USD 2.6019
EUR 2.9100
RUB 3.0443
Тбилиси
დაუსრულებელი და მრავალჯერ გადავადებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად 1.0 – 1.5 % ით ანელებს
дата:  684

ბოლო წლებში ქვეყნის საავტომობილო გზების მშენებლობაში, სახეზეა სატრანზიტო დერეფნის პროექტის განხორციელებაში სინქრონიზაციის დარღვევის ტენდენცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამა თუ იმ მინისტრთა კაბინეტის, ახლით ჩანაცვლების პირობებში, წინა კაბინეტის   მიერ დაანონსებული სამშენებლო პროექტების განხორციელების ვადებზე მიღებული გადაწყვეტილებები და დაპირებები,  ხშირ შემთხვევებში, ახალი მინისტრთა კაბინეტის მიერ უგულებელყოფილი იყო, ასეთი ტენდენცია უარყოფითად აისახებოდა  –  ქვეყნის საყრდენი ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებაზე და სატრანზიტო ფუნქციის სრულფასოვან შესრულებაზე.

ქვეყნის აღმოსავლეთ – დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომლის ჯამური სიგრძე 430 კმ შეადგენს 2006 წელს დაიწყო, მშენებლობა E – 60 (ფოთი – თბილისი – წითელი ხიდი) და E – 70 (ფოთი – ბათუმი – სარფი) მიმართულებებს აერთიანებს.

2025 წლის დასაწყისისთვის, აღმოსავლეთ – დასავლეთ მაგისტრალის 302 კილომეტრი, ანუ მთლიანი მოცულობის – 70 % ია ექსპლუატაციაშია შეყვანილი.

აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან თითქმის 20 წელია გასული, რამდენად დამაკმაყოფილებულია, სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის საგზაო სატრანზიტო დერეფნის მშენებლობის ასეთი ტემპი? იგულისხმება საშუალოდ წელიწადში 16 კმ მაგისტრალის ექსპლუატაციაში შეყვანა.

ვიდრე აღნიშნულ შეკითხვას გაეცემა პასუხი, გაანალიზებას მოითხოვს ინფრასტრუქტურის მდგომარეობით საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო რეიტინგებში.

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (LPI) 2023 წლისანგარიშზე დაყრდნობით, რომელშიც ერთ – ერთი ძირითადი მდგენელი ინფრასტრუქტურის კომპონენტია,  საქართველო 138 სახელმწიფოს შორის 108 – ე ადგილზე პოზიციონირებს, რითაც  ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის – თურქეთი – 43 ე საფეხური, სომხეთი – 76 ე საფეხური, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე 80 ე საფეხური, ბელარუსი და რუსეთი – 68 ე საფეხური, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უკარაინა – 89 ე საფეხური.

ფაქტიურად ინფრასტრუქტურის მდგომარეობით საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132 – ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსზე (LPI) დაყრდნობით იკვეთება დასკვნა – რეგიონის ქვეყნები უფრო სწრაფი ტემპებით აშენებენ და ავითარებენ საკუთარ ინფრასტრუქტურას ვიდრე საქართველო.

აღმოსავლეთ – დასავლეთ საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობების ვადების პერმანენტულად კორექტირების და გადავადების საილუსტრაციოდ, წარმოდგენილია 2018 წლიდან დღემდე მთავრობის პირველი პირების მიერ გაცემულ   დაპირებათა ჩამონათვალი:

2018 წლის დაპირება –   2020 წლამდე აღმოსავლეთ – დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება;

2019 წლის დაპირება  – 2020 წლამდე ეტაპობრივად ექსპუატაციაში შევა ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები;

2020 წლის დაპირება – 2024 წლისათვის – ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95 % აშენდება;

2021 წლის დაპირება – 2023 წლისათვის – რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი სრულად გაიხსნება;

2021 წლის დაპირება – 2025 წლამდე აღმოსავლეთ – დასავლეთი დერეფნის დიდი ნაწილი დასრულება;

2022 წლის დაპირება – 2023 წლისთვის ექსპუატაციაში შევა – რიკოთის, 2024 წლისთვის აღმოსავლეთ – დასავლეთ და ჩრდილოეთ – სამხრეთ   მაგისტრალები;


2023 წლის დაპირება – 2024 წლისათვის თბილისიდან – ბათუმამდე ჩასვლა 3.0 – 3.5 საათში გახდება შესაძლებელი;

2024 წლის დაპირება – თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება;

რა განაპირობებს საგზაო პროექტების მშენებლობის გაჭიანურებას?

ძირითადად ორი მიზეზი იკვეთება:

  • ეკონომიკურად დაუსაბუთებელი არარეალური პროექტები 

უკვე 2018 წელს ნათელი იყო, მთავრობის ამბიციური გეგმის განხორციელების – არარეალურობა, (იგულისხმება გ. კვირიკაშვილის კაბინეტის სივრცითი მოწყობის გეგმა), კერძოდ დარჩენილი 200 კმ  ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის  2020 წელს დასრულების შესახებ, რაც მოითხოვდა, საშუალოდ წელიწადში 67 კმ ის დაგებას, (წელიწადში 3.7 – ჯერ მეტის, ვიდრე განვლილ 2013 -2018  წლებში).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობის ყველაზე რთული (რიკოთის უღელტეხილი) მონაკვეთები იყო დარჩენილი.

გამომდინარე აქედან, 2018 წელს – ნათელი იყო მთავრობის მიერ გაცემული დაპირების არარეალურობა.

  • წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, როდესაც მმართველმა პარტიამ – საკუთარი საარჩევნო პროგრამა გაასაჯაროვა, დაანონსა – 2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95 % ის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% სრულად მოწესრიგების შესახებ. 

პანდემიის მიუხედავად, ნათელი იყო, რომ 2020 წელს გაცემული დაპირება, წინაარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დაანონსებული საგზაო პროექტების განხორციელების ვადები ხშირ შეთხვევებში, მინისტრთა კაბინეტის წევრების მიერ 5 ჯერ იქნა გადავადებული, რისი დადასტურებაცაა, 2016 წელს დაწყებული და დღესაც დაუსრულებელი ხულო – ზარზმის საგზაო მონაკვეთი.

იყო შემთხვევა, როდესაც დაანონსებული პროექტი, საბოოლოდ გაუქმდა – 2012 წელს გაცემული დაპირდა   ლენტეხი – მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით, თითქმის 10 წლის შემდეგ 2021 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ საგზაო პროექტებს ქვეყნის ეკონომიკაზე გააჩნიათ უარყოფითი ზეგავლენა.

ხუთი მიმართულება იკვეთება:

ქვეყნის მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევა;

დონორი ორგანიზაციების მხრიდან შემდგომი პროექტების დაფინანსების სტრატეგიის ცვლილება;

ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრეების განვითარების შეფერხება;

სამშენებლო ღირებულების ზრდა;

ეკომომიკური ზრდის ტემპის შენელება;

ქვეყნის მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევა – 

წინა წლებში, ამა თუ იმ მინისტრთა კაბინეტის მიერ საგზაო სამშენებლო სამუშაოების   დასრულების დაანონსებულ ვადებში –   ნათლად ჩანდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ იწვევდა, ერთიანი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში სინქრონიზაციის დარღვევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინისტრთა ერთი კაბინეტის მეორე კაბინეტით ჩანაცვლების შედეგად, წინა კაბინეტის   მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელების ვადებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევებში ახალი პრემიერის მიერ უგულებელყოფილი იყო, რაც უარყოფითად აისახებოდა  –  ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.

დონორი ორგანიზაციების მხრიდან შემდგომი პროექტების დაფინანსების სტრატეგიის ცვლილება  – თანხების დაბალი ათვისების გამო, დროში გაწელილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, დონორების მხრიდან იწვევდა – სესხის პროცენტის გაზრდას და ქვეყნისთვის გამოყოფილი სხვა პროექტებისათვის დაფინანსების მოცულობის ეტაპობრივად შემცირებას. მაგალითისთვის, თბილისი – წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი 463 მლნ ლარიდან, ბოლო 5 წლის განმავლობაში  ათვისებულია  მხოლოდ  – 12 მლნ ლარი –  3 %;

ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრეების განვითარების შეფერხება – დაუსრულებელი და დროში გაჭიანურებული საგზაო  პროექტები, მუდმივად  მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, რომლებიც  სათანადო საავტომობილო გზების არ არსებობის და შედეგად, ინვესტიციების დაბალი ფინანსური უკუგების გამო, თავს იკავებენ  საგზაო ინფრასტრუქტურის მომიჯნავედ, სამრეწველო და ლოგისტიკური სასაწყობე / სამაცივრე  საწარმოების განსავითარებლად; 

სამშენებლო ღირებულების ზრდა – დროში გადავადებული სამშენებლო საგზაო პროექტები, იწვევს მშენებლობის ღირებულების ზრდას.  2018 წელს პრემიერ გ. კვირიკაშვილის მიერ   დაანონსებული, კახეთის რეგიონში გზების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება ერთ მილიარდ ლარს შეადგენდა. 2022 წლისათვის – იმავე კახეთის გზების რეაბილიტაციისათვის ორი მილიარდი ლარი დასახელდა.  ანლოგიური მდგომარეობაა სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე სადაც 2013 წელს  თავდაპირველად ბიუჯეტით  237 მლნ ლარი იყო განსაზღვრული, 2023 წელს 3.8 ჯერ გაიზარდა და 903 მლნ ლარი შეადგინა; 

ეკომომიკური ზრდის ტემპის შენელება – ემპირიული გათვლებით – დაანონსებული და რამდენჯერმე დროში გადავადებული  ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტები,  ქვეყნის ყოველწლიურ ეკონომიკური ზრდის ტემპს საშუალოდ – 1.0 –  1.5  % ით ანელებს.

წყარო:https://transcor.ge/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати