USD 2.7010
EUR 3.1553
RUB 3.3833
Тбилиси
დავით ჯაბუა: თავს ვიწონებდი, რომ ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი ირაკლი ანდრიაძე იყო, ადამიანი ვინც სამების ტაძარი ააშენა
дата:  1896

მშენებელ კონსტრუქტორი დავით ჯაბუა მრავალი წელია  საყვარელ საქმეს, მშენებლობას ემსახურება და მათ შორისაა, ვისთვისაც პროფესიონალიზმი მთავარი სტანდარტია. 

პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მის შრომით ბიოგრაფიაში იყო ბევრი საინტერესო პროექტი და  გამოწვევა, ასევე ადამიანები, ვინც მის ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა, მათ შორისაა ირაკლი ანდრიაძე ადამიანი, ვისთან ხანმოკლე შეხვედრამაც დავით ჯაბუას პროფესიულ ცხოვრებაში მთავარი  ორიენტირი განსაზღვრა.

 დავით ჯაბუა: პოლიტექნიკური ინსტიტუტის  სამშენებლო ფაკულტეტი დავამთავრე, პროფესიით ინჟინერ მშენებელი, კონსტრუქტორი ვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან მინდოდა მშენებელი გამოვსულიყავი. მე ფოთში ვიზრდებოდი, იქ დავამთავრე სკოლა. პატარა ასაკიდან ვუყურებდი მშენებლობებს, რაც იმ პეროდში ფოთში აქტიურად მიმდინარეობდა. მეათეკლასელი ვიყავი, როცა ფოთში  მშენებლობაზე ვიმუშავე, სადაც ავიღე  პირველი ხელფასი  210 მანეთი. პატარა ბიჭი ვიყავი, ძალიან მინდოდა მაგნიტოფონის ყიდვა, მაგრამ  250 მანეთი ღირდა და არ მომივიდა. დავბრუნდი სამმართველოში და კარებთან დავჯექი. გამოვიდა სამმართველოს უფროსი, რა იყო, რატომ მობრუნდი უკანო? მკითხა,  ფული არ მეყო მაგნიტოფონისთვის  მეთქი, ვუთხარი. 50 მანეთი დამიმატა. ჩემი სანატრელი  ბაბინებიანი  მაგნიტოფონიც ვიყიდე და  ცოტა ფული  ბებიასაც  მივეცი.  დღემდე  მახსოვს ის ადამიანი და ყველა, ვისაც  პატარა  წვლილიც კი აქვს შეტანილი ჩემს ცხოვრებაში.   

იმ პერიოდში როდესაც სკოლა დავამთავრე, მშენებლობა პოპულარული სპეციალობა იყო. გეპეის სამშენებლო ფაკულტეტზე ყოველთვის დიდი კონკურსი იყო. ძალიან კარგი პროფესორები გვყავდა, ესენი იყვნენ ანზორ ნადირაძე, გაბო ნინუა, ზურაბ წილოსანი, ლევან გველესიანი, მათგან  ბევრი რამ ვისწავლეთ, პირველ რიგში ჩვენი პროფესიის სიყვარული და გულით მუშაობა. მათგან გვაქვს პატრიოტიზმი პროფესიონალიზმში ჩემი თაობის მშენებლებს. ჩვენ ჩვენი პროფესიის პატრიოტები ვიყავით, რომ არა ეს თვისება, ჩვენს პროფესიაში მუშაობა არ იყო იოლი. ძალიან საინტერესო სტუდენტობა გვქონდა, მომიწია მუშაობა ყამირზე, ასევე მშენებლობაზე დაღესტანში კაჩუბეიში, სადაც იყო გადასახლებაში ზვიად გამსახურდია.  

-  ვინ  იყვნენ  ის ადამიანები, ვინც განსაზღვრა თქვენი პროფესიული გზა და  მოახდინა გავლენა თქვენზე?    

- ეს ადამიანები, პირველ რიგში იყვნენ ჩვენი ლექტორები, პროფესიონალები და საოცარი  ადამიანები. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბატონი ირაკლი ანდრიაძე. იმ წელს, როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდით ბატონი ირაკლი სამშენებლო ფაკულტეტის სადიპლომო კომისიის თავმჯდომარე იყო. კურსზე დაახლოებით 200 მდე სტუდენტი ვიყავით. ბატონ ირაკლის არ ვიცნობდით, თუმცა მის შესახებ ბევრი რამ გაგვეგონა. დიპლომების დაცვა იოლი საქმე არ იყო, სადიპლომო ნაშრომები იყო ვრცელი, ყველაფერს ხელით ვხაზავდით და სადიპლომო ნაშრომი 15 დიდი ფორმატისგან მაინც  შედგებოდა. 

მახსოვს პირველად რომ დავინახე ბატონი ირაკლი, კორიდორში დეკანატთან შემოვიდა. მოხდენილი, ძალიან სიმპატიური ადამიანი იყო. ბიჭებმა თქვეს, ეს არის ირაკლი ანდრიაძეო. ყველა პატივისცემით მიესალმა, მოვიდა, მოვიდაო ერთმანეთს ეუბნებოდნენ ლექტორებიც.  ჩვენ ცოტა დაძაბულები  ვიყავით, ლექტორები გვამშვიდებდნენ, მაგრამ მაინც ვღელავდით. დაიწყო დიპლომების დაცვა. ბატონი ირაკლი, რა თქმა უნდა,  გვისვამდა პროფესიონალურ შეკითხვებს, როგორც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, ამასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანიც იყო.  ამით გამოირჩოდა ის თაობა ადამიანობით, პატიოსნებით, ურთიერთობებით. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა  ბატონი ირაკლის  სიტყვები, რაც მან გვითხრა ახალგაზრდებს. თქვენ წინ დიდი  ცხოვრება და პროფესიული გზა გელით, ბევრი  შრომა და პასუხისმგებლობა დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ცოდნა, რომელიც თქვენ მიიღეთ, მაგრამ თქვენს საქმეში გადამწყვეტია ადამიანური დამოკიდებულებები. თუ გინდათ იყოთ წარმატებულები საქმეში, იყავით მკაცრები, მაგრამ სამართლიანებიო ასე დაგვარიგა ახალგაზრდები. ჩვენ მაშინ  21 წლისები ვიყავით, შესაძლოა ვერც გავაცნობიერეთ ბატონი ირაკლის ნათქვამი სიტყვები, მაგრამ მერე და მერე სულ მახსენდებოდა ხოლმე მისი დარიგება. ამ სიტყვებმა ბევრი რამ მომცა და ძალიან წამადგა. მშენებლობა რთული საქმეა, ათასნაირ ადამიანთან გიწევს შეხება, მაგრამ ისე გავიარე ჩემი გზა, არ მახსოვს ვინმე დამეჩაგრა და  უსამართლოდ მოვქცეოდი. 

გული მწყდება, რომ ბატონ ირაკლისთან აქტიური კავშირი არ მქონდა. თითქოს ხანმოკლე იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მაგრამ ისეთი კვალი დატოვა, სულ მქონდა ინტერესი, პატივისცემა და მოწიწება  ამ ადამიანის მიმართ. მესმოდა შორიდან მის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, ახლო გადაკვეთა არ გვქონია. ისე მოხდა, რომ წლების შემდეგ  სამების მშენებლობის დროს შევხვდი. იმ დროს ეკლესიას ვაშენებდი. ორი ტაძარი მაქვს აშენებული, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში წმინდა გიორგის სახელობის   და  ფოთში გრიგოლ ღვთისმეტყველის. ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებდა და მივედი სამების მშენებლობაზე. ბატონი ირაკლი იქ იყო. მივედი ახლოს,  გავესაუბრე, თავი გავახსენე, მაგრამ იმდენი თაობა იყო გავლილი მის ხელში, როგორ გამიხსენებდა. მაინც გაუხარდა ჩემი ისტორია, მეც მადლიერება გამოვხატე, ცოტა ხანს ვისაუბრეთ. ტრაბახი ზოგადად არ მჩვევია, მაგრამ  სულ თავს ვიწონებდი ხოლმე, რომ ჩემი დიპლომის დაცვის კომისიის  ხელმძღვანელი იყო ადამიანი, ვინც სამების ტაძარი ააშენა მეთქი (იცინის) მე სამებას პროფესიული თვალით ვუყურებ და მართლაც უზადოდ არის შესრულებული. ეს იყო უზარმაზარი საქმე. ინჟინრული სირთულით ამ მასშტაბის პროექტი ჩვენთან  არც საბჭოთა კავშირის დროს და არც მერე  არ გაკეთებულა.    

- სად და როგორ გაიხსნა თქვენი „შრომის წიგნაკი“?

- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოვხვდი საპროექტო ინტიტუტში, „გიპროშახტი“ საკავშირო მნიშვნელობის საპროექტო ინსტიტუტი იყო, კონსტრუქტორად დავიწყე მუშაობა. ორი წელი ვიმუშავე არქიტექტურულ ჯგუფში კონსტრუქტორად, შემდეგ გადავედი „კურორტპროექტში“, სადაც 8 წელი ვიმუშავე. ვაპროექტებდით კურორტებს:  დასასვენებელ სახლებს და პანსიონატებს. ჩვენ დავაპროექტეთ  პანსიონატები მენჯში, ქობულეთში, ციხისძირში, მწვანე კონცხზე, ნაბეღლავში, ასევე  „სკალა“ გაგრაში. იმ პერიოდში ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა კონსტრუქტორებს. 90 იან წლებში, უკვე კონსტრუქტორების  ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი „კურორტპროექტში“, როდესაც ყველაფერი დაინგრა და ჩვენი  სამსახურიც დაიშალა, მომიწია გადასვლა კერძო კომპანიაში, 1990 92 წლებში ავაშენეთ ორი საცხოვრებელი კორპუსი ნუცუბიძეზე,  ვმუშაობდი ინდივიდუალურ პროექტებზეც,  ჩემთვის საამაყოა, რომ ვიმუშავე  ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე, რომელიც 1907 წელს ააგო ნიკო ნიკოლაძემ, მაგრამ მერე თეატრად გადაკეთდა. ჩვენ მოვახდინეთ რეკონსტრუქციარესტავრაცია. ტაძრის  ძირითადი ტანი შენარჩუნებული იყო, მაგრამ მასზე  იმდენი რამე იყო  მიშენებულდაშენებული, საერთოდ არ ჩანდა. მასზე  ვნახეთ ნახვრეტები, სადაც უნდა ჩაედოთ ასაფეთქებლები, რადგან ტაძარი ასაფეთქებლად იყო გამზადებული, მაგრამ მერე ბერიასთვის უთქვამს ერთერთ არქიტექტორს, მის დანგრევას ჯობია თეატრი გავაკეთოთო, ასე გადარჩა ფოთის ტაძარი აფეთქებას. ჩემი აშენებულია ფოთში, ტიბისი ბანკის ცენტრალური ოფისი, იმის მიუხედავად, რომ ფოთში 17 წელი ვიცხოვრე, დანარჩენი თბილისში, ფოთი ჩემთვის მშობლიური და ძვირფასი ქალაქია. ჩემი შესრულებულია მირზა ფათალი ახუნდოვის სახლმუზეუმი თბილისში.

კმაყოფილი ვარ ჩემი გავლილი გზით, ჩემი პედაგოგებით, იმ ადამიანებით, ვინც შემხვდა ცხოვრებაში. მე მომიწია მუშაობა სხვადასხვა ფორმაციებში. როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე,  საბჭოთა კავშირი იყო, აქტიურად ვმუშაობდი იმ პერიოდშიც, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აღარ იყო მილიცია, ობეხე (იცინის)  განსაკუთრებული კარიერული გეგმები არ მქონია, მშენებლობის მინისტრობაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი და ჩემი პროფესიული ცხოვრება წარმომედგინა, როგორც ყველა რიგით საბჭოთა ადამიანს. უნდა მემუშავა მშენებლობის ხაზით, ინტერესი, რაც მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა, იყო პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ეს ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიყავით შეპყრობილი მომხვეჭველობით, თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლაც კარგი თაობა ვიყავით, თუმცა პროფესიულად ჩემს წინა თაობას უფრო გაუმართლა. მათ დროს აშენდა ენგურჰესი, ჟინვალჰესი, მათ უფრო მეტ დიდ და გრანდიოზულ  პროექტზე მოუწიათ მუშაობა, რაც პროფესიონალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან დიდი ობიექტები ყველა ქართველი ინჟინრების აშენებულია. ჩვენ არ გვისწავლია ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში, მაგრამ ვაშენებდით სერიოზულ ობიექტებს და ვაშენებდით გულით, საქმის სიყვარულით. ეს ცოტას არ ნიშნავდა. გავიდა დროები, დადგა რთული  პერიოდებიც, მაგალითად სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც არ მოგვექცნენ კარგად პროფესიონალებს, მაგრამ გავუძელით ღვთის წყალობით. 

- ბოლო წლებში თბილისში მშენებლობების მხრივ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, რითი განსხვავდებოდა  მშენებლობის სტანდარტი იმ წლებში, როდესაც თქვენ პროფესიულ საქმიანობას იწყებდით და როგორ აფასებთ იმ რთულ  მდგომარეობას, რაც დღს არის შექმნილი ამ სექტორში? 

 - დღეს მშენებლობა გახდა ბიზნესი,  ჩვენ ახალგაზრდობაში ასე არ იყო. ვინმე რომ მეტყვის  ხოლმე, მშენებელი ვარო, ვეკითხები: მისდევ მშენებლობას თუ პროფესიით მშენებელი ხარ თქო? ეს სხვადასხვა რამეა. მთელ საქართველოში ყველა ის ობიექტი რომ მოიაროთ, რაც დღეს შენდება, პროფესიონალი მშენებლებით 15 % თუ იქნება დაკომპლექტებული. მათ შეიძლება კარგი შენობაც ააგონ, მაგრამ რეალური სურათი ასეთია. როგორც გითხარით, საბჭოთა დროს მომიწია მუშაობა პროექტირებაში. უდიდესი საპროექტო ინსტიტუტი იყო, უამრავი პროექტი გეგმარდებოდა, ისეთი მკაცრი ნორმები იყო, მცირედით ვერ გადაუხვევდი. ჩემს ინსტიტუტში პროექტი რომ გაკეთდებოდა, რომელიც შეიძლება 30 ალბომი გამოსულიყო, შემდეგ ის იგზავნებოდა საბჭოთა კავშირის რომელიღაც ქალაქში, სადაც იქაური საპროექტო ინსტიტუტი უტარებდა ექსპერტიზას, ყველა დეტალი მოწმდებოდა, თუ შენიშვნა მოვიდოდა, ვასწორებდით მას. ისეთ დეტალებსაც კი  გვასწორებინებდნენ, როგორიც პროექტში წარწერაში ასოების ზომაა, ამაზეც კი შენიშვნები მოდიოდა და თავიდან უნდა დაგვემუშავებინა. ახლა რომ ვუყურებ პროექტებს, რომლებიც რა თქმა უნდა უკვე კომპიუტერზე კეთდება, ეს პროექტები სულ სხვაა, ჩვენ დროს სხვა იყო. ერთ პატარა შენობას, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებას რომ ვაპროექტებდით დიდ პროექტში, დაახლოებით 50 ფურცელი იყო ხოლმე. გათვლილი იყო ყველაფერი, მასზე მუშაობდა ყველა ჯგუფი: სანტექნიკური, კონდიცირების, ვენტილაციის, ელექტროგანყოფილების და ა.შ.

იმ დროს დაპროექტდა დიდი დიღომი, გლდანი. თვითონ შენობები რაც არის კი ვიცით, საბჭოთა კავშირში რაც იყო, იმას ვერ გაცდებოდი, მაგრამ საინტერესო იყო  თვითონ პროექტები: კორპუსებს შორის მანძილები, ლიფტების რაოდენობა, გამწვანება, თუ რამდენი კვადრატი უნდა იყოს თითო სულ მოსახლეზე, ეს ყველაფერი გათვლილი იყო. ტომებით იყო პროექტები, სადაც ყველაფერი დეტალებში გათვლილი. ასეთი დისციპლინა იყო მაშინ ყველაფერში. საბჭოთა კავშირში 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 150 მილიონი 9 საათზე მიდდიოდა სამსახურში, მეორე ნახევარი150 მილიონი მუშაობას იწყებდა 10 საათზე, რომ ქალაქებში საცობები არ შექმნილიყო. მთელი საბჭოთა კავშირი ერთად ვიღვიძებდით და ერთად ვიძინებდით (იცინის)   

 - ჩამოშორდით საყვარელ საქმეს თუ კვლავ გიწევთ პროექტებზე მუშაობა?    

- დღესაც ვმუშაობ, არა ისეთი ტემპით, როგორც ადრე. ასაკი გაძლევს საშუალებას, თავს დასვენების უფლება მისცე, თუმცა კვლავ ვაკეთებ პროექტებს. ჩემი შვილი ჩემს პროფესიას გაჰყვა, იგივე ფაკულტეტი დაამთავრა, მას ვეხმარები, კონსულტაციებს ვუწევ, როდესაც საჭიროა.         

თამუნა ნიჟარაძე      

ავთო

аналитика
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати