რეგიონში ახალ ესკალაციას ყველა ველოდით, ამ მხრივ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მთავარი კითხვა იყო როდის და სად? დამსახურებული კრედიტი უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გამოიცნეს როდის და ივარაუდეს, რომ ეს მოხდებოდა სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების დასრულებიდან მოკლე დროში.
სად? აქ მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ესკალაციის ეპიცენტრად სიუნიქის რეგიონის განსაზღვრაზე და ვეცდები ავხსნა რატომ.
1. იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანს არ აქვს მოგვარებული საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაკავება არ არის პრაგმატულად გამართლებული ნაბიჯი.
2. ალიევი ამ დრომდე ყოველთვის თამაშობდა პრაგმატულად და არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც მის მიღწევას ეჭვქვეშ დააყენებდა. სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია, აზერბაიჯანს ართმევს მთავარ არგუმენტს.
3. ამ ვერსიის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო რუსეთის ფაქტორი. რუსეთი არ მიუშვებდა ალიევს ყარაბაღის სომხური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ არსებულ ნაწილზე, სამაგიეროდ მწვანეს აუნთებდა სიუნიქზე, რითაც ერთდროულად დააზარალებდა სომხეთს და აზერბაიჯანს. ჩემი აზრით, ამ არგუმენტს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს: ა) რუსეთს არ აქვს აზერბაიჯანზე ზემოქმედების ისეთი მძლავრი ბერკეტი, რომლითაც აიძულებს მის მიერ მიღწეული ყველა წარმატება წყალში ჩაყაროს. მეტიც, ამ მომენტში აზერბაიჯანი რუსეთის ჩანაცვლებას ცდილობს ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე. ბაქო ამ მიმართულებით დამოუკიდებელი მოთამაშეა და არ არის რუსეთის გავლენის ქვეშ; ბ) სიუნიქის დაკავება ნიშნავს სომხეთ-ირანის საზღვრის გაქრობას, რაც კატასტროფა იქნება არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ თავად რუსეთისთვის. პუტინის რუსეთისგან სიგიჟეებს მივეჩვიეთ, მაგრამ ასეთი აშკარა წამგებიანი სვლის ინიციირება მოსკოვის მხრიდან მაინც გამორიცხული მგონია.
ეს ყველაფერი იმთავითვე არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე წამოწყებული შეტევა არ არის შეთანხმებული რუსეთთან. მოუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში მძიმედ გაიჭედა და კავკასიაშიც იმხელა ძალაუფლება არ აქვს, რაც 2020 წელს ჰქონდა, ჯერ იმ მდგომარეობამდე არ მივსულვართ, როცა რუსეთი მოთამაშე საერთოდ აღარ არის. ამიტომ, მეტად სავარაუდოა, რომ ეს მოქმედება რუსეთთან იყოს შეთანხმებული. ახლა ვეცდები ესეც ავხსნა რატომ:
2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ დავწერე რომ აზერბაიჯანის შემდეგ, ომის მთავარი გამარჯვებული რუსეთია. ამას ჰქონდა რამდენიმე არგუმენტი:
1. ომი არ დაწყებულა რუსეთის ნებართვის გარეშე, რასაც მოწმობს ის ფაქტი რომ ომი დასრულდა იქ სადაც რუსეთმა გაავლო წითელი ხაზი - შუშასთან.
2. ამით რუსეთმა აზერბაიჯანს არ მისცა საშუალება სრულად აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა. მეორე მხრივ, უფრო მნიშვნელოვანია რომ სომხეთისთვის არათუ გააქრო ყარაბაღის პრობლემა, არამედ პირიქით უფრო გაამწვავა.
3. რუსეთი იყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის მთავარი და ერთადერთი მედიატორი. დასავლეთი სრულად გამოეთიშა პროცესს. თურქეთი მიკერძოებული მხარე იყო და ამ როლს ვერ შეასრულებდა. ირანი ასევე სრულად გამოეთიშა პროცესს და მხოლოდ სტატისტის როლში დარჩა.
4. ყარაბაღი იყო პოსტ-საბჭოთა სივრცის ერთადერთი კონფლიქტი, რომელშიც რუსეთი არ იყო წარმოდგენილი სამხედრო ძალით. აზერბაიჯანი იყო ერთადერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, რომელშიც არ იდგნენ რუსი თოფიანი კაცები. მიღწეული შეთანხმებით რუსებმა მთიან ყარაბაღში (აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე) 2000 სამშვიდობოს განთავსების უფლება მიიღეს. ანუ იქაც ჩადგეს ფეხი, სადაც აქამდე არ ედგათ. „რუსი სამშვიდობო“ თავისთავად რას ნიშნავს, ეგ ქართველებს არ გვესწავლება. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში შეთანხმების ხელმოწერიდან 1 საათში გაფრინდნენ. ასეთი ლოჯისტიკური პრობლემები 1 საათში არ გვარდება. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული იყო.
ამის პარალელურად, რუსეთს ჰქონდა მთავარი სტრატეგიული მიზანი. თითქოს იქამდე არსებული სტატუს კვო ისედაც ხელს აძლევდა მოსკოვს და არ სჭირდებოდა მსგავსი მკვეთრი მოძრაობების გაკეთება, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ ვითარება შეიცვალა სომხეთის შიგნით. 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოვიდა ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც დაიწყო ქვეყნის გარდაქმნა, მოდერნიზება, რეფორმირება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. სომხეთმა მოიშორა მოუშორებელი ჭირი ყარაბაღის კლანის სახით, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა კრიმინალურ სინდიკატს და მთლიანად კონტროლდებოდა რუსეთის მიერ. ფაშინიანმა ეს უძრაობა ამოატრიალა. სომხეთის მოსახლეობაში რაღაცის იმედები გაჩნდა ეს ქვეყანასაც მალე დაეტყო (ვინც სომხეთში ხშირად დადის დამეთანხმება).
შეხედეთ ნებისმიერ სურათს დსთ-ის ლიდერთა სამიტებიდან, სადაც პუტინს, ლუკაშენკას და შუა აზიელი დიქტატორებს შორის დგას ფაშინიანი. ნიკოლი აშკარად არ იყო იმ კლუბის წევრი.
რუსეთი იმედოვნებდა რომ სომხებისთვის საკრალურად მნიშვნელოვანი ყარაბაღის საკითხი ფაშინიანის მმართველობას დაასრულებდა. შეთანხმების ხელმოწერის დღესვე ვნახეთ შეჭრა პარლამენტში, პარლამენტის სპიკერის დაუნდობლად ცემა და უმართავი პროცესები ქუჩაში, რომელიც წესით ფაშინიანს კარგს არაფერს უქადდა, მაგრამ მან ეს კრიზისი დაძლია. მან არამხოლოდ კრიზისი დაძლია, ვადამდელ არჩევნებში მძიმე, მაგრამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ხმათა 54 პროცენტი მიიღო, რაც ყარაბაღის ომში დამარცხებული ლიდერისთვის წარმოუდგენლად მაღალი შედეგია. რუსეთის გეგმა ჩავარდა...
უკრაინაში ომის დაწყებამ რუსეთის პოზიციები შეარყია ყველგან, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და 2020 წლის მონაპოვარი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. აზერბაიჯანმა მალევე დაიკავა დამატებით რამდენიმე სოფელი, საიდანაც რუსი სამშვიდობოები გაყარა და უკან აღარ გავიდა. 2022 წლის აგვისტოს ბოლოს აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა ლაჩინის კორიდორზე, რომელსაც რუსი სამშვიდობოები იცავდნენ. ამან სათავე დაუდო დაუსრულებელ ჰუმანიტარულ კრიზისს მთიანი ყარაბაღის სომხური ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ეს ერთადერთი არტერია იყო, რომელიც რეგიონს სომხეთთან აკავშირებდა.
2022 წლის სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაიწყო მორიგი სამხედრო ესკალაცია. ეს დაპირისპირება გასცდა ყარაბაღის რეგიონს და უშუალოდ ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე მიმდინარეობდა. რუსეთმა არ შეასრულა ОДКБ-ს ფორმატით ნაკისრი ვალდებულებები და სომხეთს სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინა. დაპირისპირების შედეგად ორივე მხარემ 100-მდე სამხედრო დაკარგა. სროლა დასავლეთის აქტიური ჩარევის შედეგად შეწყდა.
ეს ყველაფერი მძიმედ აისახა რუსეთის იმიჯზე სომხეთის მოსახლეობაში. ყველა კარგად მიხვდა რომ სომხეთი 2020 წელს დაისაჯა სურვილისთვის ყოფილიყო სუვერენული სახელმწიფო, 2022 წლიდან კი რუსეთი გახდა ყოვლად არასაიმედო მოკავშირე, რომელსაც არც უნდა და არც შეუძლია სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორის დაცვა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებმა მოსკოვის ნაცვლად გადაინაცვლა ბრიუსელში, ვაშინგტონში, პრაღაში, თბილისშიც კი. მხარეებს შორის მთავარი მედიატორი რუსეთის ნაცვლად გახდა ევროკავშირი, პუტინის ნაცვლად შარლ მიშელი. მოსკოვში შეხვედრა კი მხოლოდ ფორმალურ ცერემონიად იქცა, რომლის დროსაც ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ისე ეკამათებოდნენ, საერთოდ არ აინტერესებდათ რისკენ მოუწოდებდა მათ პუტინი. ორივესთვის ტყუილად იჯდა იმ მაგიდასთან.
ახლა რაც ხდება, ერთი მხრივ არაა უჩვეულო, მაგრამ ამავე დროს უნიკალური მოვლენაა.
მე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსეთის უკრაინაში გაჭედვა და სამომავლოდ სრული მარცხი აპრიორი არ ნიშნავს მის გაქრობას ჩვენი რეგიონიდან. მითუმეტეს არ ნიშნავს ყველა კონფლიქტის ავტომატურ რეჟიმში მოგვარებას. რუსეთი შეიძლება დამარცხდეს უკრაინაში, მაგრამ დარჩეს კავკასიაში, თუმცა ბუნებრივია უკრაინაში მარცხი შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს სასარგებლოდ.
აზერბაიჯანი ცდილობს ისარგებლოს რუსეთის მოუცლელობით და თავის სტრატეგიულ მიზანს, ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას მიაღწიოს. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს რომ ის ამას რუსეთთან შეთანხმების გარეშე აკეთებს. რაში უნდა აწყობდეს რუსეთს ახლა სომხეთის ტოტალური მარცხი ყარაბაღში? მიზეზი ისევ და ისევ სომხეთში უნდა ვეძებოთ.
ბოლო პერიოდში სომხეთმა რუსეთს რამდენიმე ძალიან მკაფიო მესიჯი გაუგზავნა:
1. სომხეთმა მოახდინა რომის სტატუტის რატიფიკაცია, რომელსაც 1999 წელს მოაწერა ხელი. 24 წელი არ ჰქონდათ რატიფიცირებული და მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
2. სომხეთმა გაიწვია ОДКБ-ის მუდმივი წარმომადგენელი.
3. სომხეთმა ჩაატარა ერთობლივი წვრთნები ამერიკელ სამხედროებთან.
4. ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო მედიასთან საუბრისას გააჟღერა ძალიან მკაფიო მესიჯები. „რუსეთს სომხეთის დაცვა არ შეუძლია“, „უსაფრთხოების საკითხებში რუსეთზე სრული დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყო“.
უკრაინაში ყელამდე ტალახში (ან ნეხვში) ჩაფლული პუტინი არ აპირებს კავკასია საერთოდ უყურადღებოდ დატოვოს. მისთვის სომხეთის ასეთი მოქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. რუსეთი იმედოვნებს რომ აზერბაიჯანისთვის მწვანე შუქის ანთებით, ის ამჯერად მაინც შეძლებს ფაშინიანის მოშორებას. „სომეხი ერი ამას აღარ მოითმენს“... რუსეთი იმედოვნებს, რომ სომხეთის რესპუბლიკაში არსებული სამხედრო კონტინგენტი საკმარისი იქნება ქვეყანაზე არსებული გავლენის შესანარჩუნებლად.
აზერბაიჯანის ამოცანა მარტივია. ის ცდილობს მომენტუმის გამოყენებას. ალიევს სურს ისტორიაში გამაერთიანებლის სახელით შევიდეს, რაც ისედაც გარანტირებული აქვს, მაგრამ ბარემ სრულად იყოს. აქამდე აზერბაიჯანის არცერთ ლიდერს არ ჰქონია იურისდიქცია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია ძალიან ჰყავს იმას, რასაც რუსეთი იყენებს უკრაინაში, იმ განსხვავებით, რომ ის საკუთარი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შიგნით მოქმედებს. ალიევის ამოცანაა ეს გააკეთოს სწრაფად, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილებით, თუმცა სულ არ იქნება წინააღმდეგი, თუ ყარაბაღელი სომხები იქ არ დარჩებიან და სომხეთს მიაშურებენ. ბაქოს ამ ხალხის თავის სახელმწიფოში ინტეგრაცია არ აინტერესებს. ალიევის ამ მისწრაფებას მხარს უჭერს აზერბაიჯანის მოსახლეობის თითქმის 100 პროცენტი. მათ შორის ალიევის ოპონენტები. ეს არა მხოლოდ მის ხელისუფლებას ამყარებს, რომელიც ისედაც მყარია, არამედ მას ისტორიაში დიდი მმართველის სახელით დარჩენის გარანტიასაც აძლევს. როგორც არ უნდა შეფასდეს მომავალში მისი მმართველობა, ყარაბაღის დაბრუნება მხოლოდ პოზიტიურად იქნება შეფასებული.
რას აკეთებს შექმნილ ვითარებაში სომხეთი, გარდა იმისა, რაც ზემოთ უკვე ვთქვით? სომხეთი არ აპირებს სამხედრო კონფრონტაციას აზერბაიჯანთან. ამის შესახებ განცხადება ფაშინიანმაც გააკეთა. მისი ქვეყანა მორიგ ომს ვერ გადაიტანს და ეს ყველაზე კარგად მან იცის. ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა სომხებისთვის, მაგრამ ამას აქვს დიდი პოზიტიური ელემენტიც.
სომხეთის დისტანცირება ყარაბაღისგან მორალურად უმძიმესი, მაგრამ პრაგმატულად სწორი ნაბიჯია. ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ სომხეთმა უნდა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სანაცვლოდ იგივე გააკეთოს აზერბაიჯანმა. ეს ნიშნავს რომ ყარაბაღი დარჩება აზერბაიჯანს და ამავე დროს არ ექნება პრეტენზია სიუნიქის დერეფნის ესტრატორიტორიალური პრინციპით მართვაზე. სომხეთის რესპუბლიკა შეინარჩუნებს კონტროლს საკუთარი ტერიტორიის შიგნით ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან არტერიაზე.
ბოლო პერიოდში სომხურ საექსპერტო წრეებში ბევრი შიშობდა რომ აზერბაიჯანი უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა და სწორედ ამით იყო გამოწვეული ის მოლოდინიც, რომ ახლა დაპირისპირების ეპიცენტრი ყარაბაღის ნაცვლად სიუნიქი იქნებოდა. როგორც ჩანს, ეს არ მოხდება და კარგია რომ არ მოხდება.
მორალურად ასევე ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ყარაბაღის საკითხის საბოლოოდ გადაჭრა სომხეთის სახელმწიფოს ათავისუფლებს უმძიმესი ტვირთისგან, რომლის ზიდვაც მას რეალურად აღარ შეუძლია. სომხეთმა უდიდესი რესურსები დახარჯა ყარაბაღის საკითხზე, რომელიც შეეძლო ქვეყნის განვითარებისთვის გამოეყენებინა. ყარაბაღი სომხეთისთვის იყო არა მხოლოდ ტვირთი, არამედ უმძიმესი ჯაჭვი, რომლითაც მყარად მიება რუსეთს და საკუთარი განვითარების პოტენციალი გაანადგურა.
თუ ალიევის შემთხვევაში ისტორია ყარაბაღის დაბრუნებას აუცილებლად დადებითად შეაფასებს, ასეთი მარტივი მოცემულობა არ იქნება ფაშინიანისთვის. ამ ნაბიჯს მომავალში არაერთგვაროვნად შეაფასებენ. ზოგი ღალატად, ზოგი გამოუვალი მდგომარეობით ნაკარნახევად, ზოგიც დიდ სიქველედ, რომელიც მანამდე სხვამ ვერ გაბედა. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალში, როცა ემოციები ჩაცხრება და ქარიშხალი ჩადგება, სომხეთის ყველა მოქალაქე იგრძნობს პოზიტიურ ცვლილებებს და განვითარების სიკეთეებს.
ამისთვის აუცილებელია ყარაბაღის საკითხის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემდეგ ფაშინიანი კიდევ ერთხელ გადარჩეს.
ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებით, ძალიან ფრთხილად შემიძლია ვივარაუდო, რომ ფაშინიანს ორზე მეტი სიცოცხლე აქვს... თუ ფაშინიანი გადარჩება, ცვლილებები იქნება გაცილებით სწრაფი და შედეგი ბევრად მალე დადგება. სომხეთის ხელისუფლებაში რევანშისტების დაბრუნების შანსი ნაკლებია, რადგან თავად ამ რევანშის შანსი აღარ არსებობს. არავინ დაიჯერებს დაპირებას, რომ რომელიმე ლიდერი სომხეთს ყარაბაღს დაუბრუნებს. რეალური დემოკრატიული ალტერნატივა ამ ეტაპზე ფაშინიანს არ ჰყავს, თორემ რომ ჰყავდეს და ის აირჩიონ, ეს კიდევ უკეთესი ვარიანტი იქნებოდა.
მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი სომხეთში გარდაუვალი მარცხისთვის არის განწირული. ყარაბაღის საკითხის მოგვარების შემდეგ, დღის წესრიგში ახალი საკითხები დადგება. მაგალითად თურქეთთან და აზერბაიჯანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, რაც შემდგომში ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, აუცილებლობას გამოიწვევს და სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებისგან მხოლოდ რუსული სამხედრო ბაზა დარჩება, რომელსაც ხელშეკრულებით 2044 წლამდე შეუძლია დარჩენა. თუმცა ისტორიას ამაზე ადრე გაყვანილი რუსული ბაზებიც უნახავს. 1995 წელს ჩვენც დავუკანონეთ, მაგრამ 1999 წელს სტამბოლის ხელშეკრულებაც დავდეთ და 2007 წელს გაიყვანეს. სომხეთში 2008 წლის ქამბექის მსგავსის შანსი რუსებს არ ექნებათ.
ეს ყველაფერი აჩვენებს რომ რუსეთის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია და მხოლოდ არსებული გავლენების აქ და ახლა შენარჩუნებაზეა გადართული. ამას გრძნობს ყველა, დიდი და მცირე მოთამაშეები. ამას გრძნობს აზერბაიჯანი და ვითარებას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იყენებს, ამას გრძნობს სომხეთი და ვითარებას რუსეთზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად იყენებს, ამას გრძნობს თურქეთი და რეგიონში გავლენების ზრდისთვის იბრძვის...
სამწუხაროდ, ამას ვერ გრძნობს საქართველო...
იმ დროს როცა ჩვენს გარშემო ასეთი პროცესები ვითარდება. როცა ყველა ქვეყანა რეალური პოლიტიკის კეთებით არის დაკავებული, ჩვენს გვყავს ხელისუფლება რომელში არცერთი პოლიტიკოსი არ არის. გვაქვს არაფორმალური მმართველობა. გვყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ამ ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის. რომლის გარემოცვის უახლოესი წევრი ბრალდებულია რუსული სპეცსამსახურების აგენტობაში და საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში.
არადა, საკვირველი ის არის, რომ საქართველოს ყველაზე კარგი სასტარტო პოზიციები ჰქონდა და შეიძლება ჯერ კიდევ აქვს. თუ სომხეთში ფაშინიანი აუცილებლად უნდა გადარჩეს, საქართველოში ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ჩვენი გადარჩენის ერთადერთი ოფცია ამათი ხელისუფლებიდან გაშვებაა...