USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Тбилиси
დავით ქოჩიაშვილი - ექიმისთვის უზარმაზარი ბედნიერებაა, როცა სიკვდილს გამარჯვების უფლებას არ აძლევს.
дата:  8994

40 წელია, რაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტის პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური სამსახურის უფროსი დავით ქოჩიაშვილი ექიმის "მუნდირს" იცავს. დამწყებმა ექიმმა პროფესიული საქმიანობა დაიწყო უროლოგიის კათედრაზე, რომელსაც უკვე 20 წელია თავად ხელმძღვანელობს.

პირველი პაციენტი, სიკვდილზე გამარჯვების უამრავი ისტორია და წესი, რომელსაც ცნობილი ექიმი არასდროს ღალატობს საყვარელ საქმეში - ეს დავით ქოჩიაშვილის პორტრეტია, ექიმის, ვისაც 90-იანი წლების სიმძიმე, სანთლის შუქზე ჩატარებული ოპერაციებიც ახსოვს და ლენინგრადი - თბილისის რეისზე დაწერილი ბარათიც, რომელმაც მისი ბედი რადიკალურად შეცვალა.

დავით ქოჩიაშვილი: მთელი ეს წლები უროლოგიაში ვმუშაობ. დედა ექიმი მყავდა, თუმცა  ვერ გეტყვით, რომ ოჯახს ჩემს პროფესიულ არჩევანში წვლილი მიუძღვის.  ექიმობა ისე მინდოდა, სხვა პროფესიას არც განვიხილავდი. ცხოვრებაში ბევრჯერ დამიდგა მომენტი და მქონდა შემოთავაზება, მიმეტოვებინა ჩემი პროფესია და მეკეთებინა სხვა საქმე, მაგრამ ვერ შეველიე. დღემდე ვრჩები ჩემი პროფესიის და ოჯახის ერთგული.   

რატომ უროლოგია?

ეს დიდი ისტორიაა, ცოტა კურიოზულიც. ჩემი მასწავლებელი იყო თამარ დეკანოსიძე, რომელიც პრაქტიკულად მეორე დედა იყო ჩემთვის. ქალბატონი  თამარი ვერ იტანდა ზანტ  ხალხს, ძალიან უყვარდა სხარტი, დაუდგრომელი ბუნების ახალგაზრდები, მეც ასეთი ვიყავი.  მიყვარდა პოეზია, რაც ქალბატონი თამარისთვის სუსტი წერტილი იყო, მას უყვარდა ბუნება, მეც სულ ბუნებისკენ მიწევდა გული. მოკლედ, ბევრი საერთო თვისება გვქონდა და ვმეგობრობდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონმა თამარმა  განსაზღვრა ჩემი ბედი.

როდესაც  სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, ქალბატონი თამარის სიყვარულით  ჩავირიცხე პათანატომიის ორდინატურაში. ოფიციალურად უკვე პათანატომი ვიყავი, მაგრამ უცებ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ქალბატონი თამარის თხოვნით წავედი ლენინგრადში, მის მეგობართან და კოლეგასთან, რომელიც იქ პათანატომიის კათედრის ხელმძღვანელი იყო. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო გამევლო ერთთვიანი  სასწავლო კურსი ახალი თაობის  მიკროსკოპზე, რომლის  შეძენასაც ჩვენც ვაპირებდით. ერთი თვე დავრჩი ლენინგრადში, როგორც თქვენ არ ჩაგიხედავთ იმ მიკროსკოპში,  ისე -  მე. აი მაშინ ვუღალატე ქალბატონ თამარს, მაგრამ მაინც კარგად მოვიქეცი. თამარი ვერ იტანდა ღალატს, ამიტომ  უკან წამოსვლისას, როგორც კი თვითმფრინავში ჩავჯექი, დავწერე წერილი, რომელიც თბილისში გადავეცი. ის ამ წერილს სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა. წერილში მოვუბოდიშე, მოვუყევი  ჩემი ამბავი  და გულწრფელად  ვუთხარი, მე არ შემიძლია ვიყო პათანატომი, მიკროსკოპთან ჯდომა არ არის ჩემი საქმე მეთქი, უფრო ცოცხალი სამუშაო, პაციენტებთან ურთიერთობა მინდა-მეთქი. ამ წერილმა ჩვენი ურთიერთობა უფრო შეკრა, თუმცა სახლში რომ ვთქვი ეს ამბავი, ლამის მომკლეს.

ჩემი სწავლის პერიოდშიც, უფრო ადრეც და ჩემ შემდეგაც, არ არსებობდა სამედიცინო სფეროში დაცული დისერტაცია, რომელშიც ქალბატონი თამარის ხელი არ ერია. იყო ბევრი მივიდოდნენ ქალბატონ თამართან, გამოწურავდნენ, დაიცავდნენ დისერტაციას და მერე ვითომ პათანატომები და თერაპევტები, სხვაგან გადადიოდნენ სამუშაოდ.  მე მას გულწრფელად ვუთხარი ჩემი სათქმელი, რაც მან  ძალიან დააფასა. თამარმა რეკომენდაცია გამიწია  ვასო ბაბუხადიასთან, რომელიც ჩემი მეორე მასწავლებელია. ბატონი ვასო წლების განმავლობაში იყო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის  გამგე. სამედიცინო ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი ვიყავი და როგორც აქტიური სტუდენტი, ყველას ვიცნობდი. ბატონმა ვასომ პირველ  შეხვედრაზე ამხედ-დამხედა და  ასე ამოვყავი თავი უროლოგიაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიის სამსახურში, რომელიც ძალიან ძლიერი განყოფილება იყო. პარალელურად  ჩავაბარე ასპირანტურაში, იმ პერიოდში ერთადერთი ასპირანტი ვიყავი, რომელმაც დაიცვა  დისერტაცია ასპირანტურის დასრულებამდე, რის გამოც დამაჯილდოვეს კიდეც. გავიდა დრო და წლების შემდეგ ჩემი მასწავლებლის ვასო ბაბუხადიას კათერდა მე ჩავიბარე, 1999 წლიდან  უროლოგიის კათედრის გამგე ვარ.

როგორ შედგა თქვენი პროფესიული "ნათლობა"?

განსაკუთრებულად მახსოვს ერთ-ერთი პირველი პაციენტი. უკრაინელი კაცი იყო, აქ არავინ ჰყავდა გულშემატკივარი და პატრონი. მოკლედ, ისე მოხდა, რომ იმ პაციენტს ჩემ გარდა ხელი არავინ მოკიდა. იმ დღეს პირველი ოპერაცია გავაკეთე დამოუკიდებლად, პაციენტმა გამოიხედა თვალებში, გადარჩა. 3-4  დღის შემდეგ უკრაინელი ქალბატონი მოვიდა მასთან პალატაში, ცოლი ჩამოუვიდა კიევიდან.

იმ დროს  ავადმყოფებისგან ექიმის პატივისცემა და ასე ვთქვათ დაუკანონებელი ჰონორარის გადახდა დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. თუმცა მე მშობლებისგან მქონდა დაფიცებული რომ მსგავსი ჰონორარისგან თავი შემეკავებიa და ვასრულებდი კიდეც ამ ფიცს. თუმცა ამ უკრაინელი ქალბატონის მადლიერება, მეუღლის განკურნებით იმდენად დიდი იყო, რომ თავს იკლავდა, სანამ საჩუქარს არ მიიღებთ მანამდე პაციენტს არ წავიყვან სავადმყოფოდანო. ასე მომიწია მშობლებისადმი მიცემული სიტყვის გატეხვა. ბოლოს პაციენტთან ერთად  ფოტოც გადავიღე, იმ ფოტოს სულ ვინახავდი, როგორც პირველი პაციენტის და "შემაცდენელის"  ფოტოს.  

ქართულ მედიცინაში გამორჩეულად ძლიერია  ქირურგიული სკოლა, რა გზის გავლა გიწევდათ მძიმე 90 -იან წლებში  ახალი თაობის ქირურგებს ?

ქირურგის პროფესია იმდენად მძიმე და სტრესულია, ის ვინც ჩემი თაობიდან დღემდე ქირურგიაში დარჩა,  ნამდვილად ღირსეული  და შემდგარი ექიმია. ექიმებს წარმოუდგენელი ჯაფა აქვთ გადატანილი. ქირურგიაში  შეიძლება ერთმა წუთმა დაგაკარგინოს ყველაფერი, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა მიგიყვანოს ფატალურ შედეგამდე, სულ ციცაბოზე გადიხარ. ყველა, ვინც დღეს ქურურგიაში მუშაობს, ციცაბოზე კლდეზეა გავლილი. ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ,  ვინც დარჩა ექიმად, ის უკვე ისეთი რანგის პროფესიონალია, ცუდად არ გამიგოთ და ვერც ერთ უცხოეთის ცნობილ კლინიკაში და უნივერსიტეტში ნამუშევარ ექიმს, ტოლს არ დაუდებს.

90-იან წლებში ავტომატმომარჯვებულს ჩამიტარებია ოპერაციები, ზეწარში გახვეული პაციენტი გაუტაცებიათ საოპერაციოში შეყვანამდე და პაციენტზე უთქვავთ,  ძმა მომიკლა და მის საფლავს უნდა დავაკლაო. წარმოგიდგენიათ ეს რისი ტოლფასი იყო?  თუ ნამდვილი ექიმი ხარ, პაციენტის გარდაცვალებას  შენი გულის ნაწილი მიაქვს და შენი პროფესიული ვალის აღსრულების საშუალებას რომ არ მოგცემენ, ეს ათმაგად მძიმეა.  მახსოვს,  სანთლის სუქზე ვატარებდით ოპერაციებს.  ძალიან მძიმე დრო იყო.  ექიმისთვის უზარმაზარი ბედნიერებაა,  როცა არ აძლევს უფლებას სიკვდილს რომ გაიმარჯვოს,   წელიწადში რამდენჯერმე გაქვს ასეთი შემთხვევა, მაგრამ ერთი დამარცხებაც კი უფრო მძიმე შეიძლება გახდეს, ვიდრე გამარჯვებები. გულწრფელად გეუბნებით - ერთხელ შეიძლება დამარცხდე და ამ დამარცხებამ წაიღოს შენი გულის ნაწილი, მედიცინაში ყველაფერი  შეიძლება მოხდეს, ჩვეულებრივ სიტუაციაში უცებ ისე გართულდეს მდგომარეობა, რომ ფატალური შედეგი მიიღო. ექიმისთვის, რა  პროფესიულ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო, მთავარია დარჩე ადამიანად ნებისმიერ მომენტში. 

 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა,  სადაც თქვენ უროლოგიის სამსახურს ხელმძღვანელობთ იყო ფლაგმანი Covid  19 -თან  ბრძოლაში.  თქვენ პირადი დანაზოგი 10 ათასი ლარი გადარიცხეთ ფონდში კოლეგების მხარდასაჭერად, რომლებიც  ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ,  როგორც გმირები.  

მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ექიმებს განსაკუთრებული არაფერი არ ჩაუდენიათ. მათთვის ასეთი გმირობა ჩვეული ამბავია ყოველდღიურ საქმიანობაში. ყველა დროში და პირობებში  ასე შეასრულებდებენ თავის პროფესიულ ვალს. ის, რაც გარედან არ ჩანდა, არ იყო მარტივი, იყო მძიმე ნიუანსები, თუმცა ექიმებს არ უღალატიათ თავისი პროფესიული ვალისთვისთეს, ეს ეხება როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, ასევე სხვა კლინიკებს, მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს სამსახურს. ის რომ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა ფლაგმანი, კოვიდ 19- თან ბრძოლაში, კლინიკის პროფესიონალი ექიმების და მათი ხელმძღვანელის, ჩემი მეგობრის ბატონი ლევან რატიანის  დამსახურებაა. როდესაც დაიწყო საუბარი კლინიკის დაკეტვაზე და კოვიდით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე, ქირურგიული პროფილის სამსახურის თანამშრომლები დროებით გაგვანთავისუფლეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მეც და ჩემს კოლეგებსაც რამდენჯერმე მოგვიწია ჩართვა პაციენტის მკურნალობის პროცესში კონსულტანტებად,  2-3 ოპერაცია ჩავატარეთ კოვიდით ინფცირებულ პაციენტებთან  მე და ჩემი გუნდის წევრებმა. მე, როგორც მიხვდით, ძალიან აქტიური  ხასიათის ადამიანი ვარ,  ვერ მივხვდი, სახლში დარჩენილს რა უნდა გამეკეთებინა, კი ვაგრძელებდი საქმიანობს  სხვა კლინიკაში, მაგრამ შინაგანად  ვწუხდი, რომ  ვერ ვეხმარებოდი კოლეგებს. გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა. ორ ბანკში მქონდა  ჩემი შრომით შეკოწიწებული დანაზოგი  - 10 ათასი ლარის ოდენობით, ავდექი და ესთანხა გადავრიცხე კოვიდის ფონდში ექიმების და სამედიცინო  პერსონალის  მხარდასაჭერად, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში წინა ხაზზზე იდგენენ.  გადავრიცხე ეს თანხა და ამოვისუნთქე. ოჯახის წევრები, შვილები მეხუმრობდნენ,  ხომ ხედავ, თანხის ჩარიცხვა, ბიძინა ივანიშვილსაც კი დაასწარიო.  

 შვილზე გკიხავთ, რომელმაც გააგრძელა თქვენი გზა უროლოგიაში. როგორ გაიმეტეთ  საკუთარი მძიმე გამოცდილების შემდეგ შვილი რთული პროფესიისთვის?

პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ჩემი ბრალია გიორგის  გამეტება ამ საქმისთვის. იმის  მიუხედავად, რომ მასზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, მთელი ცხოვრება ესმოდა პაციენტების ამბავი.  სხვათაშორის, თავიდან არ ფიქრობდა ექიმობაზე, ვერაზე გაიზარდა,  კარგი სამეგობრო ჰყავს, სხვა გატაცებები ჰქონდა. ხუმრობდა ხოლმე, ეს შენი პროფესიული ლიტერატურა, წიგნები შენ შემდეგ ვინმეს ხომ უნდა დარჩესო?! ასე ხუმრობა-ხუმრობით წავიდა მეათე კლასიდან მოსამზადებელ ჯგუფში. როცა დაამთავრა სწავლა მკითხა, რა ვქნაო, მე ვუთხარი,  ეს შენი მისაღები გადაწყვეტილებაა-მეთქი  და ასე მიიღო გადაწყვეყილება. მესამე  - მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული რა მიმართულებით წავიდოდა. ერთხელ შუაღამისას  დამირეკეს საავადმყოფოდან,  23 წლის პაციენტი მოიყვანეს, დაჭრილი იყო, თირკმელი ჰქონდა დაზიანებული.  ცოტა ნაქეიფარი ვიყავი და  ერთ-ერთი ჩემი კოლეგის შესახებ ვუთხარი,  მას დაურეკეთ მეთქი. ცოტა ხანში კვლავ  დამირეკეს,  ტელეფონს არ პასუხობსო.  მეც ვერ  მოვისვენე, ამ დროს  გიორგი შემოვიდა და მითხრა, მამა მე წაგიყვან საავადმყოფოშიო. უკვე ჩაცმულიც  ვიყავი.  წავედით რესპუბლიკურში, ჩვენ რომ არ მივსულიყავით, ის ბიჭი ვერ გადარჩებოდა. გიორგი  მაშინ პირველად შემოვიდა საოპერაციოში. ეს იყო მისი პირველი შეხება სიკვდილ-სიცოცხლესთან, რომელიც  ძალიან  ემოციური აღმოჩნდა გიორგისთვის, თან ეს ხომ მის ტოლ ბიჭს ეხებოდა.  იმ ღამის შემდეგ  ერთი წუთი აღარ უყოყმანია თავისი პროფესიული არჩევანი.  დღეს გიორგი პროფესორია, უკვე თავად ატარებს ურთულეს ოპერაციებს, მუშაობს უროლოგიის კათედრაზეც.  მიხარია, რომ წლების შემდეგ, როდესაც მე ჩამოვცილდები აქტიურ მედიცინას,  ჩემს საყვარელ საქმეს გააგრძელებს ჩემი შვილი. ამ თაობას, ჩვენგან განსხვავებით, მეტი შესაძლებლობა აქვს პროფესიული ზრდისთვის, ეს თაობა უფრო ლაღია, თუმცა  ამ თაობასაც  აქვს თავისი "ტვირთი".  რაც ჩვენ იმ წლებში გვეპატიებოდა, ამათ აღარ ეპატიებათ.  დღეს ექიმების მიმართ ძალიან მაღალი სტანდარტი და  მოთხოვნაა,   რასაც მჯერა, რომ ეს თაობა ღირსეულად გაართმევს თავს.

  ოჯახში ორი ექიმის თანაცხოვრება პროფესიულ "ჭიდილში" ხშირად  გადადის?

არა თუ ორი, სამი ექიმი ვართ ოჯახში. ექიმი სტომატოლოგია ჩემი მეუღლე ნათია (ბაჩა) კეთილაძე.  უმცირესობაშია ჩემი ქალიშვილი, რომელიც ერთადერთია  ჩვენს ოჯახში, ვინც ექიმის პროფესიას არ გაჰყვა.  ის მენეჯმენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია, იტალიაში სწავლობდა მაგისტრატურაზე.  გვყავს წელიწადნახევრის შვილიშვილი კონსტანტინე მხეიძე, რომელმაც ყველა და ყველაფერი დამავიწყა. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით ყამირიდან. მე დავდიოდი ხოლმე მურმანსკში, პეტროზავოდსკში, სმოლენსკში, როგორც ზონის მთავარი ექიმი, იქ ძირითადად ბიჭები მივდიოდით, გოგოები სამეგრელოში მიგვყვდა,  ჩაიში ვამუშავებდი  მომავალ მეუღლეს.   200-300  გოგო ყოველწლიურად მუშაობდა ჩაის კრეფაზე, მათ შორის იყო ნათია. დიდი სტახანოვური შრომით არ გამოირჩეოდა, გოგოები "შეკრულები" იყვნენ   მეჩაიეებთან და მათგან ყიდულობდნენ ხოლმე ჩაის, თითქოს  თვითონ დაკრიფეს.  "დამსჯელ მეთოდებს" ვიყენებდი ხოლმე, მაგრამ არ გაამართლა - "დამსაჯა" და ჩემი ცოლი გახდა.       

 თამუნა ჩხენკელი  

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати