში, იატაკის მოსაპირკეთებლად. იგი დატკეპნილი სახით ქმნიდა ძლიერ მყარ ზედაპირს, რომელიც გარდა იმისა რომ ადამაინებს უწევდა იატაკის მაგივრობას, ასევე იყო ძლიერი,საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც იცავდა ადამიანებს  სხვადასხვა დაავადებების და ინფექციების გავრცელებისგან.

საქართველოში ოდითაგან მზადდებოდა საპონი, რომელსაც უფრო ხშირად აკეთებდნენ  ცხოველური ცხიმის და სოდის შერევით.  წარმოიდგინეთ საპონი დამზადებული იმ ცხოველთა და ფრინველთა ცხიმით, რომლებიც ბუნებაში მოიპოვებდნენ ათასნაირ საკვებს, ბალახს, ხილს და გადაამუშავებდნენ მათ. მათი ცხიმით დამზადებული საპონი, რა თქმა უნდა უმაღლესი ხარისხის იყო.

ამ მიმართულებით მცენარეების სპექტრიც ძალიან მრავალფეროვანია. თავის დასაბანად ძირითადად გამოიყენებოდა ეთერზეთოვანი არომატული  მცენარეები: დაფნა, თავშავა, გვირილა, ჭინჭარი, კურდღლისცოცხა, სალბი. თავის საბანად და თმის შესაღებად გამოიყენებოდა  ბარისპირა, ცისკარა, თავშავა, ანწლის ფოთოლი, ვერხვის ფოთოლი, კაკლის წენგო, გვირილა, ჭინჭარი, მუხის ქერქი, მუხის ფოთოლი, ატმის ფოთოლი.    

 - ძირითადად რა დაავადებების დროს გამოიყენებდნენ ჩვენი წინაპრები სამკურნალო მცენარეებს, რაც ახლაც გრძელდება?

- სამკურნალო მცენარეები გამოიყენება ნებისმიერი დაავადებების დროს, ნერვული სისტემის პრობლემების, უძილობის დროს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ასევე  ალერგიების საწინააღმდეგოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ქოლეცისტისის, გასტრიტის, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, კანის დააავდებების, კუჭ-ნაწლავის: წყლულის, გასტრიტის დროს. არსებობს  წამლები, რომლებიც ურთულესი რეცეპტით 20-30 კომპონენტის შემადგენლობით არის დამზადებული.   

ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეების სწორად შერწყმა და კომბინაცია. ამას მთავარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მცენარეს შესაძლოა სულ დაუკარგო თავისი  სამკურნალო და სასარგებლო თვისებები, თუ არასწორად გამოიყენებ. მაგალითად, ავიღოთ საქართველოში ძალიან გავრცელებული მცენარე ნეგო უკვდავა. თუ ნეგოს დაასხავ ცივ წყალს და გააკეთებ ნაყენს, ის გამოიყენება როგორც ჭიების, ასკარიდას, მახვილას  საწინააღმდეგო  ეფექტური საშუალება. თუ ნეგო უკვდავას დაასხავ მდუღარე წყალს, გააციებ  და გააკეთებ ნაყენს, ამ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც  ნაღველდამდენი, მჟავიანობის მოსამატებლად, თუ დაასხამ ცივ წყალს და აადუღებ განახევრებამდე,  როდესაც ვიტამინი და ფერმენტი იშლება, ხოლო  მინერალი გადადის ხსნად  ფორმაში, ნაყენი გამოიყენება როგორც  ძლიერი შარდმდენი და თირკმლის კენჭის დამშლელი და იწვევს არტერიული წნევის მატებას.

 - სამკურნალო მცენარეები ძირითადად ველურ გარემოში იზრდება თუ შეიძლება მათი გადარგვა მოშენების მიზნით, რომელსაც ადამიანი კომერციული მიმართულებით გამოიყენებს?

 - არის მცენარეები, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც დათესო, თუ  კარგად მოუვლი, ყველგან მოვა, მაგალითად, გვირილა, კალინდულა,  იუკა  სამკურნალო სალბი, ეხინაცია, სტევია. არის მცენარეები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ველურ გარემოში, და როგორც კი სხვა პირობებში გადაიტან, ის ხარისხს დაკარგავს. ხევსურეთიდან კახეთში რომ გადმორგო ენდემური ჯიშის მცენარე, მას დაეკარგება თავისი თვისებები, ამიტომაც, უმჯობესია  არეალების მოვლა და დაცვა მოხდეს იქვე, სადაც ეს მცენარეები ხარობს. ყველა მცენარეზე მოქმედებს გარემო, კლიმატური პირობები. დაბალ ზონაში არსებული მცენარე მაღალ ზონაში რომ აიტანო, ან პირიქით, შესაძლოა არ გაიხაროს ან ისე დაკნინდეს, რომ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები. მცენარე ჟენშენი გავრცელებულია ჩინეთში, კორეაში, ციმბირში, მაგრამ არ არის საქართველოში, იმიტომ რომ იქ არის მისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები. არის ზამბახის ისეთი  სახეობები, რომელიც ნიკო კეცხოველმა აღმოაჩინა, მხოლოდ საქართველოშია და სხვაგან არსად.  ასეთივეა კავკასიური დიოსკორეა, უნიკალური “მრგვალი წამალი” რომელიც მხოლოდ კავკასიაში, კერძოდ კახეთში  მოდის, გლერძის რამდენიმე ენდემური სახეობა, რომელიც საუკეთესო საშუალებაა თირკმლის უკმარისობის დროს, მსოფლიოში მისი დაახლოებით 147 სახეობაა, აქედან 64  სახეობა მაინც არის საქართველოშია,  რომელთაგან 16 ენდემური ჯიშია.  

კლიმატის ცვლილება, რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს მცენარეებზე, რის შედეგადაც ბევრი მცენარე გადაშენდა. ეს, როგორც შეუქცევადი პროცესი,  მთელი მსოფლიოს პრობლემაა. სამკურნალო მცენარების კომერციული მიზნებისთვის მოშენება შესაძლებლია. ჩვენთან ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს ჰქონდა ძალიან კარგი ბაზა, რაც შემდგომ განადგურდა.ახლა ამ ინსტიტუტს გადასცეს ტერიტორია კახეთში, სადაც გაშენდება სამკურნალო მცენარეები. ადრე ბაზა იყო შირაქში, მაგრამ ის იყო შორს და შესაბამისად, სპეციალისტებისთვის  რთული მოსავლელად. ახალი ნაკვეთი უფრო ახლოსა თბილისთან, სართიჭალასთანაა, იქ  გაშენდება ის მცენარეები, რაც კომერციული თვალსაზრისით გამოიყენება და  ყველაზე მოთხოვნადია  გადამუშავებისთვის. ამ ინსტიტუტს ჰყავს შესაბამისი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც  აგროვებენ  მცენარეებს სხვადასხვა რეგიონებში, ისე რომ არ აზიანებენ  ბუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებაში გავრცელებული მცენარე, თუ მას არ მოვეპყრობით ცუდად, მტაცებლურად და არ გავანადგურებთ, ყოველთვის მოგვიტანს მრავალ სიკეთეს, ამიტომ მათ მოფრთხილება უნდა.     

- რა პერსპექტივა აქვს ამ დარგის განვითარებას საქართველოში?

- სამწუხაროდ, მე როგორც ამ საქმეში ჩართული და გამოცდილი ადამიანი,ამ პერსპექტივას ნაკლებად  ვხედავ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არ არის იოლი, პირიქით, რთული გასაკეთებელია. ექიმი ყოველთვის ეძებს იოლ გამოსავალს, დაუნიშნავს წამალს პაციენტს, ჩვენ შემთხვევაში ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. 10 კგ  მცენარე რომ მოაგროვო, გაშრობის შემდეგ 1 კგ რჩება, გადამუშავების შემდეგ კი მესამედი. სამწუხაროდ,  თბილისში ჩემ გარდა სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც ეს დარგი აინტერესებს და მისი განვითარება სურს, უცხოეთში პირქით, ფიტოთერაპია  უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ის თუ ძალიან არ გიყვარს, ვერ გაუძღვები.მე ახალგაზრდა ჩავერთე ამ საქმიანობაში და ბევრი სირთულის მიუხედავად, არასდროს მიფიქრია მისი მიტოვება. მე გახსნილი ვარ, ჩემთან არ იმალება რეცეპტურა, პირიქით, მზად ვარ გავუზიარო სხვებს,  რათა არ დაიკარგოს ის დიდი ისტორია და ტრადიციები, რაც ფიტოთერაპიას საქართველოში აქვს.       

 თამუნა ნიჟარაძე

мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати