USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
დანდური - მრავალმხრივ საჭირო და სასარგებლო მცენარე
дата:  5515

საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარე - დანდური (ლათ. Portulaca) - ერთადერთია, რომელიც დაავადებების უდიდეს ნაწილს კურნავს და ამავდროულად, უგემრიელესი საკვებია. მზადდება მარტივად და სასარგებლოსთან ერთად არის ძალიან გემრიელი. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ არსებობს დანდურის დეკორატიული სახეობა, რომელიც გაზონებს და ბაღებს ამშვენებს. ის პორტულაკის სახელითაა ცნობილი და საკვებად არ გამოიყენება.

დადნურის სამშობლოდ სპარსეთსა და ინდოეთს მიიჩნევენ, თუმცა დღეს ის მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს. მისი სასარგებლო თვისებები პირველად სპარსეთში აღმოუჩენიათ, თუმცა მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ამ მცენარესთვის კიბოს განკურნებაც შეეძლო.  

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არ არსებობს დანდურის გენმოდიფიცირებული ვარიანტი, რადგან ის არ საჭიროებს რაიმე მოდიფიცირებას, რომლითაც მოახერხებს სხვა პირობებში გაზრდას. ამის მიზეზი ისაა, რომ  იზრდება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, თვით ყველაზე უნაყოფო მიწაზეც კი.

დანდური  მდიდარია ასევე C და B ვიტამინით, შეიცავს ორი ტიპის ბეტალაინ ალკალოიდის პიგმენტებს, ყვითელ ბეტა-ანტისს და წითელ ბეტა-კიანის, ეს ორივე პიგმენტი არაჩვეულებრივია ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.

ამერიკელი და შვედი მეცნიერების მტკიცებით, ეს მცენარე კიბოს კურნავს და მას კიდევ ბევრი სხვა რთული  დაავადების განკურნება შეუძლია.

დანდურის სამკურნალო თვისებები
თესლი
დანდურის თესლი ძალიან მაგარია და მთლიანად ინარჩუნებს დადებით თვისებებს 40 წლის განმავლობაში. ამ მცენარეს ძლიერი და გასაოცარი თვისებები აქვს. მას იყენებენ იმუნიტეტის ასამაღლებლად და საერთო ჯანმრთელობის გსაუმჯობესებლად. გარდა ამისა, დანდური А ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საბადოა. А ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას და  იცავს ორგანიზმს კიბოს დაავადებების განვითარებისგან. დანდურის თესლი ინიშნება სიცხის დასაწევად და ასევე შედის მამაკაცებში იმპოტენციის სამკურნალო ხალხურ საშუალებებში.

დანდური - ძლიერი ანტიოქსიდანტი
დანდური შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ანტიმუტაგენური და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვთ. ასევე მდიდარია С ვიტამინითა და В ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის, ნიაცინითა და რიბოფლავინით, კაროტინოიდებითა და მიკროელემენტებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.

ჩვეულებრივი სარეველა ბალახი ფლობს მინიშნებებს იმის შესახებ, როგორ შევქმნათ გვალვაგამძლე სასოფლო-სამეურნეო მცენარეები მსოფლიოში, რომელსაც კლიმატის ცვლილება უტევს.

დანდურს ხალხურ მედიცინაში ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იცნობენ. ამასთან მცენარის წვენს აქვს ნაღველმდენი და ასევე გამაგრილებელი თვისებები, გამოიყენება თირკმელების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის სამკურნალოდ.

არსებობს დანდურის სამკურნალო ნაყენის დამზადების რამდენიმენაირი რეცეპტი:

სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის — ორ სუფრის კოვზ ახლად დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ 1–2 სუფრის კოვზის ოდენობით;

ქერტლის სამკურნალოდ — ერთ სუფლის კოვზ ხმელ დანდურს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში;

სახსრების ტკივილისას — ახლად მოკრეფილი ერთი სუფრის კოვზი დანდური ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, გადმოდგით ცეცხლიდან, შემოახვიეთ ქვაბს რაიმე თბილი და დააყოვნეთ ორი საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1–2 სუფრის კოვზი დღეში სამ–ოთხჯერ.

დანდურის ნაყენის კომპრესები ასევე გამოდგება ფურუნკულოზის, ჩირქოვანი მუწუკების, ეგზემის სამკურნალოდ. სალბუნის დადებამდე საჭიროა, რომ მტკივნეული ადგილი იგივე ნაყენით ჩამოიბანოთ.

გახსოვდეთ! ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო საშუალებას, დანდურსაც აქვს უკუჩვენება — ეს მაღალი წნევაა. ამიტომ ჰიპერტონიკებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და ხშირად არ უნდა გამოიყენონ იგი.

დანდური დიეტის დროს

ჩამოთვლილი სარგებლის გარდა, დანდური მდიდარია კალციუმით და კალიუმით. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს და სასარგებლო მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია და სპილენძი. ეს ნუტრიენტები აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. დანდური არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყარო, რაც მას მკვებავ დანამატად აქცევს ნებისმიერი დიეტის დროს. ის ასევე არის ბოჭკოვანი და მცენარეული ცილის კარგი წყარო. მაღალი კვებითი ღირებულება მას შესანიშნავ დანამატად აქცევს ნებისმიერი კერძისთვის.

დანდური კოსმეტოლოგიაში

დანდური ოხრახუშთან ერთად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მის წვენს უმატებენ ნიღბებს, რათა კანი იყოს რბილი და გლუვი, ხოლო მცენარის ახალგამოწურული წვენი ხელს უწყობს ანთებითი ჭრილობების შეხორცებას, აშორებს მცირე ნაწიბურებს და ასაკობრივ ლაქებს.

დანდურს  სამკურნალოდ საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ მისი მრავალი მიმართულებით სასარგებლო თვისებების გამო.

ცნობილია დანდურის ძალიან საინტერესო თვისება.  მეცნიერები აღწერენ, როგორ არის დანდურში (Portulaca oleracea) გაერთიანებული ორი სხვადასხვა მეტაბოლური გზა, რათა წარმოიქმნას ფოტოსინთეზის ახალი ტიპი, რომელიც ამ მცენარეს გვალვის ატანისა და თან ძლიერი პროდუქტიულობის უნარს აძლევს.

„ეს გახლავთ თვისებათა ძლიერ იშვიათი კომბინაცია, რამაც ერთგვარი „სუპერმცენარე“ წარმოქმნა — ისეთი, რომელიც პოტენციურად შეიძლება გამოგვადგეს მცენარეების ინჟინერიაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორი ერიკა ედვარდსი.

მცენარეებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიმუშავეს სხვადასხვა მექანიზმები ფოტოსინთეზის გასაუმჯობესებლად — პროცესის, რომლის წყალობითაც, მწვანე მცენარეები მზის სინათლის გამოყენებით, ნახშირორჟანგისა და წყლის სინთეზს საკვებ ნივთიერებებად ახდენენ. მაგალითად, სიმინდსა და შაქრის ლერწამს ჩამოუყალიბდა ე. წ. C4 ფოტოსინთეზი, რომლის დამსახურებითაც, მცენარე ძლიერ პროდუქტიული რჩება მაღალი ტემპერატურის პირობებშიც.

მცენარე დანდური უნიკალურია იმით, რომ ის ამ ორივე ევოლუციურ ადაპტაციას ფლობს, რისი წყალობითაც, ეს მცენარე არის როგორც ძლიერ პროდუქტიული, ისე ძალიან გვალვაგამძლე; ასეთი კომბინაცია მცენარეებში იშვიათია. მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნდა, C4 და CAM-ი დანდურის ფოთლებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

თუმცა, იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დანდურის ფოთლებში გენის ექსპრესიის სივრცული ანალიზების შემდეგ დაასკვნა, რომ C4-ისა და CAM-ის აქტივობა სრულიად ინტეგრირებულია. ისინი მოქმედებენ ერთსა და იმავე უჯრედებში — CAM-ის რეაქციათა პროდუქტებს C4-ის მეტაბოლური გზა ამუშავებს. ეს სისტემა გვალვაში თავდაცვის უჩვეულო დონეს განაპირობებს.

ეს საინტერესოა!

სახელწოდებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით:

იმერული, გურული – უკვდავა ფხალი, ძირწითელა, წითელძირა

ლეჩხუმური – წითელკინწა

აჭარული – თაგვაყურა, თიკნიყურა

მთიულური – ხველის წამალი, დაჭრილაის წამალი;

კახური – კლდის დანდური

მეგრული – მაპაღურაია, ჯიჭითა, ჯინჭითა

სვანური – მუსტუნილ

 

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати