დავით ლორთქიფანიძე: ვანი იყო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ წინ წამოწეულიყო პატარა ქვეყნის ისტორია, ის რომ მას ბევრად ადრე ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, ვიდრე თვით მეტროპოლიას, რაც არ აწყობდა რუსეთს.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში 2004 წლიდან შევიდა. ვანის მუზეუმი, განსხვავებული კონცეფციით და საერთაშორიოს აღიარებით გამორჩეული მუზეუმია, რომელიც ათეული წლების განავლობაში ქართული არქეოლოგიის დიდი სკოლა იყო. მუზეუმი ცნობილი მეცნიერის არქეოლოგ ოთარ ლორთქიფანიძის სახელთან არის დაკავშირებული, რომელსაც ქართული არქეოლოგიის განვითარებაში და კოლხეთის დიდი კულტურის წარმოჩენაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. მისთვის ვანი იყო ცხოვრების მიზანი და მთავარი მოედანი, იმისთვის, რომ კოლხეთის თემა საერთაშორისო სამყაროში წინ წამოწეულიყო, ამბობს ოთარ ლორთქიფანიძის შვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. ის ვანის არქეეოლგიური მუზეუმის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერპექტივებზე გვესაუბრა.
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი პროფესორი დავით ლორთქიფანიძე : ვანის არქეოლოგიური ძეგლს ძალიან დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ის არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, მეორეს მხრივ აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია მითი არგონავტების შესახებ, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მითიური კოლხეთი არის რეალობა და არის კავშირში დასავლეთ საქართველოსთან. თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ადგილზე, სადაც ყველაზე მეტად შეგვიძლია კოლხეთის, როგორც ძალიან მაღალი განვითარების და კულტურის სახელმწიფოს აღმოჩენა, ეს არის ვანი. რაც შეეხება თვითონ მუზეუმს, მუზეუმი რეალურად არის გაგრძელება იმ ტრადიციების, რაც ვანში არსებობდა ათეული წლები და ამავე დროს არის ძალიან თანამედროვე. ეს პირველ რიგში არის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელშიც შერწყმულია მუზეუმისთვის მთავარი - კარგად იყოს შენახული და დაცული კოლექციები, წარმოჩენილი თანამედროვე ფორმით და ესთეტიკით და ამასთან ერთად, მას ჰქონდეს როგორც სამეცნიერო ლაბორატორიები, ასევე იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ახალი სივრცე მოიცავს აუდიტორიას, საგანმანათლებლო ცენტრს, ამას გარდა ჩვეულებრივ დასასვენებელ ადგილებს.
როგორ შეაფასებთ თავად მუზეუმის კონცეფციას და განვითარების რა რესურსი აქვს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს?
ვანი არ არის მოწყვეტილი სისტემიდან. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ეს ხედვა, 2004 წელს, როდესაც შეიქმნა ეროვნული მუზეუმის სისტემა, რომელშიც გაერთიანდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმიც. ფილოსოფია არის ყოფილიყო ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს კოლექციების შენახვას, მეცნიერებას, საზოგადოებრივ და პროფესიულ განათლებას. ამ სისტემაში არის სხვადასხვა ცენტრები, თბილისში გვაქვს მთავარი ეროვნული ცენტრი, ამის გარდა არსებობს რეგიონალური ცენტრები. უკვე გვაქვს ოთხი რეგიონალური ცენტრი -ახალციხეში, ბოლნისში, მესტიაში და სიღნაღში. ამის გარდა ჩვენ ვქმნით მოძრაობებს ერთი კონკრეტული წერტილის, ძეგლის ანუ საიტის ირგვლივ. ვანი არის არქეოლოგიური საიტის მოდელი, ასეთივე მოდელის შექმნა გვაქვს დაწყებული დმანისში. ფილოსოფია მდგომარეობს შემდეგში - ის არის კავშირში ცენტრალურ სისტემასთან და რეგიონულთან, მაგრამ აქვს თავისი დამოუკიდებელი, შინაარსობრივი წერტილი. ის შემდეგ კავშირში იქნება შავიზღვისპირეთის კვლევის ცენტრებთან. ეს არის სამეცნიერო კლასტერი. ვანს, თავისი შინაარსით და მომავლით, აქვს განვითარების რესურსი ბევრი მიმართულებით. ის, რომ მუზეუმი არ არის თბილისში, ამაში არის ძალიან მყარი ლოგიკა. მუზეუმი არის იქ, სადაც ხდებოდა, ხდება და უნდა გაგრძელდეს მეცნიერული კვლევები.
ეს არის თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი. ამ პროექტის შექმნაში ჩვენი პარტნიორი იყო გერმანული არქიტექტურული ფირმა, მუზეუმის პროექტი გაკეთებულია ყველა იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც მიღებულია ევროპაში, ეს არის ევროკავშირის სტანდარტი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მუზეუმის ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება, დანარჩენი არის კომფორტი მნახველისთვის, რომ მუზეუმში კარგად იგრძნოთ თავი. ვანის მუზეუმს ემატება სამეცნიერო ლაბორატორიის სტანდარტი, რომელიც ღრმად მჯერა სწორედ რეგიონებში უნდა განვითარდეს. არ შეიძლება ყველა მუზეუმი იყოს თბილისში, მსგავსი ცენტრები რეგიონებში აუცილებლად უნდა არსებობდეს.
რას ტიპის ექსპონატები იქნება გამოფენილი ვანის არექოლოგიურ მუზეუმში?
ვანის მუზეუმში არის ექსპონატების ტიპების კომბინაცია. აქ არის როგორც ძალიან მაღალი რანგის შედევრები, სამკაულები, რიტუალური ნიმუშები, ასევე გამორჩეული ქანდაკებები. მაგალითად, ვანში არის ახალგაზრდა ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი, რომელიც არის სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვი პირველი ან მეორე საუკუნის, რომელიც მოხვდა ამ ეპოქის მსოფლიოს საუკეთესო 30 ქანდაკებას შორის, მან იმოგზაურა მსოფლიოს რამდენიმე წამყვან მუზეუმში. ექსპონატებს შორის არის ყველა ტიპის ნიმუში, არქიტექტურული დეტალები, კერამიკა, მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი აქცენტი არის მეტალზე, რაც ყველას აინტერესებს. ის, რაც არის ყველაზე ახალი ახალ სივრცეში ესაა პროექტი - ვანის დროინდელი ხელოსნობის რეკონსტრუქია ეს არის ექსპერიმენტი, თუ როგორ ხდებოდა იმ ნიმუშების დამზადება, რაც არის აღმოჩენილი ვანში. ჩვენს თანამშრომელს ერმილე მაღრაძეს ჰქონდა ექსპერიმენტი ბრინჯაოს ხანის, შუა საუკუნეების ექსპერიმენტები, ახლა პირველად არის ანტიკური ხანის ექსპერიმენტი. ისტორიის ვიზუალურ ფორმატში უნდა იყოს ისეთი ელემენტები, რომელიც აძლევს განსაკუთრებულობას ამა თუ იმ ადგილს. ექსპერიმენტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო ტექნოლოგიაში, ერთ-ერთი მთვარი ძარღვი, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ არის ძალიან ადრეული ტექნოლოგია, რომელიც ვითარდებოდა კოლხეთში და იყო უნიკალური, და ამას ემატებოდა დიდი კავშირი საერთაშორისო სამყაროსთან. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, არის მოდელი. ჩვენ გვქონდა ჩვენი იდენტობა, მაგრამ ამავე დროს ვიყავით დიდი სამყაროს ნაწილი - ამ შემთხვევაში ბერძნული და ზოგადად ელინისტური კულტურის ნაწილი.
ასეთი ტიპის ექსპერიმენტი ქართულ სამუზეუმო სივრცეში განხორციელებულა?
ბუნებრივია, როდესაც არსებობს ეროვნული მუზეუმის მასშტაბი, მის გვერდით ვერ იქნება სხვა ასეთი მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი განსხვავებულია, ის არ არის უბრალოდ მუზეუმი, მის შემადგენლობაშია ძალიან მძლავრი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები. ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება მოდელი სხვებისთვის და არაფერია დასამალი, რომ ჩვენ ვართ პიონერები სხვადასხვა მიმართულებით. მაშინაც კი, როდესაც ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა, ასეთი ტიპის მუზეუმი არ არსებობდა. ისტორიულ ძეგლებზე გაჩნდა ასეთი ელემენტები, თუმცა ისინი უფრო ვიზიტორ- ცენტრებია, ის ფორმატი, რომ მოძებნილი იყოს სამეცნიერო კვლევა, რომელიც არის აქტიური და თანამედროვე, სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს, ეს წერტილები არის მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტურისტული პოტენციალი აქვს. ტურიზმის ფუნდამენტი უნდა იყოს მეცნიერება, განათლება და შემეცნება, ამის ფონზე ტურიზმი ბევრად უფრო ეფექტურია და მდგრადი. ტურიზმი მხოლოდ დასვენებით და ერთჯერადი ნახვით სიმდგრადით არ გამოირჩევა.
ვანის მუზეუმის მიმართ ალბათ მაინც განსაკუთრებული სენტიმენტები გაქვთ, მისი დაარსება თქვენი მამის ოთარ ლორთქიფანიძის იდეა იყო.
ვანის ექსპედიციას ჰქონდა ძალიან დიდი ტრადიციები, და ეს არ იყო მხოლოდ სამეცნიერო კვლევა, ეს იყო გარკვეული ფორუმი, შეხვედრების ადგილი, სადაც ხდებოდა ბევრი სხვადასხვა თემის განხილვა და ტარდებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმები. ჩემთვის ეს ადგილი ბავშვობიდან იყო საშუალება, მიმეღო განსხვავებული ცოდნა, არა მხოლოდ ის, რაც სკოლაში და მოგვიანებით უმაღლესში ვისწავლე, ამიტომ მე ძალიან მადლიერი ვარ აქაურობის. მამა იმის მიუხედავად, რომ იყო ისტორიკოსი და ჰუმანიტარი, თვლიდა, რომ საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებაში იყო არქეოლოგიის მომავალი. როდესაც მე ავირჩიე სხვა კუთხე და გეოგრაფია-ბიოლოგია-პალეობიოლოგიით წამოვედი და მივუახლოვდი აrქეოლოგიას, მივხვდი, რომ მამა მართალი იყო. რაც შეეხება პირად სემტიმენტებს, ბუნებრივია, რომ ეს აუცილებლად მექნება. ვანის მუზეუმი არის რიგით მერვე მუზეუმი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, იმის გამო, რომ ჩემთან კავშირში იყო, ვანის რეაბილიტაცია პირველად არ დაგვიწყია. მამას ძალიან უყვარდა ვანი, ეს იყო მისი ცხოვრება და ცდილობდა, ეს გადაეცა სხვებისთვისაც. ვანი იყო სასწავლო სკოლა არქეოლოგიაში, სადაც ბევრი მეცნიერი აღიზარდა. ისინი დღეს სხვადასხვა კათედრებს და ჯგუფებს ხელმძღვანელობენ, ამის გარდა ვანი იყო სერიოზული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ წინ წამოწეულიყო და მიღებული ყოფილიყო კოლხეთის თემა საერთაშორისო სამყაროსთვის. საბჭოთა სისტემა ამას დიდად არ უწყობდა ხელს, მათ ინტერესებში არ იყო, წინ წამოწეულიყო, პატარა ქვეყნის ისტორია, ის რომ მას ბევრად ადრე ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, ვიდრე თვით მეტროპოლიას. ეს იყო მამასთვის პილიგრამული სამუშაო და ცხოვრების მიზანი თავის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ამისთვის მთავარი მოედანი იყო ვანი. მე მახსოვს მუზეუმის გახსნა, ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო ამ პროცესთან. მაშინ 18 წლის ვიყავი. იმ ეპოქაში არქეოლოგიას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მახსოვს, როგორ ეხმარებოდა და განსაკუთრებული ენთუზიაზმით გულშემატკივრობდა მუზეუმის მშენებლობას მთელი ვანი, რაიონის ხელმძღვანელობა, მაშინდელი რაიკომის პირველი მდივანი ნოდარ ანდრიაძე. ბატონი ნოდარი იყო ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითი.
თამარ გუნია