USD 2.6935
EUR 2.9925
RUB 2.9961
Tbilisi
დავით გიგილაშვილი-ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი
Date:  967
კომპიუტერი ჩემთვის ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ თამაშისა და კომუნიკაციის საშუალება. ცხრა წლის ვიყავი, როდესაც დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მამამ პირველი პერსონალური კომპიუტერი მიყიდა. უკვე ვიცოდი, რა იქნებოდა ჩემი მომავალი პროფესია. საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლისას, დანამდვილებით მხოლოდ ორი რამ ვიცოდი: კომპიუტერულ მეცნიერებას ბოლომდე გავყვებოდი და სწავლა და კარიერა საზღვარგარეთ უნდა გამეგრძელებინა. საზღვარგარეთ იმიტომ არა, რომ დასავლეთის მაღალტექნოლოგიური ქვეყნები უკიდეგანო შესაძლებლობებს იძლევა. უბრალოდ იმიტომაც, რომ 5 წლის ასაკიდან, მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო რუკა ვაყიდინე მშობლებს, გამიჩნდა მოგზაურობის, ჩვენი პლანეტისა და მისი მრავალფეროვნების შეცნობის დაუოკებელი წყურვილი.
ბაკალავრიატის დასკვნით კურსზე აქტიურად დავიწყე საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად საჭირო გამოცდების ჩაბარება და სხვადასხვა სტიპენდიასა თუ პროგრამაზე აპლიკაციების გაგზავნა. საბოლოოდ, რამდენიმე კარგი შემოთავაზებიდან, არჩევანი ერასმუს მუნდუსის ფერთა მეცნიერების პროგრამაზე შევაჩერე, რომელიც სამ სხვადასხვა ქვეყანაში სწავლის შესაძლებლობას მაძლევდა.
 
ასე დაიწყო ჩემი, როგორც მაგისტრატურის სტუდენტის ორწლიანი დაუვიწყარი თავგადასავალი. ოთხი სემესტრი ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში: საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიასა და აშშ-ში გავატარე. ასევე, სემესტრებს შორის, პროგრამამ შესაძლებლობა მომცა, გამევლო სტაჟირება იაპონიაში, საზაფხულო სკოლა კი − დიდ ბრიტანეთში. მართალია, ღრმა ბავშვობაში ვხატავდი და ყოველთვის აღმაფრთოვანებდა პალიტრაზე საღებავებით ექსპერიმენტირება და ახალ-ახალი ფერების მიღების პროცესი, მაგრამ რეალურად, სწავლის დაწყების მომენტისთვის, სულ ეს იყო ფერებთან ჩემი ურთიერთობის ისტორია − თუ არ ჩავთვლით ფოტოშოპის დილეტანტურ დონეზე ცოდნას. ამ ორმა წელმა დამანახვა, თუ რაოდენ მრავალფეროვანი, გასაოცარი და აზარტულია ეს სფერო. სწავლის დასრულებისას დავდექი დილემის წინ: კომპანიაში მეცადა ბედი თუ აკადემიურ სივრცეში. საბოლოოდ გადავიხარე იქით, სადაც მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მექნებოდა და გადავწყვიტე დოქტორანტურაზე გამეგრძელებინა სწავლა. ორწლიანმა თავბრუდამხვევმა მოგზაურობამ ზოგადი წარმოდგენა შემიქმნა სხვადასხვა ქვეყნის სამუშაო კულტურაზე. საბოლოოდ გულმა ნორვეგიისკენ გამომიწია.
 
2017 წლიდან ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) ფერების ლაბორატორიაში ვმუშაობ. დოქტორანტურა გასულ ზაფხულს დავასრულე, ახლა პოსტსადოქტორო მკვლევარი ვარ და ადამიანის მიერ გამოსახულებათა ვიზუალური აღქმის მექანიზმებს ვსწავლობ.
ნორვეგიაში დოქტორანტურა ჩვეულებრივ ანაზღაურებად სამსახურად ითვლება. შესაბამისად, დასაქმებულისთვის განსაზღვრულ ხელფასს, სოცუზრუნველყოფასა და ყველა შესაბამის სიკეთეს მოიაზრებს. სწავლების პროცესი და საუნივერსიტეტო განათლება უფრო მეტად კვლევაზეა ორიენტირებული. ერთი მხრივ ეს დიდ აკადემიურ თავისუფლებასა და კრეატიულობისთვის ფართო გასაქანს გულისხმობს, მეორე მხრივ კი, სხვა ადამიანებთან თანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას, საკუთარი პროექტის მენეჯმენტსა და თვითდისციპლინას გასწავლის.
 
როგორც სამსახურში, ისევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, იერარქია თითქმის არ იგრძნობა და ურთიერთობები ნდობაზეა დაფუძნებული: ყველა მეგობრული და უშუალოა, ზემოდან არავინ გიყურებს, რა თანამდებობაზეც უნდა იყოს, კოლეგები კი ერთმანეთს ენდობიან, რაც პასუხისმგებლობის გრძნობას მიათმაგებს. ჩემი სადოქტოროს ხელმძღვანელმა პირველივე დღეს გამომიცხადა, მე შენი უფროსი კი არა, უბრალოდ, უფრო გამოცდილი კოლეგა ვარ, რომელიც აქ იმისთვისაა, რომ რჩევები მოგცეს, თორემ პროექტი შენია და მისი მესაჭეც შენ უნდა იყოო. ახლა ვცდილობ, რომ ჩემი სტუდენტებისთვის მეც ასეთი მასწავლებელი ვიყო − მაქსიმალურად დავახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ თან ისე, რომ კრეატიულობა და ცნობისმოყვარეობა არ ჩავუკლა ზედმეტი მითითებებითა და მარწუხებით. ხშირად ოქროს შუალედის დაცვა არცთუ ისე ადვილია.
 
რაც მთავარია, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი დაცულია და, შეშლილ მეცნიერებზე გავრცელებული მითების მიუხედავად, ოჯახისა და საკუთარი თავისთვის საკმარისი დრო მრჩება. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ამქვეყნიურ სამოთხედ დავხატო ნორვეგია. ცხადია, სირთულეები აქაც არის. ზამთრის გრძელი ღამეები, უკაცრიელი ქუჩები და ყინვა, ძვალსა და რბილში რომ ატანს, ხშირად მოქმედებს გუნება-განწყობილებაზე, რასაც ცხრა მთას იქით მყოფი მეგობრების მონატრებაც ემატება. თუმცა ამ ყველაფრის გადატანაში ის უდიდესი მხარდაჭერა მეხმარება, რომელსაც ჩემი უნივერსიტეტისგან და ნორვეგიის მთავრობისგან მეცნიერებისადმი და ჩემდამი, როგორც ერთი რიგითი მკვლევრისადმი, ვგრძნობ. თუმცა ამასაც აქვს მეორე მხარე − ნორვეგიელი გადასახადის გადამხდელების მიერ ჩემს კვლევაში დაბანდებული ყოველ თეთრი (უფრო ზუსტად, კრონი) ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება და ნდობაა, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომით გამართლება სჭირდება.
 
მოკლედ, დაახლოებით ისეთი სამსახური მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი: ერთი მხრივ, ვიკვლევ იმას, რაც მაინტერესებს − ზოგადად, კვლევა საოცრად აზარტულია და ერთი სიამოვნებაა, პროფესიულ და ცოტათი ბავშვურ ცნობისმოყვარეობას რომ იკმაყოფილებ და შენსავე დასმულ კითხვებზე რომ ცდილობ პასუხების პოვნას; მეორე მხრივ, ზემოთ აღნიშნული მხარდაჭერის წყალობით, კვლევითი ვიზიტებით ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო, ვიგებ სიახლეებს, ბევრს ვსწავლობ − ცოტასაც იქით ვასწავლი, ვხვდები უამრავ საინტერესო, უნიკალურ ადამიანს და, როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი, ვეცნობი ჩვენი პლანეტის სოციოკულტურულ თუ ბუნების საოცრებებს. აი, მაგალითად, პანდემიის დაწყებამდე ნორვეგიის კვლევითი საბჭოს ხელშეწყობით 3 თვე დავყავი აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში, და იელის კომპიუტერული გრაფიკის ლაბორატორიის მეცნიერებთან ერთად ვიმუშავე, შვებულება კი საოცნებო ჰავაიზე გავატარე.
 
ახლა ალბათ იკითხავთ, კი მაგრამ, რა არის ეს ფერთა მეცნიერება და განა რად უნდა ფერებს ამდენი კვლევა-ძიებაო. პირველები არ იქნებით, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ამ კითხვაზე მიწევს ხოლმე პასუხის გაცემა. ადამიანის მიერ ფერების აღქმა საკმაოდ რთული პროცესია, რომლის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ალბათ გახსოვთ, ის ცნობილი კაბა − #TheDress, რომლის ფოტომაც 2015 წელს მსოფლიო ორ ნაწილად გაყო. აი, ის, ზოგი შავ-ლურჯად და ზოგიც თეთრ-ოქროსფრად რომ ხედავდა. თუნდაც ეს მაგალითი კმარა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი იდუმალებითაა მოცული და რაოდენ რთულად პროგნოზირებადია ადამიანის ტვინი. ამას დავუმატოთ ამ საუკუნეში ჩვენი განუყრელი თანამგზავრები: კომპიუტერები და ელექტროტექნიკა. ფოტოს გადაღებისას ალბათ ხშირად გაგცრუებიათ იმედი, რადგან ფოტომ რეალურად ვერ ასახა თვალით დანახული ფერები. თუ პრინტერზე ამობეჭდავთ, ხომ საერთოდ საშინელება გამოდის. რა გამოთვლებია საჭირო, რომ თვალით დანახული, სხვადასხვა ფოტოაპარატით გადაღებული, სხვადასხვა ეკრანზე ნაჩვენები და სხვადასხვა პრინტერით დაბეჭდილი ფერები ერთმანეთს დაემთხვეს? ან მაღაზიაში, ვიტრინის განათებაზე, რამდენჯერ მოგწონებიათ კაბა ან ფეხსაცმელი, შეძენის შემდეგ, მზის შუქზე სრულად რომ დაუკარგავს მომხიბვლელობა?
 
კინემატოგრაფიაში, ვიდეოთამაშებსა თუ ინტერიერის დიზაინში, ფერების უზარმაზარი ესთეტიკური და ფსიქოემოციური მნიშვნელობის გარდა, მათი სწორი რეპროდუქცია შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც კი იყოს. აი, მაგალითად, თუ ექიმი დისტანციურად, ფოტოზე დაყრდნობით სვამს დიაგნოზს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ „სწორ“ ფერებს ხედავს. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის. ფერი გარეგნული მხარის მხოლოდ ერთი პატარა წახნაგია. თუ გეტყვით, რომ X საგანი მუქი წითელია − შეიძლება ეს მუქი წითელი ინსტრუმენტითაც გავზომოთ − მაგრამ ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ზუსტად წარმოიდგინოთ, თუ როგორ გამოიყურება ის? ბზინვარეა თუ მქრქალი, გამჭვირვალეა თუ გაუმჭვირვალე, ტექსტურა აქვს თუ ჰომოგენური ზედაპირი, მეტალს ჰგავს თუ ხეს? როგორ შეიცვლება მისი ვიზუალი სხვაგვარი განათების ქვეშ ან სხვა კუთხიდან შეხედვის შემთხვევაში? ადამიანის ვიზუალური აღქმის სისტემა შავი ყუთივითაა, ზუსტად არ ვიცით, შეხების გარეშე, ერთი შეხედვით როგორ ვარჩევთ მეტალს ხისაგან, შუშას ფაიფურისგან, მყიფე საგნებს ელასტიკურისგან. როგორ შეგვიძლია მათი გარჩევა კომპიუტერს შევასწავლოთ, მისთვის ხომ ყველა გამოსახულება უბრალო რიცხვების გროვაა? ან რა რეცეპტი გვჭირდება, როგორ უნდა შევაზავოთ მასალა ისე, რომ ნივთს სასურველი ვიზუალი შევძინოთ? მაგალითად, თუ გვინდა, რომ 3D პრინტერით ადამიანის კიდურის პროთეზი დავბეჭდოთ, რა გამოთვლებია საჭირო იმისათვის, რათა მისი ზედაპირი რეალისტურად, ნამდვილი კანივით გამოიყურებოდეს? ან კი როგორ შეგვიძლია გავზომოთ, თუ როგორ გამოიყურება ადამიანის ნამდვილი კანი? ამ და უამრავ მსგავს კითხვას ვცდილობთ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვფინოთ ნათელი.
 
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილი ჩემი სამუშაოსი ის არის, რომ კომპიუტერების გარდა, ადამიანებთანაც ხშირად მიწევს მუშაობა. ძირითადად ფსიქოფიზიკურ ექსპერიმენტებს ვატარებ − ადამიანებს ვაჩვენებ სხვადასხვა ვიზუალურ გამოსახულებას და მათ პასუხებზე დაყრდნობით ვცდილობ ვიპოვო კავშირი ფიზიკურ მასტიმულირებელსა და ადამიანის ვიზუალურ აღქმას შორის. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში უფრო მეტი ყურადღება მიექცევა რეალისტური გარეგნული მხარის გენერირებასა და რეპროდუქციას. ეს პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში. ალბათ ყველას გამოგიყენებიათ თქვენს ფოტოზე სხვადასხვა სახალისო ფილტრი − ხან კატის სახეს შევიძენთ, ხან ვირტუალურ ქუდს ან სულაც ვირტუალურ მაკიაჟს მოვირგებთ ხოლმე. მაგრამ ამ ფილტრებს ერთი რამ აერთიანებს: ვირტუალური ობიექტი არარეალისტურად გამოიყურება და ძალიან მარტივი ამოსაცნობია, რომ ფილტრია და არა ნამდვილი. მაშინ, როდესაც მეტავერსის ვირტუალურ სამყაროზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს, მაგალითად მარკ ცუკერბერგის მიერ საკუთარი კომპანიის რებრენდინგიც კმარა, დამაჯერებელი და მიმზიდველი მეტავერსისთვის ადამიანის ვიზუალური აღქმის შესახებ მეტის ცოდნა გვჭირდება.
 
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლისას სამშვილდის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმონაწილეობდი. ექსპედიციისთვის საჭირო იყო გეოინფორმაციული სისტემის მომზადება, რაშიც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე. ამის შემდეგ დავაკვირდი: თუ პროფესიულ ამოცანებს არაპროფესიულ ინტერესებს მოარგებ, სამუშაო ორმაგად სახალისო და ამდენადვე სასიამოვნო გამოვა. სწორედ ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი სამოყვარულო დონის ინტერესმა მიბიძგა, ახლახან, ჩემი ძირითადი კვლევის პარალელურად, ჩავრთულიყავი კიდევ ერთ დიდ პროექტში, რომლის მიზანია 1904 წელს ოსბერგის არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ვიკინგების ეპოქის ტექსტილის ფრაგმენტების ვირტუალური რეკონსტრუქცია. ფრაგმენტები ძალიან დაზიანებული და გახუნებულია. თუ პროექტი წარმატებული გამოდგა, მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს, თუ როგორ გამოიყურებოდა ვიკინგების დროინდელი გობელენი. ცხადია, ამისთვის მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერების მიღწევები არ კმარა და, შესაბამისად, ინტერდისციპლინური გუნდის შეკრება გახდა საჭირო. აქტიურად ვთანამშრომლობ არქეოლოგებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, კონსერვატორებთან, რესტავრატორებთან და ქიმიკოსებთან. ეს თავისთავად გამოწვევაა, რადგან ფაქტობრივად სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ ერთმანეთის ტერმინები არ გვესმის, რადგან ამ ტერმინთა დარგობრივი შინაარსი საკმაოდ არაერთგვაროვანია.
 
მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ვურჩევდი, რომ მხოლოდ ვიწრო პროფესიული ცოდნის შეძენას არ დასჯერდნენ და საკუთარი დროის ინვესტიცია ზოგადი უნარების შეძენაშიც ჩადონ − ისეთებში, როგორებიცაა ინტერდისციპლინურ გუნდში და, ზოგადად, გუნდში მუშაობა, ადამიანებთან კომუნიკაცია, პრეზენტაციის უნარები, პროექტის მენეჯმენტი და სხვ. შეიძლება ახლა არასერიოზულად გეჩვენებოდეთ ათასგვარი ტრენინგი, ვორკშოპი, გაცვლითი პროგრამა თუ საზაფხულო სკოლა, შეიძლება სემინარებისა და სერტიფიკატების უშველებელი სია მართლა არაფერს მატებდეს თქვენს CV-ს, მაგრამ არაფორმალური განათლების გზით შეძენილი უხილავი უნარები თანდათანობით აუცილებლად დაილექება თქვენს გონებაში და ყველაზე საჭირო დროსა და ადგილას გაგიწევთ ფასდაუდებელ სამსახურს. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული „ნეთვორქინგიც“ − ადამიანებთან შეხვედრა, გაცნობა, საუბარი, აზრებისა და იდეების გაცვლა ან, სულაც, უბრალოდ, სანაცნობო წრის გაზრდა-გაფართოება. ყოველი ახალი ნაცნობი ახლებურ ხედვას და ახალ ინფორმაციაზე წვდომას, ხოლო ახალი ინფორმაცია ახალ შესაძლებლობებსა და ახალ თავგადასავლებს ნიშნავს.
 
ვინც არ დაიზარა და ჩემი ამბავი აქამდე წაიკითხა, და მეტიც, კონკრეტულად ჩემი პროფესიით დაინტერესდა, მათთვის კარგი ამბავი მაქვს: ზემოთ ნახსენები სამაგისტრო პროგრამა ისევ არსებობს, ერასმუსი ისევ სთავაზობს სტუდენტებს საკმაოდ გულუხვ სტიპენდიებს და თუ ვინმეს დავჭირდები, ყველას ძალიან დიდი სიამოვნებით დავაკვალიანებ. თუ თქვენი მომავალი კარიერის კონტურები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოკვეთილი, ამ გაურკვევლობამ არ შეგაშინოთ. არ არის აუცილებელი ზუსტად იცოდეთ, სად მიდიხართ, არ არის აუცილებელი, ყველა ნაბიჯი წინასწარ დეტალურად გაწეროთ. ასე საკუთარ თავს არასაჭირო მარწუხებში მოაქცევთ, სტრესსა და სადარდებელს მოიმატებთ, ცხოვრება კი ბევრად უინტერესო გახდება. არავითარ შემთხვევაში არ დაყაროთ ფარ-ხმალი, თუ კონკრეტული გამოცდა ვერ ჩააბარეთ, თუ კონკრეტული სტიპენდია ვერ მოიპოვეთ, თუ კონკრეტულმა დამსაქმებელმა გითხრათ უარი.
 
მე თავდაპირველად მაგისტრატურაზე პირდაპირ აშშ-ში მსურდა წასვლა და ძალიან დამწყდა გული, როცა არ გამომივიდა. მაგრამ ცხოვრების იმ კონკრეტულ გზაგასაყარზე ავირჩიე არსებულ ვარიანტებს შორის საუკეთესო, ისე, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჯერ მაგისტრატურის მეოთხე სემესტრს სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში გავატარებდი და შემდეგ სულაც საოცნებო იელის უნივერსიტეტში ვიმუშავებდი მიწვეულ მკვლევრად. მთავარია იმოძრავეთ, იარეთ წინ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ცხოვრება აუცილებლად შემოგაგებებთ საინტერესო თავგადასავლებს!
Unknown Known
რუსთავიდან ლოს-ანჯელესისკენ ლონდონის გავლით - ქართველი ქორეოგრაფის ჰოლივუდური ისტორია

მოცეკვავე და ქორეოგრაფი ლაშა მძინარაშვილი 2022 წელს "ტაურუსის" მფლობელი გახდა. საბრძოლო სცენა, რომელმაც მას კასკადიორთა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი ჯილდო მოუტანა, ლაშამ რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმ “The King’s Man-ისთვის” დადგა.

თავად ლაშას ამბავიც ფილმის სიუჟეტს ჰგავს:

– დამიკავშირდა რეჟისორი დავით ხუბუა, რომელთანაც თორმეტი წლის წინ ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი კასკადიორად და მითხრა, რომ ჰოლივუდში საბრძოლო სცენებისთვის ხალხური ცეკვების მცოდნე მსახიობებს ეძებდნენ. კარგად მახსოვს შენი მუშაობის სტილი და თუ შენც მოისურვებ, კასტინგზე წარგადგენო.

ისეთი ადამიანი ვარ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, ახალ-ახალ გამოწვევებს ვეძებ. ამ კონკურსშიც გამოწვევა დავინახე და, რა თქმა უნდა, ჩავერთე. მონაწილეები თხუთმეტი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული. ლონდონში გამოსაცდელი ვადით, ერთი კვირით მიმიწვიეს და საბოლოოდ ოთხი თვით დამტოვეს. ცნობილ მსახიობს ჯეკი ჩანს ჰყავს რამდენიმე ჯგუფი, რომლებშიც საუკეთესო მებრძოლები და კასკადიორები არიან თავმოყრილი. ეს ჯგუფები თანამშრომლობენ კინოსტუდიებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მსახიობებს შესაბამისი სცენების მომზადებაში ეხმარებიან. მე მოვხვდი ჯგუფში, რომელსაც ბრედ ალენი ხელმძღვანელობდა და პროფესიონალთა ამ გუნდთან მუშაობა კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის.

საბრძოლო სცენისთვის ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვებიდან აღებული ილეთები გამოიყენა. ფილმის პროდიუსერმა სწორედ ამ ორიგინალურ სანახაობაზე შეაჩერა არჩევანი.

– ასეთ წარმატებაზე არც მიოცნებია. "ტაურუსზე" წარდგენა ჩემთვის უკვე წარმოუდგენლად დიდი გამარჯვება იყო. დაუჯერებელი მეჩვენებოდა, რომ მივიღებდი ჯილდოს, რომლის მფლობელებიც არიან არნოლდ შვარცენეგერი, სილვესტერ სტალონე, ჰარისონ ფორდი, კიანუ რივზი...

“ტაურუსი” 2001 წლიდან გაიცემა. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიას ამერიკული კინოს მექა – ლოს-ანჯელესი მასპინძლობს.

ყველა კასკადიორისთვის საოცნებო ფრთოსანი ხარი ლაშას 2022 წლის 17 სექტემბერს “პარამაუნტ ფიქჩერსის” დარბაზში გადაეცა. როგორც თავად ამბობს, ემოციებისგან რამდენიმე დღე აკანკალებდა.

ქართული ცეკვა

ჰოლივუდში ხელჩართული ბრძოლის სცენები უმეტესად აზიური საბრძოლო ხელოვნების ელემენტებზეა დაფუძნებული. პოპულარულია ასევე ორთაბრძოლის ბრაზილიური სისტემა – კაპუეირა. ქართული ხალხური ცეკვის ილეთებით გამდიდრებული საბრძოლო სცენა, რომელიც, ამასთანავე, მწვანე ეკრანის, თოკებისა და ციფრული ეფექტების გარეშე გადაიღეს, ჰოლივუდისთვის აღმოჩენად იქცა. ფილმში მონაწილე მსახიობებს მეთიუ გუდს, რის ივანსს და რეიფ ფაინსს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავთ, რომ ქართული ფოლკლორის ელემენტებმა ბრძოლის სცენებს ცეცხლი შემატა.

– მსოფლიო კინოში ქართული ცეკვის ელემენტები პირველად გამოჩნდა და ვამაყობ, რომ ამაში მეც შევიტანე წვლილი, – ამბობს ლაშა, – “სუხიშვილების", "ერისიონის", "რუსთავის" დამსახურებით ქართულ ცეკვას მთელ მსოფლიოში იცნობენ, თუმცა კინოს გაცილებით ფართო აუდიტორია ჰყავს და ქართული ქორეოგრაფიის ფარული რესურსის წარმოჩენის შესაძლებლობაც მეტია.

წელს კი ლაშა მძინარაშვილი თვითონვეა "ტაურუსის" ჟიურის წევრი. დაჯილდოება 11 მაისს გაიმართება:

– ამ პოზიციიდან მეტი შესაძლებლობა მაქვს, ჩემს თანამემამულეებს რეკომენდაცია გავუწიო. მჯერა, რომ არც ისე შორს არის დრო, როდესაც ქართველი კასკადიორები მსოფლიო კინოინდუსტრიაში დამსახურებულ ადგილს დავიკავებთ.

ჰოლივუდამდე

ლონდონში ვარჯიშის დროს მაგიდა გადაუყირავდა და ხერხემალი დაიზიანა. მთავარი სცენები ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ გადაიღო. ნებაზე მიშვებულმა ტრავმამ სრული პარალიზების საშიშროება წარმოშვა. ოპერაცია გარდაუვალი გახდა. კისრის მალებში ხელოვნური დისკები ჩაუსვეს. ურთულესი პერიოდი გამოიარა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა სცენაზე დასაბრუნებლად.

როგორც თავად ამბობს, სიზმარშიც კი ცეკვავს. ისეთ გარემოში გავიზარდე, ცეკვის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელიც იყოო, აღიარებს. მამა სიმღერისა და ცეკვის ნაციონალურ ანსამბლის, ახლანდელი "ერისიონის" წევრი გახლდათ. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები. თავად ექვსი წლისამ ნუგზარ ჯიქურის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "თერგში" აიდგა ფეხი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი ქორეოგრაფიის მიმართულებით და აქვს "სუხიშვილებში" ცეკვის ხუთწლიანი გამოცდილება. ამჟამად ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის – “რუსთავის” წევრია და თავისივე დაარსებულ მოზარდთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შუშპარს" ხელმძღვანელობს:

–  საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ექსპერიმენტულმა სიახლეებმა ქართული ქორეოგრაფია ფოლკლორის რელსებიდან გადაიყვანა, მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ ვითარდება, კვდება. შესაძლოა, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ დრო ყველაფერს საცერში გაატარებს და ის, რაც დარჩება, იქნება მარგალიტი.

ქართული ცეკვა ტექნიკურადაც დაიხვეწა და განვითარდა. ადრე თუ მოცეკვავე ორ ბრუნს ასრულებდა, ახლა ერთ ჯერზე ოთხი-ხუთი ბრუნის შესრულებაც შეუძლია. ტრადიციებს არავინ გვართმევს, მაგრამ ყველა სფერო თანამედროვეობას უნდა ესადაგებოდეს.

ოჯახი

მეუღლე, გვანცა, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო. "სუხიშვილებში" ერთად ცეკვავდნენ. "შუშპარსაც" ერთად ხელმძღვანელობენ.

– სტუდენტობიდან დღემდე ბევრი სირთულე გადავლახეთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე სამ შვილს ვზრდით. უფროსი გოგონები ცეკვავენ. ნაბოლარა ბიჭუნა ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. მშობლები ბავშვების აღზრდაში გვეხმარებიან, ხელს გვიწყობენ, რომ პროფესიული განვითარებისთვის პირობები გვქონდეს. ოჯახის მხარდაჭერა რომ არა, ამის ნახევარსაც ვერ მივაღწევდი.

არ გვჭირდება ერთმანეთისთვის იმის ახსნა, რა შრომის, რა ძალისხმევის ფასად მოდის წარმატება. არ არის იოლი თვეების განმავლობაში ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ  რაღაც კომპრომისები გარდაუვალია.

მიუხედავად ტრავმისა, წუთითაც არ ისვენებს. პანტომიმის თეატრის მსახიობებს ავარჯიშებს, თანამშრომლობს კასკადიორთა ასოციაციასთან და ვიდეორგოლებსა და ფილმებში ექსტრემალურ ილეთებს ასრულებს. თებერვალში კი ტოკიოში იყო მიწვეული, სადაც სუმოს ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის, კარიერის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამით წარდგა.

თამარ ციბალაშვილი

ჟურნალი "ავერსი"

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way