USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Тбилиси
დავით გამცემლიძე - მოსკოვის პუტჩი
дата:  1491

1991 წლის 19 აგვისტოს, დილით, დაახლოებით 5-6 საათზე, საკავშირო რადიომ საბჭოთა კავშირს გამაოგნებელი ამბავი ამცნო: «. . .მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით დაწყებულმა გარდაქმნამ. . .ნაცვლად იმისა, რომ. . . რეალურად გამოიწვია. . . და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის არსებობას».
    «საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტის» (ГКЧП-ს) შემადგენლობაში შედიოდნენ სსრკ ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელები: იაზოვი, კრიუჩკოვი, პუგო, აგრეთვე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მესვეურები და «კოლმეურნე» სტაროდუბცევი - კომიკური ფიგურა, რომელიც, პუტჩისტებს «კომიტეტის» ხალხოსნური ანგაჟირებისათვის ესაჭირეობოდათ.
    გადატრიალების შედეგად, მთელი ძალაუფლება გადადიოდა ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევის ხელში. პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კომიტეტის მიზანია გადაარჩინოს ქვეყანა («Спасти страну»).
    მნიშვნელოვანი დეტალი: იანაევსა და მის თანამოაზრეებს «სოციალიზმი» არც კი უხსენებიათ - მათი მიზანი მხოლოდ სახელმწიფოს მთლიანობის შენარჩუნება იყო.
    წინა დღით «კომიტეტის» რამდენიმე წევრი მიხეილ გორბაჩოვს ეწვია ყირიმში, ფაროსის მეფურ აგარაკზე, სადაც ეს ისტორიული ტაკიმასხარა ისვენებდა ოჯახთან (რაისა მაქსიმოვნასთან) ერთად.
    გენერალმა ვარენნიკოვმა «გორბის» რუსულად დედა აგინა და საგანგებო ვითარების გამოცხადება მოსთხოვა. როგორც ჩანს, გორბაჩოვი 1991 წლის მაისის შემდეგ ყოყმანობდა, პრინციპულად არ იყო წინააღმდეგი საბჭოთა კავშირში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, თუმცა, დედალმაშო ბუნების გამო, რადიკალური ნაბიჯების ეშინოდა.
    როდესაც მის ნაცვლად სხვებმა მოამზადეს ყველაფერი და მხოლოდ ქაღალდზე ხელის მოწერაღა რჩებოდა, მან, რასაკვირველია, უარი განაცხადა. მაგრამ იაზოვს, ვარენნიკოვს, კრიუჩკოვს, ტიზიაკოვსა და სხვებს ხომ შესანიშნავად ახსოვდათ, რომ ქვეყანაში გამეფებული ქაოსით შეშინებული გორბაჩოვი თავად ავალებდა «ეფიქრათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაზე». ამიტომ, ბოლო მომენტში მისმა უარმა ისინი გააცოფა და გადაწყვიტეს, გორბაჩოვი საერთოდ ჩამოეშორებინათ ხელისუფლებისაგან ანუ მის გარეშე გაეკეთებინათ იგივე.
    პრეს-კონფერენციაზე გენადი იანაევმა აგრეთვე განაცხადა, რომ ГКЧП ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას. შემდგომში გაიჟღერა ციფრმაც: ექვს რეგიონში. არავის დაუსახელებია კონკრეტულად ეს რეგიონები, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მუქარა შეეხებოდა ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, საქართველოს, სომხეთსა და მოლდავეთს ანუ იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც იმთავითვე უარი თქვეს შეერთებოდნენ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
    თვით ამ ხელშეკრულების მიმართაც «კომიტეტის» დამოკიდებულება უარყოფითი იყო. ისინი მიიჩნევდნენ (არც ცდებოდნენ), რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ქვეყნის ერთიანობის ლეგალური დაშლის დასაწყისი გახდებოდა.
    კიდევ ერთი, უაღრესად საინტერესო მომენტი: როგორც კი ГКЧП-ს შექმნისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გახდა ცნობილი, საბჭოთა კავშირის «მოკავშირე რესპუბლიკათა» შემადგენლობაში შემავალი უკლებლივ ყველა ავტონომიის ლიდერი (ვლადისლავ არძინბას ჩათვლით) გენადი იანაევის კაბინეტის მოსაცდელში აღმოჩნდა. ისინი ცდილობდნენ, დაედასტურებინათ ერთგულება ახალი ხელისუფლებისათვის და, ამავე დროს, ისიც დაეფიქსირებინათ, რომ ამ ხელისუფლებისაგან ელოდნენ «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» პოლიტიკის გაგრძელებას - აქაოდა, ჩვენ ხომ სსრკ მთლიანობას არ ვეხებოდით, როდესაც «გათანაბრებას» ვითხოვდითო. არადა, საბჭოთა კავშირის დაშლის პროვოცირება დიდწილად სწორედ ამ «გათანაბრების» კონცეფციამ გამოიწვია. ავტონომიებმა მოახდინეს ცენტრიდანული ტენდენციების პროვოცირება იმ მოკავშირე რესპუბლიკებშიც კი, რომელთაც ავტონომიები არ გააჩნდათ, ვინაიდან (ვიმეორებ) ავტონომიებთან გათანაბრება არც მათ ელიტებს ეპიტნავებოდათ.
    სხვათა შორის ბორის ელცინი «ავტონომიებს» სწორედ ამიტომ არ ეხატებოდათ გულზე, მიუხედავად მისი ცნობილი დაპირებისა …В составе России «берите столько суверенитета, сколько сможете проглотить».
    ასეთი ფორმულა ავტონომიათა ელიტებს იმთავითვე არ ეპიტნავათ, ვინაიდან «გათანაბრების» ფორმით რუსეთის ფედერაციიდან თავის დაძვრენას ცდილობდნენ (თუნდაც ერთიანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის პირობით).
    ანუ იანაევი, ფაქტობრივად, ავტონომიათა საქმეს აკეთებდა რუსეთის ახალი ელიტის (ელცინის) წინააღმდეგ გამოსვლით. ამ ავტონომიათა გაიძვერა ლიდერები (იგივე კომუნისტი ფუნქციონერები) რუსეთის ფედერაციის დაშლას ისევე ცდილობდნენ, როგორც სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ფრაგმენტაციას.
    ავტონომიათა ბევრი იმდროინდელი «ბელადი» ელცინის ეპოქაშიც ხელმძღვანელობდა თავის «რესპუბლიკას» და, რა თქმა უნდა, სრულიად არ რცხვენოდა, რომ 19 აგვისტოს პუტჩის დროს ბორის ნიკოლაევიჩის «ფეხებით ჩამოკიდებას» უჭერდა მხარს. ელცინიც შემდგომ იძულებული გახდა ეს «გადაეყლაპა».

    ГКЧП-ს მესვეურები, რა თქმა უნდა, პირწმინდად წაგებული პარტიის მოგებას ცდილობდნენ. მათ ალბათ უფრო ემოცია ამოძრავებდათ, ვიდრე რაციონალური განსჯა: იმპერიის გადარჩენა შეუძლებელი იყო - 1989 წლის შემდეგ ნგრევის პროცესი შეუქცევადი გახდა.
    იანაევსა და მის თანამოაზრეთ სისხლი ნამდვილად არ სწყუროდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთს უბრძანებდნენ და ელცინის «თეთრი სახლისაგან» ქვა-ქვაზე არ დარჩებოდა. მაგრამ მათ საკუთარ ხალხს (მით უმეტეს მოსკოველ რუსებს) ტყვია ვერ ესროლეს. ბორის ელცინმა კი ისინი ცინიზმითა და უსინდისობით ნამდვილად დასჯაბნა: ორიოდე წლის შემდეგ, 1993 წლის ოქტომბერში, იმავე «თეთრ სახლს» უყოყმანოდ გაუხსნა ცეცხლი Т-80 ტიპის ტანკებიდან.
    ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკაში ცინიზმი იმარჯვებს, ხოლო «გულჩვილობა» და «კეთილშობილება» სიბრიყვისა და სილაჩრის სინონიმია. იანაევს სრულიადაც არ უთვლიან «კეთილშობილებად» იმას, რომ 19 აგვისტოს ერთი დარტყმით არ გაანადგურა ელცინის ბუდე რუსეთის «თეთრ სახლში» (შემდგომ მთავრობის რეზიდენციაში, 1993 წელს კი უმაღლესი საბჭოს შენობაში). პირიქით, ამბობენ: ლაჩარი იყო და მტკიცე მოქმედების შეეშინდაო. როგორც ჩანს, პოლიტიკაში იმარჯვებ მხოლოდ მაშინ, როდესაც იქცევი ცინიკურად, მაგრამ რაციონალურად - სულ ერთია, სხვაგვარ მოქცევას მაინც ლაჩრობად ჩაგითვლიან და არა «გულჩვილობად» ან «ლმობიერებად». თუმცა აქ ხომ ახალი არაფერია - ამაზე ჯერ კიდევ დიდი მაკიაველი წერდა.

    მოსკოვში განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას მსოფლიო არაერთგვაროვნად გამოეხმაურა. თითებზე ჩამოსათვლელია პოლიტიკოსი (სახელმწიფო მოღვაწე), რომელმაც იმთავითვე დაგმო ეს აქცია. თითქმის ყველა ცდილობდა პოლიტიკური ტექნოლოგიის დაცვას და უაღრესად ფრთხილად მოქმედებდა.
    «O, my god!» - წამოიძახა ჯორჯ ბუშმა, როდესაც ღამით გააღვიძეს და ამცნეს წინა დღეს (18 აგვისტოს) მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ანუ მისთვის, რასაკვირველია, ყოველივე ოდნავ ადრე გახდა ცნობილი დაზვერვის არხებით.
    ბუშმა დაუყოვნებლივ უბრძანა სახელმწიფო დეპარტამენტსა და საგარეო დაზვერვას, დაემყარებინათ კონტაქტი იანაევთან. ასეთივე ფრთხილი და მოზომილი იყო სხვა მსოფლიო ლიდერების პოზიციაც. თვით ეშმაკზე ეშმაკი ფრანსუა მიტერანიც კი ყოყმანობდა და სიფრთხილე-გაურკვევლობას ამჟღავნებდა. პირველ დღეს ვერც მან განსაზღვრა, როგორ მოქცეულიყო.
    მხოლოდ მოგვიანებით (20 აგვისტოს) გათამამდა ყველა, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ГКЧП დედალმაშობას ამჟღავნებდა, მტკიცედ არ მოქმედებდა და «თეთრი სახლის» შტურმს არ იწყებდა - სისხლისღვრას ერიდებოდა.
    ნამდვილად იდიოტიზმი იქნებოდა, მსოფლიო ლიდერთაგან სხვაგვარი ქცევა მოგვეთხოვა. - პოლიტიკაში, როგორც ჩანს, ცინიზმის გარდა ყველაფერი დამღუპველია. რა დროს რომანტიზმი და კეთილშობილება იყო, როდესაც საქმე ეხებოდა 30 ათასი(!) სამხედრო ბირთვული მუხტის მფლობელ სახელმწიფოს, რომელსაც ასჯერ ზედიზედ შეეძლო ყოველივე ცოცხალი მოესპო დედამიწაზე?!
   

    საქართველოში ГКЧП-ს შექმნა ოდნავ მოგვიანებით (7-8 საათისათვის) შეიტყვეს. ზოგი საერთოდ არ უსმენდა რადიოს, ზოგს გამორჩა და ასე შემდეგ.
    მაგრამ 10 საათისათვის უკვე ყველამ იცოდა, რომ «გორბაჩოვი დაიჭირეს» და «დიქტატურა იწყება». თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ცნობამ მოსახლეობაში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია. ხალხი ისე იყო გადაქანცული ფსიქოლოგიურად, ყველაფერი მოჰყირჭებოდა და მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ პრობლემებზე ფიქრობდა. ცხოვრების რიტმი თბილისში იოტისოდენად არ დარღვეულა. სამაგიეროდ, პოლიტიკურად აქტიური ფენისთვის და თვით ხელისუფლებისათვის მოსკოვში მომხდარი ნამდვილი შოკი იყო. ყველამ უმალვე იგრძნო, რომ «დიდი ამბები იწყებოდა» - როგორც უნდა განვითარებულიყო მოვლენები, ვისაც არ უნდა გაემარჯვა, «ძველებურად» აღარ და ვეღარ იცხოვრებდნენ.
    რუსთაველის და ჭავჭავაძის გამზირებზე დილის ცხრა საათიდან საშინელი სისწრაფით დაჰქროდა ავტომანქანების ექსკორტი: კოლხური კოშკიდან - უზენაესი საბჭოს შენობამდე და პირიქით.
    ყველა ელოდა ზვიად გამსახურდიას გამოსვლას ტელევიზიით, მაგრამ ის იგვიანებდა.
    დღის 11 საათზე ედპ-ს შტაბბინაში მივიდა გიორგი ჭანტურია. გარეგნულად იგი აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ერთგვარი შინაგანი კმაყოფილებაც კი ეტყობოდა. თითქოს გულისხმობდა: აი, მაგათი «დემოკრატია», აი, თქვენი «ლიტვური გზა», «პარლამენტური გზა» და ა.შ.
    ოპერის თეატრთან ვახტანგ გოგუაძე ეუბნება გამვლელ ნაცნობს (ერთგვარი კმაყოფილებით): «ახლა ჩემი დასაცავი გახდება ეს საცოდავი» (ზვიად გამსახურდიას გულისხმობდა).
    ირაკლი წერეთელს «იმელში» (მისი პარტიის შტაბბინაში) ეწვია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე სუფიან ბეპაევი: « . . . А Горбачёва мы расстреляяяееем!» - მჭახე ხმითა და უცნაური ღიმილით ეუბნება იგი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის, ოდნავ შესამჩნევად შემცბარ ლიდერს.
    ბოლოს და ბოლოს ზვიად გამსახურდიაც გამოვიდა ტელევიზიით. საქართველოს პრეზიდენტი აშკარად აღელვებული (ძალიან ვცდილობ არ ვთქვა «შეშინებული» - ავტ) ჩანდა. მისი გამოსვლის დედააზრი იყო: «მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა არ მივცეთ მტერს სისხლის დაღვრის საშუალება». ამავე დროს, გამსახურდია მოლაპარაკებას აწარმოებდა გენერალ პატრიკეევთან და სსრკ თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან. ამ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა ასლან აბაშიძე.
    რუსმა გენერლებმა ზვიად გამსახურდიას «გვარდიის დაშლა» უბრძანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ 40 ათას ჯარისკაცს დაძრავდნენ და გვარდიას გაანადგურებდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა, გვარდიას «შინაგანი ჯარის» სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალოდ დაუქვემდებარა.
    ეს აუცილებლად ხაზგასასმელია: ზვიად გამსახურდიას გვარდია არ დაუშლია - ინსტიტუციონალურად მას მხოლოდ აბრა შეუცვალა და მეტი არაფერი. სხვა საქმეა, რომ პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, სცადა ესარგებლა ვითარებით და «ამასობაში» კიტოვანიც მოეშორებინა პიროვნულად, მაგრამ უკვე გვიან იყო. თუმცა ეს სხვა თემაა და ამაზე - ქვემოთ.
    მიუხედავად ყველაფრისა, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება მაინც აღიქმებოდა, როგორც კომპრომისი და უკან დახევა. სწორედ აქ იწყება ძირითადი წინააღმდეგობა გამსახურდიას სიტყვასა და საქმეს შორის, რამაც მისი შემდგომი ბედი განაპირობა.

    დავსვათ კითხვა: სწორად მოიქცა თუ არა პრეზიდენტი, როდესაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა პუტჩისტების მოთხოვნა, უკან დაიხია და გვარდიას აბრა შეუცვალა? კლინიკური იდიოტის გარდა ამ კითხვას ყველა ერთმნიშვნელოვან პასუხს გასცემს: რა თქმა უნდა სწორად მოიქცა! მის ადგილზე ასევე მოიქცეოდა ნებისმიერი გონიერი პოლიტიკოსი: ვითარებაში, როდესაც არსებობდა კონკრეტული მუქარა იმ ძალის მხრიდან, რომელსაც «ძალაც შესწევდა ქადილისა», გადაწყვეტილება სავსებით რაციონალური და მიზანშეწონილი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით.
    ანუ მისი საქციელი ყოველმხრივ გამართლებულია მაგრამ. . . როდესაც მთელი ცხოვრება «კრემლს» ლანძღავ, როდესაც «უკომპრომისობის» საზოგადოებრივ - ფსიქოლოგიურ დომინანტს ქმნი (საკუთარი მონანიების მიუხედავად), როცა ყოველგვარი კომპრომისი დაუშვებლად მიგაჩნია (რიტორიკით მაინც - სანამ საქმე-საქმეზე მიდგება) და ამ «დომინანტს» სახელმწიფო დონეზე უღალატებ მაშინ, როცა ჩიხში მოგამწყვდევენ - კომპრომისს უკვე აღარავინ გაპატიებს!
    თუ უკომპრომისო ხარ, ბოლომდე ასეთი უნდა იყო, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ამიტომაც არის უკომპრომისობა და რადიკალიზმი (შეურიგებლობა), ანუ ხსენებული დომინანტის შესაბამისად მოქმედება, პოლიტიკაში უტვინობის, უმეცრების და პრიმიტივიზმის გამოვლინება, ვინაიდან იგი მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს აღარ უტოვებს პოლიტიკოსს. ეს სივრცე კი მისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.
    ხომ არავის გაუკვირდებოდა კომპრომისი, ვთქვათ ნურსულთან ნაზარბაევის მხრიდან (თუმცა იგი არანაკლები პატრიოტია თავისი ქვეყნისა), ვინაიდან ყაზახეთის პრეზიდენტს არასდროს უცდია «უკომპრომისო ლიდერის» იმიჯი დაემკვიდრებინა და ყოველთვის (თვალის ასახვევად) «რუსეთთან მეგობრობას» ქადაგებდა.
    მაგრამ თუ მთელი ცხოვრება კრემლს «სატანის ბუდეს» უწოდებ და შემდეგ იმ სატანის მოციქულებთან მოლაპარაკებას გამართავ - უკვე აღარ შეგარჩენენ.
    ზვიად გამსახურდია ალბათ მართლაც ცდილობდა (მურმან ომანიძის მეშვეობით), გენადი იანაევთან «საქმე ჩაეწყო», რათა საქართველოში სისხლი არ დაღვრილიყო. სწორად იქცეოდა? - რა თქმა უნდა!!! ვის მოუბრუნდება ენა, უსაყვედუროს პოლიტიკოსს, თუ იგი (ნებისმიერი ხერხით) ცდილობს ქვეყანას სისხლისღვრა და უბედურება ააცილოს თავიდან?! მაგრამ როდესაც დღენიადაგ, მთელი შენი ცხოვრების წესითა და იდეოლოგიით ქადაგებ შეურიგებლობას, «ანამუსებ» ზომიერად განწყობილებს და მოულოდნელად თვითონ იწყებ იანაევთან კომპრომისის ძიებას, ეს უკვე «კომპრომისად» კი არა, კაპიტულაციად აღიქმება.
    ოღონდ, ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველივე მხოლოდ ზვიად გამსახურდიას შეცდომა და დანაშაული არ არის: მთლიანად, ეროვნულმა მოძრაობამ შექმნა საქართველოში ისეთი ატმოსფერო, რომელიც კომპრომისის რაიმე საშუალებას აღარ ტოვებდა - როგორც ცალკეულ პოლიტიკოსს აღარ გააჩნდა სივრცე პოლიტიკური მანევრისათვის, ასევე აღარ გააჩნდა იგი მთლიანობაში, ქვეყანას.
    მაგრამ სანამ ამ ელემენტარულ პოლიტიკურ ჭეშმარიტებებს გააცნობიერებდა საზოგადოება, კიდევ ზღვა სისხლი უნდა დაღვრილიყო საქართველოში.

გაგრძელება იქნება

experti.ge

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати