USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
დავით კეზერაშვილი - უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს
თარიღი:  283

"უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს" - ამის შესახებ დავით კეზერაშვილი სპეციალურ განცხადებაში ავრცელებს, რომელსაც "თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოში დღეს რთული ვითარებაა. სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქვეყნის დასავლურ მისწრაფებასთან მიმართებაში არაერთგზის გამოხატული საზოგადოებრივი ერთობა ივანიშვილისთვის ნიშნავს, რომ მისი 11 წლიანი ძალისხმევა - საქართველო გაეხადა ღია პლატფორმა პუტინის რუსეთისთვის, განწირული აღმოჩნდა. ოლიგარქის რეჟიმისთვის ფინიშთან მიახლოების ნიშანს იძლევა უკრაინასთან ომში რუსეთის პერმანენტული მარცხიც.

საქართველოში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი რეალური მმართველისთვის დღეს პრობლემაა ყველა ის ინსტიტუცია და ადამიანი, ვინც მისი მკაცრი ვერტიკალის ქვეშ არ არის მოქცეული. „ქართული ოცნების“ მმართველისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მისგან, რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მედია, ახალგაზრდები. ოლიგარქის პერსპექტივიდან დღეს საფრთხეა ყველგან, სადაც ის არ არის,  რასაც ის ვერ აკონტროლებს, რასაც დემოკრატიულობისა და დასავლური ღირებულებების შინაარსი შეიძლება ჰქონდეს.

ამ ფონზე მე არ მაქვს შეკითხვა, რატომ გავხდი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის  პერსონალური სამიზნე. რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით ხდება - პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფუძვლო კამპანიური განცხადებები, კლანური სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ყოველდღიური ცრუ ბრალდებები - არის ნიშანი იმისა, რომ ერთ-ერთი მსხვილ სამიზნედ ვარ შერჩეული და ხელისუფლებას ნებისმიერ ფასად უნდა ჩემი, როგორც საქმიანი რეპუტაციის დაზიანება, ასევე, რეალური მიზნების ბინძური მეთოდებით ინტერპრეტირება.

მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა, არაერთ სირთულესთან მომიწია გამკლავება. აქ არ ვაპირებ, ბრალდებების ნიაღვართან ბრძოლის ემოციურ ნაწილზე შევჩერდე. შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს საუკეთესო რუსული ტრადიციით შექმნილი მესიჯის თვალყურის დევნება, რომ თითქოსდა ჩემს ხელში გაიფლანგა ქართულ ჯარის წვრთნისა და აღჭურვისთვის განკუთვნილი მილიონები - იმ ჯარის, რომელსაც მთელი გულითა და გონებით ვემსახურე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ და ამ პროცესში პროპაგანდისტული მანქანის ეპიცენტრში ყოფნასაც მივეჩვიეთ, ჩემთვისაც კი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ბრალდებების მრავალწლიანი კასკადის ბოლო ეპიზოდი, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. მის სირთულეს კი განაპირობებს ის სამწუხარო ფაქტორი, რომ ჩემს წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი გახდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამოირჩეული საერთაშორისო მედიასაშუალება, რომლის ტრადიციულ რეპუტაციულ გამართულობასაც შეუძლებელია პატივი არ სცე. მიუხედავად ამისა, მიწევს ვთქვა, რომ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმისთვის მომზადებულ საგამოძიებო მასალაში ჩემთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება.

პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას - The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიაკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი  ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს.

ახლა რაც შეეხება იმავე ავტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების სქემასთან ჩემს დაკავშირებას, აქ მინდა მეტ დეტალზე გავამახვილო ყურადღება:

ტყულია, თითქოს მე უარი ვთქვი ჟურნალისტთან თანამშრომლობაზე. არსებობს ავტორთა ჯგუფთან ჩემი იურისტების არაერთი კომუნიკაციის დამადასტურებელი დაახლოებით 50 გვერდიანი დოკუმენტები. აღვნიშნავ, რომ მის მასალებში არ მოხვდა ჩემი მხრიდან მიწოდებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არგუმენტირებულად უარყოფდა მის ვარაუდებსა და დაშვებებს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან ჩემი კავშირების შესახებ. რაც შეეხება ფილმის ეპიზოდს, როდესაც ჟურნალისტი ჩემს საცხოვრებელ სახლში მოდის და მე თითქოს მასთან საუბარზე უარს ვამბობ, ეს „სტუმრობა“ მოხდა დაახლოებით დილის 7 საათზე. მას სახლში დახვდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ბუნებრივია, მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები ვერ ექნებოდა.
ტყუილია, თითქოს რამე კავშირი მაქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან. ამას მასალის ავტორი თავადაც არაერთგზის ასკვნის: რომ „არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებს მილტონის ქსელთან...“; „რაც შეეხება მილტონ ჯგუფს, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტიაც, რომელიც დააკავშებდა კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა პირდაპირი ფინანსური ინტერესი მილტონის ქსელის კომპანიებში“. თუმცა მიუხედავად საკუთარი დასკვნისა, ის არათუ ძალაში ტოვებს, არამედ აძლიერებს ვარაუდს, რომ ქსელის სათავეში სწორედ მე ვარ.
ტყუილია, თითქოს მე იყავი ჩართული ტექ-კომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. მასალაში არ არის და ვერც იქნება მსგავსი ფაქტების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
ტყუილია, თითქოს ჩემი რომელიმე კომპანია ამზადებდა ვებსაიტებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. ჩემს არცერთ კომპანიას არასოდეს გაუკეთებია ბრენდინგი ან ვებ-დომეინი ამ სავაჭრო პლატფორმისთვის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შემყვანია მასალაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანიის იმეილები და ე.წ. მილტონ ჯგუფის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე მდებარეობდა. განვმარტავ: ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოსტა არაერთხელ გამხადარა კიბერ თავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს. მე არ მაქვს და ვერც მექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის რომელ სერვერზეა ჩემთან დაკავშირებული კომპანიები, ან რა ინახება სხვა ამათუიმ სერვერსა თუ ელ-ფოსტის ე.წ. „ქლაუდზე“.
ტყულია ცნობა, თითქოს ჩემი ბიზნეს-ცენტრი კიევში არის „თაღლითური ქოლცენტრების სახლი“, რომელიც ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს (software). სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კიევში ჩემს კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს. ასევე, არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები.
მანიპულაციურია საგამოძიებო ფილმში თბილისის პიქსელის შენობის ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც ჩნდება აღქმა, თითქოს ის იფარავდა ე.წ. ქოლ-ცენტრებს.    მასალის ავტორთა მხრიდან ესეც აუდიტორიის შეცდომაში შეგნებულად შემყვანი ნაბიჯია: როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნისას (ბოლოს 12 წლის წინ), სწორედ პიქსელის შენობაში ვქირაობდი ოფისის ფართს. გერმანელი გამომძიებლებისა და ფილმის ავტორთათვის ჩატარებული საჩვენებელი რეიდი კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქსის თაუერში ჩატარდა (რომელთანაც მე არასოდეს მქონია არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი). გამოძიების ავტორებმა პიქსელის შენობის ჩვენებით გააძლიერეს აღქმა, რომ საკითხი სწორედ მე მიკავშირდება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „საქმის შესაკვერელად“ და ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლ-ცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც ჩემს ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. უცნაურია, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის ჟურნალისტს ჩემი მისამართით ბრალდებისთვის არ დასჭირდა მეტი სიღმისა და დეტალის გარკვევა, არ გაუჩნდა შეკითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბი მისი ხელისუფლების ჩართულობისა და მფარველობის გარეშე. სამაგიეროდ, მან შეისწავლა ჩემი სოციალური ქსელები და განაცხადა, რომ მყავს 45 ფეისბუკ მეგობარი, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. მილტონ ჯგუფის თაღლითურ სქემასთან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მასალის ავტორებმა არ წარმოადგინეს მტკიცებულება ამ 45 პირის შესახებ. რაც შეეხება ჩემს ფეისბუკ გვერდს, 2000-ზე მეტი მეგობრით - მათ დიდ ნაწილს პირადად არ ვიცნობ, იმათ ნაცვლად კი - ვისაც ვიცნობ, მიმეგობრია ან ვისთანაც საქმიანი კავშირი მქონია,  პასუხს ვერაფერზე ვაგებ.
როგორც იცით, კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის „ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლ-ცენტრების სახელისუფლებო სქემას. ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ „ფორმულამ“ ჯგუფს გაუწია ყველანაირი დახმარება. მათ ტელევიზიას მიმართეს ეთერში გასული მასალებისთვის და ყველაფერი მიიღეს.

რადგანაც მე თვითონ ვარ მედიის მფლობელი, ვიცი, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მასალაში ადგილი აქვს არაერთი ფაქტის განზრახ დამახინჯებას. რეპორტაჟში გამოთქმული ცრუ ბრალდებებისა და ვარაუდების დეტალურად განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა აქ შევჩერდები და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. მისი ნაწილი იყო ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმე პროცესი, რაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა მიიჩნიეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ დააკმაყოფილეს. ანალოგიური დასკვნაა ამ მხრივ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული ინსიტიტუებისა და არერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებდამცავი ორგანიზაციის რეპორტებშიც. რაც შეეხება ჩემი სახელის ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან მიბმას, პირველად ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს სცადა 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის მარტში კი ისეთი მაღალი სანდოობის ორგანიზაციამ როგორიცაა OCCRP-მ (Organized Crime and Corruption Reporting Project) გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ „ვერ მიაკვლია ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებდა ქოლცენტრთან“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს.

ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე საკითხი სამომავლო გეგემებთან დაკავშირებით: ჩემს მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია ,,ფორმულა” თავისუფალი მაუწყებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუნძულია საქართველოში. ამ სივრცეში საკუთარი საქმის პროფესიონალებს სრული სარედაქციო თავისუფლება აქვთ. „ფორმულა“ ხელისუფლების მუდმივი დარტყმის ქვეშაა. დღეს მე ვაცნობიერებ, რომ იქ მომუშავე ხალხს ბრძოლაში სჭირდება არა მხოლოდ ჩემი დახმარება და რესურსები, არამედ მორალური სიმყარეც - ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩემ მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია და დაშვებები - უსაფუძვლო. ანალოგიურად, ყველა ჩემს მეგობარს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე სჭირდება იგივე მორალური სიმყარე. ამისთვის მე, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყველაფრს გავაკეთებ.

აქვე, პასუხი კითხვაზე - ხომ არ შეიძლება, ჩემი სახით მომავალში ახალი ოლიგარქი მივიღოთ? საქართველოს ბოლო წლების გამოცდილებით ეს გასაგები საფრთხეა და მესმის, რომ შესაძლოა ბევრ ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანსაც ჰქონდეს ეს კითხვა.

მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც  გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში.

დიდი მადლობა „ფორმულას“, მის  თითოეულ თანამშრომელს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთ უსამართლო ბრძოლაში მოგიწიათ ყოფნა. თქვენი სამოქალაქო პოზიცია და პროფესიული ღირსება ყოველთვის იყო და იქნება სამაგალითო ჩემთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უამრავი ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ მაყურებელს, ვინც არაერთ რთულ ვითარებაში თქვენ გვერდით დადგა და დარჩა „ფორმულას“ ერთგულად. ეს არხი დღეს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ამ მხრივ, სრულიად გამორჩეულია ქართულ მედია ბაზარზე.

შეჯამებისთვის კი, კიდევ ერთხელ, ყველას გარწმუნებთ, ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დავამტკიცებ საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას. ეჭვი არ მეპარება, რომ მორალურად წელგამართული განვაგრძობ თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს".

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.