USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
დავით ხვადაგიანი - „მოსკოვის ოქრო“ საქართველოს წინააღმდეგ
дата:  911

ავტორი : დავით ხვადაგიანი 

1918 წლის 10 თებერვალს თბილისში, ამჟამინდელ ოპერის თეატრში, ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ მოწვეული წარმომადგენლობითი ორგანო - ამიერკავკასიის სეიმი პირველ სხდომას მართავდა. სეიმის მოწვევა მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი იყო: ეს იყო კულმინაცია რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მოსკოვთან გაჩენილი უთანხმოებისა. ამიერკავკასიის სეიმი საბჭოთა რუსეთისგან გამოყოფას იურიდიულად აფორმებდა და ნიადაგს უმზადებდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც მოგვიანებით, 1918 წლის 22 აპრილს, გამოცხადდა. ბოლშევიკურ რუსეთთან დაპირისპირებულ ქართველ სოციალ-დემოკრატებს, სომხურ დაშნაკცუტიუნს, აზერბაიჯანულ მუსავათსა და სხვა პარტიებს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნით, რომლის პოლიტიკური ცენტრი თბილისი იქნებოდა, მსოფლიოში არსებული გარდამტეხი მოვლენების ფონზე შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ. ამიერკავკასიის ქვეყნების ერთიან რესპუბლიკაში ინტეგრაცია და ბაქო-ბათუმის მაგისტრალის გაკონტროლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მოკავშირის გარეშე მყოფი თბილისისთვის, რომ ის ძლიერი ევროპული სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო და, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიის ნანგრევებს შორის დარჩენილს, ძლიერი მფარველი და მოკავშირე ეპოვა.

თუმცა მოსკოვის დასაყრდენი ადგილობრივი ბოლშევიკები უქმად არ მსხდარან. მოსკოვიდან მიღებული დირექტივის საფუძველზე მათ თბილისში, ალექსანდრეს ბაღში, ამიერკავკასიის სეიმის საწინააღმდეგო დიდი დემონსტრაცია მოაწყვეს, სადაც ამიერკავკასიის საბჭოთა რუსეთისგან ჩამოშორებას აპროტესტებდნენ. ცნობილი ბოლშევიკი და „სტალინის მასწავლებელი“, არაქელა ოქუაშვილი, თავის მოგონებებში 10 თებერვლის ბოლშევიკურ მიტინგზე წერდა: „იმ დღეს მენშევიკების სეიმის გახსნა იყო. ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი კომიტეტის მითითებით ყოველ რაიონიდან. ჩვენ შორის იყვნენ; ფილიპე მახარაძე, სერიოჟა ქავთარაძე, კამოს დები: პეტროსიანები ჯავაირა, არუსიაკა, ლუსიკა, სანდუხტი, იასონი ჯორბენაძე, გიორგი ჩხეიძე, ნესტორა ცერცვაძე, სტეფანე შაუმიანი, ნიკოლაი კუზნეცოვი, არტილერისტი პეტრენკო (ნავთლუხი) კივკუცანი - აეროპლანების კომანდირი, მალაქია ტოროშელიძე, პარმენ საბაშვილი, მე-3 რაიონიდან ჯორბენაძე იასონი მოვიდა ამხანაგებით, ბაირაღი ეჭირა ანტონა მგალობლიშვილს. სტეფანე შაუმიანი და ნიკოლაი კუზნეცოვი იმყოფებოდნენ ყოფილი სომხების სემინარიაში, ისინი მიტინგის გახსნისას უნდა მოსულიყვნენ.“

ბოლშევიკების ოფიციალური საბაბი ამიერკავკასიის სეიმის მიერ რუსეთისგან ჩამოშორების იურიდიული გაფორმება და წინა დღეებში მთავრობის მიერ ბოლშევიკური გამოცემების - „კავკაზსკი რაბოჩისა“ და „ბრძოლის“ დახურვის გაპროტესტება იყო, თუმცა, სინამდვილეში, მათი მოქმედების გეგმა რუსული მოდელის გადმოტანა იყო: როგორც წინა წელს პეტროგრადში ზამთრის სასახლის იერიშით აღება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება მოახერხეს, ისე უნდოდათ ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეზე იერიშის მიტანა და ამიერკავკასიის კომისარიატის გარეკვა.

  ფილიპე მახარაძე დაღუპული ბოლშევიკების მემორიალის გახსნაზე, 1922

ქართველ ბოლშევიკებს ერთხელ უკვე ჩაეშალათ ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა, როდესაც 1917 წლის 12 დეკემბერს ახლად შექმნილმა გვარდიამ თბილისის არსენალის გაბოლშევიკებული გარნიზონი განაიარაღა. მათ რევანში ამოძრავებდათ, თუმცა მათი გეგმები კვლავ ჩაიშალა. ამიერკავკასიის კომისარიატის საგანგებო რაზმმა, რომელსაც ქართველი ოფიცერი, ვლასა იმნაძე, მეთაურობდა, ბოლშევიკურ მიტინგს ცეცხლი გაუხსნა და ძალის გამოყენებით დაარბია. არაქელა ოქუაშვილი იხსენებდა: „...პირი ვიბრუნე ზარების სამრეკლოსაკენ, ერთმა ტყვიამ გამკრა პალტოს კალთაში, გაველ სამშვიდობოს ხაზინასთან, გახურებული სროლაა, ისვრიან თოფით და პულემიოტებით. მივიხედე, ვხედავ, ფილიპე მახარაძე გამორბის თავშიშველა. შლიაპა ხელში ეჭირა, პალტო მტვრიანი ჰქონდა. ეტყობოდა, რომ წაქცეულიყო. მე მას ვტაცე ხელში და გავაქანე იქვე ახლოს ზემელის მაღაზიაში გაბო ოქოევთან. შევედით ეზოდან დუქნის უკანა ოთახში. ფილიპეს სკამი მიართვეს, გაბოს ცოლმა სათინიკამ პალტო გაუწმინდა. ფილიპე ძალიან აღელვებული იყო, სულ რუსულად იძახდა: „ეტო კ ლუჩემო, ეტო კ ლუჩემო.“ (იგულისხმება - ეს ჩვენთვის უკეთესია).

  არაქელა ოქუაშვილი

მაშინ ვერც არაქელა ოქუაშვილი მიხვდა, თუ რას გულისხმობდა საქართველოს პირველი ბოლშევიკი - მახარაძე, რომელიც 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ნოე ჟორდანიამ, პოლიტიკურ დისკუსიაშიც სასტიკად დაამარცხა და საქართველოში რუსული „ბოლშევიკური რევოლუციის“ გადმოტანაც ჩაუშალა, მაგრამ ფაქტი იყო, ეს დღე გადაიქცა საქართველოსა და რუსეთის სამწლიანი უწყვეტი ბრძოლის დასაწყისად. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1921 წლამდე საბჭოთა რუსეთიდან დაფინანსებულმა და მისგან ზურგგამაგრებულმა ბოლშევიკებმა საქართველოს წინააღმდეგ სამი აჯანყება მოაწყვეს, რასაც რუსეთის სამოქალაქო ომში ჩართული „მეორე რუსეთის“ - მოხალისეთა არმიის თავდასხმები და საბჭოთა წითელი არმიის ორი სრულმასშტაბიანი შემოჭრაც ახლდა. მეორე, 1921 წლის, ინტერვენცია საქართველოსთვის საბედისწერო გამოდგა და მას 70-წლიანი საბჭოთა რუსული ოკუპაცია და ტერორი მოუტანა. თუმცა მანამდე იყო დიდი ბრძოლები და ამ ბრძოლაში ქართველ ბოლშევიკებს სამართლიანად დაერქვათ „მოსკოვის ოქროთი მოსყიდული აგენტები“. 

 

1918 წლის ბოლშევიკური „აგრარული ტერორი“ 

1918 წლის 3 მარტს, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად, რუსეთმა ბათუმის ოლქი, ყარსისა და არტაანის მიწები ოსმალეთის საკუთრებად აღიარა, მაგრამ ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ და 10 თებერვალს მოწვეულმა ამიერკავკასიის სეიმმა ეს პირობები არ მიიღო, რის შემდეგაც ოსმალეთი იარაღის ძალით შეუდგა ტერიტორიების დაკავებას.

ოსმალეთს კავკასიის ფრონტზე განცდილი მარცხის გამო რევანშის საშუალება მიეცა, რასაც სათავისოდ მობილიზებული შეხვდა რუსეთის სატელიტი ბოლშევიკური ძალები კავკასიაში, რომელთაც კავკასიაში ლენინური კურსის მცირე მოდელის დანერგვა და მსოფლიო „იმპერიალისტური ომის“ ბოლშევიკურ რევოლუციაში გადაზრდა სცადეს.

  გაზეთი „ჩვენი ბრძოლა“ 15 მარტი 1918

1917 წელის ბოლოდან ბოლშევიკებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამიერკავკასიის ფრონტის მოშლაში და გაბოლშევიკებული ჯა­რისკაცების მასის მხარდაჭერით პირველად სცადეს თბილისში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება, თუმცა ამიერკავკასიის კომისარიატმა და ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქალაქისა და სარკინიგზო მაგი­სტრალის დაცვა შეძლო. ტფილისის წითელმა გვარდიამ (შემდგომში სახალხო გვარდია) არსენალის ხელში ჩაგდებითა და მისი გარნიზონის განიარაღებით საფუძველი გამოაცალა გადატრიალების გეგმებს.

1918 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკებმა აჯანყებების სერია წამოიწყეს საქართველოში. აჯანყებები ჩრდილოეთ კავკასიის „თერგის საბჭოთა რესპუბლიკის“ მთავარი ქალაქიდან, კავკავიდან (ვლადიკავკაზი), იმართებოდა: ბოლშევიკური ამბოხებები აალდა კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთსა და იმერეთის მთიან ნაწილში. განსაკუთრებით აქტიურად ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორის რაზმები მოქმედებდნენ სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის მაზრებში, რასაც მოჰყვა ლეჩხუმში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება და ამ რეგიონზე ამიერკავკასიის ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის დაკარგვა.

1918 წლის 26 მარტს ბოლშევიკებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება სოხუმში და მთელ ოლქში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს.

  სახალხო გვარდიის არტილერია სოჭში, 1918

მოვლენები განსაკუთრებით დრამატულად განვითარდა გორის მაზრის ოსებით დასახლებულ ჯავისა და ცხინვალის რაიონებში. აქ გაჩაღებულ შეიარაღებულ გამოსვლებს „აგრარულ ანარქიად“ აფასებდნენ თანამედროვეები და მიუთითებდნენ, რომ მასში ოსი გლეხობის დიდი მასის ჩართვაც მათი მძიმე სოციალურ-ისტორიული მოცემულობით იყო განპირობებული. ხიზანი და უმიწო ოსი გლეხობა არ ელოდებოდა (ისევე, როგორც სხვა მხარეებში გლეხობის უმრავლესობა) რევოლუციის შემდეგ მიწის ახალი რეფორმის შემუშავებას. მათ სტიქიურად, თვითნებურად დაიწყეს ყოფილი მემამულეების მიწების, ქონების მისაკუთრება და რიგ შემთხვევებში - მათი ფიზიკური განადგურებაც. აჯანყებული გლეხების, ყოფილი ჯარისკაცებისა და დეზერტირების სისასტიკეზე ბოლშევიკების კარგად გათვლილი აგიტაციაც ახდენდა გავლენას: ისინი გლეხობაში გამალებულ აგიტაციას ეწეოდნენ, რომ თითქოს „მენშევიკები და გვარდია თავადაზნაურობას მიეყიდნენ და ბატონ-ყმობის აღდგენას აპირებდნენ“.

  ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია

გორის მაზრაში არსებული ანარქია განსაკუთრებულ საშიშ­როებას უქმნიდა ამიერკავკასიის ხელისუფლებას, რადგან საფრ­თხე დაემუქრა რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს. ბათ­უმის დაცვა შეუძლებელი გახდებოდა, თუ გორის მაზრაში მოქმედი დეზერტირების დაჯგუფება, რომელსაც რუსეთის იმპერიის არმიის ყოფილი პორუჩიკი, ისაკ ხარებოვი, მეთაურობდა, ცხინვალსა და გორს აიღებდა. ამიერკავკასიის მთავრობას ბათუმის ოლქის ფრონტის დასუსტების ხარჯზე შეიარაღებული ძალების გადა­ჯგუფება მოუწია. გვარდიის სარდალმა, ვალიკო ჯუღელმა, რამდენიმე დღეში მოახერხა აჯანყებულების დამარცხება და წესრიგის აღდგენა, თუმცა ეს დროც საკმარისი გამოდგა, რომ დახმარების გარეშე დარჩენილი ბათუმი დაცემულიყო.

1918 წლის 1 აპრილს (ახალი სტილით 14 აპრილს) ბათუმი დაეცა და აჭარაზე კონტროლი ოსმალურმა არმიამ დაამყარა. 1918 წლის 17 მაისს გვარდიამ სოხუმი დაიკავა, ვალიკო ჯუღელი ტრიუმფით შევიდა მშობლიურ ქალაქში და მალე ქართულმა ჯარმა და გვარდიამ მთელი აფხაზეთი გაწმინდეს ბოლშევიკებისგან.

მას შემდეგ, რაც გერმანიამ საქართველოს მფარველობა - მოკავშირეობა ითავა და 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ხელისუფლებამ და სახალხო გვარდიამ ზაფხულის განმავლობაში აჯანყების ყველა კერის განეიტრალება შეძლეს და ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი დაიწყო.

 

1919 წლის ოცნება რუსულ „გადატრიალებაზე“ 

1919 წლის შემოდგომიდან რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლ­შევიკების წარმატებას საქართველოში მათი კვლავ გააქტიურება მოჰყვა, თუმცა, წინა წლისგან განსხვავებით, მათ აღარ ჰქონდათ საქართველოში აჯანყების მოწყობის დიდი რესურსი; საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა თვითმმართველობისა და მიწის რეფორმებმა, ასევე, საინფორმაციო მუშაობამ სოფლის მოსახლეობა რესპუბლიკის ერთგული გახადა და სოციალური აფეთქების მუხტი გააქარწყლა. ამას ემატებოდა სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურისა და შსს განსაკუთრებული რაზმის (უშიშროების სამსახური) ეფექტიანი მუშაობა.
რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტმა ტაქტიკა შეცვალა: ამჯერად აჯანყებები სტიქიურად კი არ ეწყობოდა, არამედ კარგად ორგანიზებული ჯგუფების მიერ საქართველოს თითქმის ყველა მხარესა და დედაქალაქ თბილისში სახელმწიფო ადმინისტრაციაზე, ფოსტა-ტელეგრაფსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე მოულოდნელ თავდასხმასა და კონტროლის დამყარებას ითვალისწინებდა. ასევე ისინი გეგმავდნენ მთავრობის წევრების დაპატიმრებას და მათი განეიტრალებით გადამწყვეტი გავლენის მოხდენას ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილ ქართულ შეიარაღებულ ძალებზე.

  გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 12 ნოემბერი 1919

განსაკუთრებული ყურადღება ამჯერადაც ამიერკავკასიის რკინი­გზასა და წიფის გვირაბის ხელში ჩაგდებას ექცეოდა, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებდა აჯანყების ორგანი­ზატორებს. აჯანყების სამართავად კომიტეტმა გორის მაზრაში ქართველი ბოლშევიკი, ივანე ჯეჯელავა, მიავლინა. გეგმა ასეთი იყო - შეიარაღებულ ჯგუფებს ქალაქი ხაშური უნდა დაეკავებინათ; ალის მხრიდან - არსენ ლომიძეს, ხცისის მხრიდან - ზნაურ აიდაროვს და სურამის მხრიდან ტატე ბუხრიკიძეს უნდა შეეტია.

1919 წლის ბოლშევიკური აჯანყება, რომელიც 7 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, დამარცხებისთვის აღმოჩნდა განწირული: ქართულმა სპეცსამსახურებმა მათი გეგმები წინასწარ იცოდნენ და ბოლშევიკური, არალეგალური სამხედრო-რევოლუციური შტაბი, რომელშიც ქართული კონტრდაზვერვის აგენტი იყო ჩანერგილი, უკანასკნელ სხდომაზე შსს განსაკუთრებულმა რაზმმა მთელი შემადგენლობით დააპატიმრა ვორონცოვის მოედანზე მდებარე სასტუმრო „ავრორაში“. დაპატიმრებულთა შორის იყო ე.წ. გარნიზონის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, ილია მგელაძე (ფსევდონიმი „ქოროღლი“). აჯანყების ცენტრი მოიშალა, რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა სამზადისი გააუქმა, მაგრამ ინფორმაციის არქონის გამო კახეთში, გურიაში, აფხაზეთსა და გორის მაზრაში აჯანყებები მაინც დაიწყო, თუმცა სახალხო გვარდიის ნაწილები მომზადებული შეხვდნენ გამოსვლებს და კერების ლიკვიდაცია არ გასჭირვებიათ.

ნოემბრის აჯანყების დამარცხებამ ბოლშევიკებს მძიმე დარტყმა მიაყენა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მალე შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის დაწვრილებით განიხილავდა ბოლ­შევიკების გეგმებს. ასევე, ბრიტანელი კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში რამიშვილი აღნიშნავდა, რომ საბჭოთა რუსეთიდან ბოლშევიკებმა 87 მილიონი მანეთი ჩამოიტანეს, რაც მოსყიდვასა და პროპაგანდაში დახარჯეს, თუმცა მათი გეგმები საქართველოს მთავრობისთვის თავიდანვე ცნობილი იყო და მისი განეიტრალება არ გასჭირვებიათ.

აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ სამხედრო-საველე სასამართ­ლომ გურიაში, გორის მაზრაში და სხვაგან დაპატიმრებულ რამდენიმე ბოლშევიკს დახვრეტა მიუსაჯა. სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით, დახვრიტეს დაპატიმრებული ოსი ბოლშევიკი, ზნაურ აიდაროვიც (1938 წელს საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ შიდა ქართლში ყორნისის რაიონს ზნაურ აიდაროვის სახელი უწოდა).

1919 წლის 30 ნოემბერს სახალხო გვარდიის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა თბილისში, კოჯრის ქუჩაზე, თვით ქართველი ბოლშევიკების ლიდერი - ფილიპე მახარაძე დააპატიმრეს, რომელიც მღვდლის ანაფორაში გადაცმული გადაადგილდებოდა. გვარდიელებმა დაპატიმრებული მახარაძისგან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს, რომელთა მიხედვითაც ცნობილი გახდა, თუ როგორ აპირებდნენ ბოლშევიკები თბილისსა და სხვა ქალაქებში სახელმწიფო დაწესებულებების ხელში ჩაგდებას.

 

1920 წელი - „წითელი ვანდეა“

1920 წელს, რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის, სერგო ორჯონიკიძის, მითითებით, კავკავში დიდი სამზადისი გაჩაღდა. წინა წლებში საქართველოდან გაქცეული ოსი მებრძოლი ბოლშევიკებისგან აპრილში „სამხრეთ ოსეთის პარტიზანული ბრიგადა“ შექმნეს და მის პოლიტიკურ კომისრად ძველი ბოლშევიკი, რაზდენ კოზაევი, დანიშნეს. თუმცა კოზაევს ბრიგადაში საქმიანობისთვის ნამდვილად აღარ ეცალა, მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ელოდა. მაისში იგი საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის ახლად შექმნილი ორგანიზაციის მე-2 კონფერენციამ საოლქო კომიტეტის წევრად აირჩია და მოსკოვში მიავლინა, ვლადიმერ ლენინისთვის „სამხრეთ ოსეთის მშრომელთა მიმართვის“ ჩასაბარებლად. კოზაევი მოსკოვში კომინტერნის მეორე კონგრესის მიმდინარეობისას ლენინმა მიიღო და „სამხრეთ ოსეთის აჯანყებულ მშრომელებს“ დახმარება აღუთქვა.

  გაზეთი „კომუნისტი“ 13 ივნისი 1920

1920 წლის მაისი ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის მძიმედ დაიწყო: საბჭოთა რუსეთმა ისარგებლა სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების დაპირისპირებით. რადგან აზერბაიჯანის არმიის დიდი ნაწილი განჯასა და ყარაბაღში იყო მობილიზებული სომხეთის არმიის წინააღმდეგ, თითქმის უბრძოლველად დაიკავა ბაქო და პირდაპირ თბილისისკენ გააგრძელა შეტევა. თუმცა ეს შეტევა ინერციით არ ყოფილა განპირობებული. ბოლშევიკური მებრძოლი ჯგუფები უკვე მზად იყვნენ ზურგში მოქმედებისთვის როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ტერიტორიაზე და მაშინვე სცადეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც ყარსის ოლქში ბოლშევიკური აჯანყებით, ხოლო თბილისში სამხედრო სკოლაზე თავდასხმისა და მთავრობის წევრების ხელში ჩაგდების მცდელობით გამოიხატა, მაგრამ ეს ოპერაციაც ჩავარდა. სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის კონტრდაზვერვის თანამშრომელმა, ნიკოლოზ ნიჟარაძემ, გაშიფრა და დააპატიმრა ტერორისტების ჯგუფი, რომელსაც ბოლშევიკი - პავლე მარდალეიშვილი ხელმძღვანელობდა. 
გეგმა ასეთი იყო: როდესაც წითელი არმია თბილისს შეუტევდა, ბოლშევიკ ტერორისტებს, რომელთაც საიდუმლო ბაზა იმერეთის სოფელ მაღლაკში ჰქონდათ, უნდა აეფეთქებინათ სადგურ რიონის სარკინიგზო ხიდი, რითაც ქართულ ჯარსა და სახალხო გვარდიას ზურგის მომარაგებას მოუშლიდნენ. ანალოგიური სახიფათო სამხედრო ვითარება შეიქმნა ქვეყნის სხვა განაპირა მხარეებში: ქართულ ჯარსა და სახალხო გვარდიას აღმოსავლეთით - ფიოლიოს, სადახლოსა და წითელი ხიდის მხრიდან - უწევდათ წითელი არმიის დივიზიის მოგერიება. რთული ვითარება იყო შექმნილი ბათუმის ოლქშიც, საიდანაც ბრიტანელები უკვე გადიოდნენ და ოლქის ხელში ჩასაგდებად ფარული ბრძოლა იყო გაჩაღებული.

  ილია მგელაძე

საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა  ბრიტანელების გასვლის გეგმა და ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო ოზურგეთის მხრიდან სამხედრო დანაყოფების განთავსება, ხოლო აპრილის ბოლოდან ქართული ჯარები ართვინისა და ხულოს მხარესაც გააქტიურდნენ. 2 მაისს ქართულმა დანაყოფებმა ართვინი დაიკავეს, მაგრამ ხულოს მიმართულებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა; ბათუმის ოლქში, სადაც მოხალისეთა არმიის შესამჩნევი გავლენა იყო, ძლიერი იყო ბოლშევიკური იატაკქვეშეთი და პროოსმალური, შემდეგ პროთურქული ორგანიზაცია - ბათუმის ისლამური საბჭო, იგივე „სედაი მილეთი“. არცერთის ინტერესს არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის მიერ ბათუმის ოლქზე კონტროლის დამყარება. ამას დაემთხვა საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის საიდუმლო მოლაპარაკებებიც და ბოლშევიკურ იატაკქვეშეთთან კავშირის მქონე „სედაი მილეთის“ შეიარაღებულმა ჯგუფებმა ქართულ არმიას ქობულეთისა და ხულოს გზებზე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. ბოლშევიკმა ტერორისტებმა, აკაკი სურგულაძემ და გერმანე ჯიბლაძემ, ბათუმის ბოლშევიკური კომიტეტის მებრძოლი ჯგუფების ხელმძღვანელის, სერგო გუბელის (მეძმარიაშვილი), დავალებით, 23 აპრილს მდინარე კინტრიშის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს და მიიმალნენ, რათა ქართული შეიარაღებული ძალების წინსვლა შეეჩერებინათ.

1920 წლის 5 მაისს წითელი არმიის დანაყოფებმა მდინარე ფსოუსთან საქართველოს სანაპირო ჯარების პირისპირ პოზიციები საბოლოოდ დაიკავეს. მათი სამხედრო დაზვერვის აგენტები აფხა­ზეთის მხარეს გააქტიურდნენ. იმ დროს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის მხრიდან ყოველ­მხრივ ზეწოლას განიცდიდა, ხელისუფლებას ჩრდილოეთ კავკასიის ქართული სადაზვერვო ქსელიდან ჰქონდა ინფორმაციები იმ ოსური ბოლშევიკური ჯგუფების შემოჭრის შესახებ, რომლებიც ისევ საფრთხეს შეუქმნიდნენ თბილისის ზურგსა და საქართველოს მთავარ საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალს, რაც მალე რეალობად იქცა და „სამხრეთ ოსეთის პარტიზანული ბრიგადა“ ჯავა-ცხინვალის მიმართულებით ბრძოლაში მყოფი ქართული არმიისა და სახალხო გვარდიის ზურგში შემოიჭრა.

  გაზეთი „ეშმაკის მათრახი“ #31, 1920

ქართული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გიორგი კვინიტაძე, იძულებული შეიქნა, ჯარები გადაეჯგუფებინა და ­სა­ხალხო გვარდიის ბატალიონები აღმოსავლეთის ფრონტიდან ცხინვალის მიმართულებით  გადაესროლა. ამის საშუალება მას მაისის ბოლოს - განჯასა და 9 ივნისს ზაქათალის ოლქში ანტი­საბჭოთა აჯანყებების დაწყებამ მისცა: ზაქათალის ოლქში აზერბაიჯანელი ბეგების - გალაჯიევის, კარდაშევისა და აბასოვის გამოსვლები ქართველი სამხედრო დაზვერვის აგენტების მხარდაჭერით დაიწყო, ხოლო განჯის აჯანყებას, დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ქართული სპეცსამსახურები უწევდნენ დახმარებას - ის ნოე რამიშვილის კაბინეტიდან იმართებოდა. წითელი არმიის სარდლობა იძულებული გახდა, მნიშვნელოვანი შენაერთები აჯანყებული აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გადა­ესროლა.

საიდუმლო ბრძოლა გრძელდებოდა საქართველოს შეიარა­ღებული ძალების ზურგშიც: 6 ივნისს სადგურ ნატანებში ქართულმა კონტრდაზვერვამ თვალთვალის შემდეგ დააკავა ბოლშევიკი ქალი, სოფია პრესმანი, რომელსაც თბილისიდან, გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციიდან, რუსეთის კომუნისტური პარტიის ბათუმის კომიტეტის სახელით დაბეჭდილი საქართველოს ხელისუფლებისა და ბრიტანელების საწინააღმდეგო დიდძალი პროკლამაციები მიჰქონდა ბათუმში. პროკლამაციები ორი ნაწილისგან შედგებოდა: ერთი მიმართული იყო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და მას ბრალს სდებდა, რომ ის „იარაღის ძალით აპირებდა ბათუმის ოლქის დაბრუნებას“, ხოლო მეორე მიმართული იყო „ინგლისელი იმპერიალისტების“ წინააღმდეგ.

 მელქისედეკ კედია და პლატონ ფაჩულია

1920 წლის ივნისში სახალხო გვარდიის ექვსმა ბატალიონმა, არტილერიამ და ცხენოსანმა დანაყოფმა გორის მაზრა მთლიანად გაწმინდეს აჯანყებულ ოს ბოლშევიკთა ჯგუფებისგან და თბილისის ბლოკადაში მოქცევის საფრთხე აირიდეს.

1920 წლის 13 ივნისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბ­ლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითგამორკვევის უფლების“ მხარდაჭერისა და ბათუმისთვის დაბეჭდილი პროკლამაციების გამო დახურა ახლად გახსნილი გაზეთი „კომუნისტი“, რომელიც 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე გამოდიოდა „სამ­ხრეთ ოსეთის აჯანყებულებისთვის.

25 ივნისს საქართველოს დეპეშათა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ სოხუმსა და გაგრაში გამოვლინდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულება. შეთ­ქმულებაში მონაწილეობდნენ კომუნისტები: კუხალეიშვილი, ვიგრიანოვი, სვანიძე და სხვები. გამოძიებამ მათ იარაღი, ყუმბარები, ასაფეთქებელი მასალები და სამხედრო რუკები აღმოუჩინა. მათთან ერთად ქართულმა კონტრდაზვერვამ ბათუმიდან გაქცეული ბოლშევიკი ტერორისტები - აკაკი სურგულაძე და გერმანე ჯიბლაძე დააპატიმრა, რომლებიც სასჯელს 1921 წლის რუსულ ოკუპაციამდე იხდიდნენ.

  ვალიკო ჯუღელი

1920 წლის ივლისში ბრიტანელები ბათუმის ოლქიდან გავიდნენ და ბათუმი საქართველოს გადმოსცეს. ქალაქში ქართული ჯარი და სახალხო გვარდია შევიდა. აჭარის მოსახლეობისგან შედგენილი ჯარის მთავარსარდალი და ბათუმის ისლამური საბჭოს ლიდერი, მუჰამედ ბეი ქესქინ-ზადე კიკნაძე, საიდუმლოდ დაკავშირებული აღმოჩნდა საქართველოს მთავრობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ქესქინ-ზადეს მოკავშირეების - ბათუმის ოლქის ბოლშევიკების იმედი ჰქონდა, მას ქართული შეიარაღებული ძალებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან ჯარი დაშალა და ხოფაში გადავიდა. ორწლიანი ბრძოლის შემდეგ ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში დაბრუნდა.

 

1921 წელი - დაისი

საბჭოთა რუსეთი და მისი ბელადი ვლადიმერ ლენინი, რომე­ლიც დეკლარიებულად  მაინც ცნობდა ახალი სამყაროს მსოფ­ლიო პოლიტიკურ წესრიგს, რაც, პირველ ყოვლისა, ერთა თვითგამორკვევის პრინციპს ემყარებოდა,  ახალი სახით რუსეთის იმპერიის აღდგენას სიფრთხილით უყურებდა. მისი პოლიტიკა თავიდან არ ითვალისწინებდა პირდაპირ ინტერვენციასა და ოკუპაციას. ის უპირატესობას ანიჭებდა სამიზნე ქვეყნების ხელში ჩაგდებას შიდა გადატრიალებისა და აჯანყების ორგანიზების გზით. 1917 წლიდან მოყოლებული, 1920 წლის ჩათვლით, რუსეთის ყველა მცდელობა, აჯანყებითა და დიდი ფინანსური რესურსების ხარჯვით დაემხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, წარუმატებელი გამოდგა.

  გიორგი კვინიტაძე

1921 წლის დასაწყისში მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე-იურე აღიარება და საფრანგეთის ხელისუფლებაში საქართველოსადმი კეთილგანწყობილი არისტიდ ბრიანის მოსვლა დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა, საბჭოთა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი ინტერვენცია დაეწყო, რაშიც ლენინს დაჟინებით არწმუნებდნენ რუსეთის ეროვნებათა სახალხო კო­-
მისარი, იოსებ სტალინი და კავბიუროს ხელმძღვანელი, სერგო ორჯონიკიძე. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პროპაგანდა ათწლეულების განმავლობაში ამყარებდა მითს, თითქოს საქართველოში 1921 წლის თებერვალში აჯანყება და „მენშევიკური მთავრობის“ დამხობა მოხდა, ფაქტია, რომ ეს პირდაპირი ინტერვენცია და ოკუპაცია იყო. ცნობილი ისტორიკოსი, ფირუზ ქაზემზადე, თავის წიგნში „ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-21“ (1950-იანი წლების დასაწყისში გამოიცა აშშ-ში) აღნიშნავდა, რომ  საქართველოს ისედაც სუსტი კომუნისტური პარტია 1920 წლის წარუმატებელი აჯანყების მცდელობის შემდეგ გატყდა და „სულით დაეცა“. მას 1921 წლისთვის აღარანაირი რესურსი აღარ გააჩნდა აჯანყების ორგანიზებისთვის.

  ვლასა იმნაძე

ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია საქართველოს რევკომის თავმჯდომარის, ფილიპე მახარაძის, საიდუმლო მოხსენება (06.12.1921), რომელიც 1922 წელს სრული სახით გამოაქვეყნა სტამბოლში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ემიგრანტულმა ჟურნალმა „თავისუფალმა საქართველომ,“ მინაწერით: „ასლი, გადაღებული იმ მოხსენებიდან, რომელიც ინახება რუსეთის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში“. ეს ხაზს უსვამდა, რომ, მიუხედავად სამხედრო მარცხისა, ქართველ პოლიტიკოსებსა და მზვერავებს ჯერ კიდევ დიდი გავლენა და შესაძლებლობები ჰქონდათ, თუნდაც მოსკოვში საიდუმლო დოკუმენტაციის მოპოვების მხრივ. ფილიპე მახარაძე მოსკოვს სწერდა:

„მოხდა ის, რომ, როდესაც დაიწყო წითელი ჯარების შეტევა, ამ შეტევის მიზანსა და განზრახვაზე არცერთმა იაჩეიკამ, წარმოი­დგინეთ, პარტიის არცერთმა წევრმა საქართველოში არაფერი არ იცოდა და იჭვიც კი არ ჰქონდა. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციების მხრივ, რამდენათ ისინი ჯერ კიდევ მიათრევდნენ თავის წუთი სოფელს, არავითარი გამაფრთხილებელი ზომის მიღება არ შეიძლებოდა. ცხადია ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაუადვილა მენშევიკებს, წითელი ჯარების შეტევისას, საბოლოვოთ გაესწორებინათ ანგარიში აქა-იქ კიდევ დარჩენილი ჩვენი ორგანიზაციებისათვის და დაეჭირათ არამცთუ კომუნისტები, არამედ ცოტათ თუ ბევრათ მათი თანამგრძნობებიც. ამრიგად მოხდა შემდეგი:

● საქართველოში წითელი ჯარის შესვლამ და საბჭოთა ძალაუფლების გამოცხადებამ მიიღო აშკარად გარედან დაპყრობის ხასიათი, ვინაიდან შიგნით ამ დროს არავინ არც კი ფიქრობდა აჯანყების მოწყობაზე.

● საბჭოთა ძალაუფლების გამოცხადებისას საქართველოში არ აღმოჩნდა არცერთი პარტიული იაჩეიკა, არც მეტი რომ არა ვსთქვათ პარტიის ცალკე წევრი, რომელსაც შეძლებოდა ხელისუფლების ორგანიზაციის მოწყობა, რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდეს უმეტეს შემთხვევაში საეჭვო, ან და პირდაპირ ბოროტმოქმედმა ელე­მენტებმა“.

  1921 წელს ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაღუპული სახალხო გვარდიელები

1920-იან და 1930-იან წლებში სტალინის მიერ მოწყობილ პარტ­იულ წმენდას და მასობრივ რეპრესიებს შეეწირა იმ ბოლშევიკების უმრავლესობა, რომლებიც 1917-21 წლებში თავგამო­დებით იბრძოდნენ „საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის.“ საბჭოთა რეჟიმმა ათწლეულების განმავლობაში მიზანმიმართულად წაშალა, გააქრო და გააყალბა საქართველოს XX საუკუნის პოლიტიკური ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები. საქართველოს „დაკარგული ისტორია“ და თაობების მეხსიერებიდან პოლიტიკური იდენტობის ამოშლა რუსეთის აგრესიული იმ­პე­რი­ისთვის დღემდე ყველაზე საიმედო იარაღია ქართული საზოგადოების დასამორჩილებლად. 

წყარო:https://www.akhaliiveria.ge/

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати