USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
თბილისი
დავით ლორთქიფანიძე : ვანის ახალგაზრდა ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი, იმ ეპოქის მსოფლიოს საუკეთესო 30 ქანდაკებას შორისაა
თარიღი:  1682

დავით ლორთქიფანიძე: ვანი იყო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ  წინ წამოწეულიყო   პატარა ქვეყნის ისტორია, ის რომ მას ბევრად ადრე ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, ვიდრე თვით  მეტროპოლიას, რაც არ აწყობდა რუსეთს.  

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში  2004 წლიდან შევიდა. ვანის მუზეუმი, განსხვავებული კონცეფციით და საერთაშორიოს აღიარებით  გამორჩეული მუზეუმია, რომელიც ათეული წლების განავლობაში  ქართული არქეოლოგიის დიდი სკოლა იყო. მუზეუმი ცნობილი მეცნიერის  არქეოლოგ ოთარ ლორთქიფანიძის სახელთან არის დაკავშირებული, რომელსაც  ქართული  არქეოლოგიის განვითარებაში და კოლხეთის დიდი კულტურის  წარმოჩენაში  უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. მისთვის ვანი იყო ცხოვრების მიზანი და მთავარი მოედანი,  იმისთვის, რომ კოლხეთის თემა საერთაშორისო სამყაროში წინ  წამოწეულიყო, ამბობს ოთარ ლორთქიფანიძის შვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი პროფესორი  დავით ლორთქიფანიძე. ის ვანის არქეეოლგიური მუზეუმის მნიშვნელობასა და მისი  განვითარების პერპექტივებზე  გვესაუბრა.

 

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი პროფესორი  დავით ლორთქიფანიძე : ვანის არქეოლოგიური ძეგლს ძალიან დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ის არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, მეორეს მხრივ აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. მთელი  მსოფლიოსთვის ცნობილია მითი არგონავტების შესახებ, მაგრამ ყველამ არ იცის,  რომ  მითიური კოლხეთი არის რეალობა და არის კავშირში დასავლეთ საქართველოსთან. თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ადგილზე, სადაც ყველაზე მეტად  შეგვიძლია კოლხეთის, როგორც ძალიან მაღალი განვითარების და კულტურის სახელმწიფოს  აღმოჩენა, ეს არის ვანი.  რაც შეეხება თვითონ მუზეუმს, მუზეუმი რეალურად არის გაგრძელება იმ ტრადიციების, რაც ვანში არსებობდა ათეული წლები და ამავე დროს არის ძალიან თანამედროვე. ეს პირველ რიგში არის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელშიც შერწყმულია მუზეუმისთვის მთავარი - კარგად იყოს შენახული და დაცული კოლექციები, წარმოჩენილი თანამედროვე ფორმით და ესთეტიკით და ამასთან ერთად, მას ჰქონდეს როგორც სამეცნიერო ლაბორატორიები, ასევე იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ახალი სივრცე მოიცავს აუდიტორიას, საგანმანათლებლო ცენტრს, ამას გარდა ჩვეულებრივ დასასვენებელ ადგილებს.

 როგორ შეაფასებთ თავად მუზეუმის კონცეფციას   და განვითარების რა რესურსი აქვს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს?

ვანი არ არის მოწყვეტილი სისტემიდან. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ეს ხედვა, 2004 წელს, როდესაც  შეიქმნა ეროვნული მუზეუმის სისტემა,  რომელშიც გაერთიანდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმიც. ფილოსოფია არის ყოფილიყო ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს კოლექციების შენახვას, მეცნიერებას, საზოგადოებრივ  და პროფესიულ განათლებას. ამ სისტემაში არის სხვადასხვა ცენტრები, თბილისში გვაქვს მთავარი ეროვნული ცენტრი,  ამის გარდა არსებობს რეგიონალური ცენტრები.  უკვე გვაქვს  ოთხი რეგიონალური ცენტრი -ახალციხეში, ბოლნისში, მესტიაში და სიღნაღში. ამის გარდა ჩვენ ვქმნით მოძრაობებს ერთი კონკრეტული წერტილის, ძეგლის ანუ  საიტის ირგვლივ. ვანი არის არქეოლოგიური საიტის მოდელი, ასეთივე მოდელის შექმნა გვაქვს დაწყებული დმანისში. ფილოსოფია მდგომარეობს შემდეგში - ის არის კავშირში ცენტრალურ სისტემასთან და რეგიონულთან, მაგრამ აქვს თავისი დამოუკიდებელი, შინაარსობრივი წერტილი. ის  შემდეგ კავშირში იქნება შავიზღვისპირეთის კვლევის ცენტრებთან. ეს არის სამეცნიერო კლასტერი.  ვანს, თავისი შინაარსით და მომავლით, აქვს განვითარების რესურსი ბევრი მიმართულებით.  ის,  რომ მუზეუმი არ არის თბილისში, ამაში არის ძალიან მყარი ლოგიკა. მუზეუმი არის იქ, სადაც ხდებოდა, ხდება   და უნდა გაგრძელდეს   მეცნიერული კვლევები.

ეს არის თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი. ამ პროექტის შექმნაში  ჩვენი პარტნიორი იყო გერმანული არქიტექტურული ფირმა, მუზეუმის პროექტი გაკეთებულია  ყველა იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც მიღებულია  ევროპაში, ეს არის ევროკავშირის სტანდარტი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მუზეუმის ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება, დანარჩენი არის კომფორტი მნახველისთვის, რომ  მუზეუმში კარგად იგრძნოთ თავი. ვანის მუზეუმს ემატება სამეცნიერო ლაბორატორიის სტანდარტი, რომელიც ღრმად მჯერა სწორედ რეგიონებში უნდა განვითარდეს. არ შეიძლება ყველა მუზეუმი იყოს თბილისში, მსგავსი ცენტრები რეგიონებში აუცილებლად უნდა არსებობდეს.

რას ტიპის ექსპონატები იქნება გამოფენილი ვანის არექოლოგიურ მუზეუმში?

ვანის მუზეუმში არის ექსპონატების ტიპების კომბინაცია. აქ არის როგორც ძალიან მაღალი რანგის შედევრები, სამკაულები, რიტუალური ნიმუშები, ასევე გამორჩეული  ქანდაკებები. მაგალითად, ვანში არის ახალგაზრდა ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი, რომელიც არის სავარაუდოდ  ძველი წელთაღრიცხვი პირველი ან  მეორე საუკუნის, რომელიც მოხვდა ამ ეპოქის მსოფლიოს საუკეთესო 30 ქანდაკებას შორის, მან იმოგზაურა მსოფლიოს რამდენიმე წამყვან მუზეუმში. ექსპონატებს შორის არის ყველა ტიპის ნიმუში, არქიტექტურული დეტალები, კერამიკა, მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი აქცენტი არის მეტალზე, რაც ყველას აინტერესებს. ის, რაც არის ყველაზე ახალი ახალ სივრცეში  ესაა პროექტი -  ვანის დროინდელი ხელოსნობის რეკონსტრუქია  ეს არის  ექსპერიმენტი, თუ როგორ ხდებოდა იმ ნიმუშების დამზადება, რაც არის აღმოჩენილი ვანში.  ჩვენს თანამშრომელს ერმილე მაღრაძეს ჰქონდა  ექსპერიმენტი ბრინჯაოს ხანის, შუა საუკუნეების ექსპერიმენტები,  ახლა პირველად არის  ანტიკური ხანის ექსპერიმენტი.  ისტორიის ვიზუალურ ფორმატში უნდა იყოს ისეთი ელემენტები, რომელიც აძლევს განსაკუთრებულობას ამა თუ იმ ადგილს.  ექსპერიმენტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო ტექნოლოგიაში, ერთ-ერთი მთვარი ძარღვი, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ არის ძალიან ადრეული ტექნოლოგია, რომელიც ვითარდებოდა კოლხეთში და იყო უნიკალური, და ამას ემატებოდა დიდი კავშირი საერთაშორისო სამყაროსთან. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, არის მოდელი. ჩვენ გვქონდა ჩვენი იდენტობა, მაგრამ ამავე დროს ვიყავით დიდი სამყაროს ნაწილი - ამ შემთხვევაში ბერძნული და ზოგადად ელინისტური კულტურის ნაწილი.

ასეთი ტიპის ექსპერიმენტი ქართულ სამუზეუმო სივრცეში განხორციელებულა?

ბუნებრივია, როდესაც არსებობს  ეროვნული მუზეუმის მასშტაბი, მის  გვერდით ვერ იქნება სხვა ასეთი  მუზეუმი,  ეროვნული მუზეუმი  განსხვავებულია, ის არ არის უბრალოდ მუზეუმი, მის შემადგენლობაშია ძალიან მძლავრი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები.  ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება მოდელი სხვებისთვის და არაფერია დასამალი, რომ ჩვენ ვართ პიონერები სხვადასხვა მიმართულებით. მაშინაც კი, როდესაც ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა, ასეთი ტიპის მუზეუმი არ არსებობდა. ისტორიულ ძეგლებზე გაჩნდა ასეთი ელემენტები, თუმცა ისინი უფრო  ვიზიტორ- ცენტრებია, ის ფორმატი, რომ მოძებნილი იყოს სამეცნიერო კვლევა,  რომელიც არის აქტიური და თანამედროვე, სამწუხაროდ  ჯერ არ არსებობს, ეს წერტილები  არის მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტურისტული პოტენციალი აქვს. ტურიზმის ფუნდამენტი უნდა იყოს  მეცნიერება, განათლება და  შემეცნება, ამის ფონზე ტურიზმი ბევრად უფრო ეფექტურია და მდგრადი.  ტურიზმი მხოლოდ დასვენებით  და ერთჯერადი ნახვით სიმდგრადით არ  გამოირჩევა.

ვანის მუზეუმის მიმართ ალბათ მაინც განსაკუთრებული სენტიმენტები გაქვთ, მისი  დაარსება თქვენი  მამის ოთარ ლორთქიფანიძის იდეა იყო.    

ვანის ექსპედიციას ჰქონდა ძალიან დიდი ტრადიციები,  და ეს არ იყო მხოლოდ სამეცნიერო კვლევა, ეს იყო გარკვეული ფორუმი, შეხვედრების ადგილი, სადაც ხდებოდა ბევრი სხვადასხვა თემის განხილვა და ტარდებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმები. ჩემთვის ეს ადგილი ბავშვობიდან იყო საშუალება, მიმეღო განსხვავებული ცოდნა, არა მხოლოდ ის, რაც სკოლაში და მოგვიანებით უმაღლესში ვისწავლე, ამიტომ მე ძალიან მადლიერი ვარ აქაურობის.  მამა იმის მიუხედავად, რომ იყო ისტორიკოსი და ჰუმანიტარი, თვლიდა, რომ  საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებაში იყო არქეოლოგიის მომავალი. როდესაც მე  ავირჩიე სხვა კუთხე და გეოგრაფია-ბიოლოგია-პალეობიოლოგიით წამოვედი და მივუახლოვდი აrქეოლოგიას, მივხვდი, რომ მამა მართალი იყო. რაც შეეხება პირად სემტიმენტებს, ბუნებრივია, რომ ეს აუცილებლად მექნება. ვანის მუზეუმი არის რიგით მერვე მუზეუმი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ,  იმის გამო, რომ ჩემთან კავშირში იყო, ვანის რეაბილიტაცია პირველად არ დაგვიწყია. მამას ძალიან უყვარდა ვანი,  ეს იყო მისი ცხოვრება და ცდილობდა, ეს გადაეცა სხვებისთვისაც. ვანი იყო სასწავლო სკოლა არქეოლოგიაში, სადაც ბევრი მეცნიერი აღიზარდა. ისინი დღეს სხვადასხვა კათედრებს და ჯგუფებს ხელმძღვანელობენ, ამის გარდა ვანი იყო სერიოზული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ  წინ წამოწეულიყო და მიღებული ყოფილიყო კოლხეთის თემა საერთაშორისო სამყაროსთვის.  საბჭოთა სისტემა ამას დიდად არ უწყობდა ხელს,  მათ ინტერესებში არ იყო, წინ წამოწეულიყო,  პატარა ქვეყნის ისტორია,  ის რომ მას ბევრად ადრე ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, ვიდრე თვით  მეტროპოლიას. ეს იყო მამასთვის პილიგრამული სამუშაო და ცხოვრების მიზანი თავის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ამისთვის მთავარი მოედანი იყო  ვანი.  მე მახსოვს მუზეუმის გახსნა, ყველაფერი  რაც დაკავშირებული იყო ამ პროცესთან. მაშინ 18 წლის ვიყავი.  იმ ეპოქაში არქეოლოგიას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.  მახსოვს, როგორ ეხმარებოდა და განსაკუთრებული ენთუზიაზმით გულშემატკივრობდა მუზეუმის მშენებლობას მთელი ვანი, რაიონის ხელმძღვანელობა, მაშინდელი  რაიკომის პირველი მდივანი ნოდარ ანდრიაძე. ბატონი ნოდარი იყო ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითი.  

 თამარ გუნია             

  

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.